გერმანია. ბუნდესლიგა. XXVI ტურის წინ: ვან გაალი ფანებთან გამოსამშვიდობებელ ტურნეს "ჰამბურგთან" მატჩით იწყებს
26-ე ტური გუშინ "კიოლნისა" და "ჰანოვერის" დაპირისპირებამ გახსნა. დღევანდელი მატჩებიდან ყველაზე საინტერესო "ბაიერნისა" და "ჰამბურგის" შეხვედრაა - როგორც უკვე იცით, მომავალი სეზონისთვის ორივე გუნდის ხელმძღვანელები ახალ მწვრთნელს ეძებენ, რადგან ზაფხულში ლუის ვან გაალიც მიდის და არმინ ფეეც. ტურის მთავარი მატჩი კი ხვალ, "მაინცსა" და "ლევერკუზენს" შორის გაიმართება.

ვან გაალის და ფეეს გამოსამშვიდობებელი ტურნე იწყება

დღეს "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი და "ჰამბურგის" თავკაცი არმინ ფეე ფანებთან გამოსამშვიდობებელ ტურნეს ერთმანეთთან დაპირისპირებით დაიწყებენ - გადაწყვეტილია, რომ ზაფხულში თანამდებობას ერთიც დატოვებს და მეორეც. ვან გაალის წასვლა ორშაბათს გადაწყდა - მას მერე, რაც რეკორდმაისტერი ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილამდე ჩამოქვეითდა და გერმანიის თასის ნახევარფინალიდანაც გავარდა.

ჩვენი გერმანელი კოლეგები ვარაუდობდნენ, რომ ბავარიული გრანდის შეფები ლუისს ახლავე გაუშვებდნენ, მაგრამ ჰიონესმა და რუმენიგემ "ბაიერნისთვის" შესაფერისი დროებითი მწვრთნელი ვერ იპოვნეს და ჰოლანდიელი სეზონის ბოლომდე დატოვეს.

ფეემ კი სამშაბათს თვითონ განაცხადა, რომ ჰამბურგული ალიაქოთი და ქაოსი ყელში ამოუვიდა და რომ სეზონის ბოლოს კონტრაქტს გაწყვეტს. საინტერესოა, რომელი გუნდი უფრო მოახერხებს 100 პროცენტით სპორტზე კონცენტრირებას მთელი ამ დავიდარაბის შემდეგ? ორი აზრი არ არსებობს, მიუნხენელებს ამის უკეთესი შანსი აქვთ. "ჰამბურგს" დაცვის ბურჯი იორის მატიისენი ტრავმირებული ჰყავს.

ვოლფსბურგს გასავარდნი ზონა ემუქრება?

ლევერკუზენში წაგების (0:3) შემდეგ, ვოლფსბურგში ისევ მაგრად ანერვიულდნენ, არადა, იმის წინა ტურში "მგლებმა" მიონხენგადლადბახის "ბორუსია" 2:1 დაამარცხეს და გულშემატკივრებს იმედი ჰქონდათ, რომ ყველაფერი გამოსწორდებოდა. ახლა კი, გერმანიის ექს-ჩემპიონს ისევ გასავარდნ ზონაში ჩაქვეითების საფრთხე ემუქრება. არნე ფრიდრიხი, რომელიც დღეს დისკვალიფიცირებულია, ლევერკუზენში განცდილი მარცხის შემდეგ გაგიჟებული იყო, კატასტროფულად ვთამაშობთ და რეგრესს ბოლო არ უჩანსო. ძალიან კარგ ფორმაში მყოფ "ნიურნბერგთან" მატჩის წინ "ვოლფსბურგისთვის" სერიოზული პრობლემაა ისიც, რომ თავდამსხმელი პატრიკ ჰელმესი ტრავმირებულია. "ნიურნბერგმა" წინა ტურში "ზანკტ პაულის" გადაურბინა (5:0) და ფრანკებს ახლა უკვე შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ. ნიურნბერგელები მეექვსე ადგილზე არიან და შესაბამისად, ევროპის ლიგის საგზურზე ოცნებობენ.

ხუთეულში მოხვედრა ფრაიბურგელების ოცნებაცაა, მაგრამ ბრაისგაუელები წინა ტურში საკუთარ მოედანზე "ვერდერთან" დამარცხდნენ (1:3), ახლა კი გასაჭირში მყოფ "კაიზერსლაუტერნს" სტუმრობენ. "ფრაის" თავკაცი რობინ დუტი ამ შეხვედრაში პუცილას (დისკვალიფიკაცია) ვერ გამოიყენებს. მართალია, ხვდებიან, რომ "ფრიც-ვალტერ-შტადიონზე" ურთულესი მატჩი ელით, მაგრამ ფრაიბურგელებს მაინც აქვთ წარმატების მიღწევის იმედი, რადგან "ლაუტერნს" 2011 წელს არც ერთი თამაში არ მოუგია, საერთოდ კი, ამ სეზონში საკუთარ მოედანზე სამი ქულის მოპოვება მხოლოდ სამჯერ შეძლო.

კრიზისული დუელი აუფ შალკეზე

თუკი "კაიზერსლაუტერნს" 2011 წელს თამაში არ მოუგია, ფრანკფურტის "აინტრახტს" ერთი გოლიც კი არ აქვს გატანილი. მიხაელ სკიბეს უგოლო და უიმედო მდგომარეობაში მყოფი გუნდი დღეს "შალკეს" სტუმრობს და ყველა "ბედნიერებას" ისიც დაემატა, რომ "აინტრახტის" დაცვის ბურჯი მაიკ ფრანცი დისკვალიფიცირებულია. თუმცა "შალკეშიც" დიდი ქაოსია.

მართალია, გელზენკირხენული კლუბი გერმანიის თასის ფინალში გავიდა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიც გააღწია, მაგრამ ბუნდესლიგაში ნაჩვენები ამაზრზენი შედეგების გამო, "შალკეს" ბოსები მწვრთნელსა და მენეჯერ ფელიქს მაგათს მაინც გათავისუფლებას უპირებენ. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, მათ "დესპოტი ფელიქსის" გაგდება ამ კვირაშივე სურდათ, მაგრამ "ვალენსიასთან" გამარჯვების შემდეგ ასეთი რადიკალური ნაბიჯი ვეღარ გადადგეს. წამყვანი მცველი მაგათსაც არ ეყოლება - ბენედიქტ ჰიოვედესი წინა ტურში (0:1 შტუტგარტთან) გააგდეს და დღეს დისკვალიფიცირებულია.

ლიდერი დორტმუნდის "ბორუსია" "ჰოფენჰაიმს" სტუმრობს და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ BVB-ს შესაძლოა პრობლემები შეექმნას, ისაა, რომ "დორტმუნდმა" პირველ წრეში "ჰოფეს" დამარცხება ვერ შეძლო - "ვესტფალენშტადიონზე" "შავ-ყვითლები" სულაც აგებდნენ და თუ გახსოვთ, მატჩის მიწურულსღა შეძლეს ანგარიშის გათანაბრება (1:1).

წვეულება სარდაფში

ფრაიბურგში მოგებული მატჩის (3:1) შემდეგ, ბრემენის "ვერდერის" ფეხბურთელებმა, მწვრთნელმა, ხელმძღვანელებმა და გულშემატკივრებმა ცოტათი კი ამოისუნთქეს, მაგრამ თუ დღეს საღამოს აუტსაიდერ და გადარჩენისთის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ "გლადბახს" ვერ დაამარცხებენ, კვლავ ნერვიულობა მოუწევთ. ასეა: წარსულს ჩაბარდა დრო, როცა "ვერდერი" ჩემპიონობისთვის ან მინიმუმ ევროსაგზურებისთვის იბრძოდა ხოლმე - დღეს "მუსიკოსების" მთავარი საზრუნავი გადარჩენაა.

ბრემენელთა თავკაც თომას შააფს აარონ ჰანტი და ტიმ ბოროვსკი გამოუჯანმრთელდნენ. რაც შეეხება "გლადბახს": "ბორუსია" მეორე წრეში გადარჩენისთვის გააფთრებით იბრძვის და ახალ მწვრთნელთან, ლუსიენ ფავრთან ერთად 2011 წელს უკვე ოთხი მატჩის მოგება მოახერხა. მიონხენგლადბახელებმა წინა ტურში "ჰოფენჰაიმი" დაამარცხეს და გვირაბის ბოლოს სინათლეს ხედავენ. მათთვის ცუდი ისაა, რომ ძალიან კარგ ფორმაში მყოფი თავდამსხმელი იგორ დე კამარგო ტრავმირებულია და დღეს ვერ იასპარეზებს.

ტოპდუელი მაინცში

კვირის პირველი შეხვედრა 26-ე ტურის ცენტრალური მატჩია: მეორეადგილოსანი "ლევერკუზენი" მეოთხე პოზიციაზე მყოფ "მაინცს" სტუმრობს. "მაინცის" მიზანი ხუთეულში ადგილის შენარჩუნება და ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებაა, მაგრამ თომას ტუხელის ბიჭები ჩემპიონთა ლიგაზეც ოცნებობენ და თუ უშუალო კონკურენტ "ლევერკუზენთან" წარმატებას მიაღწევენ, მათთვის საუკეთესო სამეულში მოხვედრაც ძალიან რეალური გახდება.

რამდენად ცუდად იმოქმედა "ნიურნბერგთან" 0:5-მა "ზანკტ პაულიზე" და შესწევს თუ არა ამ გუნდს იმის უნარი, რომ "შტუტგარტთან" უპრინციპულეს დუელში არ დამარცხდეს? - ამ კითხვას პასუხს 26-ე ტურის ბოლო შეხვედრა გასცემს.

გუშინ

კიოლნი-ჰანოვერი 4:0

დღეს

ბაიერნი-ჰამბურგი 18:30

დისკვალიფიკაცია: ბრენო

ტრავმა: ოლიჩი - დრობნი, დიკმაიერი, მატიისენი, კასტელენი

შალკე-აინტრახტი 18:30

დისკვალიფიკაცია: ჰიოვედესი - ფრანცი

ტრავმა: ჰუგლანდი, პანდერი, ყენია, მორიტცი - ნიკოლოვი, კრისი, ბაირამოვიჩი, კიოლერი

ვოლფსბურგი-ნიურნბერგი 18:30

დისკვალიფიკაცია: ა. ფრიდრიხი (ვოლფსბურგი)

ტრავმა: ჩიგერჩი, ჟოსუე, ჰელმესი - იუდტი, ფრანტცი, ბუნიაკუ, შიბერი

ჰოფენჰაიმი-ბორუსია (დ) 18:30

დისკვალიფიკაცია: მლაპა (ჰოფენჰაიმი)

ტრავმა: გულდე, იბერტსბერგერი, ვაისი, ობასი - ჰუმელსი, ოვომოიელა, კაგავა, კრინგე, ზიდანი

კაიზერსლაუტერნი-ფრაიბურგი 18:30

დისკვალიფიკაცია: პუცილა (ფრაიბურგი)

ტრავმა: შიმუნეკი, ამრი - პუპლინი, როზენტალი, ვილიამსი, ბეხმანი

ვერდერი-ბორუსია (მ) 21:30

ტრავმა: ფანდერი, ბიონიში, ნალდო, დ. იენსენი, აიქი - შტეგენი, ჟორე, დე კამარგო

ხვალ

მაინცი-ლევერკუზენი 18:30

ტრავმა: კარჰანი, შალაი - მ. ფრიდრიხი, ბალაკი, ბარნეტა

ზანკტ პაული-შტუტგარტი 20:30

დისკვალიფიკაცია: ჰერბერი, მ. ლემანი - დელპიერი

ტრავმა: მორენა, ოჩიპკა, როთენბახი, სამბრანო - ციგლერი, ბოკა, აუდელი, ფუნკი

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბორუსია (დ) 25 19 4 2 53-14 61

2. ლევერკუზენი 25 14 7 4 53-35 49

3. ჰანოვერი 25 15 2 8 37-32 47

4. მაინცი 25 14 1 10 41-32 43

5. ბაიერნი 25 12 6 7 51-33 42

6. ნიურნბერგი 25 11 6 8 39-32 39

7. ჰამბურგი 25 11 4 10 37-36 37

8. ფრაიბურგი 25 11 4 10 32-34 37

9. ჰოფენჰაიმი 25 8 9 8 41-37 33

10. შალკე 25 8 6 11 29-30 30

11. კიოლნი 25 8 5 12 31-43 29

12. აინტრახტი 25 8 4 13 24-34 28

13. ზანკტ პაული 25 8 4 13 27-43 28

14. ვერდერი 25 7 7 11 33-51 28

15. ვოლფსბურგი 25 6 8 11 29-37 26

16. შტუტგარტი 25 7 4 14 43-47 25

17. კაიზერსლაუტერნი 25 6 7 12 33-47 25

18. ბორუსია (მ) 25 6 4 15 37-59 22

ბომბარდირები: 18 - გომესი (ბაიერნი); 17 - სისე (ფრაიბურგი); 14 - გეკასი (აინტრახტი); 12 - შიურლე (მაინცი); 11 - ბარიოსი (ბორუსია დ), ლაკიჩი (კაიზერსლაუტერნი), რაული (შალკე), ია კონანი (ჰანოვერი).

[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს
ხავის "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს - ესპანელი "წითელი ეშმაკების" ჩაბარებაზე თანახმაა
ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
პსჟ-ს მეკარე: ძნელია მოტივაციის შენარჩუნება
ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა
კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
"ყველას უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვართ" - "კაირატის" მეკარე "რეალთან" მატჩამდე
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
[VIDEO] 55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო
პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში