თემურ ფოცხვერია

ამის გამო,

ბევრი თაობა

დავკარგეთ!

სწორედ აქედან

უნდა დამეწყო!..

- ბატონო თემურ, ჩვენი საუბრის დასაწყისში ჩამოვთვალოთ თქვენ მიერ აღზრდილი ის ფეხბურთელები, რომლებმაც საქართველოს ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში ითამაშეს და დღესაც თამაშობენ...

- საერთოდ, არ მიყვარს ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ რადგან მკითხეთ, გეტყვით - ყაზაიშვილი, ჭანტურია, ხოჭოლავა, პარუნაშვილი, ტვილდიანი... დღეს უკრაინაში თამაშობენ არველაძე და მახარაძე. სკოლაში მთავარი მწვრთნელი ვიყავი მაშინ, როცა ჩვენთან მოვიდა თორნიკე ოქრიაშვილი, მისი პირადი მწვრთნელი იყო მამუკა ფანცულაია...

- დღეს ჩვენს ბავშვთა ფეხბურთში ძალიან ბევრი პრობლემაა. თქვენი აზრით, რომელია მთავარი?

- დავიწყებ სწორი კვების პრობლემიდან. ეს არის ის პრობლემა, რომელმაც თაობები დაგვაკარგვინა. არადა, მისი მნიშვნელობა ბევრს არ ესმის. ცოტა ხნის წინ ერთ ბავშვს დავუწერე პროგრამა. რა თქმა უნდა, მასში გათვალისწინებული იყო დიეტოლოგის როლიც. გულგახეთქილი მოვარდა მშობელი: რა ეშველება ბავშვს, გახდებაო!.. არადა, სწორი კვების გარეშე დღეს წარმოუდგენელია მაღალ დონეზე ფეხბურთის თამაში. სამწუხარო რეალობაა - ჩვენთან სპორტული მედიცინა არ არის განვითარებული. სხვანაირად რომ ვთქვათ, მედიცინა თითქმის არ ეხმარება სპორტს და ეს ძალიან გვწევს უკან. დღეს ისეთი ვითარებაა, რომ ფეხბურთელის დღის რეჟიმი ბოლომდე უნდა იყოს გაწერილი. ბოდიში და, კბილის გამოხეხვიდან დაწყებული, ყველაფერს უნდა ჰქონდეს თავისი დრო.

- ალბათ, ბევრი არ ელოდა, რომ მსჯელობას აქედან დაიწყებდით. რას იწვევს არასწორი კვება?

- დიახ, სწორედ აქედან უნდა დამეწყო. ამ კითხვაზე დიეტოლოგი უფრო ზუსტ პასუხს გაგცემთ, მაგრამ მეც შემიძლია გიპასუხოთ. პირველ რიგში, ეს იწვევს ცხიმების დაგროვებას. ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემის გადატვირთვას და არასწორ მუშაობას. ბავშვი რომ თამაშის წინ მიწის თხილს შეჭამს, რომელიც აღიზიანებს ნაღველს და ხელს უშლის ღვიძლის მუშაობას, მერე ის ფეხბურთს ვერ ითამაშებს. ასევე ბევრს ჰგონია, რომ თამაშის წინ კარგია შოკოლადის ჭამა, რომელიც, ზოგიერთის აზრით, ფეხბურთელს ძალას მატებს. ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება! ფეხბურთელის ცხოვრება ძალიან რთულია. კვირის ყოველი დღე წამებში უნდა იყოს გაწერილი.

ეს დამღუპველია...

- თანამედროვე ცხოვრების წესი გავლენას ახდენს მოზარდებზე. გვინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ ისინი მიჯაჭვულნი არიან კომპიუტერს...

- ჩემს პროგრამაში არის პუნქტი, სადაც აღნიშნულია, რომ მოზარდს მხოლოდ დღეში ერთი საათით უნდა მიეცეს კომპიუტერთან ყოფნის საშუალება. მართალი ხართ, ეს ნამდვილად დიდი პრობლემაა. ხშირად საქმე გვაქვს ზედმეტ მიჩვევასთან, უარეს შემთხვევაში კი - მიჯაჭვულობასთან, რაც დამღუპველია მოზარდის საფეხბურთო კარიერისთვის.

- დღეს ბავშვთა ფეხბურთში სელექცია უკეთესის სურვილს ტოვებს. თქვენზე კარგად ვინ იცის მისი მნიშვნელობა - რომ არა ის, ვაკო ყაზაიშვილის გურიაში პოვნა გაჭირდებოდა...

- მე მაინც მგონია, რომ თუ ბავშვი მართლაც გამორჩეულია, ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს. რაიონებში უამრავი ნიჭიერი ბავშვია და, რა თქმა უნდა, აუცილებელია სწორი სელექცია. ამის გარეშე ძალიან რთულია რაიმეზე ფიქრი. აგერ, მაგალითად, ორი კახელი ბავშვი არველაძეების ფონდის დაფინანსებით სწავლობს 35-ე სკოლაში. მათ ყველანაირი პირობა აქვთ იმისთვის, რომ მომავალში დიდი ფეხბურთი ითამაშონ.

- რეგიონებიდან ბავშვების თბილისში ადრეულ ასაკში ჩამოყვანა, ჩემი პირადი აზრით, არ არის გამართლებული. მოზარდი წყდება მშობლიურ გარემოს, უჭირს ადაპტაცია...

- უნდა დაგეთანხმოთ, ასეა. მაგრამ არის მეორე მხარეც - ამას სჭირდება რეგიონებში გამართული ინფრასტრუქტურა და მწვრთნელების ჩაყვანა. ბავშვების დიდი ნაწილი მაინც თბილისში უნდა ჩამოვიდეს, როცა ის სანაკრებო ასაკს მიაღწევს.

ორი სიტყვით

ახსნილი ჭირი

- ძალიან ბევრი ქართველი ფეხბურთელი გვინახავს, რომელსაც კონკრეტულ ასაკში მოულოდნელად შეუწყვეტია ზრდა. ვიცით, რომ ძალიან ტევადი თემაა, მაგრამ მაინც...

- მე ორი სიტყვით გიპასუხებთ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე. ეს ხდება ძირითადად ორი რამის გამო. პირველი, ეს არის ისევ და ისევ არასწორი კვება! სხვანაირად რომ ვთქვათ, სამზარეულოს პრობლემა. მეორე კი - არასწორი ფიზიკური დატვირთვები, რომელიც სწორედ ამ ასაკში იჩენს თავს. ყველაფერს ხასიათს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ.

- არის აზრი, რომ ბავშვთა საფეხბურთო სკოლებში უპრიანი იქნებოდა უცხოელი მწვრთნელების ჩამოყვანა. რამდენად გაამართლებს ეს გზა?

- ჩემი აზრით, უმჯობესი იქნება, რაც შეიძლება ბევრი ქართველი მწვრთნელი ჩავიყვანოთ უცხოეთში და იქ ვასწავლოთ მათ. ეს ცოდნა ხომ ისევ ჩვენ დაგვრჩება. მეორეც - ჩვენ უკვე გვყავდა უცხოელი მწვრთნელები ბავშვთა ფეხბურთში და, მითხარით, რომელმა მათგანმა მიაღწია განსაკუთრებულ შედეგს?!

- თქვენ არაერთი კარგი ფეხბურთელი აღზარდეთ. ფაქტია ისიც, რომ მეტის მოლოდინი იყო მათგან...

- არ მინდა, თავის ქებაში ჩამომართვათ, მაგრამ ჩემთვის თამასა მაღლა მაქვს აწეული. არ ვკმაყოფილდები ისეთი ფეხბურთელის აღზრდით, რომელიც მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ითამაშებს. ნაომარი ქვეყანა იყო, ბევრი რამ ლაგდებოდა... მიმაჩნია, რომ ამ ვითარებაში, როცა გვაქვს ასეთი დონის ჩემპიონატი, უმჯობესია, ფეხბურთელი ადრევე წავიდეს უცხოეთში და მერე გამოადგეს მეტად საქართველოს ნაკრებს. ამ დროს უნდა მოხდეს სამივეს მოსაზრების თანხვედრა - მწვრთნელის, ფეხბურთელისა და მშობლის. ასე იკვრება ერთიანი გუნდი. ჩვენ გვქონდა ეს თანხვედრა, თუმცა მომენტებში შეიძლებოდა, უფრო მეტიც ყოფილიყო. საერთოდ, იმ გუნდის 16 ფეხბურთელიდან 12-მა კარგი ფეხბურთი ითამაშა. არ მაქვს უკმაყოფილების საფუძველი... ყველა პირობა ჰქონდათ ამ ბიჭებს - ჯერ "ოლიმპში", მერე - "საბურთალოში". ხუთ-ექვსკაციან ჯგუფებს უტარდებოდათ დამატებითი უფასო ვარჯიშები ტექნიკასა და ტაქტიკაში. მათაც გაამართლეს. საერთოდ, ქართველებს ფეხბურთის თამაში სისხლში გვაქვს. ეგაა, ნაკლებად ვუფრთხილდებით ნიჭს. ერთი ქართველი ფეხბურთელი მიყვებოდა, რომელიც ადრე გერმანიაში თამაშობდა. ჩემ თვალწინ ჩაირთო მანქანა ბასტიან შვაინშტაიგერის უმაღლესი დონის ოსტატად ჩამოსაყალიბებლად, არადა მას თავიდან რომ ვუყურებდი, სულაც არ იყო განსაკუთრებული ტალანტიო. ჩაირთო ეს გერმანული მანქანა - სწორი კვება, ვიტამინები, ვარჯიშები, აღდგენა და ყველამ ვნახეთ, რა დონის ფეხბურთი ითამაშა მან, რა სარგებლობა მოუტანა გერმანიის ნაკრებს თუ კლუბებს. ასეა, სხვები ფეხბურთელებს "აკეთებენ", ჩვენ კი ვერ ვიყენებთ ნიჭს, რომელიც უხვად გვაქვს. აი, ეს უნდა შეიცვალოს.

ალეკო კაკაურიძე

საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
მიქაუტაძე: დავბრუნდებით უფრო ძლიერები და ერთიანები, ვიდრე ოდესმე
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე