გიორგი ელბაქიძემ და ვლადიმერ გამყრელიძემ 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს

AutoSharing Option
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრებმა, რომელიც ტირანაში მსოფლიო ჩემპიონატზე სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი, ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებისთვის შედეგიანი წლის უმთავრესი ასპარეზობის დასკვნითი დღე გამოდგა. მედლები მოიპოვეს გიორგი ელბაქიძემ (70 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ).

გიორგი ელბაქიძე შეჯიბრებას მერვედფინალიდან შეუდგა, 8-5 მოუგო ინდოელ ფალავანს, 10-0 გაიმარჯვა ფრანგ მოწინააღმდეგესთან, მაგრამ ნახევარფინალში 2-9 დამარცხდა იაპონელ მოჭიდავესთან და რეპეშაჟში გააგრძელა ბრძოლა.

ქართველი ფალავანი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში თურქ ბურაკ შინინს დაუპირისპირდა, რომელსაც 5-0 ამარცხებდა კიდეც, მაგრამ მოწინააღმდეგემ ტრავმის გამო ორთაბრძოლის გაგრძელება
ვეღარ შეძლო და გამარჯვება ელბაქიძეს დარჩა.

ასევე მერვედფინალიდან შეუდგა ასპარეზობას ვლადიმერ გამყრელიძე, მაგრამ პირველივე შეხვედრაში 5-8 დამარცხდა ნეიტრალური ქვეყნის სახელით მოასპარეზე მაგომედ მაგომაევთან, თუმცა ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი რეპეშაჟში მიეცა.

გამყრელიძემ, რომელიც უფროსებში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის და 23-წლამდელებში ვერცხლისმედალოსანია, ჯერ პოლონელი (15-5), შემდეგ კი თურქი (10-0) მეტოქეები დაამარცხა და ბრინჯაოს ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა. მომავალმა მედალოსანმა გადამწყვეტ შეხვედრაში ნეიტრალური ქვეყნის სახელით მოასპარეზე დმიტრი ძენისენიას აშკარა უპირატესობით მოუგო და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ასაკობრივ მსოფლიო ჩემპიონატზე გიორგი ელბაქიძემ და ვლადიმერ გამყრელიძემ ოქროს მედლები მოიპოვეს.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული