სერია A. XXXVI ტურის შეჯამება: "როსონერის" მესვეურები არ წყვეტენ მუშაობას და ორი ტრანსფერი აქედანვე გაჩარხეს
XXXVI ტურის მთავარი სათქმელი ის გახლავთ, რომ "მილანი" იტალიის ჩემპიონია. ეს ტურის, უფრო სწორად ჩემპიონატის მთავარი მოვლენაა და ქვემოთ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. აქ კი მხოლოდ იმას გავუსვათ ხაზი, რომ მიუხედავად საზეიმო დღეებისა, "როსონერის" მესვეურები არ წყვეტენ მუშაობას და ბოლო ინფორმაციით, ორი ტრანსფერი აქედანვე გაჩარხეს.

როგორც მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, გუნდს შეტევითი ხაზის გაძლიერება არ სჭირდება და აქცენტი მცველების დამატებაზე გაკეთდება - ესეც შედეგი, მომდევნო სეზონიდან "მილანის" ამუნიციას ტაიე ტაოვო და ფილიპ მექსე მოირგებენ. ორივე მცველია, პირველი მარცხენა ფრთაზე თამაშობს, მეორე კი მოგეხსენებათ, ძირითადად ცენტრში - "გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, ფეხბურთელები თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდებიან იტალიის მოქმედ ჩემპიონს.

სანამ ტურის სიმბოლურ ნაკრებზე გადავიდოდეთ, "იუვენტუსის" მორიგი "გმირობის" შესახებ უნდა ვთქვათ. ბოლო დროს, "ბიანკონერი" თითქოს გამოცოცხლდა, მნიშვნელოვანი ქულები აკრიფა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლასაც დაუბრუნდა, თუმცა "კიევოსთან" მატჩმა ყველაფერი წყალში ჩაყარა. უკვე მერამდენედ ხდება, რომ "იუვე" მოგებულ შეხვედრაში კარგავს ქულებს და თანაც, ასე საჭიროს. თამაში მართლაც რომ დრამატული გამოვიდა, პირველ ტაიმში ალესანდრო დელ პიერომ დაარტყა ზუსტად პენალტი და დააწინაურა თანაგუნდელები, მეორე ნახევრის სტარტზე კი ალესანდრო მატრიმაც გაიტანა გოლი და თითქოს გადაწყდა კიდეც მატჩის ბედი. თუმცა, ყველასათვის მოულოდნელად, ვერონელები დიდი ძალებით გადავიდნენ შეტევაზე და ერთ წუთში ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მოახერხეს. გოლების აღწერით აღარ შეაგაწყენთ თავს, მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ "იუვეს" დაცვაში ტრადიციულმა პანიკამ და ქაოსმა დაისადგურა. დარჩენილ დროში ორივე კართან შეიქმნა სახიფათო მომენტები, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა - "იუვე" ლიგის მიღმა რჩება.

იუვენტუსი-კიევო 2:2

იუვენტუსი (4-4-2): ბუფონი - მოტა, ბარძალი, კიელინი, გროსო - აკვილანი, პეპე, მარკიზიო, კრასიჩი (80. ტონი) - დელ პიერო, მატრი.

კიევო (4-4-2): სორენტინო - ცეზარი, მანტოვანი, სარდო, იოკიჩი (78. მანდელი) - ანდრეოლი, ფერნანდესი, რიგონი, კონსტანტი (64. ურიბე) - პელისიერი, თერეუ (40. ბოლიაჩინო).

გოლები: 1:0 დელ პიერო (13-პენ.), 2:0 მატრი (55), 2:1 ურიბე (68), 2:2 სარდო (69).

გაფრთხილება: აკვილანი, კრასიჩი, მარკიზიო - ანდრეოლი, რიგონი.

გაფრთხილება: 3-2; კუთხური: 7-6; ჯარიმა: 13-13; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 15(4)-13(3); ბურთის ფლობა: 56%-44%.

მაყურებელი: 22 000

ტურის სიმბოლური ნაკრები

ჰანდანოვიჩი (უდინეზე) - მოტა (იუვენტუსი), ჟუანი (რომა), ტიაგო სილვა (მილანი), იოკიჩი (კიევო) - ბენტივოლიო (ბარი), პალომბო (სამპდორია), კამბიასო (ინტერი), ხიმენესი (ჩეზენა) - სანჩესი (უდინეზე), დი ნატალე (უდინეზე).

უმეტესად, ტურის სიმბოლურ ნაკრებში სამი გამოკვეთილი თავდამსხმელია, თუმცა ამჯერად, 4-4-2 ტაქტიკა მივიღეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ გასულ ტურში ფორვარდებმა ვერ იბრწყინეს და უკეთესად შუა და უკანახაზელები წარმოჩინდნენ. დაცვის ცენტრალური ტანდემი ვარსკვავურია, ჟუანი მეოთხეჯერ მოხვდა რჩეულებს შორის, ტიაგო სილვას კი ეს პატივი სულაც მეექვსედ ერგო. საინტერესოა, რომ ოთხი ნახევარმცველიდან ორი დამარცხებულია - "სამპდორიამ" გენუური დერბი წააგო, მაგრამ ანჯელო პალომბომ თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა, იგივე შეიძლება ითქვას ბენტივოლიოზე "ბარიდან". იოკიჩის და კამბიასოს გამორჩევა სრულიად ლოგიკურია, შესანიშნავად ითამაშეს და თანაც, გოლები გაიტანეს.

თავდასხმაში მხოლოდ ერთი გუნდის ფეხბურთელები მოხვდნენ, რაც ამ სეზონში პირველად მოხდა. ალექსის სანჩესმა და ანტონიო დი ნატალემ ბრწყინვალედ ითამაშეს "ლაციოსთან" და განაპირობეს კიდეც ფრიულელთა გამარჯვება. თანაც, ამ მოგებას მართლაც რომ ოქროს ფასი ჰქონდა - "ბიანკონერი" მეოთხე ადგილზე გადავიდა და თუ დარჩენილი ორი შეხვედრაც მოიგო, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.

ტურის გმირი

არსებობენ გუნდები, რომლებიც ყველაზე მეტად ერთ კონკურეტულ ფეხბურთელთან არიან ასოცირებულნი და ასეეა "უდინეზეს" შემთხვევაშიც. "ბიანკონერი" და ანტონიო დი ნატალე უკვე განუყოფელ ცნებებად იქცნენ და მიმდინარე სეზონში ეს კიდევ ერთხელ დასტურდება. ტოტო მორიგ ფანტასტიკურ სეზონს ატარებს და 28 გატანილი გოლით სათავეში უდგას ბომბარდირთა დავას.

გასულ უქმეებზე, "უდინეზეს" სეზონის შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში ჰქონდა "ლაციოსთან" და დი ნატალეს ორი გოლის წყალობით მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. ტოტო საუკეთესო იყო მოედანზე და გარდა გატანილი გოლებისა, უდიდესი სამუშაო გასწია. ნამატჩევს კი ბედნიერი გახლდათ:

"ბოლო მატჩებში აშკარად ვერ გამოვავლინეთ შესაძლებლობები და გავიუარესეთ სატურნირო მდგომარეობა, მაგრამ ყველაზე საჭირო მომენტში კვლავ ვირწმუნეთ საკუთარი თავის და მეოთხე ადგილზე დავბრუნდით. მთლიანად გუნდმა ითამაშა ბრწყინვალედ და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ სწორედ ჩვენ ვიმსახურებთ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას".

ტურის მოვლენა

"მილანმა" სკუდეტო მოიპოვა და ეს არა თუ ტურის, ჩემპიონატის მთავარი მოვლენაა. შვიდწლიანი პაუზის შემდეგ, "როსონერი" პირველია, რასაც გუნდის მრავალათასიანი გულშემატკივართა არმია ჯერ კიდევ დიდი ზარზეიმით აღნიშნავს. მილანის შავ-წითელი ნაწილი სრულ ეიფორიაშია და ამის ნიადაგზე, ბევრს ჭკუაც კი არ მოეკითხება. მაგალითად, ჯენარო გატუზომ ტიფოზებთან ერთად ისეთი სიმღერა შეასრულა, კინაღამ საჩემპიონო ზეიმი დაჩრდილა - მოკლედ გეტყვით, სიმღერის შინაარსი მთლიანად ლეონარდოს ლანძღვაზე იყო აგებული, მთავარი სათქმელი კი ის გახლდათ, რომ ბრაზილიელი სპეციალისტი არც მეტი, არც ნაკლები, განავალია.

ბუნებრივია, ამ ამბავმა ლეოს ყურამდეც მიაღწია და პრესასთან გაკეთებულ კომენტარში, გატუზოს ახსნა-განმარტება სთხოვა, რაზეც ფეხბურთელმა უპასუხა, რომ სიმღერას კი აჰყვა, მაგრამ როდესაც შინაარსი გააცნობიერა, მყისვე გაჩერდა. ამ ამბავს თვით ადრიანო გალიანი გამოეხმაურა და ჟურნალისტებს სთხოვა, რომ ვითარების დრამატიზირებას მოერიდონ.

მოკლედ, მილანში ემოციები დუღს - "როსონერიმ" 2004 წლის შემდეგ, პირველად მოიპოვა სკუდეტო.

ტურის ფიასკო

"ბრეშამ" "კატანიასთან" წააგო საკუთარ მოედანზე და თეირიული შანსიც კი მოისპო იმის, რომ მომდევნო სეზონშიც სერია A-ში იასპარეზოს. არადა, სიცილიელები უმოტივაციოდ ესტუმრნენ აუტსაიდერს და ფავორიტად სწორედ მასპინძელი გუნდი ითვლებოდა. მიუხედავად ამისა, "კატანიამ" უპირატესობით წარმართა შეხვედრა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ნამატჩევს, პატარა ქალაქში სამგლოვიარო განწყობა დადგა, გუნდის ლიდერმა ანდრეა კარაჩოლომ კი შემდეგი განაცხადა:

"შევპირდი გულშემატკივრებს, რომ "ბრეშას" დავტოვებდი ელიტაში, მაგრამ მიზანს ვერ მივაღწიეთ. ვხედავ ქომაგთა მოწყენილ სახეებს და ეს კიდევ უფრო ცუდ ხასიათზე მაყენებს. ვერ გეტყვით, დავრჩები თუ არა "ბრეშაში", მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ამ გუნდს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ".

ტურის დრამა

გენუური დერბი ყოველკთვის საინტერესოა და გამონაკლისი არც გასულ უქმეებზე გამართული შეხვედრა გახლდათ. "ჯენოა" უმოტივაციოდ შეხვდა ამ პაექრობას, მაგრამ ეს მხოლოდ სატურნირო თვალსაზრისით - ისე კი, როდესაც თანაქალაქელის დაქვეითებას შეგიძლია ხელი შეუწყო, მეტი მოტივაცია რა შეიძლება იყოს?! მოკლედ, გუნდები მთელი ძალებით შეასკდნენ ერთმანეთს და გაიმარჯვა უფრო ძლიერმა. დღეს, "ჯენოა" უკეთესი გუნდია, ვიდრე "სამპდორია" და ეს განვლილ პაექრობაშიც გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ნომინალურმა მასპინძლებმა მხოლოდ მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე წუთზე მოახერხეს გოლის გატანა, მთლიანობაში სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას სწორედ "ჯენოა" ფლობდა. დრამა კი იმაში მდგომარეობს, რაც უკვე აღვნიშნეთ - არბიტრის მიერ კომპენსირებული მეხუთე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც შეცვლაზე შესულმა ბოზელიმ მეტოქის საჯარიმოში მიიღო ბურთი, შემოტრიალდა და მარცხენა ფეხით ულამაზესი გოლი გაიტანა. თუ რა ხდებოდა ამ გოლის შემდეგ "სტადიო მარასის" ტრიბუნებზე, სიტყვებით ძნელი გადმოსაცემია - "ჯენოელთა" ფიესტამ კი ნამატჩევს ქალაქის ქუჩებში გადაინაცვლა.

ტურის დაბრუნება

რაფაელ ბენიტესის "ინტერში" ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა ფელიპე კოუტინიო გახლდათ, ბრაზილიელი შემტევი, რომელიც მდიდარი ტექნიკური არსენალით და მოედნის ხედვით გამოირჩევა. მძიმე ტრავმის შემდეგ, სამხრეთამერიკელი "ფიორენტინასთან" პაექრობაში დაუბრუნდა მოედანს და შესანიშნავადაც წარმოჩინდა - ერთი, რომ გოლი გაიტანა და მეორე, "ნერაძურის" შეტევებს კრეატიულობა და სიმწვავე შემატა. ამად იყო, რომ ნამატჩევს ლეონარდომ სხვებზე მეტად სწორედ კოუტინიო შეაქო და მას "ინტერის" მომავალი უწოდა.

ტურის ფრაზა

ლეონარდო (ინტერის მთავარი მწვრთნელი): "ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, არის ის, რომ სკუდეტო ვერ მოვიპოვეთ, არადა, მიზანთან ახლოს ვიყავით. თუმცა, "მილანმა" დაიმსახურა ჩემპიონობა, რადგან უფრო სტაბილურად ჩაატარა სეზონი. როგორც ხედავთ, წარსულთან დაკავშირებით არავითარი კომპლექსები არ მაწუხებს".

ციფრები და ფაქტები

- "მილანი" მოგებული სკუდეტოების რაოდენობით "ინტერს" გაუთანაბრდა, ორივე გუნდის ანგარიშზე 18 საჩემპიონო ტიტულია;

- ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ზედიზედ მერვედ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული (აიაქსი, იუვენტუსი, ინტერი, ბარსელონა, მილანი);

- მარკ ვან ბომელი რვაჯერ გახდა ჩემპიონი ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში: ჰოლანდია, ესპანეთი, გერმანია, იტალია;

- ალესანდრო ნესტამ მეოთხასე შეხვედრა ჩაატარა "მილანის" შემადგენლობაში, ალეშანდრე პატომ კი მეასე;

- ანტონიო დი ნატალეს სერია A-ში 130 გოლი აქვს გატანილი, იქიდან 10 "ლაციოს" კარში;

- სამირ ჰანდანოვიჩმა მიმდინარე სეზონში რვიდან ექვსი პენალტი მოიგერია;

- მიმდინარე სეზონში, "უდინეზეს" უკვე 63 გოლი აქვს გატანილი, რაც გუნდის ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელია;

- "ლაციომ" სამი მატჩი წააგო ზედიზედ, ასეთი უარყოფითი შედეგი გუნდს ბოლოს 2009 წლის მაისში ჰქონდა;

- "ლეჩეს" 1998 წლის შემდეგ არ ჰყავდა დამარცხებული "ნაპოლი", შვიდი მატჩი ფრედ ითამაშა, სამი კი წააგო;

- "ჯენოამ" მესამეჯერ ზედიზედ დაამარცხა "სამპდორია" "საკუთარ მოედანზე";

- ფაბრიციო მიკოლიმ საიუბილეო, მეორასე შეხვედრა ჩაატარა სერია A-ში და 78-ე გოლი გაიტანა;

- "ბოლონიას" უკვე 510 წუთია გოლი არ გაუტანია;

- "კატანიამ" პირველი გასვლითი მატჩი მოიგო ჩემპიონატში;

- ესტებან კამბიასომ 30-ე გოლი გაიტანა სერია A-ში და პირადი რეკორდი დაამყარა: სეზონში 7 შედეგიანი დარტყმა.

"ნაპოლიმ" "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
უარი კლუბისგან და ფეხბურთელისგან - ლოკატელი "იუვენტუსში" რჩება
"მილანის" ორი ვარიანტი - "როსონერის" შეტევა ვლაჰოვიჩით ან ჰოილუნით გაძლიერდება
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი მეკარე ჰყავს
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
რაშფორდს მიმდინარე სეზონში ტრებლის მოგების სჯერა
ისევ პრემიერ ლიგა თუ ბუნდესლიგა - ჯეკსონს ორი ვარიანტი გამოუჩნდა
"მილანის" ორი ვარიანტი - "როსონერის" შეტევა ვლაჰოვიჩით ან ჰოილუნით გაძლიერდება
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები
"უდინეზეში" გოგლიჩიძის დებიუტი შედგა - მისი გუნდი 1/16-ფინალში გავიდა
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
"გვარდიოლა ამ ფეხბურთელის დამატებაზე ოცნებობს" - ფაბრიციო რომანო
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
"სიტიმ" იმაზე დიდი ხელფასი შესთავაზა, ვიდრე პსჟ-სგან მოითხოვდა - დონარუმა პრემიერლიგას უახლოვდება
სპერციანს მყიდველების რიგი დაუდგა - სად გააგრძელებს კარიერას სომეხი ფეხბურთელი?
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ