ჩოგბურთი. ტურნირების მიმოხილვა
ინდიან უელსის სუპერტურნირზე გამოვლინდა ქალებს შორის ორი ნახევარფინალისტი და მამაკაცებში რვავე მეოთხედფინალისტი.

კაცების მასტერსზე გუშინ ბადეს შემორჩენილი თექვსმეტივე ჩოგბურთელი გავიდა კორტზე. ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, თითქმის ყველა მატჩი დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა სამსეტიანი შეხვედრა მხოლოდ ერთი იყო - სტანისლას ვავრინკასა და ტომაშ ბერდიხს შორის, რომელთა ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 4:4 იყო.

პირველ პარტიაში ჩეხმა საჭირო დროს მოუმატა და 3:3-ზე 10-წუთიან გეიმში ბრეიკი გააკეთა, რის შემდეგაც მისმა მეტოქემ შეწყვიტა ბრძოლა - 6:3. მეორე სეტში ბერდიხმა შეტევებს უკლო, ვავრინკამ კი დაამტკიცა, რომ კარგად არის ფიზიკურად მზად. დავიდენკოსთან და ჩილიჩთან რთული მატჩების შემდეგ მან ამ გამოცდასაც გაუძლო და მეორე და მესამე პარტიებში თითო ბრეიკის აღებით შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა - 3:6, 6:4, 6:4.

წესით, კიდევ ორ შეხვედრაში უნდა ჩატარებულიყო მესამე სეტი, მაგრამ რიშარ გასკემ და ხუან მარტინ დელ პოტრომ თავიდან აიცილეს ზედმეტი გართულებები. დელ პოტრომ თანაბარ პირველ სეტში ტაი-ბრეიკი მოუგო ფილიპ კოლშრაიბერს, მეორეში კი 3:0 დაწინაურდა და ორმაგი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ არგენტინელი მოდუნდა და საკუთარი შეცდომებით გერმანელს ანგარიში გაათანაბრებინა. მეორე ტაი-ბრეიკზე კოლშრაიბერს ყველაფერი გამოსდიოდა და 6:1 დაწინაურდა, რაც ხუთმაგ სეტბოლს ნიშნავდა. და სწორედ ამ დროს დელ პოტრომ სასწაული მოახდინა - ხუთივე სეტბოლი გადაარჩინა და ბოლოს დემორალიზებულ მეტოქეს საბოლოოდ მოუღო ბოლო - 7:6(7:3), 7:6(9:7). არგენტინელი გავიდა მეოთხედფინალში, სადაც ტომი რობრედოს შეხვდება. ვეტარანმა ესპანელმა ორმეტრიანი სემ კუერისგან მხოლოდ სამი გეიმი მიიღო და მოულოდნელად ძალიან იოლად - 6:1, 6:3 მოიგო.

მაგრამ ამერიკული პუბლიკის მთავარი იმედი ენდი როდიკს უკავშირდებოდა. მასპინძელი ფრანგ რიშარ გასკეს ხვდებოდა, რომელიც ძალიან კარგ ფორმაში შევიდა. პირველ სეტში მას თითქმის ყველაფერი გამოსდიოდა და მეტოქეს ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა. ამერიკელი თავისი უსუსრობის გამო გაღიზიანდა და გადაწყვიტა ჯავრი მსაჯზე ეყარა. თითქმის ყველა საკამათო ეპიზოდში, იმის ნაცვლად, რომ ჩელენჯი აეღო, ენდი არბიტრთან გაუთავებლად კამათობდა, შემდეგ ჩოგანი დაამსხვრია და გაფრთხილება მიიღო. ამ დროს როდიკი მსაჯს მიუახლოვდა და განუცხადა - შენც გაძლევ გაფრთხილებასო.

მეორე სეტი კიდევ უფრო საინტერესო გამოვიდა. გასკე კვლავ იდეალურად თამაშობდა, ისევ ბრეიკით დაწინაურდა და 4:2-ზე მორიგი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ ეს შანსი ვერ გამოიყენა და ცხოვრება გაირთულა. თანაც შეშინებული მსაჯები ყველა საკამათო სიტუაციაში ამერიკელის მხარეს იჭერდნენ, გასკეს კი ჩელენჯების ლიმიტი ამოწურული ჰქონდა. როდიკმა დაიბრუნა ბრეიკი და ბოლოს მიღებაზე სამი სეტბოლიც ჰქონდა, თუმცა ვერც მან შეძლო ამ შანსის გამოყენება და დაინიშნა ტაი-ბრეიკი, რომელშიც გასკე 5:2-ს იგებდა, თუმცა ამერიკელმა ანგარიში გაათანაბრა. და მაინც, ბოლო სიტყვა ფრანგმა თქვა - ზედიზედ ორ ქულის აღებით მან მატჩის თავის სასარგებლოდ დაასრულა - 6:3, 7:6(5).

შემდეგ მატჩში გასკე აშკარა აუთსაიდერი იქნება, რადგან ნოვაკ ჯოკოვიჩთან უწევს შეხვედრა. სერბი ფანტასტიკურ ფორმაში იმყოფებდა. მან ინდიან უელსში ზედიზედ მესამე მატჩში ერთი სეტი "მშრალი" ანგარიშით მოიგო. ამჯერად "ჯოკერის" მსხვერპლი გახდა მისი თანამემამულე და მეგობარი ვიქტორ ტროიცკი. აღსანიშნავია, რომ ჯოკოვიჩის ზედიზედ მეორე მეტოქემ მატჩში მხოლოდ ერთი "ვინერსი" მიითვალა. მანამდე ასეთი "გაუგებრობა" ლატვიელ ერნესტ გულბისს შეემთხვა.

გუშინდელი პროგრამა დახურეს პირველმა და მეორე ჩოგნებმა - რაფაელ ნადალმა და როჯერ ფედერერმა. ესპანელი სომდევ დევარმანთან მოულოდნელად 0:2 ჩამორჩა, მაგრამ მალე აღადგინა თანაფარდობა. ნადალი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა და მარტივ სიტუაციებში მეტრიან აუტებს აკეთებდა. როცა პირველი პარტია ტაი-ბრეიკს უახლოვდებოდა, ნადალმა ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა, ზედმიზედ ოთხი გათამაშება მოიგო და პარტია თავის სასარგებლოდ დაასრულა. მეორე სეტში ინდოელი დაღალა და გაუჭირდა თავისი გეიმების შენარჩუნება, მაგრამ რაფამ კარგა ხანი ვერ შეძლო ამ უპირატესობის გამოყენება. ამჯერადაც ყველაფერი ბოლოსკენ გადაწყდა და ისევ ესპანელის სასარგებლოდ - 7:5, 6:4. ახლა ნადალი კიდევ ერთ განუთესავ ჩოგბურთელს - ივო კარლოვიჩს შეხვდება.

ფედერერიც ნადალის მსგავსად რეიტინგში გაცილებით დაბლა მდგომ მეტოქეს ხვდებოდა. ეს იყო ამერიკული ჩოგბურთის იმედი რაიან ჰარისონი. პირველი სეტი უცნაური გამოვიდა - ბრეიკით დაწინაურებულმა როჯერმა ვერ შეძლო სეტზე ჩაწოდება, შემდეგ ისევ წინ გავიდა ბრეიკით და ზედიზედ მეორედ ვერ დაასრულა პარტია თავის სასარგებლოდ, რითაც ტაი-ბრეიკის თამაში მოუწია, სადაც მეტოქეზე სწრაფი და აქტიური იყო.

ჰარისონი ჩქარობდა და ამან ცუდი სამსახური გაუწია, არადა როჯერი არც ისე კარგად გამოიყურებოდა. მეორე სეტი შვეიცარიელმა უფრო იოლად აიღო და ამერიკელთან დაზოგილი ენერგია ვავრინკასთან მეოთხედფინალში გამოადგება.

ქალებს შორის პირველი ნახევარფინალური წყვილი დაკომპლექტდა. პირველმა ამ ეტაპზე ფრანგმა მარიონ ბარტოლიმ გააღწია. მას ამისთვის ანა ივანოვიჩის წინააღმდეგობის დაძლევა მოუწია. არც ერთ ჩოგბურთელს არ გამოუვიდა საკუთარ მოწოდებაზე თამაში - ბარტოლიმ შვიდი ბრეიკი მიითვალა, ივანოვიჩმა -ექვსი. სერბი მუდმივად მდევრის როლში იყო, დათმო პირველი პარტია, მაგრამ მეორეში ბრეიკი დაიბრუნა და ორი ქულა აკლდა სეტის მოგებამდე, თუმცა თამაში ტაი-ბრეიკზე გადავიდა და იქ უფრო ძლიერი ბარტოლი აღმოჩნდა - 6:4, 7:6(4).

თუ სერბი და ფრანგი ორი საათი არკვევდნენ ურთიერთობას, იანინა ვიკმაიერი და შაარ პეერი ერთ საათში ჩაეტიენ. პეერმა, როგორც ჩანს, მთელი ძალები წინა წრეში ფრანჩესკა სკიავონესთან სამსაათიან ბრძოლას შეალია და ამ შეხვედრისთვის მზად არ აღმოჩნდა. პირველ სეტში ყველაფერი ერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა, მეორეში კი ისრაელელმა ოდნავ გაიბრძოლა, მაგრამ ბელგიელმა მაინც მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე - 6:3, 6:3.

ATP

BNP Paribas Open

ინდიან უელსი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 645 000 დოლარი

1/8 ფინალი

რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-სომდევ დევარმანი (ინდ) 7:5, 6:4; ივო კარლოვიჩი (ხორ)-ალბერტ მონტანიესი (ესპ, 23) 7:6(7), 6:2; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ)-ფილიპ კოლშრაიბერი (გერ, 32) 7:6(3), 7:6(7); ტომი რობრედო (ესპ, 25)-სემ კუერი (აშშ, 21) 6:1, 6:3; რიშარ გასკე (საფ, 18)-ენდი როდიკი (აშშ, 8) 6:3, 7:6(5); ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 3)-ვიქტორ ტროიცკი (სერ, 16) 6:0, 6:1; სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 12)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7) 3:6, 6:4, 6:4; როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-რაიან ჰარისონი (აშშ) 7:6(4), 6:3.

1/4 ფინალი

ნადალი (1)-კარლოვიჩი; გასკე (18)-ჯოკოვიჩი (3); დელ პოტრო-რობრედო (25); ვავრინკა (12)-ფედერერი (2).

WTA

BNP Paribas Open

ინდიან უელსი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 4 500 000 დოლარი

1/4 ფინალი

იანინა ვიკმაიერი (ბელ, 23)-შაარ პეერი (ისრ, 10) 6:3, 6:3; მარიონ ბარტოლი (საფ, 15)-ანა ივანოვიჩი (სერ, 19) 6:4, 7:6(4).

[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა
სენსაციებით დატვირთული დღე შანხაიში - ტურნირს რამდენიმე ვარსკვლავი ერთიანად გამოეთიშა
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი
პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა
[VIDEO] გამორჩეული დაპირისპირება მოულოდნელი გმირით - მამარდაშვილის "ლივერპული" სახლში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე