ბუნდესლიგა. XXXIII ტურის წინ: "ზანკტ პაული" თითქმის განწირულია, სხვები კი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლებისთვის ემზადებიან
ორი ტურიც და ბუნდესლიგა 2010/2011 ისტორიას ჩაბარდება. საჩემპიონო ინტრიგა აღარ არის, მაგრამ რაღაც-რაღაცები ჯერ კიდევ გასარკვევია და ფაქტია, რომ არ მოვიწყენთ.

„ახალგამომცხვარი“ ჩემპიონი „დორტმუნდი“ ბრემენში ჩადის საკმაოდ მოტივირებულ „ვერდერს“ ხვდება - ხომ იცით, „მუსიკოსებს“ ჯერ კიდევ არ გაუნაღდებიათ ელიტაში დარჩენა, თუმცაღა საკმაოდ კომფორტულ მდგომარეობაში არიან იმ თვალსაზრისით, რომ სარელეგაციო მე-16 ადგილს 4 ქულა აშორებთ. ამ ადგილზე ახლა ფრანკფურტის „აინტრახტია“, რაც იმას ნიშნავს, რომ კრისტოფ დაუმის გუნდს, ასევე გადარჩენისთვის მებრძოლ „კიოლნთან“ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ელის. „ბაიერნს“ კი ჩემპიონთა ლიგის საგზურის საბოლოოდ განაღდება სურს.

მიუხედავად იმისა, რომ წინა ტურში „კიოლნთან“ 0:2 დამარცხდა, „ლევერკუზენი“ 31 ქულით მაინც მეორე წრის საუკეთესო გუნდია და თუ უმოტივაციოდ დარჩენილ „ჰამბურგს“ დაამარცხებენ, „ფარმაცევტები“ ვიცე-ჩემპიონობას, ანუ მეორე ადგილს და შესაბამისად, პირდაპირ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს გაინაღდებენ. „ბაიერის“ ვეტერანი მცველი სამი ჰიიპია დღეს „ბაი არენას“ პუბლიკას საბოლოოდ გამოეთხოვება - 39 წლის ფინელი კარიერას ამთავრებს. „ჰამბურგში“ კი, სრული ქაოსია. ჩრდილოგერმანულ კლუბს ევროპის ლიგის საგზურის მოპოვება აღარ შეუძლია და ფაქტობრივად უმოტივაციოდაა დარჩენილი. მწვრთნელ მიხაელ იონინგს კი ძალიან უჭირს ისეთი ფეხბურთელების შერჩევა, რომლებსაც ჯერ კიდევ შერჩათ ბრძოლისა და გამარჯვების სურვილი. არაერთ საკადრო პრობლემასთან ერთად, იონინგს ისიც დაემატა, რომ ბრაზილიელი ზე რობერტო დისკვალიფიცირებულია.

მიუნხენელები მილერნტორზე

„ბაიერნმა“ ერთი კვირის წინ „შალკე“ 4:1 დაამარცხა და რაკი „ჰანოვერმა“ წაიფორხილა, მესამე ადგილზე დაბრუნდა. შესაბამისად, გავა თუ არა რეკორდმაისტერი ჩემპიონთა ლიგაში, ეს უკვე მხოლოდ თვითონ რეკორდმაისტერზეა დამოკიდებული - მესამე ადგილის შენარჩუნებისთვის ორივე თამაშის მოგებაა საჭირო.

„ბაიერნი“ ამჯერად აუტსაიდერ „ზანკტ პაულის“ სტუმრობს - გუნდს, რომელიც ჯერ მეორე ბუნდესლიგაში არ გავარდნილა, მაგრამ გადარჩენის მხოლოდ თეორიული შანსიღა აქვს - „პაულის“ მხოლოდ გამარჯვება აძლევს ხელს, რაც უტოპიად მოჩანს. შეხვედრის დამატებითი ინტრიგაა ის, რომ მიუნხენელთა თავდამსხმელ მარიო გომესს საუკეთესო ბომბარდირობა უნდა - ამ მომენტისთვის მას 24 გოლი აქვს და მეორე ადგილზე მყოფ პაპის დემბა სისეს (ფრაიბურგი) ორი გოლით უსწრებს.

„ზანკტ პაული“ ბოლო ადგილზე წინა ტურში გადავიდა და ადგილი მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ გაუცვალა - გუნდს, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი მხოლოდ ახლაღა დაეტყო. თითქოს უკვე გვიანი იყო, მაგრამ ფაქტია, რომ „გლადბახი“ გადარჩენისთვის გააფთრებით იბრძვის. ბოლო ორ ტურში ლუსიენ ფავრის ბიჭებმა, რომლებიც ერთი თვის წინ მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების მთავარ კანდიდატებად მიიჩნეოდნენ, ჯერ მომავალ ჩემპიონ „დორტმუნდს“ მოუგეს (1:0), მერე კი, ასეთივე ანგარიშით იმ დროს მესამე ადგილზე მყოფი „ჰანოვერიც“ დაამარცხეს. მართალია, „გლადბახი“ 32 ქულით ჯერ კიდევ გასავარდნ ზონაშია, მაგრამ სარელეგაციო მე-16 ადგილზე მყოფ „აინტრახტს“ მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.

დღეს მიონხენგლადბახელები „ფრაიბურგის“ სახით ისეთ გუნდს მასპინძლობენ, რომელსაც ევროპის ლიგის საგზურის მოპოვების შანსი აღარ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ სპორტული თვალსაზრისით ფაქტობრივად უმოტივაციოა. თუმცა „ფრაის“ თავკაცი რობინ დუტი ამბობს, ქულების გაჩუქებას ნამდვილად არ ვაპირებთო.

დაუმი: შეხვედრა წარსულთან

პირველი გუნდი, რომელსაც გამოცოცხლებული „გლადბახი“ წნეხის ქვეშ აქცევს, კრისტოფ დაუმის „აინტრახტია“ - გუნდი, რომელმაც მეორე წრეში მხოლოდ 8 ქულის მოპოვება შეძლო. წინა ტურში ფრანკფურტელებმა „მაინცთან“ 0:3 რომ წააგეს, დაუმისა და მისი შეგირდების საკუთარი ფანების აგრესიისგან დაცვა მხოლოდ პოლიციამ მოახერხა. რაც ყველაზე საინტერესოა, „აინტრახტს“ დაუმის ხელში ჯერ ერთი თამაშიც კი არ მოუგია. დღეს კი, ფრანკფურტელები გადარჩენისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტს და დაუმის ყოფილ გუნდს, „კიოლნს“ მასპინძლობენ. „თხებმა“ წინა ტურში „ლევერკუზენი“ 2:0 დაამარცხეს და „დორტმუნდის“ ვადამდე ადრე გაჩემპიონება განაპირობეს, რის გამოც ფრანკფურტში თავაწეულები ჩადიან. თუმცა შეგახსენებთ, რომ „კიოლნი“, რომელსაც ახლა ფოლკერ ფინკე წვრთნის, სტუმრად ჩატარებული მატჩების მიხედვით ბუნდესლიგის ყველაზე სუსტი გუნდია - „თხებს“ 16 გასვლით შეხვედრაში მხოლოდ 6 ქულა აქვთ მოპოვებული.

ერთი კვირის წინ თავდაჯერება „ვოლფსბურგსაც“ შეემატა - „მგლებმა“ „ვერდერის“ დამარცხებით მე-15 ადგილზე პოზიცია გაიმყარეს და „აინტრახტს“ 1 ქულით უსწრებენ, მაგრამ დღეს მთავარი დამრტყმელი ძალის, ბრაზილიელი გრაფიტეს გარეშე მოუწევთ ბრძოლა - ფელიქს მაგათის უსაყვარლესი თავდამსხმელი დისკვალიფიცირებულია. „ვოლფსბურგის“ მეტოქე კი ამჯერად „კაიზერსლაუტერნია“, რომელიც ზედიზედ ორი გამარჯვებით ფაქტობრივად გადაურჩა მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებას.

„კაიზერსლაუტერნზე“ ერთით ნაკლები ქულა აქვს, მაგრამ „ჰოფენჰაიმის“ 2:1-ზე დამარცხების შემდეგ თითქმის სამშვიდობოსაა „შტუტგარტიც“ - ბრუნო ლაბადიას გუნდმა ზედიზედ სამი თამაში მოიგო და სასწაული უნდა მოხდეს, მაინც რომ გავარდეს. დღეს შვაბები „ჰანოვერს“ ხვდებიან და შეგახსენებთ, რომ მირკო სლომკას „წითლები“ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებენ. სლომკა ამბობს, იმედი მაქვს, „ზანკტ პაული“ „ბაიერნს“ უდიდეს ბრძოლას გაუმართავს და ქულებს წაართმევს, ჩვენ კი ასეთი შემთხვევისთვის მზად უნდა ვიყოთ და მესამე ადგილზე უნდა დავბრუნდეთო. ზოგადად, „ჰანოვერს“ ევროპის ლიგაში თამაში უკვე განაღდებული აქვს და ამ გუნდისთვის ესეც უდიდესი მიღწევაა.

მაინცის ბოლო ნაბიჯი ხუთეულისკენ?

„მაინცს“ დღეს სურს იმის განაღდება, რაც „ჰანოვერს“ უკვე გარანტირებული აქვს - ხუთეულში დარჩენას და მომდევნო სეზონში ევროპის ლიგაში თამაშს ვგულისხმობთ. და უნდა ვთქვათ, რომ თომას ტუხელის გუნდს იდეალური შანსი აქვს, რადგან ფინიშამდე ორი ტურით ადრე, უახლოეს მდევარ „ნიურნბერგს“ ხუთი ქულით უსწრებს. მაინცელები „შალკეს“ სტუმრობენ - გუნდს, რომელმაც ოთხშაბათს მანჩესტერში 1:4 წააგო და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან გავარდა.

ბუნდესლიგაში კი, ლევან ყენიას გუნდს უკვე აღარაფერი დაჰკარგვია - გელზენკირხენელები ახლა ასი პროცენტით გერმანიის თასის ფინალზე არიან კონცენტრირებულები, ფინალი კი, მოგეხსენებათ, 21 მაისს ბერლინში გაიმართება და იქ „შალკეს“ მეტოქე მეორე ბუნდესლიგელი „დუისბურგი“ იქნება.

ოთხი წლის წინ, გერმანიის თასი „ნიურნბერგმა“ მოიგო და ამ გუნდს მას მერე ევროტურნირებზე აღარ უთამაშია. დორტმუნდში განცდილი მარცხის (0:2) შემდეგ, ფრანკებს ხუთეულში მოხვედრისა და ევროპის ლიგის საგზურის მოპოვების მინიმალური შანსი აქვთ, ათი მეტოქე კი უმოტივაციო „ჰოფენჰაიმია“.

დორტმუნდი უკვე ჩემპიონია და ეს ვერდერის შანსია

ბრემენის „ვერდერს“ იმ ზონას, საიდანაც მეორე ბუნდესლიგაში ვარდებიან ხოლმე, 4 ქულა აშორებს, რაც იმას ნიშნავს, რომ „მუსიკოსები“ ჯერ არ გადარჩენილან და მადლობლები უნდა იყვნენ იმის გამო, რომ სწორედ ახლა ხვდებიან დორტმუნდის „ბორუსიას“. BVB უკვე ჩემპიონია, ამ კვირაში მთელი დორტმუნდი ზეიმობდა, ფეხბურთელებს შაბათიდან ოთხშაბათამდე ერთხელაც არ უვარჯიშიათ - სწორედ ეს არის „ვერდერის“ შანსი. „მუსიკოსებს“ თავდამსხმელი ვაგნერი გამოუჯანმრთელდათ. საინტერესო ისაა, რომ „ვერდერს“ „დორტმუნდთან“ გამართული ბოლო ხუთი თამაშიდან არცერთი არ მოუგია (2 ფრე, 3 წაგება).

დღეს

შალკე-მაინცი 17:30

ტრავმა: ჰუგლანდი, პანდერი, ყენია, მორიტცი, გავრანოვიჩი - ჰ. მიულერი, შლიშკოვიჩი, შალაი

ვერდერი-ბორუსია (დ) 17:30

ტრავმა: ბიონიში, ნალდო, პრიოდლი, ბოროვსკი - ოვომოიელა, კაგავა, კელი, კრინგე, შაჰინი

ლევერკუზენი-ჰამბურგი 17:30

დისკვალიფიკაცია: ზე რობერტო (ჰამბურგი)

ტრავმა: მიკელი, დემელი, მატიისენი, კასტელენი, იანსენი, პეტრიჩი, ვან ნისტელროი (ყველა ჰამბურგი)

შტუტგარტი-ჰანოვერი 17:30

ტრავმა: ფ. დეგენი, მოლინარო, აუდელი, გებჰარდტი - ანდრეასენი, კარლიტოსი

ვოლფსბურგი-კაიზერსლაუტერნი 17:30

დისკვალიფიკაცია: გრაფიტე (ვოლფსბურგი)

ტრავმა: დიკი, შიმუნეკი, ილიჩევიჩი (ყველა კაიზერსლაუტერნი)

აინტრახტი-კიოლნი 17:30

დისკვალიფიკაცია: როდე (აინტრახტი)

ტრავმა: კრისი, ფრანცი, ცაველასი, ბაირამოვიჩი, კლერკი, კიტელი - შორხი, კლემენსი, ლანიგი, პეჟკო

ბორუსია (მ)-ფრაიბურგი 17:30

ტრავმა: ვისინგი - პუპლინი, აბდესადკი, ფლუმი, ბეხმანი

ნიურნბერგი-ჰოფენჰაიმი 17:30

დისკვალიფიკაცია: იუდტი, ბუნიაკუ (ორივე ნიურნბერგი)

ტრავმა: ფრანტცი - ვუკჩევიჩი, ვაისი, ობასი, თომალა

ზანკტ პაული-ბაიერნი 17:30

ტრავმა: მ. ჰაინი, ოჩიპკა, როთენბახი, ფოლცი, სამბრანო, ბოლი, შულტცი, ჰენინგსი - ჰამით ალთინთოფი, ოლიჩი

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბორუსია (დ) 32 22 6 4 64:19 72

2. ლევერკუზენი 32 19 7 6 62:43 64

3. ბაიერნი 32 17 8 7 71:38 59

4. ჰანოვერი 32 18 3 11 45:42 57

5. მაინცი 32 16 4 12 47:37 52

6. ნიურნბერგი 32 13 8 11 45:40 47

7. ფრაიბურგი 32 13 5 14 41:47 44

8. ჰამბურგი 32 12 7 13 44:50 43

9. ჰოფენჰაიმი 32 10 10 12 47:46 40

10. შალკე 32 11 7 14 36:39 40

11. კაიზერსლაუტერნი 32 11 7 14 43:48 40

12. შტუტგარტი 32 11 6 15 57:56 39

13. ვერდერი 32 9 11 12 43:58 38

14. კიოლნი 32 11 5 16 43:61 38

15. ვოლფსბურგი 32 8 11 13 39:45 35

16. აინტრახტი 32 9 7 16 30:44 34

17. ბორუსია (მ) 32 9 5 18 45:64 32

18. ზანკტ პაული 32 8 5 19 33:58 29

ბომბარდირები: 24 - გომესი (ბაიერნი); 22 - სისე (ფრაიბურგი); 16 - გეკასი (აინტრახტი), ნოვაკოვიჩი (კიოლნი); 14 - ბარიოსი (ბორუსია დ), ლაკიჩი (კაიზერსლაუტერნი).

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა