რუსეთის მუნდიალზე ამ ბურთით ითამაშებენ...
კონფედერაციათა თასის წინ "ადიდასმა" იმ ბურთის პრეზენტაცია მოაწყო, რომლითაც მსოფლიოს 2017 წლის ტურნირზე თამაშობენ, თუმცა ინტერნეტში მომავალი მუნდიალის ფოტოებიც ხელმისაწვდომია, რომელსაც ოფიციალურად მსოფლიოს საკლუბო პირველობისთვის წარადგენენ და სახელსაც მაშინ უწოდებენ.

1970 წლის მუნდიალიდან მოყოლებული, მსოფლიოს ყველა ჩემპიონატს ჰქონდა თავისი ოფიციალური, ბრენდირებული ბურთი, რომლებსაც მუდმივად "ადიდასი" უშვებს. გავიხსენოთ ის ბურთები და წესით, საინტერესო ექსკურსი უნდა გამოგვივიდეს...

1970 წლის მუნდიალი

ბურთი - "ადიდას ტელსტარი"

ბურთი, რომელმაც რევოლუცია მოახდინა მსოფლიო ფეხბურთში - "ტელსტარი", ანუ სატელევიზიო ვარსკვლავი - საქმე იმაშია, რომ 1970 წლის მუნდიალი იყო პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცა. ე.წ. კოპლებიანი ბურთო საკულტო მოვლენად იქცა მსოფლიოს საფეხბურთო სამყაროში და დღემდე საფეხბურთო ბურთი გულშემატკივრებში სწორედ კომპლებთან ასოცირდება. 20 თეთრი 6-კუთხა კოპალი და 12 შავი 5-კუთხა კოპალი - სწორედ ასეთი იყო პირველი, ლეგენდარული კოპლებიანი ბურთი, რომლის დაბრუნებასაც დღემდე ითხოვენ გულშემატკივრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

სწორედ ამ ბურთით შედგა შეხვედრა, რომელსაც ყველა დროის ყველაზე დიდ მატჩად მიიჩნევენ - ლაპარაკია მუნდიალის ნახევარფინალზე, რომელშიც იტალიამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებს 4:3 მოუგო და სწორედ ამ ბურთით თამაშობდა პელეს ბრაზილიის ნაკრები, რომელსაც დღემდე ყველა დროის უდიდეს გუნდად მიიჩნევენ.

1974 წლის მუნდიალი

ბურთი - "ადიდას ტელსტარ დურლასტი"

4 წლის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე თითქმის იმავე დიზაინის ბურთით თამაშობდნენ - "ადიდასმა" გააუმჯობესა ტყავის ხარისხი, კომპლებზე კი წარწერები მთლიანად შავი ფერით გამოისახა. გერმანელებმა სწორედ ასეთი ბურთით უმასპინძლეს 15 უძლიერეს ნაკრებს და გახდნენ კიდეც მსოფლიოს ჩემპიონები. ფინალში ორი იოჰანის, ნეესკენსის და კრუიფის ნაკრები ჰყავდათ მეტოქედ, თუმცა ფრანც ბეკენბაუერის, პაულ ბრაიტნერის და გერდ მიულერის გუნდი შეუჩერებელი იყო.

1978 წლის მუნდიალი

ბურთი - "ადიდას ტანგო"

კიდევ ერთი რევოლუცია - "ადიდასმა" შეიმუშავა ახალი ბრენდი, სახელად "ტანგო" და ბურთის დიზაინიც საფუძვლიანად შეიცვალა. ბურთი, სახელად "ტანგო", ალბათ, დღემდე განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს იმ გულშემატკივრებში, რომლებიც 50 წელს არიან მიტანებულნი - 1978 წლიდან მოყოლებული, 20 წლის განმავლობაში, მსოფლიოს ჩემპიონატებზე სწორედ ამ ბრენდის ბურთით თამაშობდნენ.

1978 წლის მუნდიალიც მასპინძელმა მოიგო - ამჯერად, არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა, რომელმაც ფინალში ასევე იოჰან ნეესკენსის ჰოლანდია დაამარცხა. ამ დროს, იოჰან კრუიფს უკვე დასრულებული აქვს სანაკრებო კარიერა, დიეგო მარადონას კი ჯერ არ დაუწყია - კემპესმა, პასარელამ და კომპანიამ არგენტინას მუნდიალი პირველად მოაგებინეს...

1982 წლის მუნდიალი

ბურთი - "ადიდას ტანგო ესპანა"

თითქმის იმავე დიზაინის ბურთი, მაგრამ გაცილებით მაღალი ხარისხის. სწორედ ამ მუნდიალიდან დაიწყო "ადიდასმა" ბურთების შეკერვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით და შესაბამისად, ბურთის ხარისხი მნიშვნელოვნად ამაღლდა.

თუ პირველმა კოპლებიანმა ბურთმა და პირველმა "ტანგომ" რევოლუცია მოახდინეს დიზაინის თვალსაზრისით, ეს ბურთი რევოლუციონერი იყო ხარისხის მიხედვით. სწორედ ამ ბურთით გაუტანა პაოლო როსიმ სამი გოლი ბრაზილიის ფანტასტიკურ ნაკრებს და იტალია ნახევარფინალში გავიდა, შემდეგ კი სულაც მსოფლიიოს ჩემპიონი გახდა. ამ ბურთით უდიდესმა ფეხბურთელებმა და უძლიერესმა გუნდებმა ითამაშეს, რომელთა გახსენებაც კი ერთ რამედ ღირს: დიეგო მარადონას არგენტინა, სოკრატესის და ზიკოს ბრაზილია, პაოლო როსის იტალია, მიშელ პლატინის საფრანგეთი, კარლ-ჰაინც რუმენიგეს გერმანია, კევინ კიგანის ინგლისი და ა.შ...

1986 წლის მუნდიალი

ბურთი - "ადიდას აცტეკა"

1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის კოლუმბიას უნდა ემასპინძლა, მაგრამ ქვეყანამ ვერ გაართვა თავი ასეთი მასშტაბური ტურნირის ორგანიზებას და ტურნირი მექსიკაში გადაიტანეს. "ადიდასმა" "ტანგოს" ბრენდის ეგიდით, გამოუშვა ახალი ბურთი "აცტეკა", რომლის დიზაინში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. "ტანგოს" ზოგადი დიზაინი არ დაირღვა, მაგრამ ჩვეულებრივი შავი ზოლები მექსიკურმა ეროვნულმა ორნამენტებმა შეცვალა. სწორედ ამ მუნდიალის შემდეგ გაჩნდა ტრადიცია, რომ მუნდიალის ბურთებზე იმ ქვეყნის ტრადიციული ორნამენტები გამოესახათ, სადაც ტურნირი ტარდებოდა.

ამ ბურთით ყველა დროის საუკეთესო და შესაძლოა, ყველა დროის ყველაზე სკანდალური გოლი გავიდა - ეს გოლები დიეგო მარადონას უკავშირდება და ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ორივე შემთხვევაში, ლაპარაკია არგენტინა-ინგლისის პაექრობაზე...

1990 წლის მუნდიალი

ბურთი - "ადიდას ეტრუსკო უნიკო"

ბურთის კონცეფცია არ შეცვლილა, დიზაინში კი მოხდა ცვლილებები - აცტეკური ორნამენტები ეტრუსკულმა შეცვალა. ძველი წელთაღრიცხვის პირველ ათასწლეულში, ეტრუსკები სწორედ იტალიის ტეროტორიაზე სახლობდნენ და ეს ორნამენტებიც ამიტომ შეარჩიეს. სწორედ ამ ბურთით გაუტანა რობერტო ბაჯომ ინგლისის ნაკრებს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლი მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში. "ადიდას ეტრუსკო უნიკო" დიდი მოწონებით სარგებლობდა ფეხბურთელებში, იტალიაში ჩატარებული მუნდიალი კი მთლიანად, საორგანიზაციო კუთხით საუკეთესოდ შეფასდა.

1994 წლის მუნდიალი

ბურთი - "ადიდას კუესტრა"

აშშ-ში ჩატარებულ მუნდიალზეც "ტანგოს" ბურთით ითამაშეს - დიზაინში ცვლილებებია შეტანილი, ორნამენტების სახით კი გალაქტიკაა გამოსახული - დიზაინერები დაეყრდნენ 25-წლიან მისიას, რომელიც "აპოლონ 11"-ის სახელით არის ცნობილი და რომლის შედეგადაც ადამიანმა პირველად დადგა ფეხი მთვარეზე - მთელი ეს ისტორიული პროცესი ამერიკას უკავშირდება და ბურთის დიზაინიც შესაბამისად გაფორმდა.

ამასთან, "ადიდას კუესტრა" უფრო მსუბუქი მატერიისგან შეიკერა და შესაბამისად, ბურთიც უფრო მსუბუქი გახლდათ, ვიდრე წინამორბედები - ბურთის კონტროლი უფრო გართულდა, თამაშის ტემპმა კი მოიმატა. სწორედ ამ ბურთით დაარტყა რობერტო ბაჯომ საბედისწერო პენალტი, რის შემდეგაც ბრაზილიის ნაკრები მეოთხედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

1998 წლის მუნდიალი

ბურთი - "ადიდას ტრიკოლორე"

ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც "ტანგოს" ბურთებით ითამაშეს - სწორედ საფრანგეთში დასრულდა 20-წლიანი ერა, რომელიც ამ სახელის ბურთთან იყო დაკავშირებული. დიზაინერებმა გამოიყენეს საფრანგეთის დროშის ფერები - ეს იყო პირველი ბურთი მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში, რომელზეც ორზე მეტი ფერი იყო გამოსახული.

მარკო მატერაციმდე სწორედ ამ ბურთს დაარტყა ზინედინ ზიდანმა ორჯერ თავი და მუნდიალის ფინალში საფრანგეთის ნაკრებს მოაგებინა. ეს ზიზუს მუნდიალი იყო, "ტანგო" კი ისტორიის საკუთრება გახდა...

გაგრძელება იქნება

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის წილისყრის შედეგები ცნობილია
[VIDEO] შმეიხელს მოედნის ცენტრიდან გაუტანეს - შოტლანდიის ნაკრები 27 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს!
[VIDEO] ესპანეთი სახლში თურქეთს ფრედ ეთამაშა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]