მადრიდის ტურნირის ნახევარფინალში რაფაელ ნადალმა როჯერ ფედერერს სძლია, ნოვაკ ჯოკოვიჩმა კი ტომაშ ბელუჩს
მადრიდულ პუბლიკას გაუმართლა - არასტაბილური თამაშის მიუხედავად, როჯერ ფედერერმა ნახევარფინალამდე მიაღწია და იქ რაფაელ ნადალს გადაეყარა. ამ ისტორიულ დაპირსპირებას ჯერაც არ დაუკარგავს აქტუალობა, მიუხედავად იმისა, რომ როჯერი რეიტინგში მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდა.

შვეიცარიელს გრუნტზე სულ ორჯერ ჰყავს დამარცხებული ესპანელი და ერთხელ ეს სწორედ მადრიდში მოახერხა. 2009 წელს ნადალი ნოვაკ ჯოკოვიჩთან ოთხსაათიანი მომქანცველი ნახევარფინალის შემდეგ გავიდა მადრიდის მასტერსის ფინალში და ამის გამო წააგო როჯერთან. ამჯერად რაფა დასვენებული იყო - დელ პოტრომ ტრავმის გამო არ ისურვა მასთან მერვედფინალის თამაში, მეოთხედფინალში კი ნადალმა იოლად მოუგო ლოდრას - 6:2, 6:2.

მატჩის წინ იყო ვარაუდი იმის შესახებ, რომ ნადალისა და ფედერერის რიგით 24-ე შეხვედრა ვერ გაამართლებდა მაყურებლის მოლოდინს, რადგან მადრიდის მასტერსის მსვლელობისას შვეიცარიელი არასტაბილური იყო. მაგრამ, საბედნიეროდ, პროგნოზი არ გამართლდა.

ნადალმა ბრეიკით გახსნა მატჩი და შემდეგ საკუთარი გეიმიც აიღო - 2:0. ფედერერის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თანდათან გააუმჯობესა თამაში და ბრძოლა გააჩაღა მეტოქის მოწოდებაზე. თავდაპირველად რაფა ინარჩუნებდა ბრეიკს, მაგრამ მერვე გეიმში როჯერმა შეძლო მეტოქის მოწოდების აღება. თავის მხრივ, ნადალმაც მოუმატა და სამმაგი ბრეიკ-პოინტი მიიღო. იმ მომენტში ფედერერს მოწოდება დაეხმარა, არადა, თამაშის ამ კომპონენტში შვეიცარიელი მთელი მატჩის განმავლობაში აშკარად მოიკოჭლებდა. ფელისიანო ლოპესთან შეხვედრაში მსოფლიოს მესამე ჩოგანმა 25 ეისი ჩააწოდა, ნადალთან მატჩი კი ისე დაასრულა, რომ ერთი ეისიც არ ჰქონია. ასეთი რამ მისი და ნადალის მრავალწლიან დაპირისპირებაში პირველად მოხდა. მიუხედავად ამისა, ფედერერმა მოიგო პირველი სეტი - საკუთარი გეიმის გადარჩენის შემდეგ მან მეორე ბრეიკი გააკეთა - 7:5.

მეორე სეტის დასაწყისში ფედერერი მსაჯს წაეჩხუბა - ნადალის ბრეიკ-პოინტზე მოეჩვენა, რომ ესპანელის დარტყმა აუტში გავიდა. არბიტრმა სხვაგვარად განსაჯა და სწორი აღმოჩნდა, რადგან ტელემაყურებლებისთვის ნაჩვენებ გამეორებაზე გამოჩნდა, რომ ბურთი ხაზზე დაეცა. ვერ ვიტყვით, რომ ამ მომენტმა ფედერერის განწყობაზე იმოქმედა - ის ყველა გეიმში ბოლომდე იბრძოდა, ბევრი ბრეიკ-პოინტიც ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ ერთი გეიმი აიღო - 1:6.

გადამწყვეტი სეტისთვის ფედერერი შესანიშნავად განეწყო. ბრეიკის შანსიც მიიღო, მაგრამ რაფაელი კრიტიკულ მომენტებში სტაბილურად თამაშობდა. ესპანელმა მესამე პარტიაში ბრეიკის ერთადერთი შანსი მიიღო და ის გამოიყენა. როჯერმა ბოლომდე იბრძოდა და ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა მაშინ, როცა ნადალი მატჩზე აწვდიდა, თუმცა მიღებისას მარტივი შეცდომა დაუშვა - 3:6.

მეორე ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი აშკარა ფავორიტი იყო ბრაზილიელ ტომაშ ბელუჩისთან მატჩში. თუმცა ისიც გასათვალისწინებელი იყო, რომ სამხრეთამერიკელმა წინა შეხვედრებში შესანიშნავი შემტევი ჩოგბურთით მოუგო ენდი მიურეისა და ტომაშ ბერდიხს. თანაც მეოთხედფინალში ესპანელმა დავიდ ფერერმა დაამტკიცა, რომ გრუნტზე ჯოკოვიჩთან ბრძოლა შეიძლება.

ბრაზილიელი თავიდანვე გაიჭრა წინ, რისი მიზეზიც სერბის უამრავი შეცდომა იყო. ბელუჩიმ მოიგო პირველი სეტი და მეორეში ბრეიკით დაწინაურდა. და მხოლოდ ამის შემდეგ იპოვნა თავისი ჩოგბურთი მსოფლიოს მეორე ნომერმა. სერბმა თანდათან უკლო შეცდომებს, ინიციატივა მოიპოვა და ბოლო მომენტში გამოსტაცა მეორე სეტში გამარჯვება მეტოქეს. ბოლო პარტიაში კი ბრძოლა არ ყოფილა. ბელუჩიმ თითქმის შეწყვიტა წინააღმდეგობა და მხოლოდ ერთი გეიმი აიღო - 4:6, 6:4, 6:1.

ATP

Mutua Madrid Open

მადრირი (ესპანეთი). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 4 500 000 ევრო

1/4 ფინალი

რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-მიკაელ ლოდრა (საფ) 6:2, 6:2; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-დავიდ ფერერი (ესპ, 6) 6:4, 4:6, 6:3; როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-რობინ სიოდერლინგი (შვედ, 5) 7:6(2), 6:4; ტომაშ ბელუჩი (ბრა)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7) 7:6(2), 6:3.

1/2 ფინალი

რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-როჯერ ფედერერი (შვეიც, 3) 5:7, 6:1, 6:3; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-ტომაშ ბელუჩი (ბრა) 4:6, 6:4, 6:1.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა