იტალიაში, ჩრდილოეთშიც და სამხრეთშიც, ფეხბურთზე ყველგან ერთნაირად იშლებიან ჭკუიდან
"ნაპოლის" კაპიტანმა მარეკ ჰამშიკმა The Players-ისთვის (საიტია) დაწერა ესსე, რომელშიც ილაპარაკა ბავშვობასა და დღევანდელობაზე, ნეაპოლზე და თავად კლუბზე, რომლებმაც მის ცხოვრებაში უდიდესი როლი ითამაშეს...

ფეხბურთი, როგორც რელიგია, სან პაოლო, როგორც ტაძარი...

- აქ, ნეაპოლში ერთი კი არა, სამი მილიონი მწვრთნელი გვყავს. თითოეული მამაკაცი, ქალი ან ბავშვი რომ გააჩეროთ ქუჩაში, ზუსტად გეტყვიან, რა სჭირდება "ნაპოლის", რას სჭირდება გუნდს იმისთვის, რომ უფრო მეტი გოლი გაიტანოს... ეს ყველაფერი ამ ხალხის სისხლშია. ნეაპოლში ფეხბურთი რელიგიაა, "სან პაოლო" კი - მისი ტაძარი.

ფეხბურთზე ფიქრობენ ყოველდღე, ფეხბურთით იღვიძებენ და იძინებენ, მიდის განხილვები დღისით და ღამით, ფეხბურთია ის, რაც ესიზმრება ხალხს... მოკლედ, გრჩება შთაბეჭდილება, რომ ნეაპოლელებისთვის ფეხბურთზე მნიშვნელოვანი არაფერია.

მეც მივეჩვიე ამას. აგერ, უკვე 29 წელია, ფეხბურთი ჩემთვისაც მთელი ცხოვრებაა. 7 წლის ვიყავი, როცა ტელევიზიით ვუყურებდი ორ გიჟ ბრაზილიელს კალიფორნიის სტადიონზე. იმის შემდეგ შეიცვალა ჩემი ცხოვრება...

რას ნიშნავს, იყო დიადი...

- 1994 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი ამერიკაში ტარდებოდა. ბანსკა-ბისტრიცაში, სადაც მე ვცხოვრობდი, მატჩების ტრანსლაცია ღამის 11 საათზე იწყებოდა. ჩემი მშობლები ძალიან დაღლილები მოდიოდნენ სახლში სამუშაო დღის ბოლოს და მალევე იძინებდნენ, მე კი ვრჩებოდი მარტო ტელევიზორთან. მაშინ სლოვაკური არხები მხოლოდ ბრაზილიის ნაკრების მატჩებს აჩვენებდნენ. საოცარი გუნდი იყო, ძალიან სწრაფი...

ბრაზილიის ნაკრებს მაშინ ორი ძალიან მაგარი ფორვარდი ჰყავდა - ბებეტო და რომარიო. გაოცებული ვიყავი მათი თამაშით, პასებით, სისწრაფით, გოლებით... ეს იყო ფეხბურთი, რომლისგან რადიკალურად განსხვავებულს ვხედავდი ჩემს სამშობლოში, ან თუნდაც სხვა ჩემპიონატებში. ბრაზილიის ნაკრების თამაში იყო, ასე ვიტყოდი, თავისუფალი და შემოქმედებითი მოძრაობა...

იმ მომენტისთვის უკვე სამი წელი იყო, რაც ფეხბურთს ვთამაშობდი. პირველივე ვარჯიშზე მწვრთნელმა მოედნის ცენტრში დამაყენა. მისი დავალება იყო, რაც შეიძლებოდა ხშირად შემეტია მეტოქისთვის. იმ დღეებიდან მიყვარს ეგრეთ წოდებული "ათიანის" პოზიცია. ეს მაძლევდა იმპროვიზაციის საშუალებას, შემეძლო, გამეკეთებინა ის, რასაც კონკრეტული სიტუაცია მოითხოვდა, რაღაც ახალი შტრიხი შემეტანა მწვრთნელის დავალებებში...

მერე, ფეხბურთის ყურებისას, ყოველთვის გაფაციცებით ვადევნებდი თვალყურს ჩემი ამპლუის მოთამაშეებს, მათ მოქმედებებს, გადაადგილებებს...

ვუყურებდი ზინედინ ზიდანს და პაველ ნედვედს, ისინი დიდებული გამთამაშებლები იყვნენ. არ დამავიწყდება, როგორ დირიჟორობდნენ თამაშს და მეც მინდოდა, მათნაირი ვყოფილიყავი.

მართალია, ისინი ჩემზე სწრაფები არ იყვნენ, მაგრამ გულახდილად ვამბობ - ყოველთვის ვცდილობდი, მეთამაშა ისე, როგორც ზიდანი და ნედვედი თამაშობდნენ. აი, ამას ნიშნავს, იყო დიადი - როცა ყველა შენგან იღებს მაგალითს...

ცხოვრების წესი და თამაშის სტილი

- 15 წლისა ვიყავი, როცა სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გადავედი, სადაც "სლოვანში" უნდა მეთამაშა. ეს იმ დროს გრანდი იყო ჩვენი ფეხბურთის. თუმცა იქ დიდხანს არ გავჩერებულვარ. ორი წლის შემდეგ სამშობლოდან 800 კილომეტრში, სრულიად ახალ სამყაროში აღმოვჩნდი. იტალიაში ძალიან შორს ვიყავი ჩემი სახლიდან, თუმცა ახლოს ვიყავი მიზანთან - გავმხდარიყავი სრულყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელი.

...ბრეშა პატარა ქალაქია იტალიის ჩრდილოეთში. იქაურ ცხოვრებასთან შეგუება არ იყო ძალიან ძნელი, მეტსაც გეტყვით: მალე იქ ისე ვგრძნობდი თავს, როგორც თევზი - წყალში. ბრეშაში ვნახე ძალიან კეთილი და თბილი ხალხი. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან იტალიური არ ვიცოდი, მაინც თავისიანად მიმიღეს. ახალი მეგობრები ხშირად მპატიჟებდნენ თავიანთ სახლში ან რესტორანში სავახშმოდ, ახლოს მაცნობდნენ ქალაქს... იმ დღიდან იტალიური ცხოვრების წესი ჩემი წესიც გახდა...

სხვათა შორის, შეიცვალა ჩემი თამაშის სტილიც. მალევე მოვხვდი "ბრეშას" ძირითად შემადგენლობაში, ეს გუნდი კი ბევრად აღემატებოდა იმათ, სადაც მანამდე ვთამაშობდი...

მაგრამ გავიდა სამი წელიწადი და კვლავ ახალ გზას დავადექი - იტალიის ერთი ქალაქიდან მეორეში, ბრეშადან ნეაპოლში, ჩრდილოეთიდან სამხრეთში... ეს ორი სხვადასხვა სამყაროა, თუმცა ფეხბურთისადმი დამოკიდებულებაში განსხვავება თითქმის არ არის. ამიტომ, ადაპტაციის პერიოდი, ფაქტობრივად, არ მქონია, რადგან იტალიაში, ჩრდილოეთშიც და სამხრეთშიც, ფეხბურთზე ყველგან ერთნაირად იშლებიან ჭკუიდან...

ზუსტად იმ დღეს ჩემთან ერთად "ნაპოლიში" მოვიდა ესეკილ ლავეცი. კლუბის წარმომადგენელმა დაგვათვალიერებინეს ბაზა, სტადიონი... "სან პაოლომ" ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. ვუყურებდი "ნაპოლის" ფეხბურთელების პორტრეტებს, დიდ ლეგენდებს - მარადონას, ფერარას, ბრუსკოლოტის... და ვხვდებოდი, რომ ეს იყო განსაკუთრებული ქალაქი და განსაკუთრებული კლუბი...

შესანიშნავი და შეშლილი...

- როცა ნეაპოლში საცხოვრებლის ძებნა დავიწყე, აღმოვაჩინე, რომ ყველა, ვისაც იმ დღეებში ვხვდებოდი, ძალიან კარგად მიცნობდა, იცოდა ჩემი კარიერის ნიუანსებიც კი... ძნელი იყო ამის დაჯერება, მაგრამ... ყურადღება, რასაც ჩემ მიმართ ბრეშაში იჩენდნენ, არაფერი ყოფილა იმასთან შედარებით, რასაც ნეაპოლში ვგრძნობდი. ბრეშაში თავიდან არავინ მიცნობდა და შემეძლო, მშვიდად გამევლო ქუჩებში, ნეაპოლში კი ყავის დალევის საშუალებას არ გაძლევდნენ. ნეაპოლელი ფანატიც განსაკუთრებული ფანატია და თუ ამ ქალაქში დაიბადე, თავიდანვე "ნაპოლის" ქომაგად იბადები. ეს არის ერთგვარი დამღა, იქაური ცხოვრების კანონი!..

როცა 2012 წელს იტალიის თასი მოვიგეთ, ზუსტად მაშინ მივხვდი, რა იყო ნეაპოლი სინამდვილეში. 20 წლის განმავლობაში "ნაპოლის" არაფერი ჰქონდა მოგებული... სწორედ მაშინ ვნახე შეშლილი ნეაპოლი, შესანიშნავი და შეშლილი ნეაპოლი - სახლების ფანჯრებიდან და აივნებიდან გადმოფენილი დროშები... ეს ნამდვილი ჯადოქრობა იყო! დავინახეთ, რომ ფეხბურთელებთან ერთად იმარჯვებს ხალხიც და თურმე, ერთი გამარჯვებით რამდენი სიხარული შეგიძლია, მოუტანო ხალხს...

ნეაპოლმა და იტალიამ მომცა ყველაფერი, რაც მინდოდა. ფეხბურთი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ხოლო იყო "ნაპოლის" ფეხბურთელი - ორმაგად მნიშვნელოვანი და საამაყოა...

ხშირად მეკითხებიან, რატომ დავრჩი ამდენ ხანს "ნაპოლიში"? მიზეზი მხოლოდ საფეხბურთო არ არის. მე ამ საზოგადოების, ამ დიდი ოჯახის ნაწილი გავხდი და ამ გრძნობას განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს გულში. ჩემი ცხოვრება არ არის მხოლოდ ფული და ჯილდოები, დამიჯერეთ - თუ შენი საქმე გულით არ გიყვარს, ფულს და ჯილდოებს ფასი ეკარგება. სწორედ ამის განცდა მომცა ნეაპოლმა, რისთვისაც სიცოცხლის ბოლომდე მისი მადლობელი ვიქნები!

დოსიე

მარეკ ჰამშიკი

დაიბადა: 1987 წელს ბანსკა-ბისტრიცაში (ჩეხოსლოვაკია)

ამპლუა: ნახევარმცველი

კარიერა: 2002-04 - სლოვანი; 2004-07 - ბრეშა; 2007-დან - ნაპოლი

სლოვაკეთის ნაკრები: 96 თამაში, 20 გოლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს
40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
დიდი ალბათობით, რამდენიმე საათში "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ეყოლება
თურქულ შეკრებაზე მყოფ "ნაპოლის" მარეკ ჰამშიკი ეწვია [VIDEO]
"რატომ მირჩევნია ინსინიე კვარას? ქართველისგან განსხვავებით, იტალიელი ამას აკეთებდა..." - ჰამშიკს რთული არჩევანის გაკეთება მოუწია
ჰამშიკი: მე ამას "კვარასგან" არ ველოდი
"ჩემი აზრით, "ნაპოლიში" საუკეთესოა" - ჰამშიკმა ფავორიტი მოთამაშე დაასახელა
"ხვიჩა საოცრად კრეატიული ფეხბურთელია" - მარეკ ჰამშიკმა "კვარაზე" ისაუბრა