სერია A. XXXV ტურის შეჯამება; ზაფხულის მოახლოვებასთან ერთად, სულ უფრო და უფრო ინტენსიურად საუბრობენ სატრანსფერო საკითხებზე
XXXV ტურის მთავარ მოვლენებზე ქვემოთ ვისაუბრებთ, შესავალში კი აღვნიშნოთ, რომ ზაფხულის მოახლოვებასთან ერთად, სულ უფრო და უფრო ინტენსიურად საუბრობენ სატრანსფერო საკითხებზე.

ყველაზე აქტუალური "მილანის" მესვეურთა გეგმებია - მაგალითად, ადრიანო გალიანიმ პირდაპირ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგაში წარმატების მისაღწევად გუნდის გვარიანად გაძლიერებაა საჭირო.

საინტერესოა, რა პროცესები მოხდება "რომაში", სადაც ტომას დი ბენედეტოა სრულიად ახალი სახე და დიდი ინვესტიციების დაბანდებას აპირებს კლუბში. დიდი მოთხოვნაა ახალგაზრდა ფეხბურთელებზე, რომელთა შორის რამდენიმე შეგვიძლია გამოვარჩიოთ - მაგალითად, "უდინეზეს" თავდამსხმელი ალექსის სანჩესი და "პალერმოს" ფანტაზისტა ხავიერ პასტორე. ამ უკანასკნელის გასხვისებას სიცილიელთა პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი არ აპირებს, თუმცა ამაზე საინტერესო მისი და მთავარი მწვრთნელის, დელიო როსის ურთიერთობაა. კითხვაზე, დარჩება თუ არა როსი მომდევნო სეზონისთვის გუნდში? - ძამპარინი შემდეგნაირად პასუხობს:

"დელიო როსისთან უთანხმოება ხშირად მომსვლია, მაგრამ მთლიანობაში, მას უდიდეს პატივს ვცემ. მთელი სეზონის განმავლობაში ვკინკლაობდით და ერთი პერიოდი ეს აუტანელი გახდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდა. როსისთან თანამშრომლობა ბევრ კლუბს სურს, თუმცა მის გაშვებას არ ვაპირებ - ის ჩემი მწვრთნელია და არ მსურს შეველიო - ისევე როგორც, ვერ შეველევი ჩემს მეუღლეს."

აი, ასეთი საოცარი განცხადება გააკეთა მაურიციო ძამპარინიმ - მისგან თითქოს არ უნდა გვიკვირდეს არაფერი, მაგრამ დელიო როსის ცოლთან შედარება მაინც მოულოდნელი გახლდათ. საინტერესოა, რა კომენტარს გააკეთებს თავად მწვრთნელი. სანამ როსი რამეს იტყოდეს, XXXV ტურის მთავარ მოვლენებს გადავხედოთ.

ტურის სიმბოლური ნაკრები

ედუარდო (ჯენოა) - ჩეკარელი (ჩეზენა), ცეზარი (კიევო), ტიაგო სილვა (მილანი), როზი (რომა) - ვალიანი (პარმა), დაგოსტინო (ფიორენტინა), ჩერჩი (ფიორენტინა) - ტოტი (რომა), პაცინი (ინტერი), კარაჩოლო (ბრეშა).

ტურის სიმბოლური გუნდი ტრადიციული ტაქტიკით: 4-3-3-ით განლაგდა. დაცვის ცენტრში ცეზარს და ტიაგო სილვას ვხედავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ფეხბურთელები მეოთხეჯერ მოხვდნენ რჩეულთა შორის. ანუ, ორივე მათგანი სეზონს მაღალ დონეზე ატარებს. მესამეჯერ მოხვდა სიმბოლურში მარჯვენა ფრთაზე გამწესებული ჩეკარელი და არც ესაა ურიგო შედეგი, აი რომაელმა როზიმ კი პირველად ითამაშა მარცხენა მცველის პოზიციაზე და თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა. ნახევარდაცვაში "ფიორენტინას" ორი ფეხბურთელია, რაც არ გახლავთ გასაკვირი, რადგან ფლორენციელებმა სწორედ შუახაზში აჯობეს "უდინეზეს" და შედეგად, მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხეს. ამ ყველაფერში დაგოსტინომ და ჩერჩიმ შეიტანეს დიდი წვლილი - ამადაც არიან რჩეულთა შორის. მათთან ერთად, ნახევარდაცვაში ვალიანის ვხედავთ, რომელიც "პარმას" ბოლოდროინდელი წარმატებების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია.

თავდასხმა სუფთა იტალიური გამოვიდა, რაც იშვიათი შემთხვევა ნამდვილად არ არის. მართალია, სერია A-ში უამრავი ლეგიონერი ასპარეზობს, მაგრამ საკმაოდ ხშირად ხდება, რომ წამყვან პოზიციებზე ადგილობრივი მოთამაშეები ხვდებიან - მაგალითად: ალესანდრო დელ პიერო, მარკო დი ვაიო, ან თუნდაც ფრანჩესკო ტოტი, რომელიც XXXV ტურის სიმბოლურშიც მოხვდა. "რომას" კაპიტნის მხარდამხარ ჯამპაოლო პაცინის და ანდრეა კარაჩოლოს ვხედავთ - ორივემ დუბლი შეასრულა, ჯამპაოლომ "ჩეზენასთან" პაექრობაში, ანდრეამ კი "სამპდორიასთან" დაპირისპირებისას.

ტურის გმირები

ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ტურს ორი გმირი ჰყავს და მათგან რომელიმეს გამორჩევა უმადური საქმე იქნებოდა. ერთი ფრანჩესკო ტოტია "რომადან", ხოლო მეორე ჯამპაოლო პაცინი "ინტერიდან". ბოლო დროს, ტოტი უგოლოდ აღარ ტოვებს მოედანს და ტრადიცია არც "ბარისთან" პაექრობაში დაარღვია. რომაელებმა ურთულეს თამაშში მოახერხეს სამი ქულის მოპოვება და ამაში უდიდესი წვლილი სწორედ კაპიტანს მიუძღვის. ჩემპიონატის უპირობო აუტსაიდერს ფრანჩესკომ ორი გოლი გაუტანა და მიუხედასვად იმისა, რომ თერთმეტმეტრიანი გააცუდა, შეხვედრის უდავო გმირი გახდა.

გარდა გოლებისა, მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა ძალიან მაღალი და ჩვეული ზუსტი პასებიც უხვად არიგა. რაც მთავარია, "ბარისთან" შესრულებული დუბლით ტოტიმ სერია A-ში გატანილი გოლების რაოდენობა 206-მდე გაზარდა და ყველა დროის ბომბარდირთა შორის მეხუთე პოზიცია დაიკავა. "პუპონემ" ლეგენდარული რობერტო ბაჯო ჩამოაქვეითა და ჟოზე ალტაფინის შედეგს უმიზნებს, რომელსაც ათით მეტი აქვს გატანილი. ფრანჩესკომ ერთ-ერთი გოლი ორიგინალურად აღნიშნა, შიდა მაისური აჩვენა გულშემატკივრებს, რომელზეც შემდეგი წარწერა იყო გაკეთებული: "რომის იმპერატორი ცოცხალია"...

რაც შეეხება ჯამპაოლო პაცინის, მან "ჩეზენას" გაუტანა ორი გოლი და "ინტერს" სასწაული მატჩი მოაგებინა. ვინც არ იცის, იმათთვის ვიტყვით, რომ ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერი მინიმალური ანგარიშით ამარცხებდა "ინტერს", როდესაც პაცინიმ გამოიდო თავი და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მეტოქეს ორი ბურთი "მიართვა". ამ გოლებმა "მილანს" არ მისცა გაჩემპიონების საშუალება, რომელიც მეორე დღეს "ბოლონიას' ეპაექრა და როგორც მოსალოდნელი იყო, სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. მოკლედ, პაცინიმ ზეიმი ჩაშალა - უფრო სწორად, ცოტა ხნით გადადო.

ტურის შეცდომა

"პარმა"-"პალერმოს" მატჩის მეორე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც სიცილიელმა მცველმა ბურთი კიპერ სალვატორე სირიგუს მიუგორა - ამ უკანასკნელმა მშვიდად მიიღო ბურთ, დინჯად ახედა მოედანს და მოედნის ცენტრისკენ ძლიერი დარტყმა განიზრახა - სცადა კიდეც, მაგრამ იმდენად ნელა გააკეთა ეს ყველაფერი, რომ ემილიელი შუახაზელი ჯემაილი მიუახლოვდა, აუხტა და მისგან ასხლკეტილი ბურთი "პალერმოს" კარის ბადეში გაეხვა. აი ასეთი სულელური გოლი გაუშვეს კუნძულელებმა, სირიგუ კი ნამატჩევს იმედგაცრუებული გახლდათ:

"ასეთი რამ არასდროს მომსვლია და სიმართლე გითხრათ, ძალიან გაკვირვებული ვარ. ვხედავდი ჩემსკენ მომავალ მეტოქე ფეხბურთელს, მაგრამ დროულად ვერ მოვიგერიე ბურთი და საბოლოოდ, ასეთი მძიმე შედეგი მივიღე. ბოდიში მინდა მოვუხადო თითოეულ თანაგუნდელს და გულშემატკივრებს, რომლებიც აშკარად გავაწბილე".

ტურის მოვლენა

პაცინის საოცარი დუბლი და საჩემპიონო ზეიმის გადადება უდავოდ ტურის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა, თუმცა ამის შესახებ ზემოთ ვილაპარაკეთ ვრცლად და აღარ დავწვრილმანდებით. ტოტის 206 გოლი და მეხუთე ადგილი ყველა დროის ბომბარდირებს შორის, ასევე მოვლენაა, თუმცა ამაზეც ვისაუბრეთ და არც ამ შემთხვევაში განვავრცობთ თემას. ტურის უმთავრეს მოვლენად კი ჩემპიონთა ლიგის მეოთხე საგზურისთვის ბრძოლის უკიდურესად გამწვავება და "იუვენტუსის" დაბრუნება უნდა მივიჩნიოთ. "ბიანკონერი" პრაქტიკულ;ად ყველამ ჩამოწერა და ბევრს იმისაც კი აღარ სჯეროდა, რომ ტურინელები ევროპის ლიგის საგზურს მოიპოვებდნენ.

თუმცა, გასულ უქმეებზე ყველაფერი პიემონტელთა სასიკეთოდ წარიმართა და უკვე თამამად შეგვიძლია ვტქვათ, რომ "ბიანკონერიც" ლიგის საგზურისთვის მებრძოლ გუნდებში გაერია. თანაც, კალენდარი აქვს "იუვეს" საკმაოდ კარგი: დარჩენილ სამ ტურში ტურინერლები "კიევოს", "პარმას' და "ნაპოლის" ეთამაშებიან. პრინციპში, სამივე მეტოქეს გადაჭრილი აქვს თავისი ამოცანა და ამან ტურინელთა წისქვილზე უნდა დაასხას წყალი. მეორე მხრივ, ამ "იუვენტუსის" გაგება ერთობ რთული საქმეა - სწორედ უმოტივაციო მეტოქეებთან კარგავს ქულებს, ლიდერებთან კი შესანიშნავად გამოიყურება. ნებისმიერ შემთხვევაში, "იუვეს" ოთხეულისთვის მებრძოლთა შორის დაბრუნება, უდავოდ ტურის მოვლენაა.

ტურის ფრაზა

მასიმო მორატი (ინტერის პრეზიდენტი): "ვინც არ უნდა მოიგოს ჩემპიონატი, ტროფეი დამსახურებული იქნება, რადგან როდესაც ასეთ გრძელ მარათონზეა ლაპარაკი, გამართლება ყოვლად წარმოუდგენელია. სერია A-ს ყოველთვის ის გუნდი იგებს, რომელმაც ყველაზე სტაბილურად და მაღალ დონეზე ჩაატარა მთელი ჩემპიონატი".

ციფრები და ფაქტები

ფრანჩესკო ტოტის 206 გოლი აქვს გატანილი სერია A-ში, რაც ყველა დროის ბომბარდირებს შორის მეხუთე შედეგია. "რომას' კაპიტანმა რობერტო ბაჯო ჩამოაქვეითა მეექვსეზე და ჟოზე ალტაფინის 216 გოლიან შედეგს უმიზნებს. საუკეთესო სამეულში კი სილვიო პიოლა, გუნარ ნორდალი და ჯუზეპე მეაცა არიან;

"რომა" ყველაზე არადისციპლინირებული გუნდია მიმდინარე სეზონში, რაზეც სარეკორდო რაოდენობის წითელი ბარათები მეტყველებს. "ჯალოროსის" ცხრა ფეხბურთელი გააძევეს მინდვრიდან;

"მილანმა" ხუთი მატჩი მოიგო ზედიზედ, ასეთი შედეგი გუნდს ბოლოს 2009 წლის დეკემბერ-იანვარში ჰქონდა;

ესტებან კამბიასომ მე-300 შეხვედრა ჩაატარა "ინტერის" შემადგენლობაში;

"ნაპოლიმ" სეზონში მოპოვებული გამარჯვებების რაოდენობით, 1989-90 წლებში დამყარებული რეკორდი გაიმეორე. ვალტერ მაძარის გუნდის ანგარიშზე 21 გამარჯვებაა;

"ბრეშას" გასვლაზე გასული წლის სექტემბრის შემდეგ არ მოუგია.

"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა
[VIDEO] კონტე წყობიდან გამოვიდა - "ნაპოლის" ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი რამ მოხდა...
კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება "ახალ კვარად" წოდებულ ნოასთან
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია