იტალიის თასი. 1/2 ფინალი: "მილანი" საკუთარ კედლებში სიცილიურ გუნდთან მხოლოდ ფრეს გამორჩა, რითაც მდგომარეობა გვარიანად გაირთულა
იტალიის თასის პირველ ნახევარფინალურ პაექრობაში "ინტერმა" "რომას" სძლია გასვლაზე და დიდი ნაბიჯი გადადგა ფინალში გასავლელად. მეორე ფინალისატის ვინაობა "მილანი"-"პალერმოს" დუელში უნდა გამოვლინდეს, ანუ, არის შანსი, რომ ტურნირის გადამწყვეტ პაექრობაში მილანური დერბი ვიხილოთ.

"ინტერი" რომ ახლოს არის ფინალთან, უკვე ვთქვით, აი, "მილანი" კი მხოლოდ ფრეს გამორჩა საკუთარ კედლებში სიცილიურ გუნდთან და გვარიანად გაირთულა მდგომარეობა.

"მილანი"-"პალერმო" 2:2

"მილანი" (4-3-1-2): ამელია - ოდო, ტიაგო სილვა, პაპასტატოპულოსი, ანტონინი - პირლო, ფლამინი, ბოატენგი (81. გატუზო) - ზეედორფი (58. ემანუელსონი) - კასანო (63. რობინიო), იბრაჰიმოვიჩი.

პალერმო (4-3-2-1): სირიგუ - კასანი, გოიანი, ბოვო, ბალცარეტი - მილიაჩო, ნოჩერინო, აკვა - პასტორე (86. მიკოლი) - პინილია (46. ილიჩიჩი), ერნანდესი.

გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (4), 1:1 პასტორე (14), 1:2 ერნანდესი (53), 2:2 ემანუელსონი (76).

მასიმილიანო ალეგრიმ იმ ფეხბურთელებს მისცა თავის გამოჩენის საშუალება, რომლებსაც სერია A-ში მეტწილად სათადარიგოთა სკამზე უწევთ ჯდომა.

"როსონერის" კარს მარკო ამელია იცავდა, რომელიც უალტერნატივო გახლავთ, რადგან კრისტიან აბიატი ტრავმირებულია. დაცვის მარჯვენა ფრთაზე მასიმო ოდო გამოჩნდა, მარცხნივ კი ლუკა ანტონინი. ბოლო დროს, აქცენტი ჯანლუკა ძამბროტაზე კეთდება და ლუკას თასზე მიეცა თავის გამოჩენის საშუალება. ძირითად შემადგენლობაში იყო ანდრეა პირლო, რომელსაც დიდი დრო გაუცდა ტრავმის გამო და მხოლოდ სერია A-ს გასულ ტურში დაუბრუნდა მოედანს.

შეტევის წინა ხაზზე ზლატან იბრაჰიმოვიჩის და ანტონიო კასანოს ტანდემი ვიხილეთ, ერთი დისკვალიფიცირებულია და არად არგია გუნდს, მეორე კი შეცვლებზე თუ თამაშობს. მოკლედ, ალეგრიმ გადაახალისა შემადგენლობა და არც გაემტყუნება, სეზონის ფინიშია და ძირითადის უცვლელი წევრები დასვენებას საჭიროებენ.

სამაგიეროდ, დელიო როსიმ დააყენა ძირითადი შემადგენლობა და ესეც სრულიად ბუნებრივია - სიცილიელები სერია A-ში უმოტივაციოდ არიან დარჩენილნი და თუ თასის გათამაშებაში გაიმარჯვეს, სეზონიც წარმატებულად ჩაითვლება. ამიტომ, "პალერმო" სრული სერიოზულობით მოეკიდა სათასო პაექრობას და სასურველ რეზულტატსაც მიაღწია. დიახ, 2:2 ის შედეგია, რომელიც, შესაძლოია, დამშვიდების საფუძველს არ იძლევა, მაგრამ უპირატესობას სწორედ კუნძულელებს აძლევს.

შეხვედრა მილანელთა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა, მაგრამ ისე მოხდა, რომ შედეგზე ეს ნაკლებად აისახა. არადა, თამაში მასპინძელთათვის იდეალურად დაიწყო - მეოთხე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც მასიმო ოდომ საჯარიმოში ჩააწოდა, ზლატან იბრაჰიმოვიჩს დაასვა ბურთი ფეხზე და ამ უკანასკნელმა ერთი შეხებით გადაგზავნა მეტოქის კარის ბადეში, 1:0.

სიცილიელები არ აირივნენ და ანგარიში მალევე გაქვითეს - პინილიას შესანიშნავი გადაცემის შემდეგ, ხავიერ პასტორე მეტოქის საჯარიმოში აღმოჩნდა და უზუსტესი დარტყმით მარკო ამელია უშანსოდ დატოვა, 1:1. პირველ ტაიმში კიდევ არაერთი მომენტი შეიქმნა, უმეტესობა სიცილიელთა კართან, თუმცა მათი აღწერისგან თავს არ შეგაწყენთ. მხოლოდ ის აღვნიშნოთ, რომ იბრაჰიმოვიჩი დარჩა სალვატორე სირიგუსთან პირისპირ და იმის მაგივრად რომ კარში დაერტყა, რატომღაც კევინ პრინც ბოატენგისთვის გადაცემის გაკეთება განიზრახა - პასი ცუდი გამოვიდა და მომენტიც გაცუდდა.

მეორე ნახევრის სტარტზე კი სტუმრებმა მეორე გოლი გაიტანეს და ვითარება უკიდურესად დაიძაბა. 53-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ხავიერ პასტორემ სოკრატის პაპასტატოპულოსს იოლად აუარა გვერდი და საჯარიმოში შეჭრილ ერნანდესს დაფარული პასი გაუკეთა, ამ უკანასკნელის დარტყმული კი უზადო გამოდგა, 1:2. გაშვებული გოლიდან რამდენიმე წუთში, ალეგრიმ ურბი ემანუელსონი ჩართო თამაშში, რომელმაც საბოლოო რეზულტატი დააფიქსირა - სიცილიელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ძლიერი დარტყმით, მეკარისაგან შორეულ კუთხეში მოათავსა ბურთი, 2:2.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მასიმილიანო ალეგრიმ ოპტიმისტური განცხადებები გააკეთა: "მთავარი იყო, რომ არ წაგვეგო, რათა მომდევნო შეხვედრის წინ ფინალში გასვლის კარგი შანსი შეგვენარჩუნებინა - ეს შევძელით და მთლიანობაში, კმაყოფილი ვარ. დაცვაში ნამდვილად გვქონდა გარკვეული ხარვეზები, მაგრამ ეს არ გამკვირვებია, რადგან ოთხიდან სამი უკანახასზელი მეტწილად თადარიგში ზის. მიუხედავად ამისა, ურიგოდ არ უასპარეზიათ და საერთოდაც, მიმდინარე სეზონში დაცვის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, ტიაგო სილვა კი სულაც საუკეთესო უკანახაზელია მსოფლიოში. რა შანსები გვაქვს ფინალში გასასვლელად? - როგორც აღვნიშნე, საკმაოდ კარგი, თუმცა უმჯობესია, რომ უკვე სერია A-ს მომდევნო პაექრობაზე გადავერთოთ. წინ უმნიშვნელოვანესი თამაშებია და თასის თემას აუცილებლად მივუბრუნდებით."

დელიო როსის კომენტარი მეტად საინტერესო გამოვიდა: "ჩვენს წინააღმდეგ უდიდესი გუნდი თამაშობდა, ძლიერი და საკუთარ თავში დარწმუნებული - შესაბამისად, დღეს სასურველი რეზულტატია. ვართ თუ არა ფავორიტები განმეორებითი პაექრობის წინ? - "მილანთან" გვიწევს თამაში და რომელ ფავორიტობაზეა საუბარი? თუ კიდევ უკეთესად არ ვითამაშებთ, ფინალში გასვლა არ გვეღირსება. და ეს მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში, შეგირდების თამაშით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. რაც შეეხება ჩემს მომავალს, ამაზე დღეს საუბარი აზრს მოკლებულია - "პალერმოში" სიამოვნებით გავაგრძელებდი მუშაობას და დანარჩენი უკვე კლუბის მესვეურთა გადასაწყვეტია."

Nba
პერკინსი ცოცხალია?
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა