გადავწყვიტეთ, სალიცენზიო ტურნირებში პაუზით ვისარგებლოთ და რეიტინგში ქართველ სპორტსმენთა ადგილზე და მათ შანსებზე ვისაუბროთ
მართალია, ძიუდოში სალიცენზიო ტურნირების დამთავრებამდე საკმაო დრო და შეჯიბრება რჩება, ვფიქრობთ, მკითხველისთვის უინტერესო არც ამჟამად რეიტინგში ქართველ სპორტსმენთა ადგილი და მათი შანსები უნდა იყოს... ამიტომ გადავწყვიტეთ, სალიცენზიო ტურნირებში პაუზით ვისარგებლოთ (ამ რანგის მომდევნო შეჯიბრება ორ კვირაში მოსკოვში ჩატარდება) და ამაზე გესაუბროთ. ერთხელაც განვმარტავთ, რომ საგზურს მიიღებს რეიტინგით 22 საუკეთესო, ოღონდ ქვეყანა და არა ფალავანი. ვინაიდან მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატისგან განსხვავებით, ქვეყნებს ოლიმპიადაზე წონაში კვლავაც მხოლოდ ერთი მონაწილის დაყენება შეუძლიათ, ლიცენზიასაც თითოს იღებენ. თანაც, საგზური კვლავინდებურად ფედერაციას გადაეცემა და არა სპორტსმენს. ამდენად, თუ იმ 22-ში ერთი რომელიმე გუნდიდან ორი ან მეტი ფალავანი შევა, ის ფედერაცია მაინც ერთ საგზურს მიიღებს, ხოლო ვის დააყენებს ოლიმპიადაზე, მისი საქმეა. ერთი ხანობა წესის შეცვლაზეც ლაპარაკობდნენ, ალტერნატიულ ვარიანტებს საკმაოდ აქტიურადაც განიხილავდნენ, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მაინც უცვლელად დარჩა. ჩვენში ამ თემაზე კამათისას ყოველთვის გიორგი ბაინდურაშვილისა და საბა გავაშელიშვილის (ორივე - 81 კგ) მაგალითზე მსჯელობდნენ, რადგან მაშინ მართლაც საჩოთირო ვითარება შეიქმნა - პეკინის ოლიმპიადაზე მოსახვედრად საჭირო ქულათა მარაგი ბაინდურაშვილმა მოიპოვა, მაგრამ მწვრთნელებმა ჩინეთში გავაშელიშვილი წაიყვანეს. მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ გავაშელიშვილი კონკურენტზე უფრო ახალგაზრდაა და აქცენტი სამომავლო პერსპექტივაზე აიღეს, თუმცა ფაქტი დღემდე რჩება განხილვის საგნად.

მოკლედ, ზემოთქმულიდან გამომდინარე, ლიცენზიის მოსაპოვებლად საჭიროა არა 22 საუკეთესო სპორტსმენს, არამედ 22 ქვეყანას შორის მოხვედრა, ეს კი ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია ისეთ წონებში, სადაც ჩავარდნა გვაქვს. უწინარესად - 66 და 73-ში.

სადღეისოდ ყველაზე კარგად საქმეები 60 კილოგრამში მიგვდის, სადაც საგზური, პრაქტიკულად, განაღდებულია - ბაქოს "დიდ პრიზზე" გამარჯვების შემდეგ შემატებული 200 ქულით ამირან პაპინაშვილი მე-6 ადგილზეა. 22 კაცში ჯერჯერობით ინარჩუნებს ადგილს დავით ასუმბანი - 325 ქულით მე-18, მაგრამ ბოლო ხანებში მას სულ უფრო მეტად უჭირს წარმატებით ჭიდაობა და თუ ასე გააგრძელა, ლონდონში მოხვედრის შანსიც გადაეწურება. სტამბოლში, ევროპის პირველობაზე მეორე ადგილზე გასვლისთვის მოპოვებული 108 ქულით 22-იან მიჯნას ძალზე მიუახლოვდა ბეთქილ შუკვანი - 266 ქულით ზუსტად 23-ე. ამდენად, სასწაული უნდა მოხდეს, ამ წონაში ულიცენზიოდ რომ დავრჩეთ, მაგრამ ოლიმპიური გუნდის მონაწილეზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. ბუნებრივია, კანდიდატთა სიიდან ასუმბანის ჩამოწერას არავინ გვეკითხება და ამას არც ვაპირებთ, მაგრამ ბოლო ტურნირებიდან რაც ჩანს, უფრო რეალური შანსები პაპინაშვილს და შუკვანს გააჩნიათ. ორივეს გამოღვიძების პერიოდი უდგას, ოღონდ პაპინაშვილს თუ ეს პროცესი მსოფლიოს ბოლო პირველობის შემდეგ დაეწყო, შუკვანს ახლაღა დაუდგა. ამათგან შუკვანმა ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს, რომ ის წარმატება შემთხვევითი არ ყოფილა, პაპინაშვილმა კი ეს ეტაპი უკვე გაიარა - ბაქოს გარდა, შარშან შემოდგომაზე როტერდამის "დიდი მუზარადიც" მოიგო. მართალია, წლევანდელ ევროპაზე შუკვანმა შედეგით აჯობა - მეორე იყო, ის კი მეხუთეზე დარჩა, მაგრამ მთავარი მაინც სტაბილურობაა. ამ წონაში კონკურენცია ფრიად სასიხარულოა, რადგან ეს აუცილებლად დაეტყობა ნაკრების შედეგებს.

მყარი პოზიციები გვაქვს 90-შიც, სადაც ვალერი ლიპარტელიანი 648 ქულით მე-8 ადგილზეა. სამწუხაროდ, ამ წონაში სხვა რეალური პრეტენდენტი არცაა - მინდია ბოდაველი დაახლოებით 30-კაციან სიაში კი შედის, მაგრამ ის უფრო სამბოში გამოდის და არა ძიუდოში, მოქმედი ძიუდოისტებიდან საბა გავაშელიშვილი, ზვიად გოგოჭური, გიორგი ცოციაშვილი და კიდევ რამდენიმე რეიტინგში კი შედიან, მაგრამ იმდენად ცოტა ქულა აქვთ და იმდენად ჩამორჩებიან სანუკვარ 22-ს, მათზე ამ ეტაპზე არც ლაპარაკობენ.

60 კილოგრამის დარად, მსოფლიოს რეიტინგის მიხედვით, სალიცენზიო ზონაში 2-2 მონაწილე გვყავს 100 და მძიმე წონებშიც, მაგრამ პირველისგან განსხვავებით, მეორეში ჩვენები უფრო რეიტინგის ბოლოსკენ არიან. 100-ში ევროპის პირველობაზე ვერცხლის მედლის მოპოვებისთვის ლომერ ჟორჟოლიანმაც 108 ქულა შეიმატა, 500 გაუხდა და ახლა მე-15 ადგილზეა. ირაკლი ცირეკიძე მე-19 ადგილს იყოფს 354 ქულით, მსოფლიოს რეიტინგში კი 26-ეა. მძიმეში ჩვენებურთაგან ადამ ოქრუაშვილია დაწინაურებული - 264 ქულით 21-ეა. ფალავანთა დიდ ჯგუფთან ერთად ზვიად ხანჯალიაშვილიც ამავე ადგილს იყოფს, ოღონდ მისი მონაგარი 228 ქულაა, რაც მსოფლიოს რეიტინგში 32-ე ადგილს შეესაბამება.

ურიგო პოზიციები არც 81-ში გვაქვს, თუმცა სალიცენზიო ზონაში მხოლოდ ლევან წიკლაურია - 360 ქულა და მე-16 ადგილი. 22-ში შესვლის შანსს კვლავაც ინარჩუნებს ავთანდილ ჭრიკიშვილი, რომელიც მსოფლიოს რეიტინგით სადღეისოდ 184 ქულით 48-ეა. მსოფლიოსავე სიით 146 ქულით 56-ეა დავით კარბელაშვილი.

როგორც გითხარით, ყველაზე ცუდად საქმე 73-სა და განსაკუთრებით - 66-ში გვაქვს. 73-ში ნუგზარ ტატალაშვილს კიდევ არა უშავს - 220 ქულით 24-ეა და რომ არა განელი ემანუელ ნარტე, შუკვანივით 23-ე იქნებოდა. სიაში კვლავაც რჩება ზაზა კედელაშვილი, თუმცა მას დიდი ხანია, არსად უჭიდავია, მოქმედთაგან კი ამბაკო ავალიანს 132, ხოლო თენგიზ პაპოშვილს 100 ქულა აქვთ. ლიცენზიების მოსაპოვებლად მათ გვარიანად უნდა მოუმატონ. 66-ში ჩვენგან საუკეთესო შალვა ქარდავაა - 180 ქულით 25 ადგილზეა. ერთი შეხედვით, ეს არც ისე ცუდი მაჩვენებელია, მაგრამ ბოლოდროინდელი შედეგებიდან გამომდინარე, დამშვიდების უფლება მაინც არ გვაქვს. სამწუხაროდ, ამ წონაში სხვა ჩვენებურთა მდგომარეობა იმდენად უიმედოა, მათზე ლაპარაკიც არ ღირს.

აი, ასეთია ვითარება ვაჟთა შორის, რაც ცოტა გვაეჭვებს, რომ ჩვენი ნაკრები ლონდონის ოლიმპიადაზე სრული გუნდით გამოვა. რაც შეეხებათ ქალებს, იქ სათქმელი ბევრიც არაფერია - რეიტინგებში სულ ორი ჩვენებურია და ისინიც იმდენად არიან დაცილებულნი სალიცენზიო ზონას (აქ 14 საუკეთესოზე გაიცემა საგზური), მხოლოდ მსოფლიოს რეიტინგებზე თუ ვილაპარაკებთ. 70 კილოგრამში ნინო ოძელაშვილი 22 ქულით 95-ეა, მძიმეში კი ირინა ლეონიძე 20 ქულით 67-ე. მართალია, ოძელაშვილის შედეგები ჯერაც შედის 78 კილოგრამის ჩამონათვალში, მაგრამ ის საბოლოოდ დამკვიდრდა 70-ში.

ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!