ტურის MVP
ჯერ ჩამოვთვალოთ: მეორე წრის პირველ ტურში საუკეთესო კალათბურთელად მიხეილ ბერიშვილი დასახელდა, მეორე ტურში - რიჩარდ მათიაშვილი, მესამეში - ილია ლონდარიძე, მეოთხეში - სერგო ათუაშვილი და დუდა სანაძე, მეხუთეში - ბუბა კვიმსაძე, ხოლო მეექვსეში - ილია ლონდარიძე...

ექვსიდან ოთხ შემთხვევაში MVP-ს ტიტული თსუ-ელებს ერგოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ 2011 წელს ეს სტუდენტური გუნდი კარგ ფორმაში შეხვდა. თუ პირველ წრეში "არმია" დომინირებდა, მეორე წრე თსუ-სია (სადღეისო შედეგებით). ბოლო ტურში ნუგზარ ჭეიშვილის გუნდმა 5 ნოემბრის შემდეგ უძლეველ "არმიას" აჯობა. თან, არც მეტი, არც ნაკლები - 18 ქულის სხვაობით.

კიდევ უფრო საინტერესო ისაა, რომ სტუდენტთა მწვრთნელის თქმით თსუ შესაძლებლობების 60-70 პროცენტს ავლენს...

პირველ აბზაცში მეორე წრის საუკეთესოები ჩამოვთვალეთ. ილია ლონდარიძე პირველია, ვინც ამ წრეში ორჯერ დასახელდა MVP-ად, მესამედაც შეეძლო, თუმცა "ენერჯისთან" 40 ქულა რომ ჩააგდო, იმავე ტურში ბუბა კვიმსაძემ სამმაგი დუბლი შეასრულა და ჟურნალისტთა ხმების უმრავლესობაც ქუთაისელს ერგო... რადგან ლონდარიძე ორი კვირის უკან მკითხველს უკვე შევახვედრეთ დღეს თსუ-ს წარმატების მთავარ შემოქმედ ნუგზარ ჭეიშვილთან ინტერვიუს გთავაზობთ.

- მეორე წრის ექვს ტურში ოთხი საუკეთესო თსუ-დანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე ეტაპს კარგად მომზადებულნი შეხვდით.

- წინასწარ დასახული გეგმის მიხედვით მივდივართ და ნელ-ნელა ვუმატებთ. ამჟამად შესაძლებლობების 60-70 პროცენტს ვავლენთ, ფორმის პიკს სავარაუდოდ აპრილის ბოლოს, პლეი ოფებისთვის მივაღწევთ. პირველ წრეში თქვი, თუ ვინმეს ჩვენი დამარცხება უნდა, ახლა უნდა შეძლოს, მერე გაუჭირდება-მეთქი... ასეცაა, პირველი წრის ბოლოს "ქუთაისთან" დავმარცხდით მას მერე მოვუმატეთ და 2011 წელს ერთადერთი მატჩი წავაგეთ, ისიც მსაჯის შეცდომის გამო (საქართველოს თასის ნახევარფინალში). მეორე წრესაც კარგად მომზადებულნი შევხვდით.

- პლეი ოფის წინაც აპირებთ შეკრებას?

- რა თქმა უნდა. სეზონის დასაწყისში შეკრება ბათუმში გავიარეთ, იანვარში - თბილისის მძლეოსნობის მანეჟში. რეგულარული ეტაპის დასრულებისთანავე ერთ შეკრებასაც მოვაწყობთ, რათა პლეი ოფისთვის კალათბურთელები სათანადო კონდიციებში იყვნენ.

- ბოლო ტურში ჩემპიონატის ფავორიტ "არმიას" სძლიეთ...

- რამდენიმე კალათბურთელი გვაკლდა, მეტოქემ ჩვენი გუნდი, ალბათ, არასათანადოდ შეაფასა და დაისაჯა. რეალურად, "არმია" ძლიერი გუნდია, რაც ამ სეზონში არაერთხელ დაამტკიცა.

- გაკლდათ რიჩარდ მათიაშვილი, მაგრამ ილია ლონდარიძემ ფარქვეშ ღირსეულად ითამაშა.

- მაღლების პრობლემა მართლაც გვქონდა. ამიტომ, წინასწარ ცხადი იყო - ვინც ფარქვეშ თამაშს მოიგებდა, საბოლოო გამარჯვებაც მას დარჩებოდა. არმიელებთან შედარებით 10-ით მეტი ბურთი მოვხსენით და წარმატებასაც მივაღწიეთ. რაც შეეხება ლონდარიძეს, მიმაჩნია, რომ იგი სეზონის აღმოჩენაა. იგი "არმიასთან" პირველ წრეშიც კარგად გაისარჯა, მაგრამ რიჩარდ მათიაშვილთან და გიორგი ყველაშვილთან ერთად ხუთი ჯარიმის გამო ბოლო წუთებზე ვერ დაგვეხმარა და დავმარცხდით. ამჯერად ლონდარიძემ, როგორც შეტევაში ასევე დაცვაში, დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა და გამარჯვებაში ღირებული წვლილი შეიტანა. ლონდარიძე ძალიან ნიჭიერია, დიდი მარაგი აქვს და კიდევ მოუმატებს. შემთხვევითი როდია, მეორე წრეში ორჯერ საუკეთესოდ რომ დასახელდა. ლილა ფარქვეშიდან კარგად ისვრის, საშუალო დისტანციიდან ტყორცნებიც გამოასწორა და სამქულიანზეც უნდა იმუშაოს. რაც მთავარია, ძალიან მონდომებულია და ვიმედოვნებ, რომ პოტენციალის სრულად გამოვლენის შემთხვევაში ნაკრების კანდიდატადაც იქცევა.

- მას თსუ-ს ფარქვეშ ძალიან სჭირდება რიჩარდ მათიაშვილის დახმარება...

- რიჩოს ვირუსი აქვს. თავიდან ჩვეულებრივი ვირუსი გვეგონა, მაგრამ სპეციფიკური დაავადება აღმოაჩნდა და ექიმებმა დატვირთვები აუკრძალეს.

- როდის იგეგმება მისი მოედანზე დაბრუნება?

- მათიაშვილი მარტის ბოლომდე ვერ ითამაშებს. მერე, თუ ყველაფერი კარგად იქნება, შემოგვიერთდება.

- გყავთ კიდევ ერთი ტრავმირებული - გიორგი მარხვაშვილი...

- მან გუნდთან ერთი ვარჯიში უკვე ჩაატარა. დღესაც ველით. გიორგის მარცხენა ფეხის კუნთი სერიოზულად ჰქონდა დაზიანებული და მკურნალობისთვის დიდი დრო დასჭირდა.

- ამ სეზონში ფან-კლუბი აქტიურად გქომაგობთ.

- მხარდაჭერისთვის გულშემატკივრებს მადლობას მოვახსენებ. ჩვენი ფან-კლუბი მეექვსე მოთამაშის როლს ასრულებს და ძალიან გვეხმარება. ასევე დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ თსუ-ს ხელმძღვანელობისგან, რექტორატისგან. რაც გუნდზეც დადებითად მოქმედებს. ვცდილობთ, იმედები გავუმართლოთ.

ვსა-მ "ქუთაისი" დაამარცხა და თსუ ერთპიროვნულად გალიდერდა | "მარგვეთმა" რუსთავში იმარჯვა
X ტური უბრძოლველად დასრულდა: მარგვეთმა ორბი დაამარცხა, ივერიონმა დელტას მოუგო
სუპერლიგის VIII ტური | თსუ-ს, ორბის და კსუ-კავკასიის გამარჯვებები
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...