გია მაჭავარიანმა და ირაკლი თურმანიძემ ევროპის ჩემპიონატზე სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო დაისაკუთრეს

ყაზანში (რუსეთი) გუშინ დამთავრდა ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოდან მხოლოდ ორი სპორტსმენი მონაწილეობდა - გია მაჭავარიანი (105 კგ) და ირაკლი თურმანიძე (+105). სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო - ასეთია ჩვენი ბიჭების რუსული მონაგარი. არადა, მსოფლიოს და ევროპის პირველობებზე აქამდე მედლები არასდროს მოუპოვებიათ.

შაბათს ფიცარნაგზე მაჭავარიანი გავიდა. სტარტზე 180 კილოგრამი აიტაცა, მერე 183 კილოგრამიც დაძლია. 185-კილოგრამიანი შტანგითაც მოძრაობა უნაკლოდ შეასრულა, მაგრამ მსაჯებმა რატომღაც არ ჩაუთვალეს. ეტყობა, მასპინძლებმა თავი დაიზღვიეს, რადგან მათს მთავარ იმედს, 94 კილოში პეკინის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანსა და მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორ ჰაჯიმურატ აკაევს, რომელმაც 105 კილოში გადმოინაცვლა, 185 კგ დაძლეული კი ჰქონდა, მაგრამ შეკვეთილ 190 კილოს თუ ვერ მოერეოდა, პირადი წონით მაჭავარიანთან მცირე ოქროს მედალს დათმობდა. შეჯიბრების ორგანიზატორთა საბედნიეროდ, აკაევი 190 კილოს იოლად გაუმკლავდა, აი, 195-ში კი არაპროფესიონალთათვისაც შესამჩნევი შეცდომა დაუშვა, თუმცა არბიტრებმა წონა მაინც ჩაუთვალეს, რაზეც თვით რუსმა ტელეკომენტატორმაც ვერ შეიკავა თავი - მაშ, მაჭავარიანმა რაღა დააშავაო, დააყოლა.

მასპინძლების წინასწარი განაცხადიდანაც ჩანდა, რომ ოქრო-ვერცხლი თავისთვის ჰქონდათ მონიშნული, მაგრამ ისინი რომან კონსტანტინოვმა დააღალატა - საწყისი 180 კილო ვერ დაძლია და ჩემპიონატს დაემშვიდობა. ატაცში მცირე ოქრო აკაევს ხვდა, ვერცხლი - მაჭავარიანს, ბრინჯაო - ბელარუს მიხაილ ავდიევს (181 კგ).

აკვრაში ქართველმა ძალოსანმა იოლად დაძლია 214 და 217-კილოიანი შტანგები. მესამე ცდისას 221 კილოზე მიიტანა იერიში. თითქოს მიზანთანაც ახლოს იყო, მაგრამ მკერდიდან შტანგის აკვრას მოერიდა. ამ დროისთვის მას ორჭიდში ვერცხლი გარანტირებული ჰქონდა, ოქროს მაინც ვერ შესწვდებოდა, ამიტომ, ეტყობა, ზედმეტ რისკს და შესაძლო ტრავმას მოერიდა. ამ მოძრაობაშიც ოქრო აკაევმა (230 კგ) დაისაკუთრა, ვერცხლი - მაჭავარიანმა (217), ბრინჯაო - პოლონელმა ბართლომეი ბონკმა (214). სხვათა შორის, ორჭიდში ადგილებიც ასეთი თანმიმდევრობით განაწილდა: 1. აკაევი - 425 (195+230), 2. მაჭავარიანი - 400 (183+217), 3. ბონკი - 394(180+214).

26 წლის გია მაჭავარიანი ხარაგაულშია დაბადებული, ამჟამად ქობულეთში ცხოვრობს და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ავთანდილ გახოკიძე ავარჯიშებს. 2007 წელს მან მძიმე ტრავმა გადაიტანა. ამის მიუხედავად, 2008-2009 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე მე-8 ადგილი დაიკავა, ხოლო შარშანწინდელ კონტინენტის პირველობაზე მეექვსე იყო. საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რამაზ გურგენიძემ მითხრა, რომ მაჭავარიანს წლეულს საფრანგეთში მსოფლიოს ჩემპიონატზეც შეუძლია მედლებისთვის ბრძოლა...

გუშინ ყაზანის ფიცარნაგზე ძალები მძიმეწონოსნებმა მოსინჯეს. მასპინძლებისთვის ეს დღეც ცუდად დაიწყო - მედლის უპირველესმა კანდიდატმა, მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორმა, ორჭიდში 440 კილოგრამით ევროპის შარშანდელმა ჩემპიონმა ევგენი ჩიგიშევმა ატაცში საწყისი 195 კილო ვერ დაძლია და ასპარეზობას ჩამოშორდა. თავიდან ვერც დმიტრი ლარიკოვმა იყოჩაღა - სამიდან ერთი ცდა გამოიყენა მხოლოდ - 192 კილოგრამი, რამაც რუსს მცირე ვერცხლი მოუტანა. ოქრო 195 კილოთი უკრაინელ იჰორ შიმეჩკოს ერგო. მესამე ადგილზე საქართველოს ნაკრების წევრი ირაკლი თურმანიძე გავიდა. მან სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა (180, 185, 188 კგ). აკვრაში კი 214 და 218-კილოგრამიანი შტანგები დაიმორჩილა, ორჭიდში 406 კილოგრამი მოაგროვა და მე-6 ადგილზე გავიდა. საგულისხმოა, რომ შარშან ანტალიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგი 6 კილოგრამით გააუმჯობესა. ერთი სიტყვით, წინსვლა აქაც არის, რაც სამომავლოდ გვეიმედება.

მძიმე წონაში საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: 1. დმიტრი ლარიკოვი (რუსეთი, 192+227=419), 2. იჰორ შიმეჩკო (უკრაინა, 195+217=412), 3. ჯირი ორშაგი (ჩეხეთი, 184+226=410)... 6. ირაკლი თურმანიძე (საქართველო, 188+218=406).

აღსანიშნავია, რომ ორივე ქართველი სპორტსმენი პირველი თებერვლიდან დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე იმყოფებოდა საწვრთნელ შეკრებაზე. სანიმუშო სავარჯიშო პირობებმა და ნაკრების თავკაცად ცნობილი სპეციალისტის, ოლიმპიურ ჩემპიონების აღმზრდელ ვანო გრიქუროვის დაბრუნებამ ქართულ ძალოსნობას უკვე მოუტანა სასურველი შედეგები. იმედია, მომავალშიც ასე იქნება.

ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა