ხულიგანი და სერენას ფანი
როლან გაროსის ქალთა ტურნირის სენსაციური გამარჯვებული გახდა მსოფლიოს 49-ე ჩოგანი, ლატვიელი ელენა ოსტაპენკო. ფინალში მან 4:6, 6:4, 6:3 დაამარცხა რუმინელი სიმონა ჰალეპი და არათუ "დიდ სლემზე", არამედ მთლიანად პროფესიულ ტურში მოიპოვა კარიერაში პირველი ტიტული.

გადამწყვეტ მატჩში ლატვიელს რამდენიმე რთული მომენტის გადალახვა მოუწია. მაგალითად, პირველი სეტის წაგების შემდეგ, მეორეში 0:3 ჩამორჩა, მაგრამ გადაარჩინა პარტია. ასევე მდევრის როლში იყო ოსტაპენკო მესამე სეტში, თუმცა, 1:3-დან ზედიზედ ხუთი გეიმის აღება და კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის მოგება შეძლო.

ოსტაპენკო მთელი მატჩი შემტევ ჩოგბურთს თამაშობდა, რაზეც მეტყველებს მის მიერ შესრულებული 54 "ვინერსი" და ამდენივე უნებლიე შეცდომა. ჰალეპის ტაქტიკა კი მაქსიმალურად საიმედო თამაში და ბურთის, უბრალოდ, მეტოქის მოედანზე გადაგდება იყო. ამიტომაც რუმინელმა მხოლოდ რვა "ვინერსი" და 10 უნებლიე შეცდომა დააგროვა. ოსტაპენკომ 19 ბრეიკ-პოინტიდან 8 გამოიყენა, ჰალეპმა - 16-დან 6.

ელენა ოსტაპენკო "დიდი სლემის" ტურნირის პირველი არაგანთესილი ჩემპიონია ქალებს შორის 1968 წლის შემდეგ. ლატვიელი 8 ივნისს 20 წლის გახდა და ის არის "დიდი სლემის" ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი 2006 წლის შემდეგ, როცა 19 წლის ასაკში აშშ-ის ღია პირველობა მოიგო მარია შარაპოვამ.

რაც შეეხება სიმონა ჰალეპს, მან გაუშვა ხელიდან უნიკალური შანსი - არა მხოლოდ პირველად მოეგო "დიდი სლემის" ტურნირი კარიერაში, არამედ სათავეში ჩადგომოდა WTA-ს რეიტინგს. ორშაბათიდან ქალებს შორის პირველი ჩოგანი ისევ გერმანელი ანჟელიკ კერბერი იქნება, ჰალეპი მეორე ადგილს დაიკავებს, ოსტაპენკო კი მე-12 ადგილზე გადაინაცვლებს.

ვინ არის ელენა ოსტაპენკო

ელენა ოსტაპენკო აღმერთებს ჰოკეის და შეძლებისდაგვარად, ესწრება რიგის "დინამოს" თამაშებს - გოგონას მოსწონს ძალისმიერი ორთაბრძოლები და ნამდვილი მამაკაცური სული. შესაძლოა, იმიტომაც, რომ თავადაც ასეთი ხასიათისაა - უკომპრომისო, ფეთქებადი და ძალიან თავხედი (რა თქმა უნდა, კარგი გაგებით).

პროფესიულ ტურში ოთხი წლის განმავლობაში, ლატვიელმა მიიღო არაოფიციალური მეტსახელი - "კირგიოსი კაბაში". საუბრისას არასოდეს უჭირს პასუხის გაცემა, ენამოსწრებულია და მეტოქეთა უმრავლესობა თავისზე სუსტ მოთამაშედ მიაჩნია და მათთან წაგებას შემთხვევითობას აბრალებს.

გასული წლის ზაფხულში, ნიუ ჰევენის ტურნირზე 19 წლის ოსტაპენკო აგნიეშკა რადვანსკასთან აგებდა და კორტზე დედა გამოიძახა, რომელიც მისი მწვრთნელის ფუნქციებსაც ასრულებს. "ღმერთო, რა საშინლად თამაშობს აგნიეშკა. რა მოუხერხებელია! მოყვარულებიც კი არ ურტყამენ ასე საშინლად. ის, უბრალოდ, ჩემი დარტყმების ძალას იყენებს და ბურთს ჩოგანს ახვედრებს", - გადაუარა მეტოქეს ოსტაპენკომ.

ჩვეულებრივი ამბავია ჩოგბურთელისთვის, რომელმაც პირველი ფულადი ჯარიმა ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში მიიღო, როცა მსაჯი შემოელანძღა.

პარიზულმა პუბლიკამ ძალიან თბილად მიიღო ოსტაპენკო, რომელიც თამაშის სტილით 2014 წლის უიმბლდონის ჩემპიონს, მარიონ ბარტოლის ჰგავს - ფეხების ასეთივე ბრწყინვალე მუშაობა, აგრესიული დარტყმები, ძლიერი მოწოდება, შთამბეჭდავი ბექჰენდი და დაუჯერებელი თავდადება.

ელენა შესანიშნავად გადაადგილდება კორტზე სამეჯლისო ცეკვების წყალობით, რომელსაც 12 წლის ასაკამდე უხამებდა საჩოგბურთო ვარჯიშებს. "ძალიან მომწონდა ცეკვა, განსაკუთრებით ვაღმერთებდი სამბას, მაგრამ რთული იყო - მუდმივი მოგზაურობების გამო ყოველ ზაფხულს ახალ პარტნიორს ვიღებდი", - იხსენებს ალიონა. სწორედ ასე ეძახიან გოგონას ოჯახში, თუმცა, დოკუმენტების მიხედვით, ის ელენაა.

ოსტაპენკოს დედა ხუმრობს - გოგონა კორტზე ჯერ კიდეთ მაშინ მიიყვანა, როცა ის ჯერაც ჩოგანზე პატარა იყო. კედელზე თამაში ელენამ ოთხი წლის ასაკში დაიწყო. გოგონას ძლიერი სპორტული გენები აქვს: ჩოგბურთელის მამა ფეხბურთელი იყო (რომელიღაც უკრაინულ კლუბში თამაშობდა), დედა ჩოგბურთს თამაშობდა, რის შემდეგაც მწვრთნელობა დაიწყო. "ჩვენ არ ვამზადებდით გოგონას კარიერისთვის - უბრალოდ, ასე გამოვიდა, რომ თავად მოინდომა და მთელ დროს კორტზე ატარებდა", - ხსნის ელენას დედა.

ოსტაპენკოს პროგრესს ხელი შეუწყო იმან, რომ რეგულარულად უწევდა პრაქტიკა მასზე რამდენიმე წლით უფროს მოთამაშეებთან. ამის წყალობით, 2011 წელს, ოსტაპენკომ მოიგო ოქრო თურქეთში ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე, აგრეთვე, საფრანგეთში ბავშვებს შორის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი - Las Petit As.

შემდეგი მნიშვნელოვანი გამარჯვება მან 2014 წელს, იუნიორთა უიმბლდონზე მოიპოვა. ფინალში ელენამ კრისტინა შმიდლოვა დაამარცხა. "ბალახი - საყვარელი საფარია, რომელიც იდეალურად ერგება ჩემს თამაშს. ყოველთვის მოუთმენლად ველოდები ბალახის სეზონს. ვაღმერთებ სწრაფ ჩოგბურთს", - გატაცებით ამბობს ოსტაპენკო, რომელიც ყოველთვის ვერ უმკლავდება ემოციებს. საყვარელი ბალახიც კი ხანდახან აღიზიანებს. შარშან, ისტბურნში ერთ-ერთი მატჩის წაგების შემდეგ, ლატვიელმა ბრიტანული ტურნირი მიწასთან გაასწორა:

"მე აქ არ მომწონს, აქ ყველაფერი ცუდადაა. საშინელი ქარია. არ მინდა აქ თამაში. მიმიფურთხებია ამ ტურნირისთვის".

პროფესიულ ტურში ოსტაპენკო კარგი რეპუტაციით არ სარგებლობს - ჯერ კიდევ გაურკვეველია - რა უფრო ცუდია: შარაპოვას მიერ მეტოქეების იგნორირება თუ ელენას ზერელე ხელის ჩამორთმევა. მარცხის შემდეგ ის მოგებულს არ უყურებს და ხელს ისე ართმევს, თითქოს კორტის მეორე მხარეს კეთროვანი იდგეს. ამის გამო ის არაერთხელ გაუკრიტიკებიათ ტურის სხვა მოთამაშეებს.

ოსტაპენკოს რეპუტაციას კიდევ ერთი დარტყმა მაშინ მიადგა, როცა 2016 წელს, ოკლენდის ტურნირის დროს, კონფლიქტი ჰქონდა ნაომი ბროუდისთან. მეორე პარტიაში, ერთ-ერთი შეცდომის შემდეგ, ელენამ ჩოგანი მოისროლა, რომელიც ასხლეტით ბურთის მიმწოდებელ ბიჭს მოხვდა. ბრიტანელმა მსაჯისგან მეტოქის დისკვალიფიკაცია მოითხოვა, რამაც ოსტაპენკო ძალიან აღაშფოთა - ის ამტკიცებდა, რომ ჩოგანი შემთხვევით გაუვარდა ხელიდან.

წელს ოსტაპენკომ შესამჩნევად მოუმატა გრუნტზე თამაშს, რომელსაც ადრე ვერ იტანდა გრძელი გათამაშებების გამო. 2017 წლის იანვრიდან, ელენას კონსულტანტია 34 წლის ესპანელი ანაბელ მედინა გარიგესი, რომელსაც ორჯერ აქვს მოგებული როლან გაროსი წყვილების თანრიგში. "ელენას სტიქია - შეტევაა. მას ყოველთვის უნდა კომბინაცია ორ-სამ დარტყმაში დაასრულოს. ჩემი ამოცანაა, მოთმინება ვასწავლო, რითაც განთქმულნი არიან ესპანელი ჩოგბურთელები", - ამბობს ესპანელი. შედეგი მაშინვე მოვიდა - ნახევარფინალში პრაღაში, ფინალი ჩარლსტონში და ტიტული როლან გაროსზე.

ოსტაპენკო 1997 წლის 8 ივნისს დაიბადა - იმ დღეს, 20 წლის გუსტავო კუერტენმა როლან გაროსის ფინალში სამ სეტში "დაბომბა" სერხი ბრუგერა და გახდა ბოლო ჩოგბურთელი, რომელმაც "დიდი სლემის" ტურნირი იმაზე ადრე მოიგო, ვიდრე ATP-ის ტურნირი. ახლა იგივე შეძლო ელენა ოსტაპენკომ - მას აქამდე სამიდან სამი ფინალი ჰქონდა წაგებული WTA-ში, სამაგიეროდ, პირველივე ცდაზე გაიმარჯვა "დიდ სლემზე".

ლატვიელის ტრიუმფი, დიდწილად, იმითაც არის გამოწვეული, რომ კარიერაში პაუზა აქვს აღებული სერენა უილიამსს. ელენასთვის ლეგენდარული ამერიკელი კერპი ყოფილა. "მომწონს მისი თამაში. ის დიადი ჩემპიონია. ამიტომაც ყოველთვის თვალს ვადევნებდი მას. ბავშვობაში მუდმივად ვუყურებდი მის თამაშებს", - ამბობს ოსტაპენკო.

ოსტაპენკოს გზა ტიტულამდე

I წრე. ოსტაპენკო-ლუიზა ჩირიკო (აშშ) 4:6, 6:3, 6:2

II წრე. ოსტაპენკო-მონიკა პუიგი (პ-რიკ) 6:3, 6:2

III წრე. ოსტაპენკო-ლესია ცურენკო (უკრ) 6:1, 6:4

1/8-ფინალი. ოსტაპენკო-სამანტა სტოსური (ავსტრა) 2:6, 6:2, 6:4

1/4-ფინალი. ოსტაპენკო-კაროლინ ვოზნიაცკი (დან) 4:6, 6:2, 6:2

1/2-ფინალი. ოსტაპენკო-ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც) 7:6(4), 3:6, 6:3

ფინალი. ოსტაპენკო-სიმონა ჰალეპი (რუმ) 4:6, 6:4, 6:3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
"ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გონება დავკარგე" - ფაბრეგასმა კონტესთან მუშაობა გაიხსენა
[VIDEO] შმეიხელს მოედნის ცენტრიდან გაუტანეს - შოტლანდიის ნაკრები 27 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს!
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან 0:2 მარცხდება
U18. ევროპის ჩემპიონატზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ჩეხეთს სძლიეს და ფინალში გავიდნენ
ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მათეუსი: მარადონა საუკეთესო იყო, ჩემს შემდეგ - მესი თუ რონალდო?
"შევალიეს ბევრი წუნი აქვს - საფონოვი რუსეთში არ უნდა დაბრუნდეს" - აცხადებს აგენტი
15-ქალა | გიორგი მაისურაძემ პირველი ოფიციალური თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა
მარსელო ბროზოვიჩი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს
ლუკმენი თურქეთში წავა? - "გალათასარაი" მორიგ ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს
2 წელზე მეტი დროის შემდეგ - "ბარსელონა" "ნოუ კამპზე" ბრუნდება
აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია
ენდრიკი მეტი სათამაშო დროის გამო "რეალიდან" მიდის - ფრანგულ გუნდთან ყველაფერი შეთანხმდა
ბენზემამ "რეალში" დაბრუნება არ გამორიცხა - ფრანგი ფლორენტინო პერესს უარს ვერ ეტყვის
თუ დღეს კიდევ დამარცხდებიან, ეს ამბავი ბულგარული ფეხბურთის ისტორიაში მეორედ მეოხდება - საქართველოს ნაკრები დღევანდელი მეტოქის კიდევ ერთ მწვრთნელს იმსხვერპლებს?
"მეტოქეს 5 ან მეტი ბურთით მოვუგებთ და ჯგუფში გავასწრებთ? - მოდით, რეალისტები ვიყოთ..." - რას წერს ბულგარული მედია საქართველოსთან მატჩამდე
"საკვალიფიკაციო ეტაპი თავაწეულებმა უნდა დავასრულოთ... მინდა, ყველას ეს მოგიწოდოთ..." - ბულგარელთა მწვრთნელი საქართველოსთან მატჩის წინ
ქართველმა სუმოისტებმა მსოფლიო თასზე 4 მედალი მოიპოვეს
წლის ბოლო მატჩის დღე სატურნირო მოტივაციის გარეშე!..