ბრეშიაში, პნევმატური პისტოლეტიდან მსროლელთა ევროპის ჩემპიონატში გამოსვლა ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრებმა წარუმატებლად დაამთავრეს

სამწუხაროდ, ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრებმა წარუმატებლად დაამთავრეს გამოსვლა იტალიურ ბრეშიაში, პნევმატური პისტოლეტიდან მსროლელთა ევროპის ჩემპიონატში - ლევან ქადაგიძე 564 ქულით 54-ე ადგილზე გავიდა, ჩვენი მთავარი იმედი, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე კი 379 ქულით მხოლოდ და მხოლოდ 21-ე აღმოჩნდა. საწყენია, რომ ჩვენებურებს ასე ბევრი დააკლდათ ფინალამდე.

379 ქულა სალუქვაძისთვის ძალზე დაბალი შედეგია. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ცალკეულ სერიებშიც არასახარბიელო მაჩვენებელი აქვს - პირველსა და ბოლოში 94 ქულა დააგროვა, შუალედებში კი 95 და 96. ამდენივე ქულა დააგროვეს ფრანგმა სირილე გულიანომ და იტალიელმა არიანა კომიმ, მაგრამ ჩვენებური მათ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა.

ამ ფონზე კიდევ უფრო დასაფასებელია ახალგაზრდა გოგონათა ტურნირში ქუთაისელი ნინო ფანჩულიძის 377 ქულა. შეგახსენებთ, რომ მან ჩემპიონატი მე-6 ადგილზე დაამთავრა. სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის ერთადერთი ნათელი წერტილი მხოლოდ მისი გამოსვლა გამოდგა.

ქალთა ტურნირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამ სახეობაში მიმდინარე თაობათა ცვლის პროცესის გარდაუვალობა. შარშანდელმა სეზონმა რამდენიმე ძალზე მოულოდნელი ლიდერი გამოავლინა - ახალგაზრდები, რომლებსაც მანამდე თავი დიდად არ გამოეჩინათ, მაგრამ ერთბაშად გახდნენ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები. მათი გამოუცდელობიდან გამომდინარე, მაშინვე გაჩნდა კითხვა - ხომ არ იყო ეს შემთხვევითი წარმატება და წლეულსაც გააგრძელებდნენ თუ არა ისინი შედეგიან გამოსვლებს. სკეპტიკოსთა სამწუხაროდ, მათი უმრავლესობა ბრეშიაში ფინალში გავიდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ სროლაში ახალი თაობა, მსროლელთა ახალი ტალღა მოდის.

შარშან განსაკუთრებული სიურპრიზები სერბებმა შემოგვთავაზეს. მათი გუნდის ლიდერი ყველაფრის მომგები იასნა სეკარიჩია, მაგრამ ის ახალბედა თანაგუნდელებმა ჩრდილში მოაქციეს - ჯერ იყო და ბობანა ველიკოვიჩი ევროპის ჩემპიონი გახდა, მერე კი მსოფლიოს ჩემპიონატზე ზორანა არუნოვიჩმა გაიბრწყინა - პნევმატური იარაღიდან სროლა მოიგო, სპორტულში კი მხოლოდ რუს კირა კლიმოვას ჩამორჩა და ვერცხლი მოიპოვა. ახალი თაობიდან ერთადერთი, ვინც ბრეშიაში შარშან გაცემული ავანსები ვერ გაამართლა, სწორედ ეს კლიმოვაა, თორემ სხვები ყველანი ფინალში შევიდნენ. საერთოდ, ამ შეჯიბრებაში რუსებმა ძალიან ცუდად ისროლეს - არც ერთი სპორტსმენი არ ჰყავდათ მოწინავე ოქტეტში. სამაგიეროდ, სრული გუნდით შევიდნენ სერბები ანუ ფინალში რვიდან სამი მსროლელი მათი იყო! ოღონდ რაოდენობამაც ვერ უშველათ და ჩემპიონი სხვა გახდა - ფრანგი სელინ გობერვილი. ესეც შარშანდელი სეზონის კიდევ ერთი აღმოჩენა - მსოფლიოს თასებზე ერთხელ იმარჯვა, ერთხელ მეორე იყო, მსოფლიოს სუპერთასზე კი ორივე დისციპლინაში მესამეზე გავიდა. არადა, შარშანდლამდე მას ერთი მედალიც არ ჰქონდა არანაირი რანგის ტურნირში.

ბრეშიაში საკვალიფიკაციო ეტაპი გობერვილმა მოიგო 389 ქულით. მეორეზე ბელარუსთა ორგზის მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანი ვიქტორია ჩაიკა გავიდა 388-ით, მესამეზე - უკრაინელი მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ოლენა კოსტევიჩი 386-ით. მას 2 ქულით ჩამორჩა სეკარიჩი, ფინალის ბოლო ოთხეულს კი 383-ქულიანთა კვარტეტი შეადგენდა ასეთი თანმიმდევრობით: ველიკოვიჩი, ბელარუსი კატსიარინა კრიჩანოკი, არუნოვიჩი და გერმანელი კლაუდია ვერდიჩიო-კრაუზე. ფინალში უფრო უკეთ ძირითადად ამ ქვედა ნახევრის წარმომადგენლებმა ისროლეს და ამიტომ დაწინაურებული სამეულის დავაში ვერ ჩაერივნენ. ფინალურ სერიაში ყველაზე კარგად გერმანელმა ისროლა - 99,6. 98,7 გაარტყა სეკარიჩმა, მესამე კი 97,8-ით არუნოვიჩი იყო. მათთან შედარებით, ლიდერებმა უფრო ცუდად ისროლეს, მაგრამ არც იმდენად, ჩამორჩენილთათვის დაწევის საშუალება მიეცათ. გობერვილმა 96,8-ით ჯამში 485,8 დააგროვა და მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა. ჩაიკამ თავის მონაგარს 97,0 შემატა და 485,0-ით ვერცხლი მოიპოვა. მესამეზე კოსტევიჩი გავიდა - 97,6 ფინალში და 483,6 საერთო მაჩვენებელი.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს ტურნირი არ იყო სალიცენზიო - საგზურებს მსოფლიოს თასის ეტაპებზე (ასეთი სეზონში 4 იმართება) I-II ადგილზე გასვლა იძლევა. თანაც - ორივე დისციპლინაში. ლიცენზიები ზაფხულში სპორტული პისტოლეტიდან გასამართ ევროპის ჩემპიონატზეც გაიცემა, მსოფლიოს პირველობა კი სპორტის ამ სახეობაში 4 წელიწადში ერთხელ ტარდება და შარშან მიუნხენში გაიმართა.

ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა