ირაკლი კლიმიაშვილმა ამოისუნთქა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი შემტევი ნახევარმცველი

ირაკლი კლიმიაშვილმა ამოისუნთქა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი შემტევი ნახევარმცველი, რომელიც შესარჩევი ჯგუფის საუკეთესო ასისტენტებში მოხვდა, უცხოეთში წასვლას ორი წელი ცდილობდა და როგორც თავად ამბობს, წვალების ეტაპი მახაჩყალის "ანჟისთან" კონტრაქტით დაასრულა.

ირაკლი დაღესტნურ კლუბთან ერთად კვლავ თურქეთში ვარჯიშობს. 22 წლის კლიმიაშვილს გუშინ დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩამოვართვით.

- როგორც ვიცი, მოსამზადებელი ეტაპი უსიამოვნო ამბავით დაიწყე: "კრასნოდარის" პრეზიდენტს მოეწონე, მაგრამ საბოლოოდ გუნდი მაინც დატოვე.

- ეს იმდენად უსიამოვნო ამბავია, გახსენებაც არ მსიამოვნებს. ტრანსფერი მართლა გადაწყვეტილი მეგონა. დასვენების პერიოდში, რევაზ ჩელებაძემ რამდენიმე ფეხბურთელი ქობულეთში წაგვიყვანა, მწვრთნელი დაგვიქირავა და გვამზადებდა. ასე რომ, შეკრებაზე კარგ მდგომარეობაში ჩავედი და მიუხედავად იმისა, რომ "კრასნოდარში" მუსლინი ძალიან დიდი დატვირთვებით გვავარჯიშებდა, უპრობლემოდ გავუძელი და საკონტროლოებიც ვითამაშე. პრეზიდენტმა მართლაც თქვა, კარგი ბიჭი ხარო და დავიმედდი, მაგრამ ისე წამოვედი, აღარ დავლაპარაკებივარ.

- მერე როგორ გამოჩნდა "ანჟის" ვარიანტი?

- "კრასნოდარიდან" წამოსული ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი, რადგან "კრასნოდარამდე" რამდენიმე სხვა ვარიანტებიც ჩამეშალა და ვფიქრობდი, თბილისში რომ ჩამოვალ, რა განწყობა დამხვდება-მეთქი. ხომ იცით, როგორც ხდება, გასასინჯი ფეხბურთელი რომ ვერ რჩება, მერე მიზეზებს იგონებს. მეც როგორ მეთქვა, რუსულ კლუბთან ფინანსურ საკითხებზე ვერ შევთანხმდიო? ჩვენთან ასეთ ახსნას არავინ უჯერებს და ფეხბურთელს დასცინიან, დაიწუნეს და მიზეზებს იგონებსო. თბილისში ხომ ჩემებს ვეხმიანებოდი და ვიცი, რა ქილიკიც მიდიოდა. არადა, მართლა ასე იყო, "კრასნოდარში" ფინანსებზე შეუთანხმებლობის გამო არ დამტოვეს.

თბილისში წამოსვლას და "ვიტ ჯორჯიაში" დაბრუნებას ვაპირებდი, თუმცა გულახდილად რომ გითხრათ, ფეხბურთის და გასინჯვის გაგონებაც არ მსურდა. სწორედ ამ დროს აღმოვჩნდი "ანჟიში", რაც რევაზ ჩელებაძისა და ახრიკ ცვეიბას დამსახურებაა, რადგან გვერდში დამიდგნენ და გულგატეხილი ფეხბურთისკენ მომაბრუნეს.

- "ვიტ ჯორჯიაში" ბრუნდებოდი? "ოლიმპში" კი დარწმუნებულები იყვნენ, თუ ეს ვარიანტიც ჩაგეშლებოდა, რუსთავში ითამაშებდი.

- "ოლიმპში" მიწვევდნენ და ვერ ვიტყვი, რომ დაინტერესებული არ ვიყავი, მაგრამ თავიდანვე ვთქვი, საქართველოში მხოლოდ "ვიტ ჯორჯიაში" ვითამაშებ-მეთქი.

– ასეთი იმედგაცრუების შემდეგ "ანჟიში" აგიყვანეს და ამიტომ დათანხმდი ხანგრძლივ, 3,5 წლიან კონტრაქტს?

- ესეც ერთერთი მიზეზი იყო. თუმცა კონტრაქტის ვადა მაინც პირობითი მგონია. თუ კარგად ვითამაშებ, მერე კლუბს ნებისმიერ საკითხზე შეუთანხმდები.

– გუნდში, სადაც აიყვანეს რობერტო კარლოსი და ფაბიო კანავაროს იწვევენ, ძირითადში მოხვედრის რა შანსი უნდა გქონდეს?

- კონკურენცია მართლაც დიდია, მაგრამ სპორტი ამის გარეშე წარმოუდგენელია. ჯანსაღი კონკურენცია ფეხბურთელისთვის კარგიც არის, რადგან სტიმულია, მეტს ინდომებ და თავს ბევრს სთხოვ.

რა თქმა უნდა, არ ვიცი, "ანჟის" ძირითადში მოხვედრის რა შანსი მაქვს, რადგან ფეხბურთელებში უზარმაზარ თანხებს იხდიან. ცხოვრებაში გამართლებით არაფერი მომსვლია, ყველაფერს შრომითა და წვალებით ვაღწევდი, ბევრი წინააღმდეგობა და იმედგაცრუება განმიცდია, მაგრამ უკან არ დამიხევია.

"ანჟი" ჩემ ცხოვრებაში ახალი ეტაპია და ისიც ნაცნობი გზით უნდა გავიკვალო. შესაძლოა, თავიდან არც მათამაშონ, მაგრამ ამისთვის მზად ვარ, შემადგენლობაში ადგილს თავისით არავინ დამითმობს, ეს თამაშით უნდა დავიმსახურო. თუმცა დაღესტანში სათადარიგოთა სკამზე დასაჯდომად და მხოლოდ ხელფასის ასაღებად არ ჩამოვსულვარ, შემადგენლობაში მოხვედრა კი წამოუდგენელი ნამდვილად არ არის. მეტი წარმოუდგენელი რა უნდა ახდეს, ბავშვობაში ბრაზილიელი ფეხბურთელების ფოტოებსა და პოსტერებს ვაგროვებდი, რობერტო კარლოსი კი ჩემი ბავშვობისა და ჩემი თაობის კერპი იყო, ახლა კი ერთ გუნდში ვთამაშობთ. ხომ ხვდებით, ეს რამხელა სტიმულია? ყველაფერი უნდა გავაკეთო, ოფიციალური შეხვედრებიც ერთად რომ ჩავატაროთ.

- როგორია რობერტო კარლოსი ვარჯიშზე და ცხოვრებაში?

- ძალიან უშუალო, თბილი და სასიამოვნო ადამიანია. რამდენი ხანია, "ანჟიში" ვარჯიშობს და ურთიერთობა გვქონდა, სულ რაღაცას ვეკითხები, ცოცხალი ლეგენდაა და ბევრი რამ მაინტერესებს. ვარჯიშებზე ერთ ფლანგზე გვიწევს თამაში, მწვრთნელი მეც მარცხნივ მაყენებს. პატარა ბიჭი ხომ არ არის, გრძნობს, რამხელა ყურადღებას ვაქცევთ, როგორი მოკრძალებით ვუყურებთ, მაგრამ არ იმჩნევს, სულ ხუმრობს, პატარა ბავშვი გეგონება. მართალია, უკვე ასაკშია, მაგრამ ძალიან მაგარია, კლასს ვერაფერი წაშლის.

- მოკლედ, ახალი გუნდით კმაყოფილი ხარ.

- რა თქმა უნდა, მწვრთნელებმაც და გუნდელებმაც ისე კარგად მიმიღეს, არც მიგრძვნია, ახალწვეული რომ ვარ. მაგრამ ადაპტაციაში განსაკუთრებით ნუკრი რევიშვილი და გიორგი ილურიძე დამეხმარნენ. მათ აქამდეც ვიცნობდი, შეკრებაზე ჩასულს კი თავს მევლებოდნენ.

- ანუ, ილურიძე "ანჟიში" დარჩა?

- როგორც ვიცი, ახლა მახაჩყალაშია და კონტრაქტს აფორმებს. გიორგი პერსპექტიული ბიჭია, ნუკრი კი პირველი მეკარე გახდა და ძალიან კარგ ფორმაშია. ორი თვეა "ანჟი" მოსამზადებელ ეტაპზეა, შვიდი შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი არ გაუშვია. ასეთი რამ იშვიათად ხდება.

- მართალია, რომ გაჯი გაჯიევს ქართველების მიმართ სიმპათია გააჩნია?

- ობიექტური კაცია. ქართველების მიმართ სიმპათია რომ არ ჰქონდეს, სამ ქართველს არც დაგვტოვებდა. ისიც გაიხსენეთ, სამარის "კრილია სოვეტოვს" რომ ავარჯიშებდა, გუნდის კაპიტნად დათო მუჯირი დანიშნა. ჩემი არც ნათესავია და არც ახლობელი, ეტყობა, რაღაც საინტერესო თვისებები აღმოაჩინა და ამიტომაც ამიყვანა. გამოცდილი კაცია, ფეხბურთელებთან ურთიერთობა იცის და ეხერხება.

- ბევრ ფეხბურთელისთვის რუსეთის ვიზის მიღება პრობლემად გაუხდა. სეზონი უკვე განახლდა და ეს საკითხი თუ მოაგვარე?

- დროებითი ვიზა უპრობლემოდ გამიკეთეს. "ანჟის" ხელმძღვანელობამ განაცხადი შეიტანა, სამუშაო ვიზაც რომ მომცენ. რევაზ ჩელებაძე ამაშიც გვერდში დამიდგა. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა მენეჯერი ფეხბურთელს ასე გულიანად თუ ეხმარებოდა.

- რა ნომრიანი მაისურა გადმოგცეს?

- 15 ნომერი ავიღე. სიმართლე გითხრათ, 24 ნომერი მინდოდა, რომლითაც "ვიტ ჯორჯიაში" გამოვდიოდი, მაგრამ დაკავებული აღმოჩნდა.

გუშინ "ანჟიმ" მორიგ საკონტროლო შეხვედრაში ალჩევსკის "სტალს" 1:0 სძლია. გოლი დაღესტანელთა შორის ყველაზე აქტიურმა ირაკლი კლიმიაშვილმა გაიტანა.

დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია