ბუნდესლიგის 31-ე ტურის მთავარი გმირი ისევ „ბორუსია“ იყო - ოღონდ, არა დორტმუნდის, არამედ მიონხენგლადბახის, რომელმაც სეხნიას ძლევით გმირობა ჩაიდინა
ბუნდესლიგის 31-ე ტურის მთავარი გმირი ისევ „ბორუსია“ იყო - ოღონდ, არა დორტმუნდის, არამედ მიონხენგლადბახის. აუტსაიდერმა პირველ ადგილზე მყოფი სეხნიას დამარცხებით უდიდესი გმირობა ჩაიდინა: ჯერ ერთი, ლუსიენ ფავრის ბიჭებმა დიდი ხნის მერე პირველად დააღწიეს თავი ბოლო ადგილს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩემპიონობისთვის ბრძოლა კიდევ ერთხელ დაძაბეს.

თუმცა, ალბათ უფრო მართებული იქნება, თუ ვიტყვით, რომ უბრალოდ „დორტმუნდის“ ჩემპიონობა გადადეს. მოკლედ, „ვერცხლის სინის“ ნაცვლად, BVB-მ შაბათს, მიონხენგლადბახში „ცივი შხაპი“ მიიღო. თანაც, „ლევერკუზენს“ თავისი თამაში მოგებული ჰქონდა და იურგენ კლოპის შეგირდებს სამი ქულაც რომ აეღოთ, ჩემპიონობას მაინც ვერ გაიფორმებდნენ.

ასეა, თუ ისე, ფაქტი ის გახლავთ, რომ „დორტმუნდსა“ და „ლევერკუზენს“ შორის სხვაობა ხუთ ქულამდე შემცირდა, წინ კი სამი ტურია. „ბორუსიაზე“ ამ სეზონში პირველად უნდა ვთქვათ ის, რომ კლოპის ბიჭები წაგებას ნაღდად იმსახურებდნენ. BVB-მ განსაკუთრებით ცუდად პირველ ტაიმში ითამაშა. გარკვეულ მომენტებში ისეთი შთაბეჭდილება გვრჩებოდა, რომ დორტმუნდელ ფეხბურთელებს ეგონათ, მიონხენგლადბახიდან სამ ქულას უპრობლემოდ წაიღებდნენ და სწორედ ამიტომ დაისაჯნენ. „გლადბახმა“ კი ისე იბრძოლა, თუნდაც მარტო ამ მატჩის გამო იმსახურებს გადარჩენას.

გასაკვირი არც ისაა, რომ ბევრი დაეჭვდა, ემანდ, „ლევერკუზენმა“ „დორტმუნდს“ ზუსტად იგივე არ გაუკეთოს, რაც „დორტმუნდმა“ გაუკეთა „ლევერკუზენს“ 2002 წელსო - გეხსომებათ, მაშინ კლაუს ტოპმიოლერის მიერ გაწვრთნილი „ფარმაცევტები“ ძალიან დიდხანს ლიდერობდნენ და ჩემპიონობა ბოლო ტურში დაკარგეს. აქვე იმასაც გაგახსენებთ, რომ „დორტმუნდს“ მას მერე ჩემპიონობა აღარ უზეიმია. თუმცა „ბორუსიას“ ნახევარმცველი კევინ გროსკროიტცი გულშემატკივრებს ამშვიდებს, ამ ერთი წაგების გამო ტრაგედიას ნუ შევქმნით, სასოწარკვეთა არ დაგვეუფლება, ადრე თუ გვიან, მაინც გავხდებით ჩემპიონებიო.

„გლადბახიდან“ გამარჯვების გოლი მომო იდრისუმ 35-ე წუთზე გაიტანა და ეს გოლი „ბორუსიას“ მცველ ნევენ სუბოტიჩის სინდისზე იყო, რომელმაც ბავშვური შეცდომა დაუშვა. მიუხედავად ასეთ საპასუხისმგებლო მომენტში დაშვებული შეცდომისა, კლოპმა სუბოტიჩი მაინც დაიცვა, დიახ, მწარედ შეცდა, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს იყო პირველი შეცდომა, რომელიც ნევენმა ამ სეზონში დაუშვაო.

მეორე ტაიმში დორტმუნდელები გაცილებით უკეთ ათამაშდნენ, მაგრამ არა ისე, როგორც ამას წინათ „ჰამბურგთან“, სადაც შეძლეს კიდეც ანგარიშის გათანაბრება. დორტმუნდელებმა შაბათს მხოლოდ ის მოახერხეს, რომ ბურთი ორჯერ მოარტყეს ძელს. ამრიგად, BVB-მ ხელიდან ბრწყინვალე შანსი გაუშვა, დაემყარებინა ბუნდესლიგის რეკორდი - მოეგო ზედიზედ 12 გასვლითი მატჩი.

„ლევერკუზენმა“ მოიგო (2:1 ჰოფენჰაიმთან) და „დორტმუნდთან“ ჩამორჩენა ხუთ ქულამდე კი შეამცირა, მაგრამ „ბაიერის“ მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა შავი დღეები გადაიტანა. მიუნხენისკენ გეზაღებულ „დონ იუპს“ იმ კვირაში მაღალი სიცხეები ჰქონდა, რის გამოც სამი დღე გუნდი ვერ ავარჯიშა, „ჰოფენჰაიმთან“ შეხვედრაში კი სტადიონზე მისვლა შეძლო, მაგრამ ლევერკუზენელი ქომაგებისგან სტვენისა და ლანძღვა-გინების ატანა მოუხდა. პრინციპში, ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან წინა კვირას „ფარმაცევტები“ მიუნხენში განადგურდნენ და რაკი ჰაინკესი მომდევნო სეზონში სწორედ „ბაიერნს“ გაწვრთნის, ფანებმა დიდხანს უსტვინეს. თანაც, „ჰოფენჰაიმთან“ გუნდიც ისე თამაშობდა, თითქოს ფეხბურთელებიც ნასიცხარ-ნაავადმყოფრები იყვნენ. მიუხედავად ამისა, არანაკლებ უნიათო „ჰოფენჰაიმთან“ მოსაგებად ასეთი „შემართებაც“ საკმარისი აღმოჩნდა - „სოფლელები“ იგებდნენ, მაგრამ „ფარმაცევტებმა“ თამაში თავიანთ სასარგებლოდ შეატრიალეს, რაც მეტწილად არტურო ვიდალის დამსახურებაა, რომელმაც გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც მიითვალა. ასე რომ, „ლევერკუზენის“ მეკარე რენე ადლერს საფინალო სასტვენის შემდეგ ტყუილად არ უთქვამს, ვიდალი ამ სეზონში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეაო.

ამ მოგებით, „ლევერკუზენმა“ ჩემპიონობის თეორიული შანსი დაიტოვა, ჩემპიონთა ლიგაში თამაში კი ფაქტობრივად გაინაღდა და რაკი ამ უქმეებზე „ბაიერნი“ ისევ მეოთხე ადგილზე ჩამოქვეითდა, გამარჯვების გოლის შემდეგ, „ბაი-არენაზე“ შეკრებილი ქომაგები ჰაინკესს ასეთი შინაარსის სიმღერებს უმღეროდნენ: „ჩვენ არასდროს გადავიდოდით მიუნხენის „ბაიერნში“... ჰაინკეს, იცი, რომელ ტურნირზე მოგიწევს მომდევნო სეზონში ასპარეზობა? უეფას თასზე! თუ როგორ ჰქვია?...“

რაც შეეხება „ბაიერნის“ ტრაგედიას: ტურის წინ, რეკორდმაისტერის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა თქვა, როგორც იქნა, ყველაფერი კანონზომიერია, „ჰანოვერი“ უნდა მოგვსდევდეს ჩვენ და არა პირიქითო. 31-ე ტურის შემდეგ კი ისევ პირიქითაა და ჰიონესი განსაკუთრებით იმის გამო იქნება განრისხებული, რომ „ბაიერნს“ უმნიშვნელოვანესი ქულები კრისტოფ დაუმმა დააკარგვინა. შეხვედრა დასასრულს უახლოვდებოდა, დაუმის „აინტრახტი“ „ბაიერნს“ 1:0-ს უგებდა, როცა რეჟისორებმა ჰიონესი ახლო ხედით გვაჩვენეს: ული აჭარხლებული იყო და ოფლში ცურავდა. არა გვგონია, რომ ეს მარტო ფრანკფურტული დარის ბრალი ყოფილიყო - ჰიონესი ევროპის ლიგაში მოხვედრის შიშმა აანერვიულა. ხოლო ის ფაქტი, რომ რეკორდმაისტერს ფეხი მაინცდამაინც ულის დაუძინებელმა მტერმა დაუმმა დაუდო, ჰიონესისთვის ნამდვილი ტრაგედიაა. შორს წასვლა და კრისტოფის 22 წლის წინანდელი კოკაინ-სკანდალის გახსენება საჭირო არცაა, ახლო წარსულში, როცა დაუმი „აინტრახტში“ დაინიშნა, ულიმ თქვა, როგორც ჩანს, ამ გუნდის შეფებს ჯადო გაუკეთეს ან საწამლავი ჩაუყარეს, თორემ კრისტოფ დაუმს როგორ დანიშნავდნენო.

„ლევერკუზენთან“ 5:1-ის შემდეგ ბევრს ეგონა, რომ მიუნხენელები სეზონის დარჩენილ შეხვედრებს ერთი ამოსუნთქვით ჩაატარებდნენ, მაგრამ „აინტრახტი“ „კერკეტი კაკალი“ გამოდგა და „ბაიერნი“ ისევ მეოთხეა, ჩემპიონთა ლიგის ზონაში კი კვლავ „ჰანოვერმა“ შეაბიჯა. „ვფიქრობ, სერიოზული საფრთხის წინაშე ვართ. სეზონის დამთავრებამდე მხოლოდ სამი ტურია დარჩენილი და სამეულში არ ვართ. ახლა იმედი უნდა გვქონდეს, რომ „ჰანოვერი“ კიდევ ერთხელ წაიფორხილებს, ჩვენ კი ქულებს აღარ დავკარგავთ. ეს საშინელი განცდაა!“ - განაცხადა თომას მიულერმა.

სპორტული დირექტორი კრისტიან ნერლინგერიც აღიარებს, რომ „ბაიერნს“ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უმძიმესი თვე ელის, მაგრამ ამბობს, ასი პროცენტით მჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგის მიღმა არ დავრჩებითო. „აინტრახტთან“ კი მიუნხენელებს ცოტათი გაუმართლათ კიდეც: მართალია, მსაჯმა დრეესმა მანამდე, ფრანკფურტელთა კარში ორი ნაღდი პენალტი არ დანიშნა, სამაგიეროდ, რომელიც დანიშნა, საეჭვო იყო. ბავარიელებმა წონასწორობა 89-ე წუთზე, სწორედ ამ პენალტით აღადგინეს და ქულით მოუხდათ დაკმაყოფილება.

დაუმი გადარეული იყო, ბუნდესლიგაში შეურაცხადი და არაპროგნოზირებადი მსაჯები არ გვჭირდება, ეს არბიტრი ნამდვილი იდიოტიაო. როგორც ჩანს, კრისტოფმა ეს სიტყვები უშუალოდ მსაჯსაც უთხრა, რადგან საფინალო სასტვენამდე ორიოდე წუთით ადრე ტრიბუნაზე მიაბრძანეს. კრისტოფი ამბობს, შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია, უბრალოდ, მეოთხე მსაჯს ვკითხე, რატომ ამატებს ოთხ წუთს-მეთქი. მართალია, „აინტრახტს“ კრისტოფის ხელში ჯერ კიდევ არ მოუგია, მაგრამ დაუმს შეუძლია, იმით მაინც იამაყოს, რომ დაუძინებელ მტერ ჰიონესს ჩემპიონთა ლიგისკენ მიმავალ გზაზე ფეხი დაუდო.

„კაიზერსლაუტერნმა“ (შალკესთან), „შტუტგარტმა“ (ჰამბურგთან) და „ვერდერმა“ (ზანკტ პაულისთან) ჰაერივით საჭირო გამარჯვებები იზეიმეს. „ვოლფსბურგმა“ ფელიქს მაგათის ხელში პირველად მოიგო (კიოლნთან) და გადარჩენისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა. მეხუთე ადგილისთვის ბრძოლაში კი, „ნიურნბერგმა“ „მაინცის“ დამარცხება ვერ შეძლო (0:0). შესაბამისად, მაინცელები ევროპის ლიგის ზონაში დარჩნენ.

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბორუსია (დ) 31 21 6 4 62:19 69

2. ლევერკუზენი 31 19 7 5 62:41 64

3. ჰანოვერი 31 18 3 10 45:41 57

4. ბაიერნი 31 16 8 7 67:37 56

5. მაინცი 31 15 4 12 44:37 49

6. ნიურნბერგი 31 13 8 10 45:38 47

7. ჰამბურგი 31 12 7 12 44:48 43

8. ფრაიბურგი 31 12 5 14 39:47 41

9. ჰოფენჰაიმი 31 10 10 11 46:44 40

10. შალკე 31 11 7 13 35:35 40

11. ვერდერი 31 9 11 11 43:57 38

12. კაიზერსლაუტერნი 31 10 7 14 41:48 37

13. შტუტგარტი 31 10 6 15 55:55 36

14. კიოლნი 31 10 5 16 41:61 35

15. აინტრახტი 31 9 7 15 30:41 34

16. ვოლფსბურგი 31 7 11 13 38:45 32

17. ბორუსია (მ) 31 8 5 18 44:64 29

18. ზანკტ პაული 31 8 5 18 33:56 29

ბომბარდირები: 23 - გომესი (ბაიერნი); 20 - სისე (ფრაიბურგი); 16 - გეკასი (აინტრახტი); 14 - ლაკიჩი (კაიზერსლაუტერნი), ნოვაკოვიჩი (კიოლნი).

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა