ევროპის ჩემპიონატიდან წარმატებით დაბრუნებული თავისუფალი სტილის მოჭიდავეები ოლიმპიურ კომიტეტში მიიწვიეს
ევროპის ჩემპიონატიდან წარმატებით დაბრუნებული თავისუფალი სტილის მოჭიდავეები გუშინ ოლიმპიურ კომიტეტში მიიწვიეს. მას ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზაზა თურმანიძე, კონტინენტის ვიცე-ჩემპიონები - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55), დავით მარსაგიშვილი (84) და ბრინჯაოს მედალოსანი დავით ხუციშვილი (74) ესწრებოდნენ.

შეხვედრა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა გახსნა და მოჭიდავეებს წარმატება მიულოცა: „ამ გუნდს მომავლის ნაკრებს ვუწოდებდი. ვფიქრობდი, ის წარმატებისთვის მზად უფრო მომავალ ოლიმპიურ ციკლში იქნებოდა, რადგან ეს ბიჭები ახლა გადმოვიდნენ ახალგაზრდული ნაკრებიდან და ჯერ კიდევ დასჭირდებათ მომატება-მეთქი. სულ მეეჭვებოდა, მოასწრებდნენ თუ არა ისინი ლონდონის ოლიმპიადისთვის სათანადო ფორმაში შესვლას. ცხადია, მათ მომატება მართლაც სჭირდებათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ახლავე არიან მზად წარმატებების მოსაპოვებლად.

მათი გამოსვლით ძალიან კმაყოფილი ვარ, ეს მართლაც კარგი შედეგია, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ. ამით ისინი უკვე შევიდნენ თავისუფალი ჭიდაობის ელიტაში - ევროპის ჩემპიონატზე მედლების მოპოვება არაა პატარა საქმე. ეს უკვე ძალიან სერიოზული განაცხადია ჯერ მსოფლიოს ჩემპიონატზე, მერე კი ოლიმპიადაზე წარმატების მოსაპოვებლად. ლიცენზიანტთა დაფაზე ჯერჯერობით მხოლოდ ერთი გრაფაა შევსებული - ჯერ მარტო ნინო სალუქვაძის ხელმოწერაა, მაგრამ დიდი იმედია, მას ეს ბიჭებიც შეუერთდებიან, ისინიც მოიპოვებენ საგზურს. ამაში დარწმუნებული ვარ. ასევე მჯერა, ამას იმ ოთხი წონის წარმომადგენლებიც შეძლებენ, რომლებიც ამჯერად უმედლოდ დარჩნენ და ლონდონში სრული გუნდით გამოვალთ. დასასრულს, ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მიღწევას და სამომავლოდ წარმატებებს გისურვებთ“.

ევროპის ჩემპიონატი ზაზა თურმანიძემ ასე შეაფასა: „ყველას დიდი მადლობა მოლოცვისთვის, განსაკუთრებით კი - ამ სპორტსმენებს. თუმცა მათთან მიმართებაში სულ მაქვს ერთი ფიქრი - არ მინდა, ისინი დაკმაყოფილდნენ ამ შედეგით; მინდა, თვითკრიტიკულნი იყვნენ თავიანთი შეხვედრების მიმართ. რაც მოხდა, ეს უკვე წარსულია, წინ კი ახალი შეჯიბრებებია. მსოფლიოს ჩემპიონატისთვის აქედანვე ვემზადებით.

ამ ბიჭებს დაემატებიან გიორგი გოგშელიძე, რომელიც ხელის ოპერაციის შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდს გადის, და ოთარ თუშიშვილი. თუმცა სხვა წონებშიც არიან ისევ ამათივე თანატოლი პერსპექტიული ახალგაზრდები და არაა გამორიცხული, იმათაც ჩაანაცვლონ უფროსი ასაკის სპორტსმენები. ალბათ, კონკურენცია უკვე ჯანსაღია. სულ მინდოდა, ამ ევროპის ჩემპიონატზე პატარა ხელმოსაკიდი მაინც დამენახა საიმისოდ, რომ მათთან შეიძლებოდა მუშაობა. მოხარული ვარ - მათ იმაზე მეტად გამოიჩინეს თავი, ვიდრე ველოდი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ ბიჭებს“.

გია ნაცვლიშვილი 84 კლოგრამში მარსაგიშვილისა და რუსი ანზორ ურიშევის ფინალსაც შეეხო, რომელიც ჩვენებურს იმდენად უნამუსოდ წააგებინეს, თვით რუსებიც კი აღიარებენ. მთავარი მსაჯი ჩვენებურის ჩემპიონად გამოცხადებას აპირებდა, მარცხს შეგუებული ურიშევი კი ერთხანს თავჩაქინდრული იჯდა ლეიბზე და შედეგს არც აპროტესტებდა, მაგრამ მაგიდის მსაჯმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა და, შეიძლება ითქვას, ოქრო აჩუქა ურიშევს.

„იქნებ მე დიდი გამოცდილებით ვერ დავიკვეხნი, მაგრამ ასეთი რამე არც კი გამიგონია. იმ წუთას შეიძლება რაღაც მოხდეს და შედეგი შეცვალო, მაგრამ შეხვედრის დამთავრების შემდეგ ყველაფერი უკან დაატრიალო და გადააკეთო, წარმოუდგენელია. ამ სახეობის ოლიმპიადიდან ამოღება როგორ უნდა ინატრო კაცმა, მაგრამ ასეთი უთავბოლო საერთაშორისო ფედერაცია არ მინახავს. რაც აქ ხდება, სხვაგან დაუშვებელია. რაც მოხდა, ეს აღმაშფოთებელია - კაცს ჩემპიონობა წაართვეს, თუმცა ამან ყურები არ უნდა ჩამოგვაყრევინოს. პირიქით - მგონი მეტი სტიმული მოგვცა იმის დასამტკიცებლად, რომ ძლიერები ვართ, მათ დაჩაგვრის საშუალება არ უნდა მივცეთ.

მიკერძოება და არაობიექტურობა ყოველთვის არსებობდა და მომავალშიც იქნება, ვიღაცას სიმპათიაც მუდამ ექნება ვიღაცისადმი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ოლიმპიადაზე ასეთი რამე არ მოხდება. მჯერა, მარსაგიშვილი კიდევ ბევრჯერ მოიპოვებს ოქროს მედალს და არა მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ კაცს ასე უნამუსოდ არ უნდა მოექცე და თავისი შრომის დამსახურებული შედეგი ასე უსირცხვილოდ არ უნდა წაართვა“.

ნაცვლიშვილმა რევაზ ლაშხსაც (60) მიულოცა ევროპის ჩემპიონატზე ბერძენ-რომაელთა ტურნირში გამარჯვება. „ვულოცავ მას ამ დიდ წარმატებას. ლაშხს ყოველთვის მიიჩნევდნენ პერსპექტიულად, მაგრამ აქამდე არ ჰქონდა შედეგი, ახლა კი ძალიან კარგად გამოვიდა. როცა ნაკრებს ბოლო შეკრებაზე დუშეთში ვესტუმრეთ საკონტროლო შეხვედრებზე, მისი ჭიდაობის შემყურემ ვთქვი კიდეც, კარგად მოძრაობს-მეთქი. მოხარული ვარ მისი წარმატებისა. მასთან ცალკეც გვექნება შეხვედრა, მაგრამ ოლიმპიური კომიტეტის სახელით ახლაც ვულოცავ ჩემპიონობას“.

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა