სერია A. XXXV ტური: “ინტერმა” პაცოს გოლების წყალობით მოიგო თავისი შეხვედრა “ჩეზენასთან” და “შავ-წითელთა” ტრიუმფი, როგორც მინიმუმ, ერთი კვირით გადადო
ჯამპაოლო პაცინიმ არ მისცა “მილანს” იმის საშუალება, რომ სკუდეტო ამავე უქმეებზე, “სან სიროს” პრაქტიკულად გადაჭედილი ტრიბუნების ფონზე ეზეიმა. დიახ, “ინტერმა” სწორედ პაცოს გოლების წყალობით მოიგო თავისი შეხვედრა “ჩეზენასთან” და “შავ-წითელთა” ტრიუმფი, როგორც მინიმუმ, ერთი კვირით გადადო.

“ჩეზენამ” მედგარი წინააღმდეგობა გაუწია “ინტერს” და ძალიან ახლოს იყო არა თუ ქულასთან, არამედ გამარჯვებასთანაც კი. მსაჯის მიერ დამატებული მეორე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც იგორ ბუდანის გოლით მასპინძლები იგებდნენ შეხვედრას და იმდენი მოახერხეს, რომ დარჩენილ სამ წუთში დამარცხდნენ (!!!). პირველი გოლი პაცინიმ ფეხით გაიტანა, მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს მიმართულება შეუცვალა და ბადეში გაახვია - რაც შეეხება გამარჯვების გოლს, ჩაწოდება უკვე მარჯვენა ფრთიდან გაკეთდა და ამ შემთხვევაში, ჯამპაოლომ უკვე თავური დარტყმით დაამწუხრა მასპინძელთა კიპერი. ნამატჩევს, პაცინი შესანიშნავ განწყობაზე იყო:

“ძალიან გვინდოდა ამ შეხვედრის მოგება და ბედნიერი ვარ, რომ საწადელს მივაღწიეთ. ამით ორი კურდღელი დავიჭირეთ, სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი შევინარჩუნეთ და “მილანს” სკუდეტოს მოპოვების საშუალება არ მივეცით. უკვე არაერთხელ ითქვა და მეც ვიტყვი, რომ იქამდე ვიბრძოლებთ სკუდეტოსთვის, სანამ თუნდაც მიზერული შანსი გვექნება. რაც შეეხება ჩემს გოლებს, უბედნიერესი ადამიანი ვარ, რადგან 40-დღიანი მშრალი სერია შევწყვიტე და ყველაზე ცუდი უკან მოვიტოვე. იმედია, დარჩენილ სამ შეხვედრაშიც არ შევირცხვენ თავს და გუნდს ქულათა მაქსიმუმის მოპოვებაში დავეხმარები.”

ტრადიციულად, კომენტარი გააკეთა ხავიერ ძანეტიმაც და აღნიშნა, რომ ამ “ინტერს” სასწაულების მოხდენა შეუძლია - ეს არაერთხელ დავამტკიცეთ და გამომდინარე აქედან, არც სკუდეტოს მოპოვებაზე ჩაგვიქნევია ხელიო. მოკლედ, კაპიტანი ყველანაირად ცდილობს, რომ გუნდის საბრძოლო განწყობა აამაღლოს და ალბათ, სწორადაც იქცევა.

შაბათს გამართა თავისი შეხვედრა “ნაპოლიმ” და ზედიზედ განცდილი ორი მარცხის შემდეგ, როგორც იქნა, გაიმარჯვა. ვალტერ მაძარის შეგირდებმა “ჯენოა” დაამარცხეს საკუთარ მოედანზე და პრაქტიკულად გაინაღდეს კიდეც ადგილი ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში. ერთადერთი გოლი მარეკ ჰამშიკის ანგარიშზეა, რომელსაც იმდენი მომენტი ჰქონდა, რომ ჰეთთრიკის შესრულებაც თავისუფლად შეეძლო. ზოგადად, “ნაპოლი” ბევრს უტევდა, ძალიან ბევრს და ამან შედეგი მატჩის დასრულებამდე ათიოდე წუთით ადრე გამოიღო. ტრადიციულად, “ნაპოლის” მხურვალე გულშემატკივრობა ჰქონდა და მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მაძარიმ ტიფოზებს მადლობა გადაუხადა - თუმცა, იქვე ისეთი რამ თქვა, რომ იმავე გულშემატკივრებს მაინცდამაინც არ ესიამოვნებოდათ:

“სეზონი მართლაც ფანტასტიკურია და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. ერთი ხანობა, სკუდეტოც კი დავიჯერეთ, მაგრამ ეს უფრო ოცნება იყო, ვიდრე რეალობა - აი, ჩემპიონთა ლიგა კი მართლაც მიზანი იყო და ამ მიზანს აუცილებლად შევწვდებით. დიახ, კლუბთან სეზონის დასრულებისთანავე მისრულდება კონტრაქტი, მაგრამ დღეს თანამშრომლობის გაგრძელებაზე საუბარი ადრეა. ჯერ სეზონი უნდა დასრულდეს, დავჯდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და ყველაფერი კარგად ავწონ-დავწონოთ. თუ ჩვენი აზრები დაემთხვევა ერთმანეთს და ისეთივე ერთსულოვნები ვიქნებით როგორც გასულ ზაფხულს, მაშინ ახალ კონტრაქტს უპრობლემოდ გავაფორმებთ. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, დღეს ამაზე საუბარი ადრეა.”

აი, ასეთი მოულოდნელი განცხადება გააკეთა მაძარიმ და იტალიურ პრესაში უკვე აქტიურად დაიწყეს საუბარი მისი “იუვენტუსის” მთავარ მწვრთნელად შესაძლო დანიშვნის შესახებ. ლუიჯი დელ ნერი რომ დატოვებს ტურინს, პრაქტიკულად გადაწყვეტილია და ისიც არ არის საიდუმლო, რომ “ბიანკონერის” მესვეურები ახალ მწვრთნელს ეძებენ. ვნახოთ, უახლოეს დღეებში ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი.

“უდინეზემ” კიდევ ერთხელ წააგო და უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ გუნდს ჩავარდნა აქვს. ფრანჩესკო გვიდოლინის შეგირდები ფლორენციაში შერცხვნენ, სადაც უმოტივაციო “ფიორენტინასათან” დიდი ანგარიშით წააგეს. გოლების აღწერას აღარ მოვყვებით - მთავარი სათქმელი აქ ის არის, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი გუნდი ასე არ უნდა ანიავებდეს ქულებს. ეს შესანიშნავი შანსია “ლაციოსთვის”, რომ გაზარდოს უპირატესობა მდევართან და ოთხეულში მყარად დაიმკვიდროს ადგილი. “ბიანკოჩელესტე” თავის შეხვედრას დღეს გამართავს “იუვენტუსთან” და ვნახოთ, რა ბედს ეწევა...

სანამ “მილანის” გამარჯვებაზე ვიტყოდით, გენუაში გამართულ შეხვედრაზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა. “სამპდორიამ” “ბრეშა” მიიღო, ანუ, ერთმანეთის პირისპირ ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლი უშუალო კონკურენტები წარსდგნენ. შეხვედრა ორმხრივ იერიშებში წარიმართა, თუმცა გამარჯვებასთან უფრო ახლოს სტუმრები იყვნენ. ანდრეა კარაჩოლოს შესანიშნავი თამაშის წყალობით, “ბრეშა” უკანასკნელ წუთამდე უგებდა “სამპდორიას”, მაგრამ სწორედ მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთზე გაუშვა გოლი და მხოლოდ ქულას დასჯერდა. დიდია შანსი, მანინისგან მიღებული გოლი “ბრეშას” სერია B-ში დაქვეითებად დაუჯდეს.

და მივადექით “მილანს”, გუნდს, რომელსაც კიდევ ერთი ქულა სჭირდება იმისთვის, რომ ნანატრი სკუდეტო მოიპოვოს. დიახ, ნანატრი, რადგან ბოლო წლებში შეუცვლელი ჩემპიონი “როსონერის” თანაქალაქელი და მთავარი კონკურენტი “ინტერი” გახლდათ. “შავ-წითლებს” ეტყობათ, რომ ძალიან ახლოს არიან რაღაც განსაკუთრებულთან - აშკარად ნერვიულობენ, რაც “ბოლონიასთან" მატჩში თვალსაჩინო გახლდათ.

მასპინძელთა თამაშში საკმაოდ დიდი იყო ტექნიკური წუნი, რომელსაც უფრო ძლიერი და უფრო მოტივირებული მეტოქე გაცილებით უკეთ გამოიყენებდა. “ბოლონიამაც” გამოიყენა, არც კი უბრძოლიათ ხეირიანად და მხოლოდ მინიმალური სხვაობით წააგეს, რაც საპატიოდ შეიძლება ჩაითვალოს. განსაკუთრებული იყო მატიო ფლამინის ერთადერთი გოლი - რამდენი ხანია “როსონერის” რიგებშია ფრანგი შუახაზელი და მისი შესრულებით, მსგავსი არაფერი გვინახავს: მეტოქის საჯარიმოში შეირბინა, არ დაუგვიანეს პასი და მცველის პირისპირ აღმოჩნდა, მარჯვივ გადაუგდო ბურთი, თვითონ მარცხნიდან შემოურბინა ელვისებური სისწრაფით და უძლიერესად დაარტყა - მეკარემ მოასწრო რეაგირება და უკუაგდო ბურთი, თუმცა წამგებიანი პოზიციის მიუხედავად, ყველას ისევ ფრანგმა დაასწრო და გამარჯვების გოლი გამოჭედა, 1:0.

ბრავო ფლამინი, ასეთები თუ შეეძლო, არც კი ვიცოდით... ერთი სიტყვით, “მილანმა” ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა და მომდევნო ტურში “რომას” საჩემპიონო განწყობით ესტუმრება.

მომდევნო ტური:

7 მაისი: პალერმო-ბარი, რომა-მილანი; 8 მაისი: ბრეშა-კატანია, კალიარი-ჩეზენა, უდინეზე-ლაციო, ბოლონია-პარმა, ინტერი-ფიორენტინა, ლეჩე-ნაპოლი, ჯენოა-სამპდორია; 9 მაისი: იუვენტუსი-კიევო.

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 35 23 8 4 61-23 77

2. ინტერი 35 21 6 8 62-39 69

3. ნაპოლი 35 21 5 9 55-34 68

4. ლაციო 34 18 6 10 46-32 60

5. უდინეზე 35 18 5 12 61-42 59

6. რომა 35 17 8 10 55-49 59

7. იუვენტუსი 34 14 11 9 52-42 53

8. პალერმო 35 15 5 15 53-58 50

9. ფიორენტინა 35 12 13 10 45-38 49

10. ჯენოა 35 12 9 14 38-40 45

11. კალიარი 35 12 8 15 42-46 44

12. კიევო 35 10 12 13 33-35 42

13. პარმა 35 10 11 14 37-46 41

14. კატანია 35 10 10 15 35-47 40

15. ბოლონია 35 11 10 14 34-47 40

16. ჩეზენა 35 9 10 16 33-47 37

17. სამპდორია 35 8 12 15 30-42 36

18. ლეჩე 35 9 8 18 40-61 35

19. ბრეშა 35 7 10 18 31-47 31

20. ბარი 35 4 9 22 22-52 21

ბოლონიას დაკლებული აქვს სამი ქულა.

ბომბარდირები: 26 - დი ნატალე (უდინეზე), კავანი (ნაპოლი); 20 - ეტოო (ინტერი); 19 - დი ვაიო (ბოლონია); 18 - მატრი (იუვენტუსი); 14 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი), პატო (მილანი), პაცინი (ინტერი).

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა