ესპანეთის ნაკრებმა შარშანდელ მუნდიალს ბრწყინვალე შედეგით უწია - ყველა საკვალიფიკაციო მატჩი მოიგო, შემდეგ კი მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა
ესპანეთის ნაკრებმა შარშანდელ მუნდიალს ბრწყინვალე შედეგით უწია - ყველა საკვალიფიკაციო მატჩი მოიგო, შემდეგ კი მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა. ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი იგივეს გაკეთებას ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზეც აპირებს - "ლა ფურია როხამ" 5 თამაშიდან ყველა მოიგო. სამშაბათს ესპანელებმა მეტოქე ლიტვასთან ბრძოლაზე მეტი ენერგია კაუნასის სტადიონის საფართან ბრძოლას შეალიეს, რომელსაც მხოლოდ ფორმალურად ერქვა მინდორი (ესპანელებმა მას "კარტოფილის ყანა" უწოდეს), მაგრამ მაინც 3:1 მოიგეს.

საოცარია, მაგრამ ბოლოს ესპანელებიც დათანხმდნენ იმ მინდორზე თამაშს, რომელიც მწვანის ნაცვლად ყავისფერი იყო და უეფამაც დაადასტურა - თამაში შეიძლებაო. ესპანელთა გამოცდილმა თავკაცმა შემადგენლობაში ცვილებებს მიმართა - დაცვის მარჯვენა ფლანგზე ანდონი ირაოლა გაამწესა, საყრდენ ნახევარმცველად ხავი მარტინესი, ცენტრფორვარდად კი - ფერნანდო ლორენტე. მოკლედ, დელ ბოსკემ ერთდროულად სამი ბილბაოელი შემოუშვა და ბასკთა რიცხვმა სასტარტოში 5-ს მიაღწია (არბელოა და ჩაბი ალონსო). მარჯვენა შემტევ ფორვარდად სანტი კასორლამ ითამაშა, მარცხნივ - დავიდ ვილიამ. ნახევარდაცვას ჩავის ბრწყინვალე თამაში კრავდა, არბელოამ დაცვის მარცხენა ფლანგზე გადაინაცვლა, დელ ბოსკემ ცენტრში ალბიოლისა და პიკეს წყვილიც მოსინჯა. მოკლედ, ცვლილებები საკმარისი იყო.

ლიტვა-ესპანეთის მატჩის სიუჟეტი მოკლედ რომ აღვწეროთ ასეთი რამ გამოგვივა - პირველ ტაიმში ჩავის დარტყმული მცველს მოხვდა და რიკოშეტით შევარდა ლიტველთა კარში, თუმცა "ვალენსიაში" მოთამაშე მარიუს სტანკევიჩიუსმა გაათანაბრა. ესპანელებს გამარჯვებაში ტადას კიანსკასის ავტოგოლი დაეხმარა, რასაც მოჰყვა შეცვლაზე შესული ხუან მატას გოლიც.

ესპანელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ თავიანთ სათამაშო სტილს არ უღალატეს და ჯიუტად ცდილობდნენ მოკლე პასებით ფონს გასვლას, რასაც ხელს საშინელი საფარი უშლიდა. მიუხედავად ამისა, პირველი ტაიმის დასაწყისში "ფურია როხას" უპირატესობა იყო სრული. ამიტომაც არავის გაუკვირდა, როცა მე-20 წუთისთვის ესპანელები დაწინაურდნენ - "ბარსელონელებმა" ვილიამ და ჩავიმ ერთმანეთში გაითამაშეს ბურთი და ამ უკანასკნელის დარტყმა ანდრიუს შკერლას მოხვდა, მიმართულება იცვალა და კარში აღმოჩნდა. სტუმრებს გაუმართლათ, თუმცა დამსახურებულად.

ლიტველებმა ფონს გასვლა კონტრშეტევებით სცადეს, რომლებსაც ტაიმის მეორე ნახევარში შეტევებიც მოაყოლეს და მსოფლიოს ჩემპიონს უკან დაახევინეს, თუმცა რაიმე ღირებული ნამდვილად ვერ შექმნეს, აი, ფერნანდო ლორენტეს კი ნამდვილად ჰმართებდა ანგარიშის ორამდე გაზრდა - კასორლას პასის შემდეგ ბასკის დარტყმულს კარჩემარსკასი გადაეღობა.

57-ე წუთზე მასპინძლებმა რაულ ალბიოლის შეცდომის გამო გაათანაბრეს, ბურთი სტანკევიჩიუსმა ჩაიგდო და დაბალი დარტყმით კასილიასის კარი დალაშქრა - 1:1. თამაშის დასრულებამდე ნახევარი საათი რჩებოდა, მინდვრის საფარი და მაყურებელი ლიტველთა მხარეს იყო, თითქოს, სენსაციაც მომწიფდა...

დელ ბოსკემ უმალ სილვა და მატა ჩართო საქმეში. 70-ე წუთზე ჩავიმ მარცხენა ფლანგზე მატა მოძებნა, რომელიც ლორენტესთვის აწოდებდა, მაგრამ კიანსკასმა მეტისმეტი მოინდომა და საკუთარი გოლკიპერი დაამწუხრა. ეს იყო თამაშის გადამწყვეტი მომენტი. ლიტვას აღარ შეეძლო მსოფლიოს ჩემპიონთან მატჩში მეორედ გაეთანაბრებინა ანგარიში, მასპინძელთა გუნდი დაიღალა და ესპანელებმაც პატარა სასწაული ამ ტალახიან მოედანზეც აჩვენეს - ჩავი-სილვა-მატას ულამაზესი კომბინაცია "ფურია როხას" მესამე გოლით დასრულდა. უკვე ეჭვს აღარ იწვევს, რომ ევრო 2012-ზე ესპანეთის ნაკრებს ვიხილავთ, საინტერესოა, როდის გაინაღდებს იქ თამაშის უფლებას დელ ბოსკეს გუნდი.

ამ თამაშში კარგად ითამაშეს ფერნანდო ლორენტემ, ხავი მარტინესმა, ხუან მატამ, თუმცა ყველას მაინც ჩავი სჯობდა, რომელიც ეროვნულ ნაკრებში 101-ე თამაშს ატარებდა. მან სამივე გოლში წვილილი შეიტანა და ნახევარდაცვაში დიდებულად იმოქმედა, არადა, თითქოს, მოედანს ამის საშუალება არ უნდა მიეცა.

ჩავი (ესპანეთი): "მინდორზე ბალახი არ იყო საერთოდ - ირგვლივ სულ ქვიშა. და ეს ხდება 2011 წელს? ასეთი მოედანი არის ფეხბურთის შეურაცხყოფა. ასეთი საფარის მიუხედავად, გუნდმა ითამაშა დიდებულად. მიზანი მიღწეულია - ორ თამაშში 6 ქულა ავიღეთ და ევროპის ჩემპიონატამდე ერთი ნაბიჯიღა გვაშორებს".

ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთი): "ვაჯობეთ ძალიან მამაც მეტოქეს, რომელიც იბრძოდა უკანასკნელ წუთამდე. ბედნიერები ვართ, რადგან ევრო 2012-ის ფინალური ეტაპისკენ უდიდესი ნაბიჯი გადავდგით წინ. არა მგონია, რომ ეს გუნდი უფრო სუსტი იყო, ვიდრე ის, რომელმაც გრანადაში ჩეხები დაამარცხა".

რაიმონდას ჟუტაუტასი (ლიტვა): "შედეგი არ არის კარგი, რადგან ვერ შევასრულეთ ჩვენი სათამაშო გეგმა. მაგრამ ვიბრძოლეთ, რამდენიც შეგვეძლო. ამისთვის მადლობა ბიჭებს. ვფიქრობ, ვპროგრესირებთ და მეორე ადგილის დაკავების შანსი არ დაგვიკარგავს".

ვისენტე დელ ბოსკემ 37-ე მატჩი მოიგო, როგორც ესპანეთის ნაკრების თავკაცმა. მან ერთი მოგებით გაუსწრო ხავიერ კლემენტეს, რომელმაც 1992-1998 წლებში "ფურია როხას" 36 მატჩი მოაგებინა. 38 მატჩი მოიგო ლუის არაგონესმა. დელ ბოსკეს გუნდმა 101 გოლი გაიტანა და მხოლოდ 30 გაუშვა.

ესპანეთის ნაკრებს ევრო 2012-ის I ჯგუფში სამი მატჩიღა დარჩა გასამართავი. მისი დაწევის თეორიული შანსები შოტლანდიასა და ლიტვასაც შერჩათ, თუმცა უფრო პრაქტიკული ჩეხთა შანსია - ჩეხები "ფურია როხას" 6 ქულით ჩამორჩებიან. დელ ბოსკეს გუნდი 6 სექტემბერს ლიხტენშტაინს უმასპინძლებს და ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომ ყველა კითხვას (თუკი ასეთი დარჩა) პასუხიც მაშინ გაეცემა. 7 ოტომბერს ესპანელები ჩეხეთს ესტუმრებიან, ხოლო 11-ში შოტლანდიელებს მასპინძლობენ.

ესპანეთის ნაკრები ამ შესარჩევ ციკლში

მეკარე: იკერ კასილიასი (5 თამაში, - 5 გოლი).

მცველები: სერხიო რამოსი (5 თ), ჟერარდ პიკე (5 თ), ხოან კაპდევილა (4 თ), კარლოს მარჩენა (3 თ), ალვარო არბელოა (3 თ), რაულ ალბიოლი (1 თ), ანდონი ირაოლა (1 თ).

ნახევარმცველები: ანდრეს ინიესტა (4 თ, 1 გ), ჩაბი ალონსო (4 თ), სერხიო ბუსკეტსი (4 თ), სანტი კასორლა (4 თ), ჩავი (3 თ, 1 გ), ხუან მატა (1 თ, 1 გ), ხავი მარტინესი (1თ), ხესუს ნავასი (1 თ).

თავდამსხმელები: დავიდ ვილია (5თ, 4 გ), დავიდ სილვა (4 თ, 2 გ), ფერნანდო ლორენტე (3თ 3 გ), ფერნანდო ტორესი (2თ 2გ).

ამ შესარჩევ ციკლში ჯერ არ უთამაშიათ ისეთ ფეხბურთელებს როგორიც ვიქტორ ვალდესი, კარლეს პუიოლი და სესკ ფაბრეგასი არიან.

giga
მე უფრო ასე დავარქმევდი:თამაში ჭვავის ყანაში.:)
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს