წლეულს 19-29 სექტემბერს რუსული ხანტი-მანსიისკი საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლებს...

წლეულს 19-29 სექტემბერს რუსული ხანტი-მანსიისკი საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლებს. ორწლეულის ამ უმნიშვნელოვანესი შეჯიბრებისთვის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მონდომებით ემზადებიან, მათ შორის - ქართველებიც, რომლებმაც ბაზალეთში ერთი საწვრთნელი შეკრება უკვე მოაწყვეს. ასპარეზობისადმი ინტერესი იმანაც გააძლიერა, რომ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების ისტორიაში პირველად დაწესდა ფულადი პრიზები: გუნდური პირველი ადგილისთვის 20-20 ათასი ევრო, როგორც ქალებისთვის, ისე ვაჟებისთვის, მე-2 ადგილისთვის - 12-12 ათასი, მე-3 ადგილისთვის - 8-8 ათასი ევრო.

ამასთანავე, ორივე ნაკრების (ქალი+ვაჟი) შედეგების ჯამით გამარჯვებული ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონ ნონა გაფრინდაშვილის თასთან ერთად 10 ათასი ევროთი დაჯილდოვდება, მეორეადგილოსანი - 6, ხოლო მესამე ადგილზე გასული 4 ათას ევროს მიიღებს. ინდივიდუალურად თითოეულ დაფაზე საუკეთესო სამეულს, შესაბამისად - 5, 3 და 2 ათასი ევრო გადაეცემა.

ფული ფულად, მაგრამ ქართველ დიდოსტატებს უფრო სხვა მოტივაცია ამოძრავებთ. როგორც ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ განაცხადა, მანდილოსნები აუცილებლად ჩემპიონის ტიტულის დასაცავად, კაცები კი საუკეთესო ათეულში მოსახვედრად იბრძოლებენ.

ხანტი-მანსიისკში კიდევ ერთი საინტერესო პაექრობის მოწმენი გახდებიან: ფიდეს თავკაცის სავარძლისთვის ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ყალმუხთა ლიდერი კირსან ილუმჟინოვი და მსოფლიოს მე-12 ჩემპიონი ანატოლი კარპოვი იბრძოლებენ. კანდიდატებს შორის წინასაარჩევნო ბრძოლა კარგა ხანია დაიწყო. ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენებაც კი მოასწრეს. რუსეთის ჭადრაკის ფედერაციამ თავის რჩეულად ილუმჟინოვი დაასახელა, ევროპის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა -კარპოვი. ფიდეს ოფიციალური მონაცემებით, მოქმედ პრეზიდენტს მხარს 75 ქვეყანა უჭერს, რაც თავისთავად შთამბეჭდავია, მაგრამ ევროპის ბევრი წამყვანი ფედერაცია რომ მისი წინააღმდეგია, ეს უკვე დაფიქრების საბაბს იძლევა...

მახსოვს, 2004 წელს ათენის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისას "ქართულ სახლს" ცნობილი ინგლისელი დიდოსტატი ნაიჯელ შორტი ესტუმრა, რომელმაც, ილუმჟინოვის მმართველობით უკმაყოფილომ, ჩემთან საუბრისას თქვა - ფიდეს გასაწმენდად ერთი კარგი ცოცხია საჭიროო. გულშემატკივრებს, ალბათ, ახსოვთ, რომ რამდენიმე წლის წინათ ფიდეს აუჯანყდა მე-13 მსოფლიოს ჩემპიონი გარი კასპაროვი, რომელიც წლეულს გაზაფხულზე ქართველი დიდოსტატის ზურაბ აზმაიფარაშვილის ნახევარსაუკუნოვანი იუბილის აღნიშვნისას თბილისს ეწვია. კასპაროვს მაშინ ვკითხე:

- ანატოლი კარპოვი ფიდეს პრეზიდენტობისთვის იბრძვის. როგორც შევიტყვე, მსოფლიოს ჩემპიონის გვირგვინისთვის პაექრობაში თქვენი ყოფილი მეტოქისთვის თურმე დახმარებას აპირებთ. მართალია-მეთქი?

- ამჟამად მსოფლიოს ჭადრაკი კატასტროფულ მდგომარეობაშია, - მიპასუხა მან, - რადგან ფიდეს ხელმძღვანელობის გზას იგი ჩიხისკენ მიჰყავს. როცა ანატოლი კარპოვს ჩემპიონის ტიტულისთვის ვხვდებოდი, ჩვენ ვთამაშობდით მოსკოვში, ნიუ-იორკში, პარიზში, ლონდონში, ბარსელონაში, სევილიაში... ახლა კი ჩემპიონები იბადებიან ნალჩიკში, ასტრახანში, ხანტი-მანსიისკში, ჯერმუკში, ელისტაში... როგორ მოგწონთ? ნუთუ, თუნდაც ეს ფაქტი არაფერს გეუბნებათ?.. ამ ჩიხიდან გამოსვლა დღევანდელი ხელმძღვანელობის შეუცვლელად წარმოუდგენელია. 15 წელიწადი საკმაო დროა მმართველობისთვის. მსოფლიოს ბევრი დიდოსტატი და საჭადრაკო ფედერაცია ჩემსავით ფიქრობს - გარდაქმნა აუცილებელია. ბოლო ხუთი წელიწადი ჭადრაკისგან შორს ვიდექი. ამის მიუხედავად, ფიდეს წინა არჩევნებისას წერილობით დავუჭირე მხარი ბესელ კოკის კანდიდატურას, რადგან მაშინაც მიმაჩნდა, რომ ცვლილებები გარდაუვალი იყო... სევილიაში, ჩვენი ნოსტალგიური მატჩისას, მე ვესაუბრე ანატოლი კარპოვს. იგი რეალურად ხედავს ჭადრაკის ახალ ასპარეზზე გაყვანის საიმედო გზებს. მართალია, ილუმჟინოვისა და კარპოვის დაპირისპირების ყველა ნიუანსს არ ვიცნობ, მაგრამ ერთი რამ კარგად მესმის - ეს არის ბრძოლა რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის შიგნით, ეს არის ადმინისტრაციული რესურსების შეჯახება და ვინ გაიმარჯვებს, ძნელი სათქმელია. თუმცა ერთი რამ ნათელია - ძირფესვიანი გარდაქმნების გარეშე ჭადრაკის მომავალი ბუნდოვნად მეჩვენება. არადა, იმ სახეობისთვის, რომელსაც ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები შევწირე, უკეთესი პერსპექტივა მსურს. მე ვიბრძვი არა პუტინის წინააღმდეგ, არამედ რუსეთში დემოკრატიის დამკვიდრებისთვის. ასევე, არ ვებრძვი ფიდეს, მე ჭადრაკის განვითარების რეალური გზების ძიება მინდა.

- ვის მხარეს იქნებით არჩევნებისას?

- ცხადია, კარპოვის მხარეს, ჩვენი უწინდელი თუ ამჟამინდელი ურთიერთობების მიუხედავად. ციხეში რომ აღმოვჩნდი, კარპოვმა იქ მინახულა. ამ ფაქტმა ჩვენს პირად ურთიერთობაში ბევრი რამ გადაწონა.

- აქტიურ ჭადრაკში დაბრუნებას ხომ არ აპირებთ?

- ამ სფეროში იმაზე მეტს მივაღწიე, ვიდრე შემეძლო, მეოცნება. ჩემი აზრით, ადამიანმა მხოლოდ უმაღლესი შედეგებისთვის კი არ უნდა იბრძოლო, არამედ ცხოვრებაშიც რაღაც უნდა შეცვალო, თუ საამისო ძალა შეგწევს. არ ვიქნებოდი მართალი, რეაგირება არ გამეკეთებინა იმ მოვლენებზე, რაც რუსეთში ხდებოდა: ან ქვეყნიდან უნდა წავსულიყავი, ან არსებულ რეჟიმთან ბრძოლა უნდა დამეწყო. მეორისთვის ფსიქოლოგიურად მზად ვიყავი. საჭადრაკო კარიერის გაგრძელება განვლილის გამეორება იქნებოდა. გამოგიტყდებით: კრამნიკთან მარცხის შემდეგ ვცდილობდი ჭადრაკში აქტიურ დაბრუნებას, მაგრამ პონომარიოვთან მატჩი ჩაიშალა. იგივე ბედი ეწეოდა კასიმჟანოვთან შეხვედრასაც. ყველაფერი ქარის წისქვილთან ბრძოლას ემსგავსებოდა. 1997 წელს, ნოვგოროდის დიდი ტურნირისას, ერთმა ჟურნალისტმა მკითხა - კიდევ რას ისურვებდითო? ჩემმა ვაჟმა სცენაზე ტურნირის ან მატჩის გამარჯვებული მნახოს-მეთქი. მაშინ ჩემი ვაჟი 6 თვის იყო. 2004 წლის დეკემბერში რუსეთის ჩემპიონატი რომ მოვიგე, ოქროს მედალი სცენაზე ამოსულ ჩემს 8 წლის ვაჟს ჩამოვკიდე. იმ მომენტში გავიფიქრე - ბოლო ოცნებაც ავისრულე, კიდევ თუ დარჩა რამე-მეთქი? აი, სწორედ მაშინ გადაწყდა ჩემი საჭადრაკო კარიერის ბედი. ბოლო ტურნირი ლინარესში ვითამაშე, იქაც გავიმარჯვე და... თუმცა ჭადრაკიდან საბოლოოდ მაინც არ წავსულვარ, რადგან ვწერ წიგნებს, ვკითხულობ ლექციებს, ამერიკაში ვმეთვალყურეობ სამ ათასზე მეტ სკოლას, სადაც თანამოაზრეებთან ერთად შექმნილი პროგრამებით ვასწავლით ჭადრაკს და ამ საქმისთვის სპონსორები უამრავ თანხას ხარჯავენ.

- ზურაბ აზმაიფარაშვილი ილუმჟინოვის გუნდის წევრია, თქვენ კი კარპოვს უჭერთ მხარს. ზურაბთან მეგობრობაში ეს ხელს არ შეგიშლით?

- მე და ზურაბს იმდენი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს, ამ ურთიერთობას თანამდებობებს ვერ ვანაცვალებთ. 1987-93 წლებში მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ბრძოლებში იგი მედგა გვერდით და ეს მოხდა დედაჩემის რჩევით. ჩვენ კავკასიელები ვართ და სულ სხვა ჟინი გვაქვს სისხლში, სხვაგვარი მეგობრობა და დანდობა ვიცით. მაშინ, როცა მთელი საბჭოთა კავშირი კარპოვისთვის მუშაობდა, მასთან გასამარჯვებლად აზმაიფარაშვილის მსგავსი ადამიანების თანადგომა მჭირდებოდა, ამიტომაც გაიზარდა 90-იან წლებში ჩვენი გუნდი ქართველებით. გახსოვთ, ალბათ, გია გიორგაძე დავიმატეთ, მერე სხვებიც შემოგვიერთდნენ. ყველას მადლობელი ვარ... ან ქართველ მოჭადრაკე ქალებთან ურთიერთობას რა დამავიწყებს?! 1976 წელს თბილისში ახალგაზრდა მოჭადრაკეთა საკავშირო პირველობა გაიმართა. მაშინ მე და მაია ჩიბურდანიძემ გავიმარჯვეთ. 1980 წელსაც ერთად ვიყავით მალტის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე. ასე ვთქვათ, კარპოვის ნაკრებში დებიუტანტი ვიყავი და უფრო მეტ დროს ქართველ ქალთა ნაკრებთან ვატარებდი. მაშინ მაია ჩიბურდანიძე, ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია და ნანა იოსელიანი ჩემპიონები გახდნენ. ამ ადამიანებისგან დიდ სიახლოვესა და სითბოს ვგრძნობდი.

- ქართველი მოჭადრაკე ქალები ვაჟებზე ბევრად მეტ წარმატებას აღწევენ. როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს ამას?

- ევროპაში სხვაგვარად მეკითხებიან: ჩვენი ქალები ვაჟების დარად რატომ ვერ თამაშობენო. ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა შეუძლებელია. ბევრი რამ საზოგადოებრივ-სოციალურ ფაქტორებთანაა დაკავშირებული. საქართველოს სინამდვილეში უმნიშვნელოვანეს პირობად გასული საუკუნის 60-ან წლებში ნონა გაფრინდაშვილს გამოჩენა მიმაჩნია. მან მისცა სტარტი ქალთა ჭადრაკის განვითარებას. ხომ მეთანხმებით, რომ ყველა ოჯახში ცდილობდნენ, თავიანთი ქალიშვილი ნონას გზით ეტარებინათ. რაც თქვენს ჭადრაკს ვადევნებ თვალს, ბოლო დროს ქალებთან ერთად ვაჟებიც წარმატებით გამოდიან საერთაშორისო ასპარეზზე. კარგი ახალგაზრდობა მოდის და იმედია, ისინი ხანტი-მანსიისკში თავიანთ სათქმელს იტყვიან...

კასპაროვის არ იყოს, ჩვენც ამის იმედი გვაქვს. საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრები გუნდების წევრთაგან ზოგი თბილისში ინდივიდუალურად ემზადება, ზოგიც წარმატებით გამოდის უცხოეთის საერთაშორისო ტურნირებზე. ხანტი-მანსიისკში გამგზავრების წინ კი კიდევ ერთხელ გაივლიან საწვრთნელ შეკრებას ბაზალეთზე და გვწამს, რომ მსოფლიოს საჭადრაკო ოლიამპიადაზე მეტოქეებსაც გაუსწორდებიან ჩვენებურად, ქართულად...

ბელინგემმა ვარჯიში დაიწყო - "რეალი" აჩქარებას არ აპირებს
რასპადორი "ატლეტიკოს" ფეხბურთელია
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
"გვარდიოლა ამ ფეხბურთელის დამატებაზე ოცნებობს" - ფაბრიციო რომანო
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა