"სიტი" ბოატენგში 20 მილიონს ითხოვს, მიუნხენელებს იაპონელიც სურთ, კლოზეს კი "ტრაბზონსპორიც" ელაპარაკება
მორჩა, დამთავრდა: გადაწყდა და გუშინ ორივე გუნდის მხრიდან ოფიციალურადაც დადასტურდა, რომ მანუელ ნოიერი კარიერას მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელებს.

„კიკერის“ მიერ სანდო წყაროზე დაყრდნობით გავრცელებული ცნობა ნაშუადღევს „შალკეს“ მენეჯერმა ჰორსტ ჰელდტმა დაადასტურა. მან ისიც თქვა, რომ ლევან ყენიას კლუბში ნოიერს რალფ ფერმანი შეცვლის. ეს უკანასკნელი გელზენკირხენში 2003-დან 2009 წლამდე ერთხელ უკვე თამაშობდა, მაგრამ მაშინ სათადარიგო კიპერი გახლდათ, ახლა კი პირველი ნომერი იქნება.

რალფი გელზენკირხენში გუშინვე ჩავიდა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და 4-წლიანი კონტრაქტიც გააფორმა. ფერმანის გარდა, „შალკე“ „კაიზერსლაუტერნის“ მეკარე კევინ ტრაპით და ჰანოვერელი რონ-რობერტ ცილერითაც იყო დაინტერესებული, მაგრამ უპირატესობა ბოლოს ფერმანს მიანიჭეს - უფრო იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი უფასო იყო. კაიზერსლაუტერნელები ტრაპში 9 მილიონს ითხოვდნენ, ჰანოვერელები კი ცილერში 10 მილიონს.

ახლა კი მთავარი: როგორც ხედავთ, „ბაიერნის“ ხელმძღვანელების მოლოდინი გამართლდა და ნოიერი ბავარიულ გრანდში გადადის. 25 წლის მანუელი, რომელსაც ბუნდესლიგაში უკვე 156 შეხვედრა აქვს ჩატარებული, ხოლო გერმანიის ნაკრების ღირსებას კი 18 მატჩში იცავდა, რეკორდმაისტერში ახლავე მიდის. მანუელი „ბაიერნში“ ხუთწლიან კონტრაქტს აფორმებს, „შალკე“ კი მიუნხენური გრანდისგან 18 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც პრემიებიც ემატება (მინიმუმ 3, მაქსიმუმ 7 მილიონი). „შალკესთვის“ მანუელის ახლავე გაყიდვა უკანასკნელი შანსი იყო, ნოიერში ფული აეღო - გელზენკირხენელებს ბუნდესმეკარე რომ არ გაეშვათ, ერთი წლის შემდეგ „ბაიერნში“ უფასოდ გადავიდოდა.

ნოიერს მიუნხენში ყოფილი თანაგუნდელი, ბრაზილიელი მარჯვენა მცველი რაფინია დახვდება, რომელიც „შალკეს“ ღირსებას 2005-დან 2010 წლამდე იცავდა და რეკორდმაისტერში ახლახან, იტალიური „ჯენოადან“ გადაბარგდა. შეგახსენებთ, რომ მანუელ ნოიერი „ბაიერნისთვის“ რიგით მესამე ტრანსფერია. რაფინიას გარდა, ბავარიელებმა მანამდე „კოტბუსის“ თავდამსხმელი და მეორე ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი ნილს პეტერსენი გაიფორმეს.

გუშინ, გერმანიის ნაკრების პრესკონფერენციაზე (ბუნდესგუნდს დღეს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი აქვს ავსტრიასთან) მანუელმა „ბაიერნზე“ ისაუბრა: „მიხარია, რომ ტრანსფერი ბოლოს და ბოლოს შედგა, „ბაიერნი“ ჩემთვის უდიდესი გამოწვევაა და იმედი მაქვს, რომ ჩემზე გაცემულ ავანსებს გავამართლებ. ახალ თანაგუნდელებს გერმანიის ნაკრებშივე დავუმეგობრდები. დარწმუნებული ვარ, რომ „ბაიერნში“ ადაპტაცია არ გამიჭირდება, რეკორდმაისტერს ძალიან მალე შევეჩვევი. ძალიან მინდოდა, რომ „ბაიერნში“ მეთამაშა და ბედნიერი ვარ, რომ სურვილი ამისრულდა.“

კითხვაზე, უფრთხის თუ არა მიუნხენელ ულტრასებს, რომლებიც მანუელის ტრანსფერის სასტიკი წინააღმდეგები იყვნენ, ნოიერმა ასე უპასუხა: „ყოველთვის მზად ვარ, ფანებს შევხვდე და დაველაპარაკო. იმედი მაქვს, რომ პრობლემები არ შემექმნება.“

ბოატენგი ჩაიშალა?

ნოიერისა და რაფინიას ტრანსფერები დადებითად უნდა შეფასდეს, მაგრამ დაცვის ცენტრი? გასულ სეზონში რეკორდმაისტერს ყველაზე მეტად ხომ ამ პოზიციაზე უჭირდა? ფაქტია, რომ რეკორდმაისტერს სასწრაფოდ სჭირდება ისეთი ცენტრალური მცველი, რომელიც ძირითად შემადგენლობაში, 22 წლის ჰოლგერ ბადშტუბერის მხარდამხარ ითამაშებს. ბავარიელებს გერმანიის ნაკრების ახალგაზრდა მცველი, ასევე 22 წლის ჟერომ ბოატენგი აქამდე მარჯვენა მცველის რანგში სურდათ, მაგრამ რაკი რაფინია იყიდეს, ახლა უკვე ცენტრალური ზონისთვის უმიზნებენ - ბოატენგი პირველ რიგში ხომ ცენტრალური უკანახაზელია.

ეს უკანასკნელი ერთი წლის წინ „ჰამბურგიდან“ „მანჩესტერ სიტიში“ 12.5 მილიონ ევროდ გაიყიდა, ახლა კი, ინგლისური კლუბი მის სანაცვლოდ ფაქტობრივად ორმაგს ითხოვს! „ბილდის“ ინფორმაციით, „სიტის“ შეფებმა მიუნხენელ კოლეგებს შეუთვალეს, ბოატენგს 20 მილიონზე იაფად არ შეველევითო, რამაც ული ჰიონესი და კომპანია შოკში ჩააგდო.

ეს იმას ნიშნავს, რომ „სიტის“ ბოატენგის გაყიდვა არ სურს (ჟერომს მანჩესტერულ კლუბთან კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს გაფორმებული). შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტრანსფერი არ შედგება, რადგან ბავარიელები 20 მილიონის გადახდას არ აპირებენ. თუმცა გამორიცხული არაა, რომ შეიხებს ერთხელაც შეევაჭრონ.

იაპონელი ბაიერნში?

ამასობაში, გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ „ბაიერნი“ 19 წლის იაპონელი ნახევარმცველითაა დაინტერესებული: ეს გახლავთ ტაკაში უსამი, რომელიც 2010 წელს იაპონიის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს და რომელიც ახლა „გამბა ოსაკას“ ღირსებას იცავს. სხვადასხვა იაპონური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, უსამის რეკორდმაისტერში გადასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია. ფეხბურთელი 5 მილიონი ევრო ღირს, მაგრამ გამორიცხული არც ისაა, რომ მიუნხენელებმა ის ჯერ ინათხოვრონ და თუ მოეწონებათ, მხოლოდ ამის შემდეგ გამოისყიდონ.

აღსანიშნავია, რომ „ბაიერნს“ ტაკაში უსამის ყიდვა იანვარშიც უნდოდა. მაშინ იაპონელი ნახევარმცველის გადაბირება ბავარიელთა ყოფილმა დამრიგებელმა ლუის ვან გაალმა მოინდომა. „ეს არის ფეხბურთელი, რომელიც იდეალურია გამთამაშებლის პოზიციისთვის,“ - უთხრა ვან გაალმა იანვარში „შპორტ ბილდს“.

კლოზეს ტრაბზონშიც ეპატიჟებიან

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომის „ლაციოს“ მიროსლავ კლოზესთვის ბრძოლაში სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. ცნობა, რომლის მიხედვითაც, თურქული „ტრაბზონსპორი“ „ბაიერნის“ 32 წლის თავდამსხმელს გრანდიოზულ პირობებს სთავაზობს, კლუბის პრეზიდენტმა სადრი შენერმა დაადასტურა.

„მიროსლავ კლოზესთან მოლაპარაკებები დაწყებულია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კლოზე „ტრაბზონსპორში“ გადმოვიდეს. რაკი ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვეთ, ევროპის ელიტაში წარმატებული გამოსვლა გვსურს, ამისათვის კი სწორედ კლოზეს დარი გოლეადორი გვჭირდება,“ - თქვა 59 წლის შენერმა „სუპერლიგნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

„ტრაბზონსპორის“ პრეზიდენტს ახლო მომავალში მიროსთან შეხვედრა და მასთან პირადად საუბარი სურს. ჩვენი თურქი კოლეგების ინფორმაციით, შენერი „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების ფორვარდს ორწლიან კონტრაქტს და იდეალურ პირობებს შესთავაზებს. „ბილდის“ ცნობით, საუბარია წელიწადში 3.5-მილიონიან ხელფასზე, რაც „ლაციოს“ წინადადებაზე ორჯერ მეტია. აქვე გეტყვით, რომ „ტრაბზონი“ კლოზეს გარდა, სხვა ცნობილ ფეხბურთელებსაც უმიზნებს: მენეჯერმა ვოლქან ბექიროღლუმ დაადასტურა, რომ სევილიელ დიდიე ზოკორასთან შეთანხმება უკვე მიღწეულია, ახლო მომავალში კი „ტრაბზონი“ კიდევ 2-3 ძალიან ცნობილ ახალწვეულს წარადგენს. შესაძლოა, მათ შორის კლოზეც იყოს...

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა