მარჩელო საზოგადოებაში გამოჩენას ერიდება, რადგან მიიჩნევს, რომ ასეთი ფიასკოს შემდეგ, გარკვეული პერიოდით, ამის მორალური უფლება არ აქვს

იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის უპირობო ფავორიტად ნამდვილად არ მიიჩნეოდა, მაგრამ „სკუადრა აძურას“ ასეთ კატასტროფულ ასპარეზობას ცოტა თუ წარმოიდგენდა. მართალია, “აძურას” არ ჰყავდა ისეთი ვარსკვლავური შემადგენლობა, როგორიც 2006 წლის მუნდიალზე, მაგრამ სამაგიეროდ, ჰყავდა მარჩელო ლიპი, მწვრთნელი, რომელიც აპენინელთა მთავარ კოზირად ითვლებოდა. ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა, იტალიამ საკმაოდ სუსტ ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და სამარლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამაში ლომის წილი სწორედ მარჩელოს მიუძღვის. განაცხადა კიდეც, მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ და ნაკრების ახალ მწვრთნელს დიდ წარმატებებს ვუსურვებო. მას შემდეგ, ლიპის სიტყვა აღარ დაუძრავს მასმედიასთან და აი გუშინ, რაი-ს ეთერში საკმაოდ ვრცლად ისაუბრა, რომელსაც ქვემოთ ინტერვიუს სახით გთავაზობთ.

- თვლით თუ არა, რომ სამხრეთაფრიკაში წასაყვანი შემადგენლობის შერჩევისას შეცდომა დაუშვით?

- არა, რადგან ჩემი აზრით, მუნდიალზე ყველა საუკეთესო ფეხბურთელი წავიყვანე. ყველა რგილი თანაბრად იყო დაკომპლექტებული და წესით, გაცილებით უკეთესი შედეგი უნდა გვქონოდა, მაგრამ რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა. შეცდომის აღიარება ნამდვილად არ მეთაკილება, მაგალითად იმაში შემიძლია დაგეთანხმოთ, რომ ძირითადი შემადგენლობის დაყენებისას რამდენიმე შეცდომა დავუშვი. უფრო მეტი დრო უნდა მიმეცა ფაბიო კვალიარელასთვის, რომელმაც ამხანაგურ შეხვედრებშიც გამოიჩინა თავი. სლოვაკეთთან შესანიშნავად ჩაერთო თამაშში და ცოტა ადრე რომ გამეყვანა მინდორზე, შედეგი, შესაძლოა, სხვანაირი მიგვეღო. კვალიარელა ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, ის იტალიური ფეხბურთის მომავალია და ნაკრებში აუცილებლად უნდა იასპარეზოს.

- ნანობთ, რომ დაბრუნდით ეროვნულ ნაკრებში?

- სინანული არ მჩვევია, რაც მოხდა მოხდა, უმჯობესია წინ გაიხედო და სამომავლო გეგმები დასახო. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საღი გონება დაკარგო ადამიანმა. რა თქმა უნდა, ჯობდა არ გადამედგა ეს ნაბიჯი და ნაკრებში მოღვაწეობა 2006 წლის მუნდიალის ტრიუმფით დამესრულებინა. მიყვარს რისკი და ეს ნაბიჯი ამან გადამადგმევინა. მწარედაც დავმარცხდი. ანუ, წარსულში დაბრუნების საშუალება რომ მქონდეს, ნაკრებს აღარ ჩავუდგებოდი სათავეში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღამე აღარ მძინავს.

- ბევრის აზრით, რომ არა ჯანლუიჯი ბუფონის ტრავმა, იტალიის ნაკრები მერვედფინალში გავიდოდა და იქ რა მოხდებოდა, უკვე აღარავინ იცის…

- მარჩიელობის აზრს ვერ ვხედავ, რადგან წარსულს ვეღარასდროს დავბრუნებთ. ბუფონის ტრავმამ ძალიან დაამძიმა ჩვენი მდგომარეობა და შეიძლება ითქვას, რომ ამან ფეხბურთელებზეც უაყოფითად იმოქმედა. თუმცა, ჩვენ არ უნდა გავკიცხოთ ფედერიკო მარკეტი, რომელსაც ნამდვილად შეეძლო უკეთ თამაში. ძალიან ახალგაზრდაა და გვერდში უნდა დავუდგეთ, რათა პროგრესი განაგრძოს და ნაკრებს მომავალში გამოადგეს. ბევრჯერ ითქვა იმის შესახებ, რომ ჯიჯის ტრავმის შემდეგ, კარში დე სანკტისი უნდა დამეყენებინა, მაგრამ ამის შანსი თავიდანვე ძალიან მცირე იყო. ნებისმიერი გულშემატკივრისთვის რომ გეკითხათ, ვის უნდა დაეცვა კარი ბუფონის ტრავმის შემთხვევაში, ყველა მარკეტიზე შეაჩერებდა არჩევანს. ასეთი საუბრები არაფერს მოგვცემს, მხოლოდ ავნებს ძალიან ახალგაზრდა და ნიჭიერ მეკარეს.

- ძალიან ცუდად იასპარეზეს ცენტრალურმა მცველებმა, რას მიაწერთ ამას?

- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იმდენი შეცდომა, რამდენიც კიელინიმ და კანავარომ მუნდიალის სამ შეხვედრაში დაუშვეს, მთელი ჩემი ნაკრებში მოღვაწეობის პერიოდში არ დაუშვიათ. სამწუხაროდ, ყველაზე საჭირო დროს ამოვარდნენ ფორმიდან და თავადაც აღიარეს, რომ არც თუ სახარბიელოდ იასპარეზეს. თუმცა, მე არავის არაფერს არ ვაბრალებ, წარუმატებლობა მთლიანად ჩემი პასუხისმგებლობაა. ყველანაირად ვერიდები საზოგადოებაში გამოჩენას, რადგან ვთვლი, რომ ასეთი ფიასკოს შემდეგ, გარკვეული პერიოდით ამის მორალური უფლება არ მაქვს.

- თავდამსხმელებზე რას იტყვით? კვალიარელას გარდა, თავი ვერავინ წარმოაჩინა…

- პარაგვაისთან და ახალ ზელანდიასთან სტანდარტულებიდან გავიტანეთ და მხოლოდ სლოვაკეთთან მოვახერხეთ თამაშიდან ბურთის შეგდება. ბუნებრივია, არც შეტევის ხაზის თამაშით ვარ კმაყოფილი და გაცილებით მეტს ველოდი. მოძრაობა გვაკლდა, ტემპი და კომბინირება. არადა, ამ კომპონენტებში შესარჩევ ეტაპზე საკმაოდ კარგად გამოვიყურებოდით. ვფიქრობ, რომ შეტევის ხაზში ბევრი რამეა შესაცვლელი და პრანდელიმ სასელექციო პროცესი უნდა აწარმოოს.

- მაინც ვერ ავცდებით ამ თემას და უნდა გკითხოთ, იქნებ ღირდა მუნდიალზე კასანოს წაყვანა?

- კასანოს შეეძლო კონკრეტულ ეპიზოდებში გაებრწყინა და ლოკალურად წარმოჩენილიყო, მაგრამ საერთო სურათს ვერ შეცვლიდა. მით უმეტეს, შესარჩევი ეტაპის არც ერთ შეხვედრაში არ მიუღია მონაწილეობა და გუნდური მექანიზმიდან აბსოლუტურად ამოვარდნილი იქნებოდა. მე ჩემი ხედვა მქონდა და როგორც საჭიროდ ჩავთვალე, ისე მოვიქეცი. მინდა ანტონიოს წარმატებები და ეროვნულ ნაკრებში თამაში ვუსურვო. პიროვნულად მისი საწინააღმდეგო არასდროს არაფერი მქონდა, უბრალოდ ჩემს სათამაშო მონახაზში ვერ ჯდებოდა.

- იქნებ ჯობდა ვეტერანი ფეხბურთელები წაგეყვანათ: ტოტი, დელ პიერო, ტონი, ინძაგი, მატერაცი, გროსო…

- ასე მარტივად არ არის საქმე. ტოტისთან არაერთხელ მქონდა საუბარი, ერთი ხანობა უნდოდა კიდეც ნაკრებში დაბრუნება, თუმცა შემდეგ ისევ ტრავმამ შეახსენა თავი და გადაფიქრა. დანარჩენების წაყვანა ნამდვილად შემეძლო, მაგრამ აქვე ერთი კითხვა მაქვს: რამდენად ლოგიკური იქნებოდა მუნდიალზე ინძაგი, დელ პიეო და მატერაცი რომ წამეყვანა? მთელი სეზონი სათადარიგოთა სკამზე იჯდნენ და სათამაშო პრაქტიკას იყვნენ მოკლებულნი.

- გამოუვალ მდგომარეობაში ვყოფილვართ...

- ნაკრებში თაობათა ცვლის პროცესი დაიწყო, რამაც განაპირობა კიდეც ასეთი შედეგი. ძალიან ნიჭიერია კლაუდიო მარკიზიო, მაგრამ ჯერ მზად არ აღმოჩნდა ასეთ დონეზე სათამაშოდ. ახალ მწვრთნელს წარმატებები მინდა ვუსურვო, მას დიდი რესურსი აქვს და სწორად გამოყენების შემთხვევაში, შედეგი აუცილებლად იქნება. პრანდელის კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ საქმეს წარმატებით გაართმევს თავს.

ლელო

- როგორ ითამაშებს თქვენი აზრით პრანდელის ნაკრები?

- პრადელის “აძურა” ძალიან იტალიური გუნდი იქნება, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ტრადიციულად, ჩვენი ნაკრები იოლად და ლაღად ვერავის ამარცხებს, მაგრამ არც წაგება სჩვევია ბრძოლის გარეშე და საერთოდაც, იშვიათად აგებს. ჩეზარეს გუნდებთან თამაში ყოველთვის ურთულესი იყო და ასე იქნება ამ შემთხვევაშიც. მე მჯერა მისი, ისევე როგორც მთელს იტალიას.

- მუნდიალს დავუბრინდეთ, რამდენად კანონზომიერი იყო ესპანელთა ტრიუმფი?

- ძალიან მომწონდა გერმანიის ნაკრები... რა შეიძლება ითქვას ესპანეთზე? მართალია, აღარ ჰქონდათ ისეთი ტემპი და სიხალასე, როგორიც ორი წლის წინანდელ ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ სმაგიეროდ, ჰქონდათ მეტი გამოცდილება და თამაშის სწორად წარმართვის უნარი. უფრო დაღვინებული ესპანეთი ვიხილეთ, რომელმაც ღირსეულად მოიპოვა პლანეტის საუკეთესო გუნდის სტატუსი.

- როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ გაიბრწყინეს მუნდიალზე მესიმ, კრისტიანო რონალდომ, კაკამ და სხვა ვარსკვლავებმა?

- სამწუხაროდ, ეს უკვე ტრადიციად ყალიბდება. ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელები მსფლიოს ჩემპიონატზე წარუმატებლად ასპარეზობენ, რისი ახსნაც ძალიან მიჭირს. თქვენ რუნი გამოგრჩათ, რომელიც შესანიშნავი იყო მთელი სეზონის განმავლობაში, მაგრამ მუნდიალზე ვერაფერი გვიჩვენა. როგორც ჩანს, ასეთი კალიბრის ვარსკვლავებზე დიდი ფსიქოლოგიური წნეხი ხორციელდება, რომელსაც ვერ უძლებენ. გავიხსენოთ 2006 წლის მუნდიალი და რონალდინიო, რომელსაც მთები უნდა გადაეტრიალებინა, მაგრამ ვერაფერიც ვერ ქნა. ყველანი უნდა მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ მთავარი გუნდია და არა ფეხბურთელი, ასე თავად მოთამაშეებსაც გაუადვილდებათ ცხოვრება. როდესაც მესიმ იცის, რომ მთელი მსოფლიო მის შედევრ გოლებს ელოდება და თუნდაც პირველ შეხვედრაში ამას ვერ ახერხებს, ნერვიულობა მატულობს და იქ უკვე ძნელია, საუკეთესო თვისებების დემონსტრირება.

- რას აპირებთ, გაქვთ თუ არა რამე გეგმაში?

- მუნდიალზე წამატებით გამოსვლის შემთხვევაში, კარიერის დასრულება მყარად მქონდა გადაწყვეტილი. თუმცა, განცდილმა ფიასკომ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება დამიტოვა და არ არის გამორიცხული, ოდესღაც კიდევ მიხილოთ მთავარი მწვრთნელის ამპლუაში. იტალიის ნაკრებში დაბრუნებას ნამდვილად არ ვაპირებ და საერთოდაც, დღეს მხოლოდ დასვენება მინდა, მაგრამ კლუბში მუშაობას სამომავლოდ ნამდვილად არ გამოვრიცხავ.

[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
იილდიზით გრანდები არიან დაინტერესებული
კონტე, ნეიმარი და დე ბრუინი — გადაწყვეტილება, რომელმაც ნაპოლის მომავალი განსაზღვრა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
ზივზივაძე დაბრუნდა - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერს" ფრედ ეთამაშა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს