იტალიის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში მილანის "ინტერმა" "რომა" სტუმრად სტანკოვიჩის ერთადერთი გოლით დაამარცხა

მას შემდეგ, რაც "ინტერმა" სკუდეტოს მოპოვების შანსი დაკარგა და კიდევ უფრო ადრე ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა, მილანური გრანდის მწვრთნელ-ფეხბურთელებმა იტალიის თასის მოგება დაისახეს მიზნად. ეს არც თუ პრესტიჟული ტროფეი პრიორიტეტული გახდა "ინტერისტებისთვის" და შესაბამისად, რომშიც დიდი მოტივაციით ჩავიდნენ.

დაახლოებით ანალოგიურ ვითარებაშია "ჯალოროსიც", გამოუსწორებელი ოპტიმისტების გარდა აღარავის სჯერა, რომ "რომა" ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს, ამიტომ, თუ რამე აქვთ დედაქალაქელებს საბრძოლველი, სწორედ თასი გახლავთ. მოკლედ, "სტადიო ოლიმპიკოზე" ერთობ პრინციპული მატჩი გაიმართა, რომლის შედეგსაც ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. აქვე ვთქვათ, რომ იტალიის თასის ნახევარფინალური ეტაპი ორი მატჩისგან შედგება და გუნდებს განმეორებითი შეხვედრა უკვე "ჯუზეპე მეაცაზე" ელით. რაც შეეხება პირველ პაექრობას, ქვემოთ ვრცლად ვისაუბროთ...

შეხვედრა დიდი ვერაფერი სანახავი გამოდგა და მომენტებიც თითზე ჩამოსათვლელი შეიქმნა. პირველი ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც დეიან სტანკოვიჩმა მეტოქის კარის ბადე შეარხია, მაგრამ არბიტრმა სერბზე თამაშის წესის დარღვევა დააფიქსირა. დეიანმა თავისი გასატანი მაინც გაიტანა, მაგრამ იქამდე მირკო ვუჩინიჩს ჰქონდა ანგარიშის გახსნის შესანიშნავი შანსი. მარკო ბორიელოს ზუსტი გადაცემის შემდეგ, ჩერნოგორიელი ვალდებული იყო კარში გადაეგზავნა ბურთი, მაგრამ არაზუსტად დაარტყა და შემდეეგ თავშიც შემოიერტყა ხელები. ერთადერთი გოლი კი პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე გავიდა, სტანკოვიჩმა საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო ბურთი, უძლიერესად დაარტყა და ალეშანდრე დონის კარის ცხრიანი დალაშქრა, 0:1.

მეორე ტაიმში თამაშის სცენარი არ შეცვლილა - გუნდებმა რამდენიმე ნახევარმომენტი შექმნეს, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. "ინტერი" რომ ნაკლებად აქტიური იყო ანტრაქტის შემდეგ, ანგარიშიდან გამომდინარე სრულიად გასაგებია, აი "ჯალოროსის" ინერტულ თამაშს კი ახსნა არ აქვს. თუმცა, შეიძლება ეს ყველაფერი ფრანჩესკო ტოტის არყოფნამ გამოიწვია, რომელმაც დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა პრინციპული პაექრობა.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ დანაკლისი "ინტერსაც" ჰქონდა - ტრავმის გამო, რომში ჩასვლა გუნდის საუკეთესო შემტევმა, სამუელ ეტოომ ვერ მოახერხა. ასეა თუ ისე, "ინტერმა" გასვლითი გამარჯვება მოიპოვა და დიდი ნაბიჯი გადადგა იტალიის თასის ფინალში გასასვლელად, სადაც შესაძლოა თანაქალაქელ "მილანთან" მოუწიოს დაპირისპირება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ მასიმილიანო ალეგრის გუნდი "პალერმოს" ბარიერს გადალახავს.

აქვე ვთქვათ, რომ იტალიის თასის გათამაშებას უკვე შვიდი წელია ისე არ ჩაუვლია, რომ "ინტერი" და "რომა" ერთმანეთს არ დაუპირისპირდნენ. გასულ წელს, ამ გუნდების ჯახი ფინალურ შეხვედრაში შედგა და მაშინ, გამარჯვება მილანურმა გრანდმა მოიპოვა. "ნერაძური" ამჯერადაც ახლოს არის წარმატებასთან, თუმცა გუნდის მთავარი მწვრთნელი ფრთხილ კომენტარს აკეთებს:

"ეს ის შემთხვევა გახლდათ, როდესაც მეტოქისთვის პირველ რიგში ფსიქოლოგიურ ასპექტში უნდა გვეჯობნა. ჩვენი არ იყოს, არც "რომას" ულხინს და ამიტომ, ენთუზიამს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. მაქსიმალურად შევეცადე, რომ ფეხბურთელები მოტივირებული ყოფილიყვნენ და ეს გამომივიდა კიდეც.

განსაკუთრებულად კარგად დეიან სტანკოვიჩმა და გორან პანდევმა ითამაშეს, პირველმა ფანტასტიკური გოლი გაიტანა, მეორე კი მთელი 80 წუთის განმავლობაში არ გაჩერებულა და დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა. ანგარიშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი რაუნდია დუელის და ამიტომ, მოდუნება არაფრისდიდებით არ შეიძლება. "რომას' ორი ბურთის სხვაობით არაერთხელ მოუგია "ჯუზეპე მეაცაზე" და კარგად ვიცით, რომ ამ გუნდს რთული მდგომარეობიდან შეუძლია გამოძრომა. ამიტომ, სრული კონცენტრაცია გვმართებს, რომ მოპოვებული უპირატესობა თუ არ გავზარდოთ, შევინარჩუნოთ მაინც".

აი, ასეთი ფრთხილი კომენტარი გააკეთა ლეონარდომ, რამაც გულშემატკივართა ნაწილში საკმაოდ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ბრაზილიელმა მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნებაზე გაამახვილა ყურადღება, არადა, მილანელებს განმეორებითი პაექრობა საკუთარ მოედანზე უწევთ. ხავიერ ძანეტის თქმით, ამ გამარჯვებით ღირსეული პასუხი გასცეს ყველა იმ კრიტიკოსს, რომლებსაც "ინტერი" და ლეონარდო ამოჩემებული ჰყავს. არგენტინელის თქმით, ლეო უდიდესი მოცულობის სამუშაოს ასრულებს და ეს აუცილებლად ყველამ უნდა დააფასოს.

"რომას" თავკაცი მიიჩნევს, რომ შეხვედრის ბედი ერთმა ეპიზოდმა გადაწყვიტა და "ინტერი" დიდწილად იღბალს უნდა უმადლოდეს მოპოვებულ გამარჯვებას. მოვუსმინოთ ვინჩენცო მონტელას: "როდესაც შენი გუნდი ასეთ, ფაქტობრივად კურიოზულ გოლს გაუშვებს, ძნელია მარცხის მიზეზებზე ისაუბრო. ვფიქრობ, რომ ცუდად არ გვიასპარეზია, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ვცოდავდით და ამ კომპონენტზე ნამდვილად სამუშაო გვაქვს. "ინტერმა" ბევრი ვერაფერი შექმნა ჩვენ კართან, მაგრამ მიუხედავად ამისა, გამარჯვება იზეიმა. თუმცა, საზეიმოდ მხოლოდ მაშინ ექნებათ საქმე, თუ ორმატჩიან დუელში დაგვამარცხებენ და მინდა ყველამ იცოდეს, რომ მილანში მოსაგებად მივდივართ".

მონტელამ იღბალს და კურიოზულ გოლს დააბრალა მარცხი, თუმცა ერთი კი დაავიწყდა, რომ კარში სწორედ მისი ინიციატივით დგას ალეშანდრე დონი და არა ჟულიო სერჟიო. სწორედ ეს უკანასკნელი იყო ძირითადი კიპერი და მას შემდეგ, რაც გუნდს მონტელა ჩაუდგა სათავეში, არჩევანი დონიზე შეაჩერა. განცხადებაც კი გააკეთა, კარში ალეშანდრე დადგება, რადგან ვფიქრობ, რომ ჟულიოზე უკეთესი კიპერიაო. არადა, ბოლო შეხვედრებში დონი არც თუ დამაჯერებლად ასპარეზობს და აგერ, სტანკოვიჩისგან პრაქტიკულად 35 მეტრიდან გაუშვა გოლი - მართალია, დარტყმა უზუსტესი იყო, მაგრამ არც ისეთი ძლიერი, რომ ამ დისტანციიდან დარტყმულ ბურთზე რეაგირება ვერ მოესწრო.

ბოლოს დავძინოთ, რომ განმეორებით შეხვედრა ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე 11 მაისს გაიმართება.

რომა-ინტერი 0:1

რომა (4-3-1-2): დონი - კასეტი (79. როზი), ჟუანი, ნ. ბურდისო, რიისე - პისარო, დე როსი, პეროტა (72. სიმპილისიო) - ტადეი - ვუჩინიჩი, ბორიელო (63. მენეზი).

ინტერი (4-3-2-1): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, რანოკია, ნაგატომო - ძანეტი, კამბიასო, სტანკოვიჩი (90. მარიგა) - სნეიდერი, პანდევი (82. ობი) - მილიტო (76. პაცინი).

გოლი: 0:1 სტანკოვიჩი (45).

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა