თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით ხუციშვილმა (74) ივნის-ივლისის მიჯნაზე, სულ რაღაც სამკვირიან მონაკვეთში ორი დიდი გამარჯვება იზეიმა - ჯერ ბულგარულ სამოკოვოში თანატოლებში ევროპის ჩემპიონი გახდა, მერე კი ბუდაპეშტში - მსოფლიოსი და ამ სეზონში დუბლი შეასრულა....

თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით ხუციშვილმა (74) ივნის-ივლისის მიჯნაზე, სულ რაღაც სამკვირიან მონაკვეთში ორი დიდი გამარჯვება იზეიმა - ჯერ ბულგარულ სამოკოვოში თანატოლებში ევროპის ჩემპიონი გახდა, მერე კი ბუდაპეშტში - მსოფლიოსი და ამ სეზონში დუბლი შეასრულა. სადღეისოდ ის ახალგაზრდებში უდავოდ ყველაზე წარმატებული სპორტსმენია. ამ წარმატებამდე მას ათწლიანი ვარჯიში და მთელი 24 კილოგრამის მომატება დასჭირდა - ჭიდაობაში ვარჯიში 2000 წელს დაიწყო 10 წლისამ საგარეჯოში, რამაზ ასაბაშვილთან, როცა 50 კილოგრამს იწონიდა. პირველ სერიოზულ გამარჯვებასაც ამ წონაში მიაღწია 2006 წელს - საქართველოს ჩემპიონი გახდა ჭაბუკებში. ანალოგიური წარმატება მომდევნო სეზონში უკვე 58 კილოგრამ წონით კატეგორიაში გაიმეორა და ისევ წავიდა ჭაბუკთა ევროპის პირველობაზე. წინა მცდელობისგან განსხვავებით, ხელმეორე ცდა იღბლიანი გამოდგა და საგარეჯოში ვერცხლის მედლით დაბრუნდა. ამასობაში ნაკრებიც გამოიცვალა, წონითი კატეგორიაც, საცხოვრებელ-სავარჯიშო ადგილიც და მწვრთნელიც - ახალგაზრდებში გადავიდა და 74 კილოგრამში გადაბარგდა. მის წინაშე უკვე ახალი მოთხოვნები დადგა, რასაც სხვა, ბევრად უფრო დიდი ასპარეზი სჭირდებოდა. ამიტომ რამაზ ასაბაშვილმა მოჰკიდა ხელი და ფალავანთა კლუბში ალექსანდრე კახნიაშვილს მიუყვანა. მას შემდეგ ხუციშვილი კახნიაშვილთან ვარჯიშობს და ამ დუბლსაც მას უმადლის, თუმცა ასეთი რადიკალური ცვლილებები იოლად არ ხდება და 2008 წლის სეზონი ადაპტაციას მოანდომა. სამაგიეროდ, 2009-ში ისევ გაგვახსენა თავი - თბილისში გამართულ ახალგაზრდების ევროპის ჩემპიონატში ბრინჯაო მოიპოვა, წლეულს კი დუბლით გაგვახარა და თამამად შეიძლება ითქვას - ლონდონის ოლიმპიადასაც გაუგზავნა მესიჯი. იქამდე კიდევ ორი წელიწადია დარჩენილი, მაგრამ ლამის ყველა დარწმუნებულია - ხუციშვილი იქ იჭიდავებს. სჯერათ იმისიც, რომ ის ანალოგიურ გამარჯვებებს უფროსებშიც მოიპოვებს და ძნელია, არ გაიზიარო ეს ოპტიმიზმი. მთავარია, თვითონ სპორტსმენმა არ იფიქროს, რომ წარმატებებს იოლად მიაღწევს, ამ ჯილდოებმა არ გააყოყოჩოს, კვლავაც ადრინდელივით მუყაით, გამრჯე და დისციპლინიან ათლეტად დარჩეს და მედლები ნამდვილად იქნება.

ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე მისი გამოსვლა ბევრი რამით ჰგავს ერთმანეთს და არა მხოლოდ იმით, რომ ორივეგან ჩემპიონი გახდა! ბულგარეთშიც და უნგრეთშიც მან ფინალში ერთი და იგივე ფალავანი - თურქი სონერ დემირტასი დაამარცხა; აქაც და იქაც ნახევარფინალში რუსები არ გაახარა (თანაც სხვადასხვა ფალავანი) და ორივეგან დამაჯერებელი, ლამაზი ჭიდაობა უჩვენა სპეციალისტებს.

- ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ თქვით, რომ ჩემპიონობა სულ სხვა შეგრძნებააო. ახლა როგორი იყო ეს გრძნობა - ისეთივე უცხო და ამაღლებული, თუ უკვე ნაცნობი და შეჩვეული?

- არა, ამჯერადაც განსხვავებული გრძნობა იყო. სიტყვებით ვერ გადმოსცემ, ისეთი განცდაა. კაცს მუდმივად გინდა, ასეთი რამ განიცადო.

- შარშან ევროპის პრიზიორი გახდით, მაგრამ წლეულს განსაკუთრებით კარგ სეზონს ატარებთ. ამის მიზეზად რა მიგაჩნიათ - გამოცდილება დაგიგროვდათ, ტექნიკურად მოუმატეთ თუ რა მოხდა?

- ამაში დიდია მწვრთნელთა წვლილი, რომლებმაც ყველანაირად შემიწყვეს ხელი.

- შარშანს მერე რა გააკეთეს ასეთი მწვრთნელებმა, უფრო რა ასპექტებში მოუმატეთ?

- ფიზიკურადაც მოვუმატე და ტექნიკურადაც. თანაც ორივეში თანაბრად ძლიერად მოვემზადე და შედეგიც მივიღეთ.

- ალბათ, სეზონის დასაწყისში დუბლის გაკეთებაზე კი ოცნებობდით, მაგრამ მიგაჩნდათ მაშინ ეს რეალურად?

- სიმართლე გითხრათ, თავიდან ეს რეალური არ მეგონა, მაგრამ სურვილი კი ნამდვილად იყო. თუმცა ყველა შეხვედრას იმ რწმენით ვჭიდაობ, რომ უნდა მოვიგო და საამისოდ ყველაფერს ვაკეთებ. საბოლოოდ მართლაც ასე გამომივიდა. აი, ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ კი მსოფლიოზე გამარჯვებაც რეალური მეჩვენებოდა, ოღონდ ვიცოდი - ეს ძალიან გამიჭირდებოდა.

- ევროპაზეც და მსოფლიოზეც ფინალში თურქი სონერ დემირტასი შეგხვდათ. ბუდაპეშტშიც ის გინდოდათ მეტოქედ თუ სხვა გერჩივნათ?

- ბუდაპეშტში მე უფრო ძლიერ ქვეჯგუფში მოვხვდი - რუსი არსენ შალაევი და ირანელი რეზა ალირეზა აფზალიპაემამიც ჩემს მხარეს იყვნენ, დემირტასს კი ძლიერი მხოლოდ აზერბაიჯანელი იბრაჰიმ იუსიფოვი ჰყავდა. რაკი იმათ მოვუგე, მერე სულ ერთი იყო, ვინ შემხვდებოდა ფინალში. თურქი ძალისმიერი სტილის მოჭიდავეა - ცდილობს, ფიზიკური ძალით მოგიგოს. ამდენად, მისი ჭიდაობის სტილიც კარგად ვიცოდი.

- წლეულს ამ ორი დიდი ტურნირის ნახევარფინალში რუსები დაამარცხეთ. თანაც - სხვადასხვანი. არადა, სუსტი სპორტსმენები არ უნდა იყვნენ - თქვენთან წაგების შემდეგ ორივემ ბრინჯაო მოიპოვა...

- შალაევმა წლეულს რიგის საერთაშორისო ტურნირის ფინალში მომიგო, ევროპაზე შენახვედრ ზაურ მაკიევს კი არ ვიცნობდი. რიგაში შალაევმა სამ პერიოდში მომიგო, საკმაოდ თავისუფლად, მაგრამ მას შემდეგ მოვემზადე და უკვე მე ვაჯობე ასევე იოლად. მასთან ჭიდაობაც უფრო ძნელი იყო, რადგან წაგებული მქონდა, მაკიევისა კი არაფერი ვიცოდი, რას აკეთებდა და როგორ. მასთან შევეცადე, ჩემს სტილში მეჭიდავა, არ დამეთმო ინიციატივა და დასახული გეგმა კიდეც შევასრულე. შალაევთან ჭიდაობა იმიტომაც იყო უფრო ძნელი, რომ ასაკითაც გადაზრდილია. მოგეხსენებათ, რუსებს ძირითადად ასეთი ფალავნები ჰყავთ, თუმცა მაკიევზე ვერ ვიტყვი ამას - არ ჰგავდა უფროსს.

- თავიდან რატომ აირჩიეთ ჭიდაობა და არა სპორტის სხვა სახეობა, როცა საგარეჯოში არჩევანი გქონდათ - ოჯახური ტრადიციაა?

- სხვათა შორის, ჯერ ძიუდოზე მივედი, მაგრამ, ასაკით პატარა ხარო და არ მიმიღეს. ამიტომ `თავისუფალზე~ მივედი, სადაც თავისუფლად მიმიღეს.

- ჭიდაობაში კერპი თუ გყავთ?

- ჩემთვის სამაგალითო სპორტსმენი რევაზ მინდორაშვილია თავისი შეუპოვარი ხასიათის გამო. გახსოვთ, რომ ოლიმპიადამდე რამდენჯერმე წააგო რუსეთის ნაკრების წევრ გიორგი კეტოევთან, მაგრამ რა დამაჯერებლად აჯობა პეკინში!

- როგორც ვიცი, წონის პრობლემა არ გაქვთ, ანუ ეროვნულ ნაკრებშიც ამ წონაში დარჩებით.

- მხოლოდ ორიოდ კილოგრამს ვიკლებ და არც ეროვნულში ვაპირებ წონითი კატეგორიის შეცვლას. იქაც 74-ში დავრჩები.

- როგორ ფიქრობთ, ეროვნულ ნაკრებში წლეულსვე შეძლებთ დამკვიდრებას და მსოფლიოს პირველობაზე მოხვედრას?

- არ ვიცი, ამაზე ჯერ არ ვფიქრობ, ეს მწვრთნელების გადასაწყვეტია. თუმცა ნაკრებთან ერთად კი გავაგრძელებ მზადებას - 9 აგვისტოს მათთან ერთად წავალ შეკრებაზე, დანარჩენი კი მწვრთნელებმა იციან. წლის ბოლოს საქართველოს ჩემპიონატი იქნება, სადაც აუცილებლად ვიჭიდავებ და ვნახოთ.

- მაგრამ ფსიქოლოგიურად რამდენად ხართ მზად ეროვნული ნაკრების კონკურენციაში ჩასართავად, სადაც ბევრად დიდი დატვირთვაა?

- განწყობა ჩინებულია - მინდა ვიბრძოლო. წლეულს უკვე ვიჭიდავე საქართველოს ჩემპიონატი უფროსებში და მესამეზეც გავედი. იმედია, მომავალში ყველაფერი კიდევ უფრო უკეთ იქნება.

- მოდი, მაშინ პირდაპირ გკითხავთ, რის გამოც წინა კითხვა დაგისვით - ახალგაზრდებში გაკეთებული დუბლი დათვურ სამსახურს ხომ არ გაგიწევთ და `ვარსკვლავური ავადმყოფობა~ ხომ არ შეგეყრებათ იმის მიუხედავად, რომ რეჟიმს მკაცრად იცავთ და საკუთარ თავზეც ბევრს მუშაობთ?

- არა. გპირდებით, რომ ეს არ მოხდება. მშვენივრად ვიცი, რომ ოდნავ მოდუნებასაც არავინ გაპატიებს და მაშინვე მოგიგებენ. მზად ვარ, უფროსებშიც ჩავერთო კონკურენციაში და ვიბრძოლო ნაკრებში ადგილის დასამკვიდრებლად. კაცმა რომ თქვას, სხვა გზა არც დამრჩენია.

- ასეთ წარმატებულ ახალგაზრდებზე ნადირობენ უცხოელები. თქვენთვისაც ხომ არ შემოუთავაზებიათ სხვაგან გადასვლა ან ახლა, ან - ადრე?

- არა, ასეთი არაფერი ყოფილა არც ახლა და არც ადრე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია