ჩვენს მეზობლად უჩვეულო ამბავი ხდება - აზერბაიჯანი უარს ამბობს პრესტიჟული ტურნირის - ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე. სად წავლენ 23-წლიანები?
ჩვენს მეზობლად უჩვეულო ამბავი ხდება - აზერბაიჯანი უარს ამბობს პრესტიჟული ტურნირის მასპინძლობაზე. მოგეხსენებათ, შეუზღუდავი ფინანსური რესურსების იმედით იქაურები ყველა მნიშვნელოვანი შეჯიბრების მითვისებას ლამობენ და მიზანსაც თითქმის ყოველთვის აღწევენ, თუმცა ამ დღეებში იქაურმა სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ბაქომ 18-20 ნოემბერს გასამართი 23-წლამდელ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის ჩატარება იუარა. ამის შესახებ ძიუდოს ევროპულ მმართველ ორგანოსაც მიმართეს, რომელიც გაგებით მოეკიდა მათ თხოვნას (ან კი რა გზა ჰქონდა სხვა) და პირველობის სხვაგან გადატანას დათანხმდა. ოღონდ ჯერ არაა ცნობილი, სად გაიმართება ეს ტურნირი, ან შეიცვლება თუ არა მისი ჩატარების ვადები.

აზერბაიჯანულმა ფედერაციამ უარის მიზეზად თანხების დეფიციტი დაასახელა, წლევანდელ კალენდარში სამი სალიცენზიო შეჯიბრება გვაქვს და ამდენს ვერ გავწვდებითო. ბაქომ ამ სამიდან ორს უკვე უმასპინძლა - მასტერსს იანვარში და "დიდ პრიზს" აპრილში, რიგში კი მსოფლიოს თასია, რომელიც 9-10 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. აზერბაიჯანელებისთვის წინასწარვე დაგეგმილი სწორედ მსოფლიოს თასი იყო - როგორც წესი, ამ რანგის შეჯიბრებათა კალენდარი რამდენიმე წელიწადზეა გაწერილი, დანარჩენები კი პოსტ-ფაქტუმ მიიღეს. განსაკუთრებით - "დიდი პრიზი", რომელიც ტუნისში უნდა გამართულიყო, მაგრამ ქვეყანას იქ მომხდარი პოლიტიკური არეულობების გამო ჩამოერთვა. საერთაშორისო ფედერაციას თავისი სამსახური მაშინვე შესთავაზა აზერბაიჯანულმა მხარემ და მიზანსაც მიაღწია.

ერთმანეთს რომ შევადაროთ ეს სამი სალიცენზიო შეჯიბრება და 23-იანთა ევროპის პირველობა, სხვაობა აშკარაა - ამ ტურნირებში არაევროპელებიც გამოდიან და სიძლიერით "ბებერი კონტინენტის" არათუ ასაკობრივ, უფროსთა პირველობასაც აღემატებიან. რაც მთავარია, ისინი სალიცენზიო რეიტინგში ქულებსაც იძლევიან, მასტერსი და "დიდი პრიზი" - საკმაოდ ბევრსაც. სწორედ ამიტომ გაძვრნენ იქაურები ნემსის ყუნწში მათი მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად. როცა ტუნისური შეჯიბრება ბაქოს გადაეცა, აზერბაიჯანის ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი აგიარ ახუნდზადე სიამოვნებისგან ხელებს იფშვნეტდა, ამ პრიზზე ბლომად ქულები გაიცემა და ჩვენებს სარეიტინგო მარაგის შევსების ჩინებული შანსი ეძლევათო. დასამალი არაა - მასპინძლებს მსაჯები ბევრად თუ არა, ცოტათი მაინც ყოველთვის ეხმარებიან, აზერბაიჯანი კი მაქინაციებით, გარიგებებით, შეხვედრათა ყიდვა-გაყიდვით და მსაჯთა მოსყიდვით ისედაც ცნობილია, თანაც არა მხოლოდ ძიუდოში, სპორტის სხვა სახეობებშიც (თუნდაც ბერძენ-რომაელ მანუჩარ ცხადაიას (66) წაგებული ფინალი გავიხსენოთ მსოფლიოს შარშანდელ პირველობაზე აზერბაიჯანელ ფარიდ მანსუროვთან) და ორი აზრი არ არსებობს, ახუნდზადესაც სწორედ ამისი ეიმედებოდა. ბაქოში გამართულ შეჯიბრებებში იქაურებს მართლაც გარანტირებული აქვთ მაქსიმალური მხარდაჭერა და მასტერსის შემდეგ ჩვენი ძიუდოისტები გაკვირვებულებიც იყვნენ ამ ფაქტორით, იმდენად დიდი ყოფილა მსაჯთა თუ ორგანიზატორთა გავლენა.

ერთი სიტყვით, ერთ სეზონში სამი სალიცენზიო შეჯიბრების ჩატარება მათ ძიუდოისტებს მართლაც გვარიან ქულებს უქადის - წარმატებით გამოსვლის შემთხვევაში ცალი ფეხით ლონდონში არიან. ამათთან შედარებით რა პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს 23-წლიანთა ევროპის ჩემპიონატს? მხოლოდ მედლები, რომელთა მოპოვება სხვაგანაც შეიძლება. აქედან გამომდინარე, გასაკვირიც არაა, ასეთი ტურნირის ჩატარებაში ფულის დაზოგვა თუ მოინდომეს. მით უფრო, იქაური ფედერაციის პრეზიდენტი, ებრაული წარმოშობის ბიზნესმენი ფიზული ალაკბაროვი უაღრესად პრაგმატულ მმართველადაა ცნობილი - თანხას ისე არ ჩადებს, თუ უკუგებას არ ელოდება. თან როგორც ამბობენ, ძიუდოს ოჯახის საჭიროებას მჭიდროდ აკავშირებს საკუთარ ბიზნესთან. სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ფინანსურ კრიზისზე ალაკბაროვი შარშანაც ალაპარაკდა, ოღონდ სეზონის მიწურულს, როცა მთელ რიგ მნიშვნელოვან შეჯიბრებებზე ნაკრები ვერ დააფინანსა.

თუმცა მისი ბიზნესინტერესები თუ პრობლემები იქით იყოს და ჩვენ საკუთარი გასაჭირი ვიკითხოთ - ბაქოში ჩასვლა ბევრად იაფი დაგვიჯდებოდა, ახლა კი ნაკლებად მოსალოდნელია, ჩემპიონატი ისეთ ქვეყანაში დაინიშნოს, ეკონომიკურად ასეთი მომგებიანი ვარიანტი იყოს. ოღონდ ფინანსური კრიზისი არც ჩვენი ფედერაციისთვისაა უცხო და საკითხავია, წავიდოდნენ კი ამ ტურნირზე? შარშან სწორედ უფულობის გამო ბოსნია-ჰერცოგოვინას დედაქალაქ სარაევოში გამართულ პირველობაზე ვერ გაემგზავრნენ. ამიტომაც იყო ბაქოსდარი იაფი ვარიანტი ჩვენთვის მისწრება. 23-წლიანთა ჩემპიონატს დიდი ისტორია არ აქვს და როგორღაც უშნოდაა გამოჩხერილი საერთაშორისო თუ ევროპულ კალენდარში - მას წინ 20-წლიანთა ევროპის და მსოფლიოს პირველობები უსწრებენ, მერე კი ეროვნული ჩემპიონატები ან ისეთი მართალი რანგის შეჯიბრებები მოსდევენ, როგორიც ძიგორო კანოს "დიდი მუზარადი" და ჩინეთისა თუ რიგი ქვეყნების "დიდი პრიზები" და ამათ მსგავსად სალიცენზიო დატვირთვის მსოფლიოს თასები. მაგალითად, წლეულს ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობაც ნოემბერში იმართება (სამხრეთ აფრიკაში) და როტერდამის "დიდი პრიზი" ანუ ფრიად დატვირთული კალენდარია. შარშან ეს ტურნირი საქართველოს ჩემპიონტსაც ემთხვეოდა და წასვლაზე ამიტომაც არ გამოუდიათ დიდად თავი, თუმცა არც ფული მოეძევებოდათ. ეს ასაკი - 23 წელიწადი გარდამავალია ახალგაზრდებსა და უფროსებს შორის. ამიტომ გარკვეული სპორტული დატვირთვა მაინც გააჩნია და თანდათან ფეხს იკიდებს ძიუდოს სამყაროში. აქ გამოსასვლელად შანსი ისეთ ფალავნებსაც ეძლევათ, რომლებმაც ახალგაზრდულ ასაკს გადააბიჯეს და ვერც ეროვნულში ხვდებიან - მათთვის ეს რეაბილიტაციის, საკუთარი შესაძლებლობების გამოყენების ერთგვარი შანსია. სპორტსმენებიც საკმაოდ ტიტულოვანები გამოდიან. მაგალითად, სხვადასხვა წლებში მისი ჩემპიონ-მედალოსნები სადღეისოდ ისეთი ცნობილი ფალავნები გამხდარან, როგორც უკრაინელთა ქართველი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გიორგი ზანთარაია (60). იტალიელი მსოფლიოს პრიზიორი ელიო ვერდე (60), რუსი მსოფლიოს პრიზიორი მანსურ ისაევი (73), ევროპის რუსი ჩემპიონი სირაზუდინ მაგომედოვი (81) და კიდევ ბევრი სხვა.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა