დორტმუნდში ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ჩვენმა ნაკრებმა გუნდის დებიუტანტი დავით ხუციშვილის (74) ბრინჯაოს მედლით დაიწყო
დორტმუნდში, „თავისუფლად“ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ჩვენმა ნაკრებმა ბრინჯაოს მედლით დაიწყო. ის გუნდის დებიუტანტმა დავით ხუციშვილმა (74) მოიპოვა, რომლისგანაც ამას ველოდით კიდეც. შარშანდელი ახალგაზრდული დუბლის ავტორი ამ წონაში ჩვენი ლიდერია და ფავორიტობა კარგი ჭიდაობით დაიმსახურა. სამწუხაროდ, გუშინ ადრევე გამოვარდნენ ჩვენი გუნდის სხვა წევრები - მალხაზ ზარქუა (60) და ბელდუხ გავაშელიშვილი (96).

დორტმუნდში გუშინ მხოლოდ ამ სამი წონის ფალავნებმა იჭიდავეს, ჩემპიონატი კი რუსთა უპირატესობით წარიმართა - სამივე ფინალში ჰყავდათ მონაწილე, თუმცა მხოლოდ ორი ოქრო მოიპოვეს. საინტერესოა, რომ სამივე გამარჯვებული შარშანაც ჩემპიონი გახდა და წლეულს გვირგვინი შეინარჩუნეს.

დავით ხუციშვილმა პირველი ორი შეხვედრა ძირითად დროში მოიგო მასპინძელ ანდრეი შიიკასთან და სლოვაკ დან პალინკასთან, მეოთხედფინალში რუმინელ მარიუს ლუკიან ატოფანისთან და ბრინჯაოსთვის ბულგარელთა ოლიმპიურ პრიზიორ კირილ ტერზიევთან კი დამატებითში იმარჯვა. ის არაა შემტევი სტილის მოჭიდავე, უფრო თავდაცვაზე აგებს თავის ტაქტიკას და ბევრი ქულების მოპოვება არ ახასიათებს. ამ ჩვეულებას არც ახლა უღალატა - ძირითადად მინიმალური სხვაობით იგებდა ხოლმე. თუმცა იყო ერთი გამონათებაც - ტერზიევთან ბოლო პერიოდში ქულებით სუფთად იმარჯვა. ის დაცვაში ტრადიციულად ძლიერია და ახლაც იშვიათად კარგავდა ქულებს. იქნებ მეტოქეთაგან ბულგარელის გარდა, ტიტულოვანი არავინ იყო (ოლიმპიური მედლის გარდა, ის ევროპის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონიცაა), თუმცა სადღეისოდ ყველა მათგანი თავისი ნაკრების ლიდერია.

ჩვენებურმა ერთადერთი შეხვედრა სომეხთა ნატურალიზებულ დაღესტნელ მუსა მურთაზალიევთან, რუსთა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ და ოლიმპიურ პრიზიორ მახაჩ მურთაზალიევის უმცროს ძმასთან წააგო - პირველი პერიოდი 0:1, მეორე კი 1:1-ზე ბოლო ქულის გამო დათმო. როგორც ვხედავთ, მას ბევრი ქულა წაგებულ ბრძოლაშიც არ დაუკარგავს, დაცვაში ასეთი ყურადღება კი დღევანდელი საჭიდაო სტილიდან გამომდინარე - როცა ბევრი ქულა ისედაც არ კეთდება და მთავარია, არ დაკარგო, წარმატების წინაპირობაა. ეს მედალი ახალგაზრდა ფალავანს საკუთარი ძალების რწმენას შეჰმატებს, რაც მსოფლიოს ჩემპიონატზე აუცილებლად წაადგება. ერთი შეხედვით, ის არაა იმდენად ძლიერი მოჭიდავე, ლეიბზე ქცევით მოგხიბლოს, არც თვალსასეირო ჭიდაობით გამოირჩევა და ხალიჩაზე ქარივით არ დაქრის, სუსტი წერტილებიც აქვს, მაგრამ ფაქტია - დასაყრდენი მოჭიდავეა და იმედებს ამართლებს. ვფიქრობთ, ეს მისი მყარი ნერვული სისტემის და შრომისმოყვარეობის დამსახურებაა.

ამ წონაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, რუსთა აფხაზმა დენის ცარგუშმა გაიმარჯვა. არადა, ის არც განიხილებოდა საევროპო კანდიდატად და მწვრთნელებმა მხოლოდ სხვების სისუსტის გამო წაიყვანეს, იქ კი სიცხიანმა იჭიდავა. წინა დღით 40 გრადუსი ჰქონია, გუშინ დილით კი თურმე ჭამაც უჭირდა. ამის მიუხედავად, მაინც გავიდა და ძალიან ძლიერადაც იასპარეზა, რისთვისაც მწვრთნელთაგან ეპითეტად მიიღო, სპორტული გმირობა გამოიჩინაო.

ზარქუა ევროპის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონია და მისი წლეულსაც გვეიმედებოდა. წილისყრამაც გაუმართლა და ჩემპიონატიც დამაიმედებლად დაიწყო - ფინელ იუკა ილმარი ჰიიტიაინენს ორ პერიოდის ჯამში 13:2 მოუგო. მართალია, არც მეტოქე იყო მაინცდამაინც ძლიერი, მაგრამ ამდენი ქულის დაგროვებაც საყურადღებოა. ზარქუამ განსაკუთრებით ძლიერად მეორე პერიოდი ჩაატარა, როცა 8:2 იმარჯვა. მოლოდინისამებრ, მისი მომდევნო მეტოქე მასპინძელი მარსელ ევალდი აღმოჩნდა. ევროპის ვერცხლის პრიზიორმა და შარშანდელმა ბრინჯაოს მედალოსანმა ევალდმა პირველ წრეში მართლაც იოლად დაამარცხა კვიპროსელი სტელიოს მამა და უკეთესი დღე არც ჩვენებურს აყარა - 4:1; 3:0 მოუგო.

ანგარიშიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ზარქუას შანსიც არ უნდა ჰქონოდა. ჩვენებურის იმედები საბოლოოდ ალბანელმა საგიტ პრიზრენიმ დაასამარა, როცა ნახევარფინალში ევალდს მოუგო და ზარქუას სანუგეშოსკენ მიმავალი გზაც გადაუკეტა. ალბანელი გუშინდელი დღის მთავარი სენსაცია გახდა - აბა, თავიდან მის ფინალისტობას ვინ იფიქრებდა, მან კი ევალდის შემდეგ უკრაინელი მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანი და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ვასილ ფედორიშინიც დაამარცხა. თავის მხრივ, უკრაინელმა პირველ წრეში აზერბაიჯანელ მსოფლიოს პრიზიორ ტოგრულ ასკეროვს მოუგო ორ პერიოდში. ეს ასკეროვი კარგად გემახსოვრებათ შარშანდელი ახალგაზრდული შეჯიბრებებიდან, რადგან ევროპის ფინალში ვლადიმერ ხინჩეგაშვილს (55) მოუგო, მაგრამ მსოფლიოზე ასევ ფინალში წააგო მასთან. სამაგიეროდ, ამის კომპენსაცია ორ თვეში უკვე უფროსთა მსოფლიოზე გააკეთა, სადაც ბრინჯაო მოიპოვა. წლეულს წონითი კატეგორიის შეცვლა გადაწყვიტა, თუმცა ჩანს, ადაპტაცია ჯერ ბოლომდე არ გაუვლია.

ამ წონაში ზედიზედ მეორედ იმარჯვა რუსთა ტუვინმა ოპან სატმა (სწორედ მასთან დამარცხდა შარშან ზარქუა), თუმცა გვეეჭვება, სექტემბერში მსოფლიოს ჩემპიონატზე ის ვიხილოთ - არა გვგონია, შიდა შესარჩევ კონკურენციაში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ ბესიკ კუდუხოვს აჯობოს.

ბელდუხ გავაშელიშვილმა პირველი ორი შეხვედრა დაძაბულ ბრძოლებში მოიგო ჩეხ ვრატისლავ ჩოტასთან და გერმანელ კევინ შვაბესთან, მერე კი დიდი სხვაობით დამარცხდა მოლდოველ ნიკოლაი ცებანთან. ამ წყვილში წაგებული რომ ტურნირს გამოეთიშებოდა, იმთავითვე ნათელი იყო - მოგებულს ნახევარფინალში დღესდღეობით დაუმარცხებელი აზერბაიჯანელთა ოსი ხეთაგ გოზიუმოვი ელოდა, ამათგან კი რომელიც უნდა შეხვედროდა, გოზიუმოვის დამარცხება ფანტასტიკის სფეროს ჰგავდა. მართლაც მან ცებანუც სხვათა მსგავსად იოლად დაამარცხა და ჩვენებურიც საბოლოოდ გამოეთიშა ჩემპიონატს.

გოზიუმოვმაც უპრობლემოდ დაიცვა ტიტული. ისე ჩანს, ის მსოფლიოს მომავალი პირველობის აშკარა ფავორიტია. ფინალში მან იოლად დაჯაბნა ახალგაზრდა თანამემამულე ვლადისლავ ბაიცაევი, რომელიც რუსეთის ნაკრებში მეორე ნომერიც არაა.

ჩემპიონატში დღეს დარჩენილი ოთხი წონის წარმომადგენლები იჭიდავებენ. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი იმედი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55) პირველ წრეში თავისუფალია, მერე კი ალბანელ ფლორიან რეხას ხვდება. ჩვენებური ბადის ბევრად ძლიერ ნახევარში მოხვდა, მაგრამ მაინც გაუმართლა. ბადის იქითა მხარესაა რუსთა ჩეჩენი ევროპის პრიზიორი ჯამალ ოთარსულთანოვი, მისი მთავარი კონკურენტები - ხინჩეგაშვილი, აზერბაიჯანელთა ავარელი ევროპის ჩემპიონი მაჰმუდ მაგომედოვი და თურქი აჰმედ პეკერი კი მეორე მხარეს მოხვდნენ.

არა გვგონია, ეს მთლად ბრმა წილისყრის დამსახურება იყოს, მაგრამ ხინჩეგაშვილს გაუმართლა იმ მხრივ, რომ მაგომედოვი და პეკერი ნახევარფინალამდე ვერ შეხვდებიან. თან ისინი ჯერ ერთმანეთში იჭიდავებენ. მათ სიახლოვესაა კიდევ ერთი ანგარიშგასაწევი ფალავანი, ახალგაზრდებში უკრაინელთა ევროპის ვიცე-ჩემპიონი ნიკოლა აივაზიანი. ხინჩეგაშვილს ნახევარფინალამდე ვერც ის ხვდება.

ევროპის ვიცე-ჩემპიონი კობა კაკალაძე (66) პირველად უკრაინელ დმიტრი მალენკოვს ეჭიდავება, დავით მარსაგიშვილი (84) - მაკედონიელ დეიან ბოგდანოვს. დავით მოძმანაშვილი (120) თავიდან ბრიტანელ მარეკ სოკერს ეჭიდავება, ვისაც, წესით, კი უნდა მოუგოს, მეორე წრეში კი რუსთა კიდევ ერთ კუმიკს, ოლიმპიდის ვიცე-ჩემპიონ ბახტიარ ახმედოვსა და ლატვიელ იგორ კოსტინსს შორის მოგებულს შეხვდება. მჩხიბაობის დიდი ნიჭი არ უნდა იმის გამოცნობას, რომ ამ ორთაბრძოლას ახმედოვი მოიგებს.

კვარცხლბეკი.

60 კგ. 1. ოპან სატი (რუსეთი), 2. საგიტ პრიზრენი (ალბანეთი), 3. ანატოლი გუიდეა (ბულგარეთი), ვასილ ფედორიშინი (უკრაინა).

74 კგ. 1. დენის ცარგუში (რუსეთი), 2. მუსა მურთაზალიევი (სომხეთი), 3. დავით ხუციშვილი (საქართველო), გაბორ ჰატოში (უნგრეთი).

96 კგ. 1. ხეტაგ გოზიუმოვი (აზერბაიჯანი), 2. ვლადისლავ ბაიცაევი (რუსეთი), 3. პავლო ოლეინიკი (უკრაინა), ნიკოლაი ცებანი (მოლდოვა).

zuxusha
zuxusha-ს: თქვენი კომენტარი საიტზე არ შემოსულა და როგორ გამოქვეყნდებოდა? იქნებ თავიდან სცადოთ. ცნობისთვის, ჩვენ მხოლოდ იმ კომენტარებს ვშლით, სადაც უცენზურო გამონათქვამებია გამოყენებული.... და იქნებით ასე, ყველა პორტალზე ღარიბნი კომენტარების მხვრივ, რადგან არავინ წაგიკითხავთ!
zuxusha
რასაც გიგზავნით, არ აქვეყნებთ.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია