ჯეი-ლიგის "სანფრეჩე ჰოროსიმაში" გადაბარგებული ქართველი იაპონიაში მომხდარ სტიქიურ უბედურებაზე საუბრობს
იაპონიაში მიწისძვრისა და მისგან გამოწვეული ცუნამის შესახებ ცნობებმა მთელი მსოფლიო შეძრა. უკვე გადატანილი დიდი მსხვერპლისა და ნგრევის მიუხედავად, ქვეყანაში ვითარება კვლავ მძიმეა - საუბარია დაზიანებული ატომური რეაქტორიდან რადიაციის დიდი დოზით გაჟონვაზე.

ჩვენი რუსი კოლეგები იაპონიაში, ჯეი-ლიგაში, "სანფრეჩე ჰოროსიმაში" სეზონის დაწყებამდე გადაბარგებულ ქართველ ფეხბურთელს, დავით მუჯირს დაუკავშირდნენ და საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვეს.

- თავდაპირველად გვითხარით, როგორ აღმოჩნდით იაპონიაში?

- მოსკოვის "ლოკომოტივის" შემდეგ სამშობლოში, თბილისის "დინამოში" დავბრუნდი. ზამთარში მოულოდნელად სერბმა მწვრთნელმა მიხაილო პეტროვიჩმა დამირეკა, რომლის ხელმძღვანელობით ავსტრიის "შტურმში" მითამაშია და თავისთან, "სანფრეჩე ჰიროსიმაში" გადასვლა შემომთავაზა.

- ეს კლუბი ქალაქ ჰიროსიმაშია ბაზირებული?

- დაიხ. მე ქალაქის ცენტრში ვცხოვრობ. ჩემ სახლთან ახლოსაა მემორიალური მუზეუმიც, თუმცა ძნელი დასაჯერებელია, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ეს ქალაქი ფაქტობრივად აღიგავა პირისაგან მიწისა. იაპონელებმა ყველაფერი ძალიან მალე აღადგინეს და დღეს ჰიროსიმა თანამედროვე და ლამაზი ქალაქია, მილიონნახევარი მცხოვრებით.

ამ ქალაქში იანვარში ჩამოვედი და ერთწლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი, ორთვენახევარი სავარჯიშო შეკრება გვქონდა, მარტში კი მხოლოდ ერთი ტურის გამართვა მოვასწარით. შემდეგ კი ცნობილი ტრაგედიაც მოხდა...

- სად იყავით იმ წუთებში?

- მეუღლესთან ერთად ქალაქის ცენტრში ვსეირნობდი, როდესაც მიწა იძრა. ვინაიდან ჰიროსიმა იაპონიის სამხრეთ-დასავლეთითაა, მიწისძვრის ეპიცენტრისგან ათასზე მეტი კილომეტრიც გვაშორებდა და ვერაფერი ვიგრძენით. მალე ფიჭური კავშირგაბმულობა გაითიშა. თავიდან ვერცკი მივხვდი, რა ხდებოდა, სანამ თბილისიდან ნათესავები არ დამიკავშირდნენ. იქ საინფორმაციო გამოშვებებიდან უკვე იცოდნენ იაპონიის კატასტროფის შესახებ.

- შეგეშინდა?

- სიმართლე თუ გინდათ, არა. მაშინვე დავრეკე კლუბში, სადაც ამიხსნეს, რომ ჰიროსიმა ეპიცენტრისგან დაშორებულია და აქ არაფერი მემუქრებოდა. თუმცა, პირველ დღეებში ტელევიზორის უემოციოდ ყურება, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო.

მხოლოდ მიწისძვრა ასეთ მსხვერპლს არ მოიტანდა. იაპონიაში სახლებს სპეციალური ტექნოლოგიით აგებენ და მაშინაც კი, როცა მიწისძვრა 9 ბალს აღწევს, შენობები არ ინგრევა. სამწუხაროდ, ცუნამისგან თავის დაცვა შეუძლებელია.

- ალბათ იმ დღეებში თქვენ ტელეფონზე ზარები გამუდმებით ისმოდა.

- რა თქმა უნდა, მუდმივად მიკავშირდებიან ქართველი ჟურნალისტები. თქვენ წარმოიდგინეთ, ავსტრიელებიც. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ოჯახის წევრები და ნათესავები ნერვიულობენ. ფიქრობენ, რომ საფრთხე მთელ იაპონიაში არსებობს, მე კი მგონია, რომ ის ქვეყანა, რომელსაც ტელევიზორში აჩვენებენ და ის, რომელშიც მე ამჟამად ვცხოვრობ, ორი განსხვავებული სახელმწიფოა. აქ ქუჩებში არაფერი იგრძნობა, არავითარი პანიკა და შიში - ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში მიედინება. შაბათ დღეს ადამიანები ქალაქში სეირნობენ, საღამოს კი კლუბებში ატარებენ დროს. იაპონელები ძალიან ოპტიმისტები არიან.

- ჩემპიონატი შეჩერებულია. რას საქმიანობთ ფეხბურთელები?

- გუნდში სამწვრთნელო პროცესი თითქმის არ ჩავარდნილა. წვრთნები მხოლოდ ტრაგედიის მომდევნო ორ დღეს არ გვქონდა. შაბათობით ჯეი-ლიგის სხვა გუნდებთან ამხანაგურ მატჩებს ვმართავთ. თამაშები დიდ სტადიონებზე იმართება და გულშემატკივრებიც მოდიან. ერთ-ერთი მატჩი საქველმოქმედო იყო და მას 4 ათასი ადამიანი დაესწრო. შემოსული თანხა მთლიანად დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხა.

- ფეხბურთელებიდან ვინმე ხომ არ დაზარალდა?

- სხვა გუნდებში ვერ გეტყვით და ჩვენთან ორი სწორედ იმ ადგილიდანაა, სადაც ტრაგედია მოხდა. ერთს სახლი მთებში ჰქონდა და გადაურჩა, მეორეს კი სანაპიროზე. როცა ცუნამი დაწყებულა, მისი მშობლები ქალაქის ცენტრში სამსახურში ყოფილან და იქამდე ტალღას არ მიუღწევია. სამწუხაროდ, შინ ბებია ყოფილა და სახლის დატოვება დროულად ვერ მოუსწრია. ის დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიაშია.

ყველაზე ძალიან იმან გამაოცა, რომ ამ კაცმა ორი დღით დატოვა გუნდი, ჩააკითხა მშობლებს, წამოიყვანა აქეთ და გუნდს სავარჯიშოდ შეუერთდა.

- კიდევ რამ გაგაოცათ იაპონიაში?

- ისევ და ისევ ამ ხალხის გამძლეობამ და ოპტიმიზმმა. ადამიანები ყველაფერს ძალიან მშვიდად ხვდებოდნენ. არ ვიცი, ეს მენტალიტეტის ბრალია, თუ რელიგიის. ან იქნებ მათ დაბადებიდანვე ამზადებენ სტიქიური უბედურებისთვის? დარწმუნებული ვარ, მსგავსი რამ სხვა ქვეყანაში რომ მომხდარიყო, ადამიანების რეაქცია სულ სხვანაირი იქნებოდა. ღმერთმა არ ქნას, მაგრამ მაგალითად რუსეთში, შორეულ აღმოსავლეთში რომ მსგავსი რამე მომხდარიყო, მოსკოვში ყველა დაზაფრული იქნებოდა.

- იაპონიის ტელევიზია როგორ მოქმედებდა იმ წუთებში?

- პირველ კვირებში ყველა არხზე დაგეგმილი პროგრამების ნაცვლად ექსტრემალური საინფორმაციო გამოშვებები გადაიცემოდა. ნელ-ნელა ამ ტალღამ გადაიარა და სიუჟეტები სხვა თემებზეც ჩნდება. რამდენად ობიექტურად შუქდება მოვლენები, ამას მე ვერ გეტყვით - იაპონური ენისა ხომ არაფერი მესმის. მხოლოდ "სი-ენ-ენის" სიახლეებს ვეცნობი.

- ახალი საფრთხე იაპონიაში რადიაციაა, რომელიც "ფუკუსიმას" ატომური რეაქტორიდან ჟონავს. მსოფლიოში გამოითქმის ვარაუდი, რომ ეს მეორე ჩერნობილის მოვლენებს გამოიწვევს. იაპონიაში რას ამბობენ ამასთან დაკავშირებით?

- ამ საკითხში ცუდად ვერკვევი და რაიმის თქმა მიჭირს. ინფორმაციის ერთადერთი წყარო, ვისაც მთლიანად ვენდობი, იაპონიაში საქართველოს საელჩოა. საელჩოდან ყოველდღიურად მიკავშირდებიან და მეუბნებიან, რომ ჰიროსიმაში უსაფრთხოდ ვარ და სანერვიულო არ მაქვს.

ისე კი, კლუბში ყველა უცხოელს (ჩემ გარდა კიდევ ორი ხორვატია) გვითხრეს, რომ ჰიროსიმაში რაიმე საფრთხის 0.1%-ით შექმნის შემთხვევაშიც, უმალ თვითმფრინავის ბილეთებს შეგვიძენენ და შინ გაგვამგზავრებენ.

- არ ფიქრობთ, რომ სწორედ ასეც მოხდება?

- ვცდილობ, ამაზე არ ვიფიქრო. ძალიან მინდა თამაში და არა - ზედიზედ სამი თვე ვარჯიში. რას ვიზამთ, როცა ტრაგედია ხდება, ფეხბურთი გვერდზე უნდა გადავდოთ.

- იქნებ ჯობდეს ახლავე იზრუნოთ კარიერის სხვა ქვეყანაში გაგრძელებაზე?

- არა, სწორედ აქ მინდა თამაში. იაპონიამ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. კი ვიცოდი, რომ ჯეი-ლიგის დონე მუდმივად იზრდებოდა, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა, აქ ასეთი გამართული ინფრასტრუქტურა და ფეხბურთისადმი ინტერესი დამხვდებოდა. თანაც, ისეთი გუნდი გვყავს, ჩემპიონობისთვის ბრძოლას შევძლებთ.

- ოჯახის შინ გაშვებას მაინც არ აპირებთ?

- ბავშვები ისედაც თბილისში არიან - არ მინდოდა ზაფხულამდე სკოლიდან გამომეყვანა. მეუღლეს კი, ძალიანაც რომ ვეხვეწო, არ მიმატოვებს. ამბობს, თუ გასაქცევად გაგვიხდება საქმე, ერთად გავიქცევითო.

- იაპონიის ფეხბურთის ფედერაციამ როგორ გადაწყვიტა კალენდრის საკითხი?

- ყველა გადადებული ხუთი ტური ზაფხულში გაიმართება. გრაფიკი მძიმე იქნება - კვირაში ორი მატჩის ჩატარება მოგვიწევს, მაგრამ მომხდარის შემდეგ ამაზე წუწუნი უადგილოა.

- წესით, 23 აპრილს ჯეი-ლიგა უნდა განახლდეს. არსებობს რისკი, რომ პაუზა კიდევ რამდენიმე კვირით გახანგრძლივდება?

- ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სამი კვირის შემდეგ თამაშს დავიწყებთ, მაგრამ თუკი "ფუკუსიმაში" ვითარება გაუარესდა, ჩემპიონატი, შესაძლოა, ზაფხულამდე აღარ განახლდეს. იმედია, ასე არ მოხდება.

მომზადებულია sovsport.ru-ის მიხედვით

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ