29 წლის ჩინელი ნა ლი პირველი აზიელი ჩოგბურთელი გახდა, ვინც "დიდი სლემის" ტურნირი მოიგო

როლან გაროსის ფინალში შარშანდელი ჩემპიონის, იტალიელი ფრანჩესკა სკიავონეს დამარცხების (6:4, 7:6) შემდეგ 29 წლის ჩინელი ნა ლი პირველი აზიელი ჩოგბურთელი გახდა, ვინც "დიდი სლემის" ტურნირი მოიგო.

ნა ლიმ ჩემპიონობისკენ პირველი ნაბიჯი მაშინ გადადგა, როცა ბადმინტონის ჩოგანი ჩოგბურთისაზე შეცვალა, არადა, ბადმინტონში

შესამჩნეთი პროგრესი გააჩნდა. შემდეგ კი უკვე საბოლოოდ არჩეულ გზაზე ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა წინ და თან ჩინური ჩოგბურთის ახალ ისტორიას წერდა. ეს წინსვლა ნელი, მაგრამ მიზანმიმართული იყო.

ლი პირველი ჩინელი ჩოგბურთელი გახდა, ვინც WTA-ის ტურის ტურნირი მოიგო (2004 წელს გუანგჯოუში), პირველმა შეაბიჯა პროფესიული რეიტინგის საუკეთესო ოცეულში, შემდეგ ათეულში, პირველმა მიაღწია "დიდი სლემის" ტურნირის ფინალს (ავსტრალიის ღია, 2011) და აი, შაბათს, პირველმა მოიგო როლან გაროსი. ამ გამარჯვებამ მას WTA-ის რეიტინგის მეოთხე ადგილი მოუტანა და ახლა, მას მხოლოდ სამი ნაბიჯი აშორებს პლანეტის საუკეთესო ჩოგბურთელის ტიტულამდე.

ჩინეთისთვის ეს წარმატება იმაზე დიდია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება წარმოვიდგინოთ. ფინალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ლიმ გულწრფელი სიამაყით განაცხადა, რომ ჩინეთის ტელევიზიამ მარია შარაპოვასთან მისი ნახევარფინალის პირდაპირ ეთერში საჩვენებლად მაგიდის ჩოგბურთის ტრანსლიაციაც კი გადადო. ჩინეთისთვის ეს არნახული ამბავია! წლევანდელი სეზონიდან მოყოლებული ამ ქვეყანაში ჩოგბურთისადმი ინტერესი ათმაგად გაიზარდა, ხოლო რა შეუძლიათ ჩინელ სპორტსმენებს განსაკუთრებული მონდომებისა და ქვეყნის სათანადო მხარდაჭერის პირობებში, ამაში სპორტის სხვა სახეობების მაგალითზე დავრწმუნდით.

როლან გაროსის მსვლელობისას ნა ლი გვერდიდან აკვირდებოდა, როგორ იშორებდნენ ერთმანეთს გზიდან ტურნირის ფავორიტები - კაროლინ ვოზნიაცკი, კიმ კლაისტერსი, ვერა ზვონარევა, სამანტა სტოსური, სვეტლანა კუზნეცოვა და სხვები. თავად ჩინელი ჩუმად, შეუმჩნევლად მიიწევდა წინ და გადამწყვეტ მატჩებამდე მთავარ ფავორიტებს შორის არ მოიაზრებოდა.

თუმცა ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ამ სეზონამდე მის თამაშს ძალიან უბრალოსა და პრიმიტიულს უწოდებდნენ. მაგრამ წელს ნა ლიმ ახალი მწვრთნელის, დანიელი მიკაელ მორტენსენის მეთაურობით დაიწყო ვარჯიში და ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია, განსაკუთრებით მისთვის აქამდე საძულველ გრუნტზე. მან კორტზე უკეთ მოძრაობა დაიწყო, ისწავლა დარტყმების ვარირება, იყენებდა მოკლე დარტყმებს, უფრო ხშირად გადიოდა ბადესთან... რაც მთავარია, ის საკუთარ ძალებში უფრო დარწმუნებული გახდა და აღარ უშვებდა მატჩების დროს ისეთ ჩავარდნებს, რაც ადრე მისი სავიზიტო ბარათი იყო. შედეგმაც არ დააყოვნა.

სკიავონეს დამარცხების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პარიზული ტრიუმფის შესახებ მსჯელობისას ჩინელმა ჩოგბურთელმა იუმორის კარგი გრძნობაც გამოამჟღავნა.

- პირველი ჩინელი გახდით, ვინც "დიდი სლემის" ტურნირი მოიგო. როცა ბიორნ ბორგმა იგივე შვედეთისთვის გააკეთა, ამ ქვეყანაში ნამდვილი საჩოგბურთო ბუმი დაიწყო. ელოდებით თუ არა იგივეს ჩინეთში, რომელიც შვედეთზე გაცილებით დიდია?

- რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, რომ პირველი ჩინელი ვარ, ვინც "დიდი სლემის" ტურნირი მოიგო. ეს ჩინური საჩოგბურთო სკოლის ძალას ადასტურებს. შესაძლოა, საჩოგბურთო თვალსაზრისით დღევანდელი ჩინეთი მართლაც ჰგავს 70-იანი წლების შვედეთს. ჩვენ გვყავს პერსპექტიული მოთამაშეები და ბევრი ბავშვია დაკავებული ჩოგბურთით. მჯერა, რომ ჩინური ჩოგბურთი კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავა.

- მილიონობით ჩინელი ადევნებდა თვალს თქვენს ფინალს. როდის აპირებთ სამშობლოში დაბრუნებას და როგორ დახვედრას ელოდებით თანამემამულეებისგან?

- როლან გაროსსა და უიმბლდონს შორის ძალიან მცირე დროა, ასე რომ ახლა ვერ მოვახერხებ შინ დაბრუნებას - მხოლოდ უიმბლდონის შემდეგ. შესაძლოა, უიმბლდონზე ცუდად გამოსვლის შემთხვევაში ხალხი დაივიწყებს იმას, რაც აქ გავაკეთე (სიცილი დარბაზში). ახლა კი ამ წარმატებას ჩემს გუნდთან ერთად აღვნიშნავ და შემდეგ უიმბლდონზე მოვახდენ კონცენტრირებას.

- რამდენად დაგეხმარათ ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში მიღებული გამოცდილება?

- რა თქმა უნდა, მელბურნში, სადაც პირველად გავედი "დიდი სლემის" ტურნირის ფინალში, ძალიან გამიჭირდა. არ მქონდა ასეთ საპასუხისმგებლო მატჩებში გამოსვლის გამოცდილება. ამჯერად ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, ვემზადებოდი, შესაბამის ფსიქოლოგიურ განწყობას ვიქმნიდი...

- რას ნიშნავს იყო "დიდი სლემის" ტურნირის ჩემპიონი? რას გრძნობთ ახლა, როცა დიადი ჩოგბურთელის გვერდით აღმოჩნდით?

- ჩემი ოცნება რეალობად იქცა. იუნიორთა ასაკში ვოცნებობდი გავმხდარიყავი "დიდი სლემის" ტურნირის ჩემპიონი - და მე ეს შევძელი. თანდათან ვბერდები, ასეთ ასაკში კი უკვე სხვაგვარად აღიქვამ ახდენილ ოცნებას, ხვდები რამხელა შრომის ჩადებაა მასში საჭირო. როცა ტაი-ბრეიკზე 6:0 დავწინაურდი, გავიფიქრე: "ახლა მთავარია სისულელე არ ჩავიდინო" (სიცილი დარბაზში). აქამდე არაერთხელ წამიგია მატჩები მატჩბოლებიდან და ახლა ამას არ დავუშვებდი. მოკლედ, ძალიან ბედნიერი ვარ. ბევრს ჩოგბურთელს არ აქვს მოგებული "დიდი სლემის" ტურნირი.

- თქვენს ახლობლებსა და მწვრთნელს მაისურებზე რაღაც ეწერათ ჩინურად. ხომ ვერ აგვიხსნიდით მათ მნიშვნელობას?

- ეს მაისურები სწორედ როლან გაროსის წინ კომპანია "ნაიკის" თხოვნით დამზადდა. იქ ეწერა: "იყავი ის, ვინც ხარ". მაშინ მხოლოდ 30 ასეთი მაისურა დაამზადეს, ახლა დამატებითი პარტიის გამოშვება გახდა საჭირო, რადგან ბევრი გულშემატკივარი მეკითხებოდა - ზედმეტი მაისურა ხომ არ მომეპოვებოდა.

- 2002 წელს ჩოგბურთი მიატოვეთ და უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე დაიწყეთ სწავლა. რატომ მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება? გჯეროდათ, რომ დაბრუნების შემდეგ იმდენად გააუმჯობესებდით თამაშს, რომ "დიდი სლემის" ტურნირის ჩემპიონი გახდებოდით?

- მაშინ მხოლოდ 20 წლის ვიყავი და საჩოგბურთო კარიერა მაინც და მაინც კარგად არ ვითარდებოდა. გადავწყვიტე, რომ საჭირო იყო განათლების მიღება, ყურადღების სხვა რამეზე გადატანა... მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დავბრუნებულიყავი ჩოგბურთში.

- მეორე წრეში გამარჯვების შემდეგ ძალიან გაკვირვებული იყავით იმით, რომ კიმ კლაისტერსი გამოეთიშა ტურნირს. როგორ ფიქრობთ, საბოლოოდ დაგეხმარათ ეს ფაქტორი ფინალში გასასვლელად?

- სიმართლე გითხრათ, არ დავფიქრებულვარ ამაზე, რადგან კიმი ბადის მეორე მხარეს იყო. ვფიქრობდი მეტოქეზე მესამე წრეში, მეოთხეში და ა. შ. ადრე არაერთხელ მომსვლია ასე - ადრეულ ეტაპზე წამიგია ტურნირი იმის გამო, რომ სავარაუდო ნახევარფინალში ან ფინალში თამაშზე ვიწყებდი ფიქრს.

- როგორ ემზადებოდით ამ მატჩისთვის ტაქტიკური და ტექნიკურ თვალსაზრისით? ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ძალიან იოლად გაუსწორდით მეტოქის მოჭრილ დარტყმებს.

- მე აქ ექვსი მატჩი ჩავატარე. რომ არ შემძლებოდა მოჭრილი დარტყმების შესრულება, ფინალშიც ვერ გავიდოდი. გრუნტის კორტებზე ეს თამაშის აუცილებელი ელემენტია.

- კითხვა სკიავონეს მოჭრილ დარტყმებს ეხებოდა...

- გასაგებია. იცით, ჩემი მეუღლე ჩემი სპარინგ-პარტნიორია და მანაც იცის მოჭრილი დარტყმების შესრულება (სიცილი დარბაზში).

- თქვენმა ნათესავებმა უყურეს მატჩს ტელევიზორში? მაგალითად, დედამ?

- არა, არ მგონია, რომ მას ამისთვის გაეძლო (იცინის). ჩემმა მეუღლემ მატჩის წინ ჩემს დას დაურეკა და მან გვითხრა, რომ დედასთან ერთად ძალიან ნერვიულობს და ალბათ, ვერ შეძლებს მატჩის ყურებას. მოგვიანებით ჩანაწერს ვაჩვენებთ.

- ადრე შვედ ტომას ჰოგსტედტთან მუშაობდით, ახლა დანიელი მიკაელ მორტენსენი გავარჯიშებთ. ამ მწვრთნელებთან უფრო კომფორტულია მუშაობა თუ თქვენს მეუღლესთან?

- ვფიქრობ, მწვრთნელის შეცვლა - ნორმალურია. პრაქტიკულად შეუძლებელია ხუთი-ათი წელი ერთ მწვრთნელთან მუშაობა. ყველა სპეციალისტს აქვს თავისი ღირსება და ნაკლი, თითოეულს შეუძლია რაღაც მისცეს მოთამაშეს, მისი თამაშის დონე აამაღლოს. რა თქმა უნდა, მორტენსენმა ამ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.

- თქვენ რომ ჟურნალისტი გამოსულიყავით, რას დაწერდით ამ შესანიშნავ ჩინელ ჩოგბურთელზე, რომელმაც სულ ახლახანს მოიგო როლან გაროსი?

- ოცნება რეალობად იქცა. ჩინეთს ხომ არასოდეს ჰყოლია "დიდი სლემის" ტურნირების ჩემპიონი. ამიტომაც ბევრი ჩინელი ჩოგბურთელი ძალიან ბევრს შრომობს - მათ ოცნება ამოძრავებთ. ოცნება გამარჯვებაზე.

- როგორ ფიქრობთ, შეძლებთ უიმბლდონამდე ასეთი ფორმის შენარჩუნებას და ლონდონში წარმატებით გამოსვლას?

- ჯერჯერობით სკიავონეს რჩევას მივყვები და რამდენიმე დღის განმავლობაში როლან გაროსზე მოპოვებული გამარჯვებით დავტკბები. შემდეგ უკვე კორტის სხვა საფარისთვის მომიწევს ალღოს აღება. უიმბლდონამდე ისტბურნში ვითამაშებ.

ნა ლი

დაიბადა: 1982 წლის 26 თებერვალი

სიმაღლე: 172 სმ. წონა: 65 კგ. მემარჯვენე

ცხოვრობს ქალაქ უჰანიში

ჩოგბურთში ბადმინტონიდან მივიდა

პროფესიონალი 1999 წლიდან

WTA-ის 5 ტიტული ერთულებში: გუანგჯოუ (2004), გოლდ კოუსტი (2008), ბირმინგემი (2010), სიდნეი (2011), როლან გაროსი (2011)

ავსტრალიის ღიას ფინალისტი: 2011

WTA-ის 5 ტიტული წყვილებში: ტაშკენტი (2000), ბირმინგემი (2006)

კარიერის განმავლობაში გამოიმუშავა 6 მილიონი დოლარი

მეუღლე - ჟიან შანი (იქორწინეს 2006 წლის 27 იანვარს)

მწვრთნელი - მიკაელ მორტენსენი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ