სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა სეზონის სტარტიდან მოყოლებული ზედიზედ 26 მატჩი მოიგო და წელს მის ანგარიშზე უკვე 4 ტიტულია
უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ინდიან უელსისა და მაიამის მასტერსების ზედიზედ მოგება ურთულესი საქმეა. განთესილ ჩოგბურთელს ტურნირის მოსაგებად ექვსი გამარჯვება სჭირდება, შესაბამისად, ორკვირანახევრის განმავლობაში ზედიზედ 12 მატჩი უნდა მოიგოს, რაც თითქმის წარმოუდგენელია. ასეთი რამ მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს. მაგალითად, როჯერ ფედერერმა 2005 და 2006 წლებში, როცა მისი კარიერის ზენიტში იყო. ამ საუკუნეში იგივე გააკეთა ანდრე აგასიმ (2001).

ახლა ამ დუეტს ნოვაკ ჯოკოვიჩი შეუერთდა. ისევე როგორც ინდიან უელსის მასტერსზე, ამჯერადაც ფინალში მისი მეტოქე რაფა ნადალი იყო და ისევ ურთიერთობის გარკვევა სამ სეტში გაიწელა. ეს იყო ამ ბრწყინვალე ჩოგბურთელების რიგით 25-ე მატჩი. უპირატესობა ესპანელს ჰქონდა (16:8), თუმცა ჰარდზე ნოვაკი ლიდერობდა - 8:5.

ორიოდე სიტყვით გავიხსენოთ ინდიან უელსის ტურნირი. მაშინ ესპანელმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა ჯერაც დაუმარცხებელ ჯოკოვიჩს. სერბმა შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა და მეორე სეტის მოგება, მესამეში კი იოლად გაიმარჯვა.

ინდიან უელსში ფინალის თამაშის მიუხედავად, არც ერთს დაღლილობა არ ეტყობოდა. ჯოკოვიჩი იოლად ანადგურებდა მეტოქეებს, რაფაელმა კი ხუთი მატჩის განმავლობაში მხოლოდ ერთი გეიმი წააგო თავის მოწოდებაზე, მაგრამ ეს ერთ წაგებულ სეტად დაუჯდა ტომაშ ბერდიხთან ნახევარფინალში.

ჯოკოვიჩის წაუგებელი სერია საკუთარ მოწოდებაზე ძალიან მალე შეწყდა. უკვე მეორე გეიმში ნადალმა ბრეიკი გააკეთა, მალე პირველმა ჩოგანმა კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება.

ესპანელის ასეთი უპირატესობის მიუხედავად, არ შეიძლება იმის თქმა, რომ ჯოკოვიჩი პირველ პარტიაში უშანსოდ იყო - სერბს მიღებაზე წარმატების არაერთი შანსი ჰქონდა, მაგრამ გადამწყვეტი მომენტებში ან ცდებოდა ან რაფა თამაშობდა უნაკლოდ.

ჯოკოვიჩმა მაინც გააკეთა ბრეიკი, მაგრამ უკვე გვარიანად იყო ჩამორჩენილი - 2:5. სეტის ბოლოსკენ ნადალს გაუჭირდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში პირველმა მოწოდებამ გაუმართლა და სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა - 6:4.

ზუსტად ასეთი ანგარიშით დასრულდა ინდიან უელსის ფინალის პირველი სეტი. გაგრძელებაც თითქმის იგივე გამოვიდა. ნოვაკმა მეორე პარტიაში მოუმატა, უფრო სუფთად თამაში დაიწყო და სტარტზევე ბრეიკით დაწინაურდა. ნადალმა კი პირიქით, შეცდომებს უმატა. საბოლოოდ, სერბის ბრეიკი ერთადერთი აღმოჩნდა სეტში - 6:3.

ამ შემთხვევაშიც განმეორდა ორი კვირის წინანდელი ფინალის სცენარი, მაგრამ თუ ინდიან უელსში მესამე პარტიისას ნადალმა შეწყვიტა წინააღმდეგობა, აქ ბოლომდე ებრძოლა სეზონის ლიდერს. ბოლო სეტი ფინალის მშვენება გახდა, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი მხრიდან ბრეიკ-პოინტი არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. ნოვაკისა და რაფას წინა 24 შეხვედრაში ტაი-ბრეიკმა მატჩის ბედი მხოლოდ ერთხელ გადაწყვიტა - 2009 წელს მადრიდში მე-13 გეიმი ნადალმა 11:9 მოიგო. მაგრამ ამჯერად "შემოკლებულ გეიმში" დიდი ბრძოლა არ ყოფილა.

უცნაურია, მაგრამ ტაი-ბრეიკი ხუთი მინიბრეიკით დაიწყო (ბოლო იყო ესპანელის ორმაგი შეცდომა). პირველი გონს ჯოკოვიჩი მოეგო, კარგად ჩააწოდა და ოთხმაგი მატჩბოლი მოიპოვა - 6:2. ნადალს დასაკარგი არაფერი ჰქონდა, წინ წავიდა, ორი მატჩბოლი მოიგერია, მაგრამ მესამეზე ჯოკოვიჩის მარჯვნიდან დარტყმას ვერ მიუსწრო - 7:6 (7:4).

ცალსახაა, რომ ჯოკოვიჩმა ამ სეზონში ყველაზე რთული გამარჯვება მოიპოვა. თამაში სამ საათსა და 21 წუთს გაგრძელდა. "ყველაფერი შეიძლება სხვანაირად მომხდარიყო. ეს იყო საუკეთესო ფინალი, რაც კი ოდესმე გვითამაშია. ყოველთვის სასიამოვნოა კორტზე ნადალთან ერთად გასვლა - ის შესანიშნავი ჩოგბურთელი და ჩემი კარგი მეგობარია. წარმატებას ვუსურვებ მას ამ სეზონში", - განაცხადა ჯოკოვიჩმა დაჯილდოების ცერემონიაზე.

ნოვაკმა სეზონის სტარტიდან მოყოლებული ზედიზედ 26 მატჩი მოიგო. წელს მის ანგარიშზე უკვე 4 ტიტულია. რაც შეეხება მასტერსებზე გამოსვლას, ჯოკოვიჩმა ამ რანგის მეშვიდე ტურნირი მოიგო და ამ მაჩვენებლით მაიკლ ჩანგს გაუტოლდა. სერბს ამ სეზონში უფრო მეტი სარეიტინგო ქულა აქვს მოპოვებული, ვიდრე ფედერერსა და ნადალს ერთად აღებული. რაფამ თავი შეიძლება იმით დაიმშვიდოს, რომ უკვე ამ კვირიდან იწყება გრუნტის სეზონი. თუმცა იქ ნადალი რეიტინგში ქულების რაოდენობას ვერ გაზრდის, რადგან თითქმის ყველგან ტიტული აქვს დასაცავი, სამაგიეროდ, ესპანელს ჯოკოვიჩის შეჩერების შესანიშნავი შანსი ექნება.

ATP

Sony Ericsson Open

მაიამი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 3 645 000 დოლარი

1/2 ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-რაფაელ ნადალი (ესპ, 1) 4:6, 6:3, 7:6(4).

ჯოკოვიჩის ყველა ტიტული (22)

2011 - მაიამი, ინდიან უელსი, დუბაი, ავსტრალიის ღია

2010 - პეკინი, დუბაი

2009 - პარიზი, ბაზელი, პეკინი, ბელგრადი, დუბაი

2008 - მასტერსის თასი, რომი, ინდიან უელსი, ავსტრალიის ღია

2007 - ვენა, მონრეალი, ეშტორილი, მაიამი, ადელაიდა

2006 - მეცი, ამერსფორტი

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა