დღეს კიმი რაიკონენი ფორმულა 1-ის ყველაზე პოპულარული ყოფილი პილოტია.

დღეს კიმი რაიკონენი ფორმულა 1-ის ყველაზე პოპულარული ყოფილი პილოტია. თითქოს სულ ახლახანს გახდა ის მსოფლიოს ჩემპიონი, დღეს კი რალის გზებზე გვიწევს მისი ძებნა. ამ ზაფხულს აგორდა ჭორი რაიკონენის სამეფო რბოლებში სავარაუდო დაბრუნების შესახებ, მაგრამ უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს ფინელი პილოტი. დღეს განვიხილავთ რალიში მისი კარიერის მსვლელობას და შევეცდებით გამოვიცნოთ, სად აღმოჩნდება კიმი მომავალი სეზონის დასაწყისში.

მისი ამჟამინდელი ისტორია გასული სეზონის ბოლოს დაიწყო - "ფერარიმ" გამოაცხადა, რომ წინასწარი კონტრაქტი გააფორმა ფერნანდო ალონსოსთან. ეს იმას ნიშნავდა, რომ კიმი რაიკონენისთვის კომპენსაციის გადახდა იყო საჭირო, რათა ფინელის მხრიდან არანაირ პრეტენზიას არ ჰქონოდა ადგილი. წარმოიდგინეთ - გუნდი მზად იყო ფულის სანაცვლოდ კონტრაქტი გაეწყვიტა მსოფლიოს ჩემპიონთან! ასეთი რამის წარმოდგენა რთულია, მაგრამ ამას ორი მიზეზი ჰქონდა.

ჯერერთი, ფინელი 2008 წელს სრული ძალით არ გამოდიოდა. დიახ, ის იმარჯვებდა, ქულებს აგროვებდა, მაგრამ მის თვალებში აღარ იყო ძველი ნაპერწკალი. შემდეგი სეზონი კიმისთვის და მისი გუნდისთვის სრული კრახით დასრულდა. ახალი ტექნიკური რეგლამენტი იმ მომენტში მიიღეს, როცა "ფერარი" ჟან ტოდტის გარეშე მუშაობას სწავლობდა. ეს ყველაფერი გაუგებარ ტაქტიკურ თამაშებში გადაიზარდა. წლის ბოლოს კიმი გუნდიდან წავიდა. ამ გადაწყვეტილებაზე სეზონის მიწურულს სპაზე გამარჯვებასაც არ უმოქმედია. როგორც ჩანს, ყველაფერი უფრო ადრე იყო გადაწყვეტილი - ჭორები მთელი წლის განმავლობაში ვრცელდებოდა...

მეორე მიზეზია - ფული, რომელიც არა "ფერარიმ", არამედ ერთ-ერთმა ესპანურმა ბანკმა გადაიხადა. ესპანელი პილოტი და ესპანური ბანკი - მეტად მომგებიანი დუეტი იყო "ფერარისთვის" და აქ ტრიო არანაირად არ გამოდიოდა. მოკლედ, "ფერარის" ისტორია წარსულს ჩაბარდა, მაგრამ რა იყო შემდეგ?

კიმი შემოდგომაზე ამბობდა, რომ ჩევს ფორმულა 1-სა და რალის ჩემპიონატს შორის გააკეთებდა არჩევანს. ერთის მხრივ, არსებობდა "მაკლარენში" გადასვლის ვარიანტი, მეორეს მხრივ - სასურველი სიმშვიდე რალიში. რაიკონენი დიდი ხანი ვერ იღებდა ოფიციალურ გადაწყვეტილებას, მაგრამ ბოლოს რალიზე შეაჩერა არჩევანი.

მაშ ასე, კიმიმ რალის მსოფლიოს ჩემპიონატში კარიერა დაიწყო. უკვე ექვს თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ 2011 წლისთვის მისი მომავალი ჯერ კვლავ გაურკვეველია. შესაძლოა, ეს ინტერესის გასაღვივებლად კეთდება და არავის გაუკვირდება, თუ მას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. სანამ ამ ინფორმაციას შევიტყობდეთ, შევეცდებით განვიხილოთ ორი ფაქტორი: კიმის წარმატებები და პერსპექტივები რალიში და მისი სავარაუდო გუნდი ფორმულა 1-ში.

თავიდან გადავხედოთ კიმის სტატისტიკას რალიში:

- მონაწილეობა მიიღო შვიდიდან ექვს ეტაპში (ახალი ზელანდიის რალი გამოტოვა);

- ერთხელ ვერ დაასრულა ეტაპი (მექსიკა);

- სამ ეტაპზე მიიღო ქულები;

- მე-10 ადგილზეა ჩემპიონატში და 15 ქულა აქვს აქტივში (უკან არიან მხოლოდ უფრო დაბალი კლასის პილოტები).

თითქოს ბევრი არაფერი, მაგრამ მოდით უფრო დეტალურად განვიხილოთ მისი გამოსვლა. ყველაფერი შვედეთის თოვლიანი რალით დაიწყო. თითქმის მშობლიურმა მხარემ კიმი არცისე თბილად მიიღო - ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული. მოყინულმა გზებმა რაიკონენს სტაბილურად გამოსვლის საშუალება არ მისცა. ცალკეულ სპეცმონაკვეთებზე ის ღირსეულად გამოიყურებოდა და საუკეთესო ათეულშიც შედიოდა, მაგრამ შეცდომები უფრო მეტი იყო და საბოლოოდ, სოლიდური ჩამორჩენა მიიღო. მაგრამ ყველაზე დიდი შეცდომა პირველივე დღეს დაუშვა - თოვლის გროვას დაეჯახა, რის გამოც იძულებული გახდა ხელში ნიჩაბი დაეჭირა და მანქანა გაენთავისუფლებინა. ამისთვის 26 წუთი დახარჯა. მაგრამ ის სწორედ ამ ბორცვს უნდა უმადლოდეს, რომ ტრასიდან არ გადავარდა და საერთოდ არ გამოეთიშა ბრძოლას.

ამის შემდეგ კიდევ უარესი მოხდა. მექსიკის რალი - პირველი ქვა-ღორღიანი ეტაპი იყო ფინელისთვის. დასაწყისი მშვენიერი გამოვიდა. პირველი ექვსი სპეცმონაკვეთიდან ხუთში კიმი საუკეთესო ათეულში შევიდა. ლიდერებთან ჩამორჩენა დიდი იყო, მაგრამ კიმი მთავარს ახერხებდა - ადგილს ინარჩუნებდა ტოპ-ათეულში. თუმცა მეშვიდე სპეცმონაკვეთის დასრულებამდე რამდენიმე კილომეტრით ადრე გზიდან გადავარდა. მექსიკაში მას თოვლი ვერ გადაარჩენდა, ამიტომაც ფინელმა მანქანა დაამტვრია და შეწყვიტა გამოსვლა.

სამაგიეროდ, შემდეგ რბოლებში ყველაფერი გაცილებით კარგად წარიმართა. იორდანიის, თურქეთისა და პორტუგალიის რალი კიმიმ ბრწყინვალედ ჩაატარა. სამივე შემთხვევაში ის ქულათა ზონაში მოხვდა, ყველაზე წარმატებული კი თურქეთის ღორღიანი ეტაპი აღმოჩნდა, სადაც კიმი მეხუთე მივიდა ფინიშთან. როგორც ჩანს, რაიკონენი ტყუილად არ გავარდნილა მექსიკაში - იქაურმა გამოცდილებამ მას თავისი რეალური დონე დაანახა.

შემდეგ იყო ასფალტის ეტაპი ბულგარეთში, ანუ მესამე დებიუტი სეზონში - ამ საფარზე კიმის გამოცდილება არ ჰქონია. და აქაც, რაიკონენმა პირველივე დღეს შეცდომა დაუშვა - თავი ვერ გაართვა მარჯვენა მოსახვევს და ტყეში შევარდა, სადაც ერთხელ ამოტრიალდა, შემდეგ კი ინციდენტის ადგილიდან გაუსვლელად ჟურნალისტებს თავის სტილში "მშრალი" ინტერვიუ მისცა. ეს შეცდომა განსაკუთრებით დასანანი იყო, რადგან ბულგარეთის ეტაპი რაიკონენმა კარგად დაიწყო და ვიცე-ჩემპიონ მიკო ჰორვონენსაც კი ებრძოდა. კიმის თავისუფლად შეეძლო მეხუთე ადგილი მოეტანა "სიტროენისთვის", მაგრამ ყველაფერი იმ შეცდომამ გააფუჭა. მოკლედ განმეორდა მექსიკის სიტუაცია, როცა თავიდან ალღო ვერ აუღო ღორღიან ტრასას, მაგრამ თურქეთში გამოასწორა შეცდომა, ახლა კი პირველად გამოვიდა ასფალტზე და ისევ შეცდომა დაუშვა. წინ კი ამ საფარზე კიდევ სამი რბოლაა და ფინელისგან კვლავ ქულათა ზონაში ფინიშს ველით. პილოტები ფორმულა 1-ის ვარჯიშებზეც ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე ტრასის მიღმა - ისინი ოპტიმალურ ტრაექტორიებს ეძებენ. აქ კი კიმის უსაფრთხოების ზონის ნაცვლად, ბორცვი, ტყე და ხრამი ხვდება ხოლმე.

ამ გამოსვლების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ კიმის რალიში მომავალი ნამდვილად აქვს. მართალია, კარგა ხანი ვერ შეძლებს ჩემპიონობისთვის ბრძოლას, მაგრამ ამას მისგან არავინ ელის და ითხოვს. მით უმეტეს, ლეგენდარული სებასტიან ლოების ეპოქაში, როცა გამოცდილი რალისტებიც ვერაფერს აკლებენ ფრანგს. ამიტომაც ბევრი დადებითი მხარე კიმის რალიში დარჩენას.

მაგრამ რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ რაიკონენი მოულოდნელად ფორმულა 1-ში დაბრუნებას მოისურვებს. ყველაზე ხშირად განიხილავენ "რედ ბულის" ვარიანტს. მაგრამ საკითხავია, ვის ნაცვლად უნდა მივიდეს იქ 2007 წლის ჩემპიონი. მარკ უებერმა ერთი წლით გააგრძელა კონტრაქტი, სებასტიან ფეტელის რაიკონენით შეცვლას კი აზრი არ აქვს. ეს გუნდი ვერ იქნება ის გიგანტი, რომელსაც ნებისმიერ ფასად შეუძლია მსოფლიოს ჩემპიონის აყვანა. გუნდს ურჩევნია ახალგაზრდა პილოტი გაიფორმოს, ისეთი, როგორიც თავის დროზე ფეტელი იყო. თანაც, "რედ ბულის" საჯინიბოს უკვე ყველა კარგად იცნობს და რაში სჭირდება დიტრიხ მატეშიცს კიმიში ფულის დახარჯვა.

"ფერარი" და "მაკლარენი" შეიძლება თავიდანვე გამოვრიცხოთ. პირველმა ფაქტობრივად გააგდო ფინელი, მეორეს კი უკვე ჰქონდა რაიკონენთან მოლაპარაკების გამოცდილება და ისტორიის გაგრძელება, ალბათ, არ იქნება. "რენოც" არ არის რეალური ვარიანტი. ჯერერთი რობერტ კუბიცა გაფორმებულია, მეორე პილოტის ადგილზე კი ბევრი სხვა ვარიანტი განიხილება, თანაც ამ ადგილზე ახალი წევრის მიღებით ფრანგულ გუნდს ფულის შოვნაც კი შეუძლია, რადგან არაერთი სპონსორიანი ახალგაზრდა პილოტი მოისურვებს "რენოში" ჩარიცხვას.

მაგრამ ერთი საინტერესო ვარიანტი მაინც არსებობს - "უილიამსი". გუნდის ბოსებს არაერთხელ გამოუყვანიათ შვებულებიდან ყოფილი ჩემპიონები, ამიტომაც გასაკვირი არ იქნება, თუ ფინელი სწორედ ამ გუნდში გადავა. მართალია, იქ არც ისე მაღალი ხელფასი იქნება, მაგრამ კიმს არც რალიში დარჩენის სანაცვლოდ გადაუხდიან დიდ თანხას. "უილიამსი" კი ყოველთვის ახალგაზრდა და პერსპექტიული გუნდია, რომელიც მხოლოდ ფორმულა 1-ით ცხოვრობს. მას კიდევ ერთი მცირე პლუსი აქვს - სისტემა KERS. კიმიმ მასთან მუშაობა "ფერარიში" ისწავლა და შეუძლია კონსულტაციის გაწევა. მოკლედ, თუ ფრენკ უილიამსი ფინელს კარგ პირობებს შესთავაზებს, ტრანსფერი სავსებით მოსალოდნელი იქნება.

მანამდე კი მოცდა მოგვიწევს - რაიკონენის ინტერვიუებიდან ვერაფერს გაიგებს კაცი, ამიტომაც ოფიციალურ ინფორმაციას უნდა დაველოდოთ.

ლელო

ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი
უარი ბელარუსთან თამაშზე - უკრაინის მამაკაცთა პლაჟის ფეხბურთის ნაკრები მატჩზე არ გამოცხადდება
ამწე კრანის ფასი თბილისში – როგორ ავირჩიოთ ხარისხიანი სერვისი
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ