ჩვენმა ახალგაზრდა ძიუდოისტებმა დიდი წარმატებით იჭიდავეს ამ უქმეებზე პრაღაში ჩატარებულ ევროპის ახალგაზრდულ თასზე. სამი ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო - ასეთია მათი მონაგარი...

ჩვენმა ახალგაზრდა ძიუდოისტებმა დიდი წარმატებით იჭიდავეს ამ უქმეებზე პრაღაში ჩატარებულ ევროპის ახალგაზრდულ თასზე. სამი ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო - ასეთია მათი მონაგარი. ჩემპიონები ლაშა შავდათუაშვილი (66), ბეთქილ აფრასიძე (73) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) გახდნენ, ოთარ კაიდარაშვილმა (55) და შმაგი ლაგაზაურმა (60) ფინალები წააგეს და მეორეზე დარჩნენ, ბრინჯაოს კი გიორგი ნოზაძე (90) დაეუფლა. ჩვენებმა განსაკუთრებით კარგად შაბათს იჭიდავეს, როცა ოთხივე წონაში ფინალისტი ჰყავდათ. მათგან შავდათუაშვილმა და აფრასიძემ მოიგეს, კაიდარაშვილი და ლაგაზაური კი დამარცხდნენ.

პრაღაში გამგზავრებამდე ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი სოსო ლიპარტელიანი ამბობდა, რომ ევროპის პირველობაზე წამსვლელთა ვინაობა საბოლოოდ ჩეხეთში გაირკვეოდა - ნაკრებში იმას დააყენებდა, ვინც ამ ტურნირზე უფრო კარგად იჭიდავებდა. ამიტომ მან პრაღაში საქართველოს ჩემპიონატის ყველა ფინალისტი წაიყვანა 100 კილოგრამი წონითი კატეგორიის გარდა, სადაც მიხეილ ნარიმანიძემ უკვე გაინაღდა ევროპაზე გამოსვლა. ფინალისტების გარდა, ჩეხეთში რამდენიმე სპორტსმენი საკუთარი ხარჯით წავიდა და წარმატებული გამოსვლით გვარიანადაც აურიეს ვითარება ნაკრებში. ზოგიერთ წონაში მოვლენები ისე განვითარდა, საკადრო პრობლემა თავისით გადაიჭრა - საქართველოს ჩემპიონებმა ახლაც აჯობეს კონკურენტებს - 55-ში... მაგრამ ზოგან ქვეყნის ვიცე-ჩემპიონებმა გაუსწრეს ჩემპიონებს - 60, 73... ფრიად მოულოდნელი რამ მოხდა 66-ში - პრაღაში თავისი ხარჯით წასულმა ლაშა შავდათუაშვილმა არათუ ნაკრებში თავის კონკურენტებს, არამედ ტურნირის ყველა მონაწილეს აჯობა და სულაც ჩემპიონი გახდა. თუმცა ჯერ მაინც ნუ ვიჩქარებთ 17-19 სექტემბერს სოფიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელთა ვინაობის დასახელებას - დაველოდოთ ლიპარტელიანის თბილისში დაბრუნებას. საბოლოო სიტყვა მაინც მწვრთნელს ეკუთვნის და ვნახოთ, იქნებ მან უშუალოდ შეჯიბრებისას რაღაც ისეთი დაინახა, რაც ჩვენ არ ვიცით.

ვფიქრობთ, 55 კილოში ყველაფერი გაირკვა და სოფიაში ოთარ კაიდარაშვილი იჭიდავებს. მან ლაშა გიუნაშვილი საქართველოს პირველობის ფინალშიც დაამარცხა და ახლაც გაუსწრო. გიუნაშვილმა პოლონელ კონრად ფელიგასთან მოგების შემდეგ მეოთხედფინალში ბრიტანელ ბრენდონ დოდგესთან წააგო და მოგვიანებით სანუგეშოში გადაერთო, სადაც მასპინძელ დავიდ პულკრაბეკთან და ბულგარელ ბორისლავ იანაკოვთან გამარჯვებებით სანუგეშო წრის ფინალში კი გავიდა, მაგრამ იქ იმ იტალიელ ფაბიო ბასილესთან დამარცხდა, რომელმაც ნახევარფინალში კაიდარაშვილთან წააგო და გიუნაშვილი მეხუთეზე დარჩა.

ამ დროს თვითონ კაიდარაშვილი უკვე ფინალში იყო გასული - სლოვენიელ დავიდ კუკოვეცთან, ავსტრიელ ბერნარდ ლანგთან და ზემოხსენებულ იტალიელ ბასილესთან მოგებების შემდეგ. ფინალში მისი მეტოქე გერმანელი დანი-პაულ კილი იყო, რომელთანაც ჩვენებური ვერაფერს გახდა და ვერცხლს დასჯერდა.

შაბათს ლიპარტელიანის შეგირდებმა ზედიზედ მეორე ფინალიც წააგეს - ამჯერად შმაგი ლაგაზაურმა, თუმცა, ამ მარცხის მიუხედავად, ალბათ, მთავარი კითხვა, ანუ კონკურენციის საკითხი აქაც გადაიჭრა. ლაგაზაურმა საქართველოს ჩემპიონატის ფინალი გიორგი ბროლაშვილთან წააგო, თუმცა ფრიად საკამათო ვითარებაში. ამაზე თავის დროზე `ლელოც~ წერდა და სიტყვას არ გავაგრძელებთ, უბრალოდ, ვიტყვით, რომ მაშინ ნეიტრალურ პოზიციაზე მყოფი წარსულის სახელოვან ძიუდოისტთა უმეტესობა იმ გდებას ლაგაზაურს უთვლიდა. არ ვამტკიცებთ, რომ ამჯერად `სამართალმა პური ჭამა~, მაგრამ `ჰა ბურთი და ჰა მოედანი~ კი გვახსენდება და ლაგაზაურმა გაუსწრო კონკურენტს. ორივე ჩვენებურმა მომავალ ჩემპიონთან, კორეელ ვონ-ჯინ კიმთან წააგო, მაგრამ ბროლაშვილმა - მეოთხედფინალში, ლაგაზაურმა - ფინალში. იქამდე მან ოთხი მეტოქე დაამარცხა - ნორვეგიელი აარნეს სიგვე, ჩეხი იაკუბ ჰაბანი, სომეხი გორ ჰარუთინიანი და პოლონელი ლუკაშ კიელბასინსკი. ბროლაშვილმა კიმთან წაგებამდე ბელგიელი კევინ გიჯსი და ხორვატი ბერნარდ აზინოვიჩი გამოთიშა შეჯიბრებიდან. სანუგეშოში ებრაელი ტალ ფლიკერი და შვედი ალექსანდერ ლუნდკვისტიც დაამარცხა, მაგრამ ბრინჯაოსთვის შეხვედრა ლაგაზაურის დამარცხებულ კიელბასინსკისთან დათმო და ესეც მეხუთეზე დარჩა.

ლიპარტელიანს პირველი ოქრო შავდათუაშვილმა მოუტანა - წინასწარ შეხვედრებში დაჯაბნილ შვეიცარიელ იანიკ ალემანს, იტალიელ ენრიკო პარლატის, სლოვენიელ ანდრაზ იერებს და პოლონელ გჟეგოჟ ლევინსკის ფინალში ებრაელი გოლან პოლაცკიც მიაყოლა და ჩემპიონი გახდა. არადა, შავდათუაშვილი საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში მხოლოდ მესამე იყო. პრაღაში ძალზე სუსტად იჭიდავა ქვეყნის ჩემპიონმა ლაშა ლომიძემ - მხოლოდ ერთ შეხვედრაში იმარჯვა ჩეხ ტომას ჰეზკოსთან, მერე კი კორეელ იუნგ-მინ ლეესთან წააგო და გავარდა. ორი შეხვედრა მოიგო ქვეყნის ვიცე-ჩემპიონმა ფრიდონ გიგანმა - სლოვაკ მატუს ნოვაკთან და ჩეხ ლუბომირ ჰოლჩაკთან, მერე კი თავად დამარცხდა ზემოხსენებულ ლევინსკისთან და სანუგეშოში გადავიდა, მაგრამ იქ პირველივე ბრძოლა დათმო ებრაელ საგი მუკისთან.

იყოჩაღა ბეთქილ აფრასიძემაც, ვინაც საქართველოს ჩემპიონატის ფინალი ზებედა რეხვიაშვილთან ულაპარაკოდ წააგო. მეოთხედფინალში ორივე კონკურენტი ერთად გავიდა - აფრასიძემ ხორვატი დუსკო რატკოვიჩი, ჩეხი ტომაშ რაკოსნიკი და პორტუგალიელი ბერნარდო ტავარეში გააგდო, რეხვიაშვილმა - ასევე პორტუგალიელი ანტონიო მასარტი და პოლონელი კშიშტოფ გალასი. მეოთხედფინალში მათი ბედი სხვადასხვანაირად წარიმართა - რეხვიაშვილი იტალიელ ანდრეა რეჯისთან დამარცხდა და სანუგეშოში გადაერთო, აფრასიძე კი მოლდოველ კონსტანინ არპენტინის და გერმანელ ჰანეს კონრადის ძლევით ფინალში გავიდა, სადაც რეხვიაშვილის მომგებ რეჯისს აჯობა. სავარაუდოდ, აქაც ყველა კითხვის ნიშანი მოხსნილია. მით უფრო, რომ რეხვიაშვილმა ვეღარც სანუგეშოში ივარგა ბოლომდე - აზერბაიჯანელ სეირან მაჰმუდოვსა და უნგრელ პატრიკ პუჟტაის კი აჯობა, მაგრამ ბრინჯაოსთვის ბრძოლაში აფრასიძის მიერ დამარცხებულ გერმანელ კონრადთან წააგო და ესეც მეხუთეზე დარჩა.

ამავე წონაში საკუთარი ხარჯით ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელი ბრინჯაოს პრიზიორი ლაშა ზურაბიანიც გაემგზავრა, მაგრამ უშედეგოდ - მხოლოდ სლოვენიელ მატეი სკერლაკს აჯობა, კორეელ გი-ვოოკ კიმთან კი დამარცხდა და გავარდა.

81-ში ლიპარტელიანს ჭრიკიშვილი ისედაც შეგულებული ჰყავდა საევროპოდ, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობდა. ალბათ, უკვე არც არაფერია დასამალია - ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელმა ბრინჯაოს პრიზიორმა ჭრიკიშვილმა საქართველოს ჩემპიონატიც დამაჯერებლად აჯობა, ტურნირებზეც კარგად გამოვიდა და ახლაც ყველას მოუგო. სამწუხაროდ, ოფიციალური საიტის გაუმართავი მუშაობის გამო მის მეტოქეებზე დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით, თუმცა ეს არცაა დიდად საინტერესო. მთავარია, ამ წონაში ყველა კითხვას გაეცა პასუხი.

დაწვრილებით არც 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში განვითარებულ მოვლენებზე ვიცით რამე, მაგრამ, რაც ჩვენი ძიუდოს ფედერაციის პრესსამსახურის უფროს ზურაბ უსუფაშვილის დახმარებით გავიგეთ, ფრიად საყურადღებოა. უმთავრესად კი, მწვრთნელისთვის - გიორგი ნოზაძემ ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი არჩილ შინჯიკაშვილი დაამარცხა. არადა, საქართველოს ჩემპიონატის ფინალში შინჯიკაშვილმა აჯობა ნოზაძეს! ერთი სიტყვით, ლიპარტელიანს აქაც მძიმე არჩევანი აქვს გასაკეთებელი.

სამწუხაროდ, სხვათა გამოსვლაზე ვერაფერს გეტყვით ისევ და ისევ ტურნირის საიტის გაუმართავი მუშაობის მიზეზით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა