"ჩელსიდან" წამოსული მწვრთნელი სამწვრთნელო საქმიანობას, სავარაუდოდ, სამშობლოში გააგრძელებს
კარლო ანჩელოტი იტალიურ პრესაში კიდევ უფრო აქტუალური პერსონა გახდა, რადგან “ჩელსიდან” წამოსვლის შემდეგ, სავარაუდოდ სამშობლოში გააგრძელებს სამწვრთნელო საქმიანობას.

ყველაზე ძვირად მისი “რომას” მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შანსები ფასობს და ამის შესახებ იტალიური მედია სულ უფრო და უფრო ინტენსიურად საუბრობს. ანჩელოტის “კორიერე დელო სპორტის" ჟურნალისტი გაესაუბრა და თანაც, რამდენიმე მეტად საინტერესო საკითხზე. დანარჩენზე ქვემოთ…

რომა

სიმართლე არ გამომივა, რომ გითხრათ, რომ “რომას” მთავარ მწვრთნელობაზე არ ვფიქრობ, მაგრამ არც ისეა საქმე, რომ მოლაპარაკებებში ვარ ჩაბმული და დღე-დღეზე კონტრაქტს გავაფორმებ. ჯერ ერთი, “ჯალოროსის” ჰყავს მწვრთნელი და თანაც, ძალიან ნიჭიერი. ვინჩენცო მონტელას მუშაობას ვაკვირდებოდი და მინდა ვთქვა, რომ უნარიანად გაუძღვა გუნდს. შესაძლოა, შედეგები მაქსიმალურად კარგი არ ჰქონდა, მაგრამ ამის მოთხოვნა არც იქნებოდა სწორი.

ვნახოთ, თუ “რომას” მესვეურებმა მაინც გადაწყვიტეს მონტელასთან თანამშრომლობის გაწყვეტა, აი, შემდეგ კი შეიძლება იმაზე რეალურად საუბარი, რომ შესაძლოა დედაქალაქური გუნდი ჩავიბარო.

რას შევცვლიდი “რომაში”? “რომა” უკვე დიდი ხანი იბრძვის მაღალი მიზნებისთვის, მაგრამ ბოლო მომენტში ყოველთვის რაღაც აკლდება. ჩემი აზრით, ორი-სამი ისეთი ფეხბურთელის გადაბირებაა საჭირო, რომლებსაც გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვთ და დიდი წარმატებები სისხლში აქვთ გამჯდარი. შემდეგ უკვე შეიძლება ტაქტიკურ და სტრატეგიულ საკითხებზე საუბარი, მაგრამ თავს შევიკავებ, რადგან არ მინდა სხვის, ამ შემთხვევაში ვინჩენცო მონტელას კომპეტენციაში ჩავერიო.

მილანი

“მილანის” თამაშს უდიდესი ყურადღებით ვადევნებდი თვალს და ძალიან გამიხარდა, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, გუნდი კვლავ გახდა იტალიის ჩემპიონი. ორი აზრი არ არის, რომ ეს დიდწილად მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის დამსახურებაა. მან ახალი იდეები დაამკვიდრა გუნდში, საინტერესო კონტიგენტი შეკრიბა და შედეგიც უმაღლესი მიიღო. ამასთან, გამოჩნდა, რომ ერთსახოვან სპეციალისტთა კატეგორიას არ მიეკუთვნება და ყველაზე რთული ვითარებიდანაც კი შეუძლია გამოსავლის მოძებნა.

გახსოვთ ალბათ, სეზონის პირველ ნახევარში აქცენტი ზლატან იბრაჰიმოვიჩზე გაკეთდა - შვედმაც ჩვეულად ითამაშა, უმნიშვნელოვანესი გოლები გაიტანა და "როსონერის" წინ გაჭრაში უდიდესი წვლილი შეიტანა. თუმცა, შემდეგ გარკვეული პრობლემები შეექმნა, რასაც დისკვალიფიკაციები დაერთო თან და ნათელი გახდა, რომ ალეგრის რაღაც სხვა უნდა მოეფიქრებინა. მისდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამოცანას თავი კარგად გაართვა და "როსონერის" არ დატყობია ლიდერის დანაკლისი.

ერთი სიტყვით, ალეგრის მუშაობას მაღალ შეფასებას ვაძლევ და ვფიქრობ, რომ დიდია შანსი, "მილანის" ისტორიაში ახალი ერა დაიწყოს. საერთოდ, ყველა გუნდს თავისი კულტურა აქვს, "როსონერის" ისტორია კი მეტწილად დიდი ეპოქებისგან შედგება, რომლებიც მწვრთნელების სახელებს უკავშირდება. გავიხსენოთ თუნდაც არიგო საკის და ფაბიო კაპელოს დროინდელი გუნდები, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს ფეხბურთის ისტორიაში.

სატრანსფერო ბაზარი

ზაფხულში მოსაწყენად ნამდვილად არ გვეცლება, რადგან საინტერესო ტრანსფერების მოლოდინში ვარ. ძალიან მაინტერესებს როგორ მოიქცევიან "უდინეზეს" მესვეურები და შეელევიან თუ არა წამყვან ფეხბურთელებს. ალექსის სანჩესის ფასი 40-45 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობს და ვფიქრობ, რომ ამ თანხას რომელიმე ინგლისური გუნდი შესწვდება - თუმცა, მთავარი სიტყვა მაინც უდინელებმა უნდა თქვან და ვნახოთ, რას გადაწყვეტენ.

ძალიან მომწონს ხავიერ პასტორე, რომელმაც იტალიის თასის ფინალშიც დაამტკიცა, რომ ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. რაღაცით კაკას მაგონებს, რომელიც ჩემი ფორმაციის "მილანში" ბრწყინავდა. მასსავით სწრაფად გარბის ბურთიანად და მოედნის შესანიშნავი ხედვა აქვს, ამასთან, კარში დარტყმაც კარგად გამოსდის. ვფიქრობ, რომ "პალერმოს" მესვეურები არაერთ წინადადებას მიიღებენ ხავიერთან დაკავშირებით და დიდია შანსი, ცდუნებას ვერ გაუძლონ.

მომწონს "იუვენტუსის" პოლიტიკა, რადგან ამ გუნდმა კრეატიული ფეხბურთელების შეძენაზე გააკეთა აქცენტი. ანდრეა პირლოს გადაბირება ამის ნათელი დადასტურებაა და მგონია, რომ ექს-მილანელი ტურინში საუკეთესო თვისებებს გამოავლენს. საუბარი სებასტიან ჯოვინკოს დაბრუნებასა და ჯუზეპე როსის გადაბირებაზეა - თუ ერთ-ერთი გარიგება მაინც შედგა, "იუვეს" შეტევითი პოტენციალი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი

"ბარსელონა"-"მანჩესტერის" შეხვედრას, რა თქმა უნდა, ვუყურე და დიდი სიამოვნებაც მივიღე. საერთოდ, მგონია, რომ თუ გაქვს საშუალება კატალონიელთა თამაშს უყურო, ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვა. პეპ გვარდიოლამ ეპოქალური გუნდი შექმნა, რომელიც დარჩება ფეხბურთის ისტორიას და უკვე შეიძლება ითქვას, რომ დარჩა კიდეც. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, "მანჩესტერმა" ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა სეზონში და მიუხედავად ამისა, უშანსოდ წააგო.

ჰქონდა თუ არა შანსი "მანჩესტერს"? - ალექს ფერგიუსონმა კარგად იცოდა, რომ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში "ბარსას" შემტევი სტილით დამარცხება ვერც ერთმა გუნდმა ვერ შეძლო. წარსული გვიჩვენებს, რომ მცირე, მაგრამ მაინც შანსი კატალონიელებთან მაშინ გაქვს, თუ კი დაცვაში ჩაჯდები და კონტრშეტევებზე ითამაშებ. "მანჩესტერის" ფილოსოფია შეტევაა და ფერგიუსონიც დიდ საგონებელში ჩავარდა - გაეწია ანგარიში ბოლო სამი წლის სტატისტიკისთვის თუ არ გადაეხვია საკუთარი პრინციპებისთვის. სერ ალექსმა მეორე აირჩია და დამარცხდა ისე, როგორც სხვა ყველა დანარჩენი.

იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
[VIDEO] ნერესს ვეღარ აჩერებენ - "ნაპოლიმ" სტუმრად "რომას" სძლია
ინსინიე სერია A-ში ბრუნდება - კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს