საქართველოს ნაკრებისა და "ვოლგას" 29 წლის მცველი რუსეთში გატარებულ წლებზე საუბრობს
ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს ნაკრების 29 წლის მცველთან ლაშა სალუქვაძესთან ინტერვიუ გამოქვეყნდა. ყაზანის "რუბინის" ყოფილი ფეხბურთელი ომარ თეთრაძის გუნდს სეზონის წინ შეემატა და რუსეთის პრემიერლიგის პირველ ხუთ ტურში საკმაოდ შთამბეჭდავად გაისარჯა - ჩვენებური ტურის სიმბოლურშიც მოხვდა.

ქართველ მცველს "სოვეტსკი სპორტ ვ ნიჟნე"-ს კორესპონდენტი ნინა შუმილოვა ესაუბრა. სტატიას უცვლელად გთავაზობთ.

"ვოლგას" ახალწვეულ ლაშა სალუქვაძესთან საუბარი ყველაფერზე შეიძლება, გარდა პოლიტიკისა. უნივერსალური მცველი მრავალი წელია რუსეთში თამაშობს და მას კარგად მოეხსენება აქაურ ჩემპიონატში ქართველ ფეხბურთელების ადაპტაციის სპეციფიკა.

ჩვენი დოსიე:

ლაშა სალუქვაძე დაიბადა 1981 წლის 21 დეკემბერს. სიმათლე - 185 სმ. წონა - 84 კგ. თბილისური საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. თამაშობდა "ლოკომოტივსა" და "დინამოში" (ორივე - თბილისი), შემდეგ "რუბინში" (ყაზანი). ყაზანურ კლუბში გატარებული ექვსი სეზონის განმავლობაში მან 91 მატჩში ითამაშა და ორი გოლი გაიტანა. "რუბინის" შემადგენლობაში რუსეთის ჩემპიონი ორჯერ (2008 და 2009 წლებში) და ერთხელ ბრინჯაოს პრიზიორი (2010) გახდა. ლაშა რუსეთის თასის (2008/2009) ფინალისტია. არის თანამეგობრობის თასისა (2010) და რუსეთის სუპერთასის (2010) მფლობელი.

ლაშა საქართველოს ნაკრების წევრია. ეროვნულ გუნდში მისი დებიუტი 2004 წელს შედგა. ითამაშა 25 მატჩში, მათ შორის შვიდი ევრო-2008-ის შესარჩევ ციკლში.

- ლაშა, რა არის ის, რითაც ქართული ფეხბურთი სხვისგან გამოირჩევა?

- რამდენადაც ქართველი ფეხბურთელები ვარჯიშზე მეტწილად ბურთთან მუშაობენ (საქართველოს საფეხბურთო სკოლებში უბურთოდ სირბილი დიდი იშვიათობაა), მოედანზეც ძირითადად ტექნიკურ ფეხბურთს აჩვენებენ. ჩვენ ქვეყანაში, როგორც მთელ მსოფლიოში, ფეხბურთი ნომერ პირველი სპორტია. რა თქმა უნდა, საფეხბურთო ინფრასტრუქტურა უკეთესის სურვილს ბადებს და ვერც ეროვნული პირველობაა სათანადო დონის, თუნდაც რუსეთის ჩემპიონატთან მიმართებაში, მაგრამ სახელმწიფო ფეხბურთის განვითარებისთვის სულ უფრო ზრუნავს და იმედი მაქვს, საქართველოში ამ მხრივ ყველაფერი კარგად ძალიან მალე იქნება.

- რატომაა, რომ ქართველი ფეხბურთელები, იმის მაგივრად, რომ საკუთარი ჩემპიონატის დონე აამაღლონ, სხვა ქვეყნებში ლეგიონერობას არჩევენ?

- იმიტომაც მიდიან საზღვარგარეთ, რომ ჯერ-ჯერობით საქართველოში არაა ისეთი პირობები, როგორიც ევროპაშია. მაღალ დონეზე თამაში კი ყველას სურს. როგორც კი ფეხბურთელი ოსტატობის გარკვეულ დონეს აღწევს, კლუბი მის გაყიდვაზე ზრუნვას იწყებს. პერსპექტიული ფეხბურთელები კი საქართველოში ყოველთვის მრავლად არიან.

- თქვენ როდის დატოვეთ სამშობლო?

- თავიდან თბილისის "ლოკომოტივში" ვთამაშობდი, შემდეგ თბილისის "დინამოში". "ზენიტთან" ამხანაგურ მატჩში ყაზანის "რუბინის" მთავარმა მწვრთნელმა ყურბან ბერდიევმა შემამჩნია. შემდეგ ყაზანური კლუბიდან "დინამოში" დარეკეს, ჩემი შეძენის სურვილი გამოთქვეს და გარიგებაც შედგა. ვფიქრობ, "რუბინის" ჩემით დაინტერესება ყაზანურ კლუბში მანამდე კიდევ ერთი ქართველი მცველის - ლევან სილაგაძის კარგი თამაშით იყო განპირობებული.

- ყაზანში გამგზავრებისას რუსულად საუბრობდით?

- არა, მაშინ რუსეთში პირველად აღმოვჩნდი და ერთი სიტყვაც არ ვიცოდი რუსულად. მგონი თქვენ ენას სათანადოდ ახლაც ვერ ვფლობ.

- აშკარად თავმდაბლობთ. რაც შეეხება რუსეთის პრენიერლიგაში თქვენს პირველ სეზონს, ენის ცოდნის გარეშე როგორ გაბედეთ უცხო ქვეყანაში გადაბარგება?

- პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ რუსეთი ჩვენთვის უცხო ქვეყანა არაა. უბრალოდ, ენასთან დაკავშირებით თავიდან გამიჭირდა, სამი-ოთხი თვის შემდეგ სხვების საუბარს ვიგებდი, ერთი წლის შემდეგ კი უკვე თავადაც ავლაპარაკდი.

მეორეც, "რუბინში" იმხანად გიორგი ქინქლაძე თამაშობდა. მომდევნო წელს კი გუნდში ნუკრი რევიშვილი, ზურაბ არზიანი და მიხეილ აშვეთიაც მოვიდნენ და ამრიგად, გვერდით თანამემამულე ყოველთვის მყავდა. მათი წყალობით, ვარჯიშებსა თუ ყოველდღიურ ყოფაში ენის პრობლემა არ მექმნებოდა.

- "რუბინში" ქართველების გარდა სხვა ქვეყნის ლეგიონერებიც იყვნენ. ეროვნული ნიშნით განსხვავება ურთიერთობებში თუ იგრძნობოდა?

- არა. ჩვენ ერთი ოჯახივით ვიყავით - ყველა ერთად! ძალიან მეგობრული გუნდი გვყავდა - არავითარი განსხვავება რუსსა და სხვა ქვეყნის შვილს შორის! ეს ყველაფერი "რუბინის" შედეგებზეც აისახა. ორჯერ ქვეყნის ჩემპიონები გავხდით.

- "ქართული დიასპორა" ამ სეზონში "ვოლგაში" შეიკრიბეთ.

- ჩემი ყოფილი თანაკლუბელები ამის გამო ხუმრობენ: ნიჟნი ნოვგოროდში წავიდა და თავი საქართველოში ამოჰყოო. ეს რა თქმა უნდა ხუმრობაა. ოთარ მარცვალაძე და გოჩა ხოჯავა, რომლებიც "ვოლგაში" წინა სეზონშიც თამაშობდნენ, ახალ გარემოსთან შეგუებაში მეხმარებიან. თუმცა, აღარც ის ყმაწვილი ვარ, ექვსი წლის წინ ყაზანში რომ ჩავედი. ამჯერად ადაპტაციასთან დაკავშირებით პრობლემა საერთოდ არ მქონია.

- "ვოლგას" ქართველი ფეხბურთელები სხვებისგან განცალკევებულები ხართ?

- არა, რატომ?! რა თქმა უნდა, ჩვენ შორის უფრო ახლო ურთიერთობაა - ოჯახებით ვმეგობრობთ, ყოველდღიურად ვხვდებით ერთმანეთს (ვარჯიშებს არ ვგულისხმობ), მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელია და ყველა ერთმანეთს ჯერ კიდევ არ ვიცნობთ.

- "ვოლგაში" გადმოსვლამდე რა იცოდით ომარ თეთრაძეზე?

- ვიცოდი, რომ თავის დროზე ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო. რუსეთის ნაკრებში თამაშობდა. ერთმანეთი 2006 წელს გავიცანით, როდესაც ის სამარის "კრილია სოვეტოვში" მწვრთნელად მუშაობდა.

მან დაამტკიცა, რომ კარგი სპეციალისტია. მისი ხელმძღვანელობით "ანჟი" პირველი დივიზიონის გამარჯვებული გახდა, შემდეგ იმავე წარმატებას "ვოლგასთან" ერთად მიაღწია, რაც იოლი სულაც არაა. თეთრაძე - ახალგაზრდა მწვრთნელია და პროფესიული კუთხით ყველაფერი კარგად მისდის. ვნახოთ რა იქნება მომავალში.

- როდესაც "ვოლგაში" გიწვევდნენ, ძირითადში გარანტირებულ ადგილს გპირდებოდნენ?

- არა, რა თქმა უნდა. ყოველ ვარჯიშზე, ყოველ თამაშში უნდა დაამტკიცო, რომ ძლიერი ხარ. წარსულ მიღწევებს არავინ უყურებს. ის, თუ სად და როგორ ბრწყინავდი, ისტორიაა, მაღალ დონეზე თამაში კი აწმყოშია საჭირო.

- ამ ზამთარს "რუბინიდან" ნებისმიერ გუნდში გადასვლაზე თანახმა იყავით, თუ მხოლოდ "ვოლგაში"?

- იყო მოწვევა თურქეთიდან და უკრაინიდან, მაგრამ მე თამაში რუსეთში მსურდა. "რუბინში" დარჩენა? შეიძლებოდა ასეც მომხდარიყო, რადგან ამ კლუბთან კონტრაქტი დასრულებული არ მქონდა. უბრალოდ, წინა სეზონში თამაში ნაკლებად მიწევდა და ახალ სეზონშიც იმავე პერსპექტივას ვხედავდი. საქართველოს ნაკრებში თამაშზე უარის თქმას არ ვაპირებდი, მაგრამ კლუბში სათამაშო პრაქტიკის გარეშე დარჩენილს ეროვნულ გუნდში წასვლა არ მინდოდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გუნდის გამოცვლა.

"რუბინმა", როგორც ფეხბურთელს და როგორც ადამიანს, ბევრი მასწავლა, მაგრამ ცხოვრებაში სხვადასხვა ვითარება იქმნება. მადლობა მთავარ მწვრთნელ ყურბან ბეკიევს, რომელმაც ჩემი არგუმენტები მიიღო და გამომიშვა.

- ანუ, "რუბინის" ხელმძღვანელობას კარგად დაცილდით?

- რა თქმა უნდა. ყოველთვის ვუქომაგებ "რუბინს".

- "ვოლგასთანაც" კი?

- ოღონდ "ვოლგასთან" - არა!

- "რუბინის" რომელიმე მოთამაშესთან ურთიერთობას აქამდე თუ ინარჩუნებთ?

- კი, იქ ბევრი მეგობარი მყავს. ხშირად მაქვს კონტაქტი კასაევთან და ბისტროვთან...

- იცით, რომ ბისტროვი ნიჟნინოვგოროდელია?

- ვიცი. როდესაც "ვოლგაში" გადმობარგებისთვის ვემზადებოდი, მან ბევრი მიამბო ამ ქალაქზე. დამარწმუნა, რომ ნიჟნი ნოვგოროდი დიდი და თანამედროვე ქალაქია, სადაც ნორმალური ადამიანები ცხოვრობენ და ბევრი რესტორანია (იცინის).

- ნიჟნი ნოვგოროდში დარჩენას დიდი დროით აპირებთ?

- რა იქნება მომავალში, მხოლოდ უფალმა უწყის. კლუბთან კონტრაქტი სამი წლით მაკავშირებს. ვნახოთ. სხვათა შორის, თავიდან "რუბინთანაც" მხოლოდ სამწლიანი კონტრაქტი გავაფორმე, მაგრამ შემდეგ კიდევ ოთხი წლით გავახანგრძლივე...

მომზადებულია fcvolgann.ru-ის მიხედვით

"უდინეზეში" გოგლიჩიძის დებიუტი შედგა - მისი გუნდი 1/16-ფინალში გავიდა
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია