ლოძის ”ვიძევის” 19 წლის ”ქართველი მესი” პოლონეთში თავს კარგად გრძნობს
ლოძის "ვიძევი" ლეგენდარული ზბიგნევ ბონეკის ყოფილი გუნდია, რომელსაც ახლა ბელარუსში დაბადებული 40 წლის შჩესლავ მიხნევიჩი წვრთნის. გასულ სეზონში სწორედ მან მოაგებინა ლოძელებს პირველი ლიგა და ექსტრაკლასში გადაიყვანა, ზამთარში კი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე მიიწვია და არ უნანია - 19 წლის ქართველმა "ვიძევის" ძირითად შემადგენლობაში ადგილი სწრაფად დაიმკვიდრა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა.

ძალამიძეს პოლონეთის ჩემპიონატში შთამბეჭდავი დებიუტი ჰქონდა, პირველივე თამაშის შემდეგ აალაპარაკა მედია - "კორონასთან" სადებიუტო შეხვედრაში გოლიც გაიტანა და ორი საგოლე პასიც მიითვალა. უმნიშვნელო არც ისაა, რომ ნიკა უბრალო და უშუალო ახალგაზრდაა, ფეხბურთელის შერჩევისას კი კლუბები ყურადღებას ამასაც აქცევენ. ჩვენ კი ის გვაიმედებს, რომ პოლონურ კლუბში ეროვნულ ნაკრებს ნიჭიერი ფეხბურთელი ეზრდება.

ნიკას პოლონეთში დავუკავშირდით.

- 19 წლის ქართველისთვის პოლონეთის ექსტრაკლასას კლუბში თამაში პატარა ამბავი არ არის. ეტყობა, მოსკოვის ცსკა-ს დუბლებში დრო არ დაგიკარგავს.

- აქ ჯერ მოხვედრა და მერე დამკვიდრება ადვილი ნამდვილად არ იყო. საბედნიეროდ, ეს მცირე დროში მოვახერხე. ალბათ, გამიმართლა კიდეც. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს მაინცდამაინც რუსეთში მომზადების შედეგია.

- ცსკა-ს ძირითადში მოხვედრის შანსი არ გქონდა, თუ სხვა ფაქტორებმა შეგიშალა ხელი?

- შანსი მართლაც არ მომცემია. პირველ შეკრებაზე მთავარ გუნდთან ერთად ვიყავი და თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ დაიწყო ჩემპიონატი და, სამწუხაროდ, მხოლოდ დუბლებში მათამაშებდნენ.

- არ გენდობოდნენ, თუ სხვა რამ მიზეზი იყო?

- უბრალოდ, ჩემს პოზიციაზე ბევრად უფრო გამოცდილი და მაღალი კლასის ფეხბურთელები თამაშობდნენ და, ალბათ, ლოგიკურიც იყო, მწვრთნელი 18 წლის ახალგაზრდის ძირითადში დაყენებას რომ არ ჩქარობდა.

- პოლონეთში რამ გაგიადვილა საქმე - სტილს მოერგე, თუ გუნდში მიგიღეს კარგად?

- ბევრმა ფაქტორმა იმოქმედა: გუნდში ძალიან კარგად მიმიღეს, სადებიუტო შეხვედრაში "კორონასთან" გოლი გავიტანე, გუნდს და ფეხბურთელებსაც მალე შევეჩვიე და ჩემპიონატსაც. თანაც, "ვიძევში" ლიტველები თამაშობენ, შერნასი და პანკა, რუსული სამივემ ვიცით და უცებ დავვახლოვდით.

- ლოძის "ვიძევი" სოლიდური კლუბია და ასეთ დონეზე თამაშს ბევრი შენხელა ქართველი ინატრებდა. წარმატებული შეხვედრების შემდეგ, ალბათ, თავდაჯერება შეგემატა.

- რა თქმა უნდა, წარმატებულმა დებიუტმა, გოლმა, კარგმა თამაშმა და პრესის შექებამ უფრო თავდაჯერებული გამხადა.

- პოლონეთში "ქართველი მესი" გიწოდეს, რაც დიდ პასუხისმგებლობასაც გაკისრებს. შენ ასაკში ყოველ შეხვედრაში სასწაულის მოხდენა ძნელია.

- მესისთან შედარება გადაჭარბებულია და მერიდება კიდეც. ჯერ კიდევ უნდა დავამტკიცო, რომ ტყუილად არ მენდობიან. სხვათა შორის, დებიუტის შემდეგ ჩემს წინააღმდეგ მცველები უფრო ყურადღებით თამაშობენ.

- "ვიძევთან" როგორი კონტრაქტი გაქვს?

- მე დღემდე ზუგდიდის "ბაიას" ვეკუთვნი, რომელმაც ერთწლიანი იჯარით გამომიშვა.

- პოლონელები შენი კონტრაქტის გამოსყიდვას არ აპირებენ?

- "ბაიას" იჯარაზე კი შეუთანხმდნენ, მაგრამ ჩემი გამოსყიდვის უფლება აქვთ. თუ ასე გადაწყვეტეს, ხელშეკრულების თანახმად, სხვა გუნდებთან შედარებით უპირატესობა მიენიჭებათ, თუმცა სატრანსფერო თანხის დეტალებში ნაკლებად ვერკვევი (ცნობისთვის - პოლონელებს "ბაიადან" ძალამიძის კონტრაქტის გამოსყიდვა 300.000 ევროდ შეუძლიათ).

- მერე არის ამაზე ლაპარაკი?

- ეს ჯერ ადრეა, რადგან "ვიძევში" დეკემბრამდე გამანათხოვრეს, მანამდე კი დიდი დროა.

- ისე ათამაშდი, სხვა გუნდები დაინტერესდებოდნენ, პოლონეთიდან კი ევროპის ძლიერ კლუბში გადასვლა შედარებით ადვილია.

- რამდენიმე გუნდი დაინტერესებულია, მაგრამ სანამ "ვიძევში" თავს კარგად ვგრძნობ, არაფერს მარგებს იმაზე ფიქრი, რა მოხდება დეკემბერში. ფეხბურთელი კლუბზე უნდა იყოს კონცენტრირებული და არა ტრანსფერზე. თანაც, პოლონელები ქართველების მიმართ კეთილგანწყობილნი არიან, ქალაქში რომ ვსეირნობ, ამას ვგრძნობ და ესეც მიღირს.

- ფიზიკურად როგორ ხარ, მოედანზე 90 წუთს თუ ძლებ?

- კარგად მომამზადეს, მაგრამ თავიდან ცოტა გამიჭირდა. აქაურ ფეხბურთს უკვე მივეჩვიე და ფიზიკურადაც უკეთ ვარ. მწვრთნელმა რამდენჯერმე 90 წუთიც მათამაშა და ვგრძნობ, დიდ დატვირთვებს ვეჩვევი.

- მომზადება და ვარჯიში საქართველოშიც არ ეზარებათ, მაგრამ აქ ხეირიანი სავარჯიშო პირობები არ არის. საინტერესოა, პოლონეთი ამით ბევრად გვისწრებს?

- შედარებაც არ შეიძლება. პოლონეთში ევროპული დონეა, საქართველოში კი პირობები თითქმის არ არის. აქაურებს ქართული გუნდებივით ფინანსურად არ უჭირთ და ყველაფერი აქვთ, რაც ფეხბურთელის მოსამზადებლად არის საჭირო. მაგალითად მოედნებიც იკმარებს, ეს კი ყველაზე მთავარია. ისეთი ხარისხის მინდვრებია, გასვლა გსიამოვნებს და ეს სათამაშო განწყობასაც გიყალიბებს. ფეხბურთისთვის ეს ბევრს ნიშნავს.

- საქართველოში პოლონეთის ლიგას კარგად არ იცნობენ...

- ნორმალური დონის ჩემპიონატია, კარგი სტადიონებია, თამაშებზე ტრიბუნები ივსება, ხალხს ფეხბურთი ძალიან უყვარს.

- ეროვნულ ნაკრებში ხომ არ გიძახებენ?

- მე ამისა არეაფერი ვიცი. 3 ივნისს ხორვატიასთან ახალგაზრდულიც თამაშობს. ჯერ არავინ დამკავშირებია, მაგრამ, თუ გამომიძახებენ, აუცილებლად ჩამოვალ.

- ახალგაზრდული ნაკრები უმძიმეს ჯგუფში მოხვდა. შენი აზრით, გასვლაზე ფიქრი რამდენად რეალურია?

- ურთულესი ჯგუფია და გასვლა ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ ფეხბურთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენ მაქსიმუმზე უნდა ვიფიქროთ. არა მგონია, ცუდი ახალგაზრდული ნაკრები გვყავდეს.

დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
"ამ ქმედების გამო, ფეხბურთელებთან ურთიერთობა თავიდანვე ცუდად დაიწყო" - რას წერს ფაბრიციო რომანო ჩაბი ალონსოზე?
[VIDEO] მამუკელაშვილის 21 წუთი - "ტორონტომ" "ფილადელფია" ზედიზედ მეორედ ვერ დაამარცხა
გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება