ჩვეულებრივ, როგორც ქართველების უმრავლესობაა, ისე ვცხოვრობდი. ერთი მხრივ სამსახური, საღამოს მეგობრებთან ერთად ჭამა და დალევა, ბევრი სიგარეტი და ა.შ. როგორც ქართველების დიდი ნაწილი, მეც ჭარბწონიანი ვიყავი.

შემდეგ სირბილის დაწყება გადავწყვიტე. თავიდან 1 კილომეტრი, მერე 2 კილომეტრი, შემდეგ უკვე 5 კილომეტრი გავირბინე. ტრენაჟორებზე სიარულიც დავიწყე. კრივის მწვრთნელთან ერთად ვვარჯიშობდი და ნორმალურ წონაზე ჩამოვედი. ამ დროს ტრიატლონის შესახებ არაფერი ვიცოდი.

სირბილი და გარეთ ყოფნა უფრო მომწონდა, ვიდრე დარბაზში ყოფნა და თბილისის მარათონისთვის დავიწყე მომზადება. 5 კმ-ზზე მეტი არ მქონდა ნარბენი, თუმცა ვიცოდი, რომ 21 კმ-ს გარბენა ფიზიკურად ძალიან ძნელი არ უნდა ყოფილიყო. იქიდან გამომდინარე, რომ სწორად სირბილი არ ვიცოდი, გადავწყვიტე youtube-ზე მენახა სირბილის ტექნიკები, როგორ უნდა გაირბინოს ადამიანმა დიდი დისტანციები. ამ ძებნის დროს, შემთხვევით ამომიგდო ტრიატლონის ვიდეო რგოლი. თავიდან მორბენალი მეგონა, რადგან ფინიშის ხაზთან იყო მისული და ძნელია იმის გარჩევა ტრიატლონისტი თუ მორბენალი. როცა გავხსენი, ეს „აირონმენის“ შეჯიბრი იყო. სამოტივაციო რგოლი გახლდათ, რომელიც გიხსნიდა, თუ რა შეჯიბრი იყო, ამდენად რთულიდა და სტარტიდან ფინიშამდე რა ენერგია გჭირდებოდა. თან ეს, ყველაზე რთული შეჯიბრი გახლდათ, რომელიც 1 დღე გრძელდება. არის რამდენიმე დღიანი შეჯიბრები, თუმცა ერთდღიანი ტურნირებიდან ამაზე რთული არცერთი არაა. თან უნიკალური ისაა, რომ თუ ამას ამთავრებ, მთელი ცხოვრება ხარ რკინის კაცი. „აირონმენის“ სტატუსი გაქვს, ეს დაახლოებით ოლიმპიელის სტატუსივითაა. რადგან მორბენალმა, მოცურავემ და ველოსიპედისტმაც იცის თუ ვინ ხარ. მართალია ჩვენთან პოპულარული არ არის, მაგრამ ეს შეჯიბრები მთელ მსოფლიოში იმართება, ძალიან მაღალ დონეზე არის ორგანიზებული.

მოკლედ, ძალიან მომეწონა და ვთქვი, რომ სირბილი კარგია, მაგრამ, მოდი სამივე სპორტს ვცდი. ისე იყო, რომ ცურვაც უნდა მესწავლა კარგად, რადგან 4 კმ-მდე არის დასაფარი. ასევე, 180 კმ ველოსიპედით უნდა იარო და 42 კმ ირბინო. ამიტომ სამივეში მაგრად უნდა იყო მომზადებული. გადავწყვიტე სამივე სახეობაში დამეწყო ვარჯიში და მწვრთნელების მოძიება ვცადე. ძალიან რთულია კარგი მწვრთნელის ნახვა, რადგან ტექნიკის გარდა, მინიმუმ მოტივაცია უნდა მოგცეს. ეს ჩემს მეგობარს მოვუყევი და იმან ხუთჭიდისა და ტრიატლონის ფედერაციის პრეზიდენტი გამაცნო. ის ესპანეთში ცხოვრობს, ყოფილი სპორტსმენია.

ჩვენი საუბრიდან რამდენიმე დღეში ჩამოვიდა საქართველოში და დამპირდა, რომ მწვრთნელებს მიპოვიდა. ჩვენთან პრობლემა 1 მწვრთნელის პოვნაა, რადგან ტრიატლონისტს სასურველია 1 მწვრთნელი ჰყავდეს, რომელიც სამივე სპორტს გაუწევს კოოდინაციას. 3 მწვრთნელის დრო, ძნელია კოორდინაცია და დატვირთვების გადანაწილება. ერთმა მწვრთნელმა იცის რამდენად დაღლილი ხარ და შესაბამისად გტვირთავს. პრობლემა ისიც იყო, აირონმენისთვის სპორტსმენი არავის არ ჰყავდა მომზადებული. ამ სპორტთან ყველაზე ახლოს მდგომი ხუთჭიდი არის, თუმცა იქ ძალიან დაბალი დისტანციებია და თან, ისეთი სპორტის სახეობებია, რომლებიც ეგრევე გადაბმული არ არის და შეგიძლია დაისვენო, შემდეგ ცხენზე გადაჯდე და ა.შ. შეიძლება თეორიულად ახლოს არის, მაგრამ მაინც განსხვავებულია.

ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ასეთი მაღალი დონის მწვრთნელები იყვნენ საქართველოში. სამივე სპორტში ძალიან მაღალი დონის მწვრთნელები მყავდა და დავიწყე ვარჯიში.

ადამიანმა, რომელიც 200 მეტრს თუ ვცურავდი, დავინახე რომ, ჩემი და მწვრთნელის ერთობლივი მუშაობით მალე მანძილს მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. დაახლოებით 6 თვეში 2 თუ 4 კილომეტრის ცურვა უპრობლემოდ შემეძლო. ძალიან სწრაფი წინსვლა მქონდა.

ყველაზე რთული ველოსიპედები იყო ჩემთვის. სადღაც, ქალაქიდან მოშორებით უნდა წასულიყავი, რადგან ეს სარბოლო ველოსიპედებია და ქალაქის ქუჩებში ვერ ივლი. ამიტომ, ან თბილისის ზღვის გარშემო უნდა გვევარჯიშა, ან დასავლეთის გზატკეცილზე. ტრანსპორტირებაში, აწყობასა და დაშლაში დრო იხარჯებოდა და დატვირთული რეჟიმის გამო ვიცოდი რომ, მხოლოდ 2 საათი უნდა მევარჯიშა. თუმცა 2 საათიანი ვარჯიშისათვის 3.5 საათი უნდა გამომეყო. ყველაზე დიდი დრო ველოსიპედს მიჰქონდა და ყველაზე ცოტას ველოსიპედზე ვვარჯიშობდი. თან მხოლოდ შაბათ-კვირას შემეძლო, რადგან სადაგ დღეებში არ მქონდა იმდენი დრო, რომ თან მემუშავა და თან მევარჯიშა. სირბილით კი ყოველ დღე დავრბოდი, მინიმუმ 4 დღეს მაინც კვირაში. სირბილშიც 5 კილომეტრიდან ავედი ისეთ ნიშნულზე, რომ დისტანციას დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. 20, 21 ან მეტი., თუმცა ყველაზე ბევრი ავსტრიის შეჯიბრამდე 27 კმ მერბინა.

ამათ გარდა, ტრიატლონში მეოთხე სახეობა რბოლის დროს კვება არის. თუ რბოლის დროს კვებას კარგად არ დაგეგმავ, რაც უნდა კარგი შედეგი გქონდეს თითოეულ დისციპლინაში, იმდენად გრძელვადიანი რბოლაა, რომ ენერგიის განაწილებას ვეღარ ახერხებ და შენი ორგანიზმი ითიშება. ეს არ ნიშნავს, რომ გაჩერებს ორგანიზმი, შეიძლება გეუნებოდეს რომ გაჩერდე და შენ აგრძელებდა და უბრალოდ გაითიშო, დაეცე. მე მინახავს ასეთი შემთვევები. ბოლო რბოლაზეც ერთი ქალი დავარდა ეგრე. ეს იმის ბრალია, რომ კვება, მინერალები არ ეყო, არ ჰქონდა საკმარისად, რამდენიც საჭირო იყო იმ დისტანციის დასაფარად.

ამიტომ, აირონმენში არსებობს რამდენიმე დისტანცია. ერთია სრული, რომელიც ახლახანს დავფარე მე და მაგაზე დიდი არ არსებობს. არის ასევე ოლიმპიური დისტანცია- 1,5 კმ ცურვა, 10 კმ სირბილი და 40 კმ ველოსიპედი. პირველად აირონმენის შეჯიბრში სწორედ ეს დისტანცია დავფარე. გერმანიაში იყო ეს შეჯიბრი. შემდეგ 4 ჯერ გავაკეთე ნახევრად აირონმენი, რაც ნიშნავს 1,9 კმ ცურვა, 90 კმ ველოსიპედი და 21 კმ სირბილი. ეს იმ მიზნით გავაკეთე, რომ ფიზიკურად მზად ვყოფილიყავი ამ დიდი დატვირთვისთვის. ფიზიკურ დატვირთვასთან ერთად კვებას ვტესტავდი. ანუ სხვადასხვა ჟელეებსა და მინერალებზე როგორი რეაქცია ექნებოდა ჩემს ორგანიზმს. ბოლო შეჯიბრი დუბაიში იყო, სადაც საოცარი შედეგი მივიღე, 2500 ზე მეტი სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას და პირველ 15 %-ში გავედი. ჩემთვის, როგორც მოყვარული სპორტსმენისთვის ეს ძალიან მაგარი შედეგი იყო. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სტაბილურობა, რადგან სამივე დისტანციაში კარგი შედეგები მქონდა და ეს სწორმა კვებამ მომცა და მივხვდით, რომ კვების რეჟიმის სწორი იყო.

ამ დისტანციის დაფარვისას მინერალები უმნიშვნელოვანესია. მხოლოდ წყალი კი, არაფერს ნიშნავს. უამრავი ელექტროლიტი უნდა დალიო, მარილები ცალკე უნდა მიიღო, ნახშირწყლები, ნაწილი ჟელე უნდა მიიღო, ნაწილი მყარი, ფაქტობრივად ამ მინერალების მთელი აფთიაქი მიგაქვს და ყველაფერი შენ უნდა გააკეთო, იქ არავინ გეხმარება, შენ ხარ, ბოტასი და ველოსიპედი.

რადგან კვების ოპტიმალური ფორმა ვიპოვეთ, დუბაის ტურნირის დასრულებიდან 1 კვირაში დავრეგისტრირდი აირონმენზე, რომელიც 6 თვის შემდეგ იყო. ფიზიკურად მზად ვიყავი, მორალურადაც, რადგან ნახევარდისტანციაზე ძალიან კარგი შედეგი მქონდა და ეს ადვილი ნამდვილად არ გახლავთ. მწვრთნელებსაც ვუთხარი, რომ მზად ვიყავი.

მოტივაცია ის მქონდა, რომ თუ ფინიშის ხაზთან მივიდოდი, ვიქნებოდი პირველი ქართველი , რომელიც რკინის კაცი გახდა. რაც კარგი მოტივატიორია და მომზადების მთელ პერიოდში მეხმარებოდა. არის ქართველი, რომელიც აირონმენის ფარგლებში გამოდის, მაგრამ ის ნახევარ დისტანციას აკეთებს ჯერ და იყო კონკურენციის გრძნობაც. რადგან თუ ჩემზე ადრე ის დააფინიშებდა, პირველი კაცი საქართველოდან ის იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ აქ არ ცხოვრობს. ჰქონდა იმის შანსი, რომ თუ მე გადავდებდი მას მოესწრო და რაღაც მოტივატორი ესეც გახლდათ.

მომზადების პერიოდში მოტივაცია ხან ზევით იწევს, ხან ქვევით ჩამოდის. გასაკვირი ის იყო, რომ ამ შეჯიბრის წინ ძალიან მშვიდი ვიყავი. სტარტამდე არ მინერვიულია. არა და წინა შეჯიბრების განმავლობაში წინა ღამით ვერ ვიძინებდი, აქ კი პატარა ბავშვივით დავიძინე, გავიღვიძე. ალბათ, მორალურად მზად ვიყავი და ვიცოდი, რომ ის დღე უნდა ყოფილიყო, როცა ფინიშის ხაზს გადავლახავდი. თუმცა იმდენად რთული ბარიერია, შესაძლოა ვერ გადაკვეთო. პირველ რიგში, ისევ მორალური მზადყოფნაა, როცა იცი, რომ 17 საათი დიდი დატვირთვის ქვეშ უნდა იყო, ეს ცოტა დეპრესიაში გაგდებს, ანუ შეუძლია თუ არა ადამიანს ამდენის გაძლება, მაგრამ რადგან სხვები აკეთებენ, ანუ შეუძლია. სხვას თუ შეუძლია, შენც შეძლებ, მარა მერე ის ფიქრები მოდის, შენ მზად ხარ თუ არა. მოკლედ, ყველა ცუდი ფიქრი უნდა გადაწონო.

გარე მოტივატორი ქომაგობაა. მე ასეთი გულშემატკივრობა არცერთ სპორტში არ მინახავს. ფეხბურთში ხომ არის, მაგრამ აქ უფრო მაგრია. როცა ხედავენ იხარჯები, უცხო ადამიანებიც ისე იხარჯებიან, რომ შენ არ გაჩერდე და დაგეხმარონ, რომ საკუთარ თავს აჯობო და არ დანებდე.

ასევე, გარე მოტივატორი ოჯახია. ორი გოგო მყავს და იმათთვის მაგალითი არის, რომ ყველაფერი შეიძლება. ისინი ჩემი მოტივაციაა და მე მათი. ძალიან ბედნიერები იყვნენ და იძახდნენ რკინის კაცი მამა მყავსო და უკვე ძალიან უხარიათ.

ასევე ტექნიკური ნაწილიც მნიშვნელოვანია. რადგან შენით უნდა მოაგვარო ყველაფერი. ცურვის დროსაც, ნუ კი შეგიძლია მოითხოვო დახმარება, თუმცა წყალში 3000 კაცია და რომც მოითხოვო, იმ მომენტში დაგეხმარებიან თუ არა, არავინ იცის. თავად სპორტსმენები კი, თუ არ ხედავ რომ კრიტიკული სიტუაციაა და იხრჩობა ადამიანი, თუმცა უბრალოდ დახმარების მოთხოვნაზე საქართველოს მსგავსი სიტუაცია არ დგება, ყველა რომ გაჩერდეს და თავს მოეხვიოს.

ცურვის ნაწილში ის არის საინტერესო, რომ შეჯიბრის ეს ნაწილი მუდმივად ტბაში იმართება. ეს ტბა ალპებშია და ძალიან ცივი წყალია. დიდი ალბათობა იყო, რომ სპეციალური რეზინის ეკიპირებით ჩავიდოდით წყალში. ეს კომფორტულია, რადგან სითბოს გინარჩუნებს და ცურვაც უფრო ადვილია, ამოტივტივებული ხარ და უფრო სწრაფად ცურავ. თუმცა, ბოლო ორი დღე ამბობდნენ, რომ ტემპერატურამ აიწია და ეკიპირებას არ ჩაგვაცმევდნენ. ამის მიზეზი სამედიცინო რისკებია, შეიძლება გადახურდე და ინფარქტიც კი დაგემართოს.

ნუ, გვითხრეს რომ ჩვეულებრივ უნდა ავსულიყავით ტბაში. ეს უკვე ნიშნავდა, რომ მოლოდინზე ცუდი დრო გვექნებოდა. თან უფრო დიდი ენერგიის დახარჯვა გიწევს და ასეთ დიდ მარათონზე ხარ, ენერგია უნდა გააკონტროლო. არც სწრაფად უნდა იარო, არც ნელა, გადაანაწილო უნდა. ერთ-ერთ პირველ ჯგუში გავედი, რადგან მოცდა არ მინდოდა ისე ვიყავი. იქ, როცა ამდენი ხალხია 6-6 სპორტსმენი ჩავდივართ, რომ ერთმანეთს ხელი არ შევუშალოთ. შეცდომა დავუშვი, რომ ახალი სათვალე მეკეთა. არასდროს უნდა ჩაიცვა ან გაიკეთო ის, რაც გამოცდილი არ გაქვს. ყოველ 400-500 მეტრზე მევსებოდა და ვერდებოდი, ამიტომ დრო დავკარგე ამაზე, თუმცა ნუ, ნორმალურად გავიარე.

ისევეა ველოსიპედზე, ტექნიკური პრობლემა შენ უნდა მოაგვარო. ან ტექნიკურ ნაწილამდე უნდა მიხვიდე და იქ დაგეხმარებიან. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერს თავად გააკეთებენ, თუმცა ბორბალს მოგაწვდიან. ველოსიპედითაც დისტანციის ნახევარი ძალიან კარგად გავიარე და მერე მთაში დავიწყეთ ასვლა. საკმაოდ დაღლილი ვიყავი და თან, სწრაფი ველომრბოლელი არ ვარ და მთის ბოლოში რომ ავედით და გვითხრეს, რომ ეს ბოლო აღმართი იყო და დაღმართი იწყებოდა აქიდან, უცებ დაბნელდა, ამოვარდა შტორმი, წვიმა, მხოლოდ 2 მეტრიან დისტანციაზე თუ ვხედავდი. ამას ქარი ერთვოდა თან და ველოსპიედისთვის ასეთი კომბინაცია ყველაზე ცუდია. აღსანიშნავია, რომ დაღმართში მივდიოდით. 3 წუთში ტემპერატურა 10 გრადუსით დავარდა, მაშინ მივხვდი რას ნიშნავდა ჰიპოთერმია. სველი ვიყავი, ველოსპიედით მივდიოდი და ისედაც ქარი მიბერავდა, უცებ ტემპერატურაც ვარდება და მთელმა ორგანიზმმა კანკალი დაიწყო. დაღმართზე ხარ და პედლებს ვერ ატრიალებ, ვეღარ ხურდები. ცუდი იყო ისიც, რომ ჩემი ველოსიპედი მშრალი ამინდისთვის მქონდა აწყობილი და რეზინის მუხრუჭები არ მქონდა, რაც წვიმაში საშინლად ცუდია. მუხრუჭები თითქმის არ იჭერდა, ბოლომდე მოვუჭრე მუხრუჭებს და მაინც 27 კმ/სთ ვმოძრაობდი. გამოდარებას რომ დავლოდებოდი, მაგისი შანსი იქ არ იყო. საშუალო სიჩქარე ძალიან დამივარდა, თან ხელები დამეჭიმა ძალიან და დიდი ენერგიაც დავხარჯე. თუმცა, ამ ყველაფერმა ისეთი ადრენალინი მომცა, რომ სირბილი ძალიან თამამად დავიწყე. ენერგია კი დავხარჯე, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ის მართლაც საშიში იყო, დიდი ადრნალინი მივიღე და საწყის 10 კილომეტრი ძალიან მსუბუქად ვირბინე. პულსიც ნორმალური მქონდა. მხოლოდ იმაზე ვნერვიულობდი, რომ 27-კმზე მეტი არასდროს მირბენია და რამდენად მოვახერხებდი ახლა 42 კმ-ს გარბენას.

იქ ჩემი მეგობრები და მეუღლე იყო და პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ ქალაქში შევირბინე და ეს მორალურად ძალიან დამეხმარა. ვხედავდი რამდენად ნერვიულობდნენ, განსაკუთრებით ჩემი მეუღლე ნერვიულობდა. როცა, 35 კმ-ზე მივედი, მივხვდი, რომ ბოლოში აუცილებლად გავაღწევდი, რადგან დაზიანება და ტრავმაც რომ მიმეღო, იმ 7 კილომეტრს გავივლიდი, გავბობღდებოდი და ფინიშის ხაზს მაინც გადავლახავდით. როცა დავრწმუნდი, რომ, რკინის კაცის სტატუსს მაინც მივიღებდი, მას მერე დისტანცია გაღიმებული სირბილი იყო. უფრო ხალხს ვესალომებოდი. ხელზე აღნიშვნა გაქვს და ისინი ხვდებიან ახლა იწყებ თუ ამთავრებ და როცა დაინახავენ რომ თითქმის ბოლოში ხარ გასული, გეუბნებიან, რომ ბოლო წამები დაგრჩა, გამხნევებენ და ეს ძალიან გეხმარება. ფინიშზე მისვლის დროსაც საკმაოდ ენერგიული ვიყავი. ჯამში 12 საათზე ოდნავ მეტი დამჭირდა. იმედი მქოდა, რომ ამდენი არ დამჭირდებოდა, თუმცა ველოსიპედის ბოლო მონაკვეთმა და ცურვის პრობლემამ შემაყოვნა.

თუ სხვა საქმეს არ აკეთებ და მხოლოდ ამისთვის ემზადები, 1 წელი გეყოფა. თუმცა მე სხვა სიტუაცია მქონდა, სამსახური , გადატვირთული გრაფიკი და ოჯახი და 3 წელი დამჭირდა.

გეგმა უნდა გქონდეს, მართლა უნდა გინდოდეს. მხოლოდ თქმა და დეკლარირება, რომ რაღაც მინდა, საკმარისი არ არის. მერე შეიძლება უამრავი მიზეზი იპოვოს, თუ რამ შეუშალა ხელი, რატომ ვერ გააკეთა. იგივე რაც ცხოვრებაში ხდება ხოლმე. თუ მართლა გინდა, ცხოვრება უნდა გადააწყო. ეს არ არის ისეთი შეჯიბრი, რომ წამო ბიჭებთან ერთად ფეხბურთი ვითამაშოთ. მზად უნდა იყო, რომ დღეში 2ჯერ ივარჯიშო, მზად უნდა იყო დაიძინო არაუგვიანეს 11-ის ნახევრისა, მზად უნდა იყო უარი უთხრა მეგობრებს შეკრებაზე, მზად უნდა იყო, რომ ზამთარში, დილით როცა ბნელა ადგე და 16 კილომეტრი გაირბინო ნებისმიერ ამინდში. თუ მორალურად ასე მოემზადები, 1 წელიწადში ეს შესაძლებელია და შეიძლება უფრო სწრაფადაც კი დაამთავრო და 11 საათზე ჩამოხვიდე. 11-ზე ქვემოთ სხვა რამეა საჭირო, ჯგუფი უნდა გყავდეს, სამედიცინო დახმარება გჭირდება და უკვე თითქმის პროფესიონალი ხარ. ითვლება, რომ 11 საათზე ნაკლებ დროში თუ დაფარე, მაღალი დონის სპორტსმენი ხარ. ამ დონეზე არიან მოყვარულებიც, რადგან არის ხალხი, რომელიც აკეთებს მაგას, საკუთარი გუნდი და ჯგუფი ჰყავთ და მოყვარულები არიან მათ აქვთ იმის ფუფუნება, რომ არ იმუშვოს აქტიურად, ჰქონდეს შემოსავლები და სპორტისთვის დიდი დრო დახარჯონ.

აღდგენას რაც შეეხება, 2 კვირა გავიდა და ჯერ ისევ აღდგენით პროცესში ვარ. დღეს უკვე მე-4 გავირბინე მცირე დისტანციაზე. თუ დატვირთვის ქვეშ არ ვარ, მგონია, რომ აღვიდგინე ყველაფერი, თუმცა დატვირთვსიაც ვგრძნობ, რომ სახსრებსა და კუნთებს ჯერ ბოლომდე არ აღუდგენიათ ის ამორტიზაცია, რომელიც მიიღეს.

ამ სპორტში ფიზიკური მომზადება და ფიზიკური შედეგები მეორეხარისხოვანია. მენტალურად გცვლის, სხვა ფასეულობების გიჩნდება,. დროის აღქმაც გეკარგება. ადრე რო მეუბნებოდნენ, რომ რაღაც საქმეს 2 საათი სჭირდებოდა, მეგონა, რომ ძაალიან დიდი ხნით უნდა დავლოდებოდი. არა და ახლა კი გიწევს 12 საათი ელოდო რაღაცას სტარტიდან ფინიშამდე. აი , რამდენიც უნდა იყოს, 1, 2 , 5 თუ 10 საათი ამ სპორტის განზომილებაში გადმოგაქვს. კიდევ ის არის, რომ ორგანიზებას გაჩვევეს, ცხოვრებაშიც ორგანიზებული ხდები. რადგან წარმოუდგენელია, სპორტში იყო ორგანიზებული და ცხოვრებაში ქაოსი გქონდეს. ეს სპორტი და ცხოვრება ძალიან ჰგავს ერთმანეთს და მე ძალიან შემცვალა. მენტალურ ძლიერებას გაძლევს, დამოუკიდებლობას გაჩვევს, ცხოვრებაშიც ხვდები, რომ ნებისმიერი დაბრკოლება გადალახვადია, ოღონდ მხოლოდ გარემო პირობების იმედად არ უნდა იყო. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, წვიმა, ქარიშხალი, ელვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენ უნდა გაჩერდე.

მას შემდეგ რაც პირველი ქართველი რკინის კაცი გავხდი, ახალი გამოწვევა ჯერ არ მაქვს. ახლა 1.5 თვით სასწავლებლად მივდივარ კოლუმბიის უნივერსიტეტში და ესეც ახალი გამოწვევა იქნება. თუმცა, ტრიატლონი უკვე ჩემი ცხოვრების წესია , პირველივე სამ დღეში ვეძებდი როდის იქნებოდა შემდეგი შეჯიბრი. ეს არ იქნება სრული დისტანცია, რადგან მზად არ ვარ ჩემს ოჯახს დავაკლო ის დრო, რაც მომზადებაში დამჭირდება, ალბათ 2 წელი მაინც ასე იქნება., საშუალო დისტანციებზე კი, უკვე მინდა ვიპოვი ის შეჯიბრი რომელიც მომდევნო წლის პირველ კვარტალში იქნება.

ჩემი მეუღლეც ამყვა. სირბილი და ფიზიკური მომზადება დაიწყო, გულწრფელად რომ ვთქვა, არა მგონია ტრიატლონით დაკავდეს. თუმცა 10 კმს დარბის, ფიზიკურად ისეთ ვარჯიშებს აკეთებს, რასაც მე ვერა, რადგან მისი ორგანიზმი ამაზეა შეჩვეული.

რაც ტრიატლონში ჩავერთე, მინდა ვთქვა, რომ მას შემდეგ დიდი პროგრესი მაქვს. ვგულისხმობ ყველა მხრივ. სამსახური, ვითიბი ხელს მიწყობდა, სპორტშია ჩართული. სადილისთვის დიდი დრო მქონდა, რეალურად კი ვცურავდი. მთელი გუნდი გვერდით მედგა, რომ ზედმეტი სტრესი არ მქონოდა. ჩვენი გენ დირექტორისათვისაც საინტერესო იყო, რადგან ადამიანმა, რომელიც 10 წელია მიცნობს, დაინახა, რომ უკანასკნელ 3 წელში სრულად შევიცვალე ცხორების წესი და უდიდეს მხარდაჭერასაც ვგრძნობდი მისგან.

თუმცა, ასევე სამსახურეობრივად უფრო ეფექტური და ორგანიზებული გავხდი. ადრე თუ ზოგადი მიზნები მქონდა, ახლა კონკრეტული მიზანი მაქვს. უკვე მიზანი გაზომვადი უნდა იყოს და ეს ჩემი გუნდისთვისაც ადვილია, რადგან შეიძლება ადრე ზოგადი მიზანი დამესვა. ახლა კი სხვანაირად არის და ცხოვრებამ მასწავლა, რომ მიზნები ძალიან, ძალიან კონრეტული და გაგებადი უნდა იყოს.

სპორტშიც ასევე, კონკრეტული უნდა იყოს მიზანი და ამ მიზნების მიღწევა ყოველთვის უფრო რეალურია.

თავიდან მეც სტანდარტული ქართველივით ვცხოვრობდი, დასაწყისშივე ეს აღვნიშნე. მინდა იმ ადამიანებს ვუთხრა, ვინც ახლა ცხოვრობს ისე, როგორც მე ადრე ვცხოვრობდი. სხვა ცხოვრებაც არსებობს. შეიძლება საქართველოში რაღაც არის ნორმა, მაგრმ ესეც იცვლება. მეც ნორმალური ქართველის ცხოვრებიდან, შედარებით არანორმალური ქართველი გავხდი. ბედნიერება სხვანაირადაც მიიღება. მეგობრებთან ერთად დალევა ახლაც ძალიან მიყვარს, თუმცა მეგობრებთან ერთად სირბილიც მშვენიერია. ამიტომ, ურთიერთობის შესალებლობები არაა მხოლოდ იმაზე დამოკიდებული, თუ ვინ უფრო მეტს დალევს, ვინ უფრო მეტს მოწევს და გვიან დაიძინებს. სხვა სახის აქტივობებით არანაკლები მეგობრობის შექმნა შეილება. ამ სპორტმა მე ძალიან ბევრი მეგობარი შემძინა. როგორც მწვრთნელების, ისე ფედერაციისა და ფედერაციის პრეზიდენტის სახით. ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც თურმე დარბის დილით და ამ ხალხის რაოდენობა იზრდება. დარწმუნებული ვარ, რომ როცა დრო გავა და ასაკში შევალთ, მაშინ უფრო საგრძნობი იქნება. ის დალევაც კი სპორტია, მართონულად გვაქვს ისიც, ვინ უფრო დიდი ხანი, ვინ ბოლომდე და აქაც ასეა. თუმცა სიამოვნება ბევრი უფრო დიდი აქ. თუმცა, მეგობრები არ უნდა დაივიწყოთ. მე, თვეში 1 დღე მაქვს, რომ ჩვეულებრივი, ძველი ბაჩო ბრუნდება და ისიც ჩემი ნაწილია და მეც მიყვარს მეგობრებთად ერთად ყოფნა და დალევა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყოველდღე ასე უნდა იცხოვრო.

მოდელს მომღერალი არჩია - ლამინ იამალს არგენტინელ ქალბატონთან რომანი აქვს
მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა
[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა