ხვალ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მახაჩყალაში გაფრინდება, სადაც 19-20 მარტს მსოფლიოს თასზე იჭიდავებს
ხვალ, გამთენიისას ჩვენი ნაკრები მახაჩყალაში გაფრინდება, სადაც 19-20 მარტს მსოფლიოს თასზე ასეთი შემადგენლობით იჭიდავებს: ბესარიონ გოჩაშვილი (55), მალხაზ ქურდიანი (60), შალვა მუზიაშვილი (66), გელა საღირაშვილი (74), ბექა ჭელიძე (84), დავით ქერაშვილი (96), ლევან ბერიანიძე, გიორგი საკანდელიძე (120).

შეჯიბრება გუნდური პრინციპით ("გუნდი-გუნდზე") ტარდება. ჩვენს გარდა, მასში მონაწილეობას რუსეთი, უკრაინა, კუბა, ირანი, ბულგარეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი და უნგრეთ-ყაზახეთის გაერთიანებული გუნდი მიიღებენ. მათი გაერთიანება ძალზე უცნაური გადაწყვეტილებაა - მეზობლები რომ იყვნენ, კიდევ ჰო, მაგრამ ახლა საიდან სადაო?! თუმცა, შეიძლება, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია (FILA) სამომავლოდ ამ სიახლეზე არ შეჩერდეს და კიდევ ერთი შემოგვთავაზოს - მსოფლიოს თასზე აფრიკის ნაკრები დაუშვას. თუმცა ეს კიდევ გასაგებია - ამ ნაბიჯით FILA "შავ კონტინენტზე" ჭიდაობის პოპულარიზაციას ცდილობს. მათ აქამდეც გვარიანად ეხმარებოდა რეგიონალური საწვრთნელი ცენტრების შექმნით, კემპებით და ევროპელ მწვრთნელთა ხანგრძლივი მივლინებებით, ახლა კი დახმარების ახალი ფორმა მოიფიქრა.

თავისუფალი ჭიდაობა დაღესტნელებისთვის ლამის მეორე რელიგიაა და დიდი ამბით ემზადებიან ამ შეჯიბრებისთვის. ის შარშან აგებულ, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ ალი ალიევის სახელობის 5 000-იან დარბაზში ტარდება. საორგანიზაციო კომიტეტს სათავეში თვით ავტონომიის პრეზიდენტი მაგომედსალამ მაგომედოვი უდგას, რომელმაც FILA-ს მიერ მოთხოვნილი 150-ათასდოლარიანი საპრიზო ფონდი 166 ათასამდე გაზარდა, რაც მსოფლიოს თასისთვის სარეკორდო რაოდენობაა. აქედან ჩემპიონი გუნდი 80 ათასს მიიღებს, ვერცხლის პრიზიორი - 50 000, ბრინჯაოსი - 30 000-ს, დანარჩენებს კი ბევრად მცირე არჩივი ერგებათ. მედალოსანთა მწვრთნელები, შესაბამისად, 3 000, 2 000 და 1 000 დოლარით დაჯილდოვდებიან.

რანგით მსოფლიოს თასი პრესტიჟული ტურნირია, თუმცა იმდენად უშნოდაა გამოჩხერილი საერთაშორისო კალენდარში, პირველხარისხოვან ვარსკვლავთა აბსოლუტური უმრავლესობა დააკლდება. საქმე ისაა, რომ ევროპის ჩემპიონატამდე, არც მეტი, არც - ნაკლები, ზუსტად 9 დღით ადრე ტარდება, დროის ასეთ ციცქნა შუალედში კი ტურნირზე საევროპო ნაკრების არც ერთი წევრი არ იჭიდავებს (გამონაკლისი მხოლოდ აზერბაიჯანელი მძიმეწონოსანი, ევროპის პრიზიორი ალი ისაევია, რომელიც მწვრთნელმა ორივე გუნდში დაასახელა).

უკლებლივ ყველა ნაკრები, ვინც კი საევროპო ან სამსოფლიოსთასო შემადგენლობა გამოაცხადა, ამ პრინციპითაა დაკომპლექტებული. მათ შორის - ჩვენიც, სადაც მწვრთნელებმა თავის გამოჩენის შანსი სათადარიგოებს მისცეს, ლიდერები კი დორტმუნდში წავლენ ევროპის პირველობაზე. ისე, ჩვენი მწვრთნელები არც მალავენ, რომ ეს შეჯიბრება არაფერში სჭირდებათ და რომ არა ფინანსური სანქციების შიში, მახაჩყალაში არც წავიდოდნენ.

ასეთი კალენდარის მიუხედავად, მსოფლიოს თასზე რამდენიმე ვარსკვლავი მაინც იქნება, ძირითადად რუსთა ხარჯზე. მათმა თავკაცმა ჯამბულათ თედეევმა ეს გუნდი გაამზადა: ვიქტორ ლებედევი, ალექსანდრ ბოგომაევი (55), ბესიკ კუდუხოვი, რასულ მურთაზალიევი (60), ალან გოგაევი, მაგომედმურად გაჯიევი (66), საბა ხუბეჟტი, მუსლიმ დადაევი (74), სოსლან კცოევი, ალბერტ სარიტოვი (84), გიორგი კეტოევი, არსლანბეკ ალიევი (96), ბახტიარ ახმედოვი, ბარსაგ კესაევი (120). ამათგან ლებედევი და კუდუხოვი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები არიან (კუდუხოვი - უკვე სამგზისაც), გოგაევი - მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია, გაჯიევი - ევროპისა, კცოევი - ევროპის შარშანწინდელი გამარჯვებული და მსოფლიოს შარშანდელი მესამე პრიზიორია. ეს მხოლოდ შარშანდელ მედალოსნებზე შევაჩერეთ თქვენი ყურადღება, თორემ ადრეულ წლებში მნიშვნელოვანი წარმატებები სხვებსაც მოუპოვებიათ - თბილისელი კეტოევი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, აგრეთვე ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორია, ახმედოვი - პეკინის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი.

თითო-ოროლა ვარსკვლავი სხვა გუნდებშიც იქნება. მაგალითად, ევროპის ჩემპიონი და ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი ტარას დანკო (84) უკრაინიდან, მსოფლიოს პრიზიორები, ყაზახი ლეონიდ სპირიდონოვი (66) და უნგრელი გაბორ ჰატოში (74) გაერთიანებულ გუნდში, კუბელი ჰენდრი გარსონი (66), აზერბაიჯანელთა ჩეჩენი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ვერცხლ-ბრინჯაოს მფლობელი ზელიმხან ჰუსეინოვი (60) და დაღესტნელი ევროპის პრიზიორი ნოვრუზ ტემრეზოვი (84), ჩვენი მსოფლიოს პრიზიორი ბერიანიძე და კიდევ რამდენიმე ფალავანი.

თედეევს ევროპაზე წასაყვანი შემადგენლობა ჯერ არ დაუსახელებია, თუმცა ამ სიაში ივან იარიგინის ტურნირის მომგებ საბა ხუბეჟტის გამოჩენა იმის ნიშანია, რომ ევროპაზე ამ წონაში ევროპისა და მსოფლიოს ორ-ორგზის გამარჯვებული, ოლიმპიური პრიზიორი მახაჩ მურთაზალიევი იჭიდავებს. იარიგინზე წარმოშობით თბილისელ ხუბეჟტის გამარჯვება ძალზე მოულოდნელი იყო და თედეევი ვერ ენდო - გამოსაცდელად სტამბოლში, იაშარ დოგუს მემორიალზე მაინც წაიყვანა, სადაც მურთაზალიევიც აჭიდავა. მწვრთნელის შიში გამართლდა - ხუბეჟტიმ წააგო, მურთაზალიევი კი პრიზიორი გახდა. ამდენად, დავით ხუციშვილს დორტმუნდში, კონტინენტის პირველობაზე მურთაზალიევთან რევანშის საშუალება მიეცემა დოგუს ტურნირზე წაგებისთვის - იქ ჩვენებური დაღესტნელთან თანაბარ ბრძოლაში მსაჯთა მიკერძოების გამო დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ რუსთათვის საევროპოდ შესარჩევი იარიგინის შეჯიბრების გამარჯვებულები ჯამალ ოთარსულთანოვი (55), ოპან სატი (60), ადამ ბატიროვი (66), ანზორ ურიშევი (84), შამილ ახმედოვი (96) და ბახტიარ ახმედოვი (120) გახდნენ. იმის შემდეგ მათ არსად წაუგიათ და წესით, დორტმუნდშიც უნდა იჭიდაონ.

ბარემ აქვე ჩვენების საევროპო შემადგენლობასაც შეგახსენებთ: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55), მალხაზ ზარქუა (60), კობა კაკალაძე (66), დავით ხუციშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (84), ბელდუხ გავაშელიშვილი (96), დავით მოძმანაშვილი (120).

სხვა წამყვანი გუნდებიდან საევროპო შემადგენლობა მხოლოდ აზერბაიჯანელებმა დაასახელეს: მაჰმუდ მაგომედოვი (55), ტოგრულ ასკეროვი (66), ჯაბრაილ ჰასანოვი (66), აგილ გულიევი (74), შარიფ შარიფოვი (84), ხეტაგ გოზიუმოვი (96), ალი ისაევი (120).

მოდი და გულზე ნუ გასკდები - ევროპის ჩემპიონატი 29 მარტს იწყება, მაგომედოვს კი ორწლიანი დისკვალიფიკაცია ზედ წინა დღეს, 28 მარტს უმთავრდება! შეგახსენებთ, რომ ის რუსეთიდან აზერბაიჯანში უნებართვოდ გადასვლისთვის დასაჯეს, როცა შარშან ბაქოში ევროპის ჩემპიონი გახდა, თუმცა მედალი არ ჩამოართვეს. მანამდე მას რუსეთის სახელით ერთი წელიწადი არ ეჭიდავა და ორწლიანი ვადიდან მოსახდელი მხოლოდ ერთი წელიწადი დარჩა. ცუდია, აკრძალვა კიდევ რამდენიმე დღით რომ არ უგრძელდება, რითაც ხინჩეგაშვილს ერთი სერიოზული კონკურენტი გამოაკლდებოდა. ამის მიუხედავად, ჩვენებურისა მაინც გვეიმედება.

მაგომედოვის გარდა, აზერბაიჯანელთა შემადგენლობაში ევროპის კიდევ ორი მოქმედი ჩემპიონია - ჰასანოვი და გოზიუმოვი. მათ შარშან მსოფლიოზეც იასპარეზეს და წარმატებითაც - ჰასანოვი მესამეზე გავიდა, გოზიუმოვმა კი ფინალში თვით რუსთა ლიდერი, მსოფლიოს ოთხგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ჰაჯიმურატ გაცალოვი დაამარცხა. აზერბაიჯანელთა დაღესტნელმა თავკაცმა საიპუდინ აბსაიდოვმა ცოტა მოულოდნელი შემადგენლობა შემოგვთავაზა, სადაც ორი ნატურალიზებული მოჭიდავეა უარყოფილი - ჰუსეინოვი და დაღესტნელ-ავარელი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ვერცხლის მედალოსანი ჩამსულვარა ჩამსულვარაევი (74).

ჰუსეინოვის ამბავი გასაგებია - შარშან ასკეროვმა მსოფლიოზე ბრინჯაო მოიპოვა და ლიდერობა ხელთ იგდო, ჩამსულვარაევი კი საერთოდ უარყოფილია. ამ ასკეროვთან შარშან ხინჩეგაშვილს დაძაბული პაექრობა ჰქონდა ახალგაზრდულ ასპარეზზე - ევროპის პირველობაზე მასთან ფინალში დამარცხდა, სამაგიეროდ, მსოფლიოზე აუღო რევანში. თუმცა იმის შემდეგ მეტოქემ წონა შეიცვალა და წლეულს მათი დუელი ვეღარ გაგრძელდება.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"როცა ის მოედანზე მყავდა, პატარა ბავშვივით ტკბილად მეძინა" - გვარდიოლამ "სიტის" ყოფილი ფეხბურთელი გამოარჩია
"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა
[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა
"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები
Le Parisien: ფლანგებზე კვარაცხელია და ბარკოლა - დღეს "ბარსელონასთან" მატჩის გენერალური რეპეტიციაა
პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე