ექსდინამოელი ჯორჯ აკირემი და "სიონისა" და "ზესტაფონის" ყოფილი ფორვარდი ერიკ რომეო ჩასემი საქართველოს ისრაელიდან ქომაგობენ
"ბოდიში, ძმაო, ნიკა გელაშვილის ნახვა სად შეიძლება?" - თელ-ავივში ქართულის გაგონება გასაკვირი ნამდვილად არ არის, მაგრამ როცა უცხო ქვეყანაში ასეთი შეკითხვით ორი შავკანიანი მოგმართავს, ცოტა დაიბნევი. მცირე დაკვირვების შემდეგ მივხვდით, რომ უცნობები სულაც არ ყოფილან უცნობები - ერთი ბოლნისის "სიონისა" და "ზესტაფონის" ყოფილი კამერუნელი ფორვარდი ერიკ რომეო ჩასემი იყო, მეორე კი თბილისის "დინამოს" ყოფილი გაბონელი თავდამსხმელი ჯორჯ აკირემი.

სასტუმრო "ქროუნ პლაზას" მისაღებში მათ სანახავად ის ქართველი ფეხბურთელები ჩავიდნენ, რომლებიც საქართველოში ჩასემისა და აკირემის თანაგუნდელები იყვნენ.

ალბათ გახსოვთ, რომ საქართველოდან წასვლის შემდეგ აფრიკულმა დუეტმა კარიერა ისრაელში გააგრძელა. ორივე რანგით მეორე ლიგაში თამაშობს - ჩასემი ნეს ციონას "მაქაბის", ხოლო აკირემი ირონის "რამათ ჰაშარონის" ღირსებას იცავს. ამ უკანასკნელმა "ლელოსთან" ამასწინანდელ ინტერვიუში თქვა, საქართველოდან წასვლით შეცდომა დავუშვიო და ახლაც იგივე გაიმეორა. ჩასემმა, საქართველო მეც მენატრება, მაგრამ ოჯახის ინტერესებს ანგარიში გავუწიე და იქ წავედი, სადაც მატერიალურად უფრო უზრუნველყოფილი ვარო. აფრიკელებს უფრო ისრაელი-საქართველოს მატჩზე ვესაუბრეთ. მათ თამაშამდე შევხვდით და ორივეს ქართველთა გამარჯვების იმედი ჰქონდა.

თავდაპირველად მათ საქართველო-ხორვატიის შთაბეჭდილებებზე დავეკითხეთ.

ჩასემი: "ხორვატიასთან თამაშს ვუყურე და საქართველოს ნაკრების თამაშით აღფრთოვანებული დავრჩი. კარგად ვიცოდი, რომ ახალი მწვრთნელის ხელში თქვენს გუნდს საგრძნობი პროგრესი ჰქონდა, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ხორვატიასთან ფრეც კი ძალიან გამიკვირდებოდა."

აკირემი: "თამაშის მომენტები ვნახე და, ალბათ, დამეთანხმებით, რომ საქართველოს ნაკრებს ძალიან გაუმართლა. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარი შედეგია, ხორვატიის დამარცხებით კი მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ნაკრები თუ დაიკვეხნის."

ისრაელი-საქართველოს სანახავად სტადიონზე ორივე მოვიდა და ჩვენს გუნდს მხურვალედაც უქომაგა. ჩასემსა და აკირემის ლუის ფერნანდესის გუნდის თამაშები ადრეც უნახავთ და მასზე დიდი წარმოდგენისა არ ყოფილან. ისრაელი არაფრით გამორჩეული გუნდი არ არის და საქართველოს ნაკრებს თელ-ავივში გამარჯვების კარგი შანსი აქვს - ასეთი იყო აფრიკელების პროგნოზი და, სამწუხაროდ, მწარედ შეცდნენ.

როცა საქართველოს უმაღლესი და ისრაელის მეორე ლიგების ერთმანეთთან შედარება ვთხოვეთ, უპირატესობა ორივემ პირველის სასარგებლოდ გააკეთა. მთავარ ებრაულ ლიგაზე კი გვითხრეს, ლიდერები მართლაც ძლიერები არიან, დანარჩენები კი ქართულ კლუბებს მხოლოდ ფინანსური შესაძლებლობებით აღემატებიანო.

ებრაული კარიერით ორივე კმაყოფილია, ამბობენ, რომ იქაურ საფეხბურთო სტილს იოლად შეეწყვნენ, ქვეყანასთან შეგუება კი გაუჭირდათ.

ჩასემი: "ყველაფერი მხოლოდ ფულით არ იზომება, აფრიკელებს გვიყვარს საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა და ამ სიამოვნებას აქ მოკლებულნი ვართ. მაინცდამაინც ვერც თანაგუნდელებს დავუმეგობრდი და უცხო ხალხთან კონტაქტს ხომ საერთოდ არ აქვს აზრი."

აკირემი: "თბილისში ბევრ საინტერესო ადგილას დავდიოდი, აქ კი გარეთ გასვლა არც მსიამოვნებს, თავისუფალ დროს სახლში ვატარებ. ქართველები და აფრიკელები ერთმანეთს იოლად უგებენ, აქაურებზე კი ამას ვერ ვიტყვი, ჩამოსულები გულზე არ ეხატებათ."

საქართველოში გატარებულ წლებს დიდი სითბოთი იხსენებენ.

ჩასემი: "საქართველო ჩემს მეორე კი არა, მგონი, უკვე პირველ სამშობლოდ მიმაჩნია. იქ ხომ საკმაო ხანი გავატარე და არსად შემხვედრია ასეთი თბილი ხალხი. უამრავი მეგობარი შევიძინე და ისრაელში ჩამოსვლის შემდეგ მივხვდი, რომ მათნაირი ხალხის პოვნა ძალიან ძნელია. მინდა, ქართველებსა და საქართველოს ყოველივე საუკეთესო ვუსურვო."

აკირემი: "ვიყავი თბილისელი, ვიყავი დინამოელი და ორივე უდიდესი ბედნიერება იყო. საქართველო და იქაური მეგობრები ყოველდღე მენატრება და იქ რამდენიმე დღით ჩასვლა ძალიან მინდა. ვრჩები "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების ძალიან დიდ გულშემატკივრად. მეც და ერიკსაც თელ-ავივში ძველი გუნდელების ნახვამ უდიდესი სიამოვნება მოგვანიჭა."

საქართველოში დარჩენილ მეგობრებს ინტერნეტის მეშვეობით სისტემატურად ეკონტაქტებიან, ინტერესდებიან ჩვენი ჩემპიონატის შედეგებითა და ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე ამბებით. ჩასემი "სიონის" ქომაგად რჩება და ძალიან უნდა, ბოლნისელებმა კვლავ ტიტულებისთვის იბრძოლონ, აკირემიმ კი "დინამოს" გაძლიერების შესახებ ყველაფერი დეტალურად იცის და იმედოვნებს, რომ მისი ყოფილი გუნდი საქართველოს ჩემპიონობას წლეულსვე დაიბრუნებს.

როცა ვკითხეთ, ხომ არ აპირებთ საქართველოში საცხოვრებლად და სათამაშოდ დაბრუნებასო, ერთხმად გვიპასუხეს, საქართველოს თავიდან კარიერულ ტრამპლინად განვიხილავდით, დღეს კი უსაყვარლეს ადგილად მიგვაჩნია და თუ ღმერთმა ინება, აუცილებლად დავბრუნდებითო.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა