იტალიური გაზეთის ინფორმაციით, "რეალისა" და "ინტერის" მესვეურები კაკას და დუგლას მაიკონის გაცვლას აპირებენ
"გაძეტა დელო სპორტი" ძალიან საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, მადრიდის "რეალის" და მილანის "ინტერის" მესვეურები სუპერბარტერს ამზადებენ. ლაპარაკია იმაზე, რომ კაკა დაბრუნდეს იტალიაში და "ნერაძურის" ფორმა" მოირგოს, დუგლას მაიკონმა კი ძველი ოცნება აისრულოს და "სამეფო კლუბში" გადაბარგდეს.

მოვლენათა ასეთი განვითარებით ბევრია დაინტერესებული, ყველაზე მეტად კი მაინც ზემოთხსენებული მაიკონი, რომელიც ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს ლამობდა ესპანურ გრანდში გადასვლას. მაშინ დუგლასს საუკეთესო დროება ედგა და მადრიდელთა ინტერესის სფეროშიც შედიოდა, მაგრამ მხარეები სატრანსფერო ფასზე ვერ შეთანხმდნენ და გარიგება არ შედგა.

მას შემდეგ, მაიკონმა თითქოს ფეხბურთის თამაშის მოტივაცია დაკარგა და გასულ სეზონში ბევრი ვერაფრით გამოირჩა. მეტიც, რამდენიმე შეხვედრაში სულაც გაბითურდა და ამაში დასარწმუნებლად "ტოტენჰემთან" გამართული ჩემპიონთა ლიგის პაექრობები შეგვიძლია გავიხსენოთ. მოკლედ, ბრაზილიელმა მცველმა აშკარად მოუკლო და დღეს, მასზე ნაკლები მოთხოვნაა. ამ მოსაზრებას ფეხბურთელის პირადი აგენტი, ანტონიო კალიენდო არ ეთანხმება და მას აუცილებლად გადავცემთ სიტყვას, თუმცა იქამდე კაკაზე ვთქვათ, შესაძლო ბარტერის მეორე მონაწილეზე...

კარლო ანჩელოტის ფორმაციის "მილანში" კაკა ფენომენალურად თამაშობდა და გადაუჭარბებლად ვიტყვით, რომ "ბარსელონაში" მოასპარეზე რონალდინიოსთან ერთად საუკეთესო იყო მსოფლიოში. სწორედ ამიტომ, რიკარდოს გადასაბირებლად "რეალის" მესვეურებმა ყველაფერი გააკეთეს და მიაღწიეს კიდეც მიზანს. შედეგად, კაკამ თამაშს უკლო, ძირითად შემადგენლობაში ვერ დაიმკვიდრა ადგილი და დღეს ჩრდილშია მოქცეული. წესით, კაკასაც უნდა აწყობდეს გარემოს გამოცვლა, მაგრამ აი რამდენად მისაღები იქნება მისთვის "ინტერის" ვარიანტი, ძნელი სათქმელია - ეს ალბათ ყველაზე უფრო დიდი კითხვის ნიშანია მთელ ამ ისტორიაში.

"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, "ინტერის" მესვეურები მზად არიან მადრიდელ კოლეგებს კაკას სანაცვლოდ დუგლას მაიკონი და 15 მილიონი ევრო შესთავაზონ - ამ ამბავს დუგლასის პირადი აგენტი, ანტონიო კალიენდო ადასტურებს: "დასამალი არაფერია, "ინტერის" მესვეურებს ძალიან უნდათ კაკას დამატება და გამომდინარე იქიდან, რომ მაიკონს "რეალში" სურს გადასვლა, ასეთი ბარტერის იდეა წარმოიშვა. რამდენად რეალურია? - არარეალურს ვერაფერს ვხედავ და ჩემი აზრით, საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ გარიგება შედგეს. ის, რომ დამატებით კიდევ 15 მილიონ ევროზეა ლაპარაკი, ნორმალურია, რადგან კაკა პლემექერია, შემტევი ფეხბურთელები კი ყოველთვის უფრო ძვირად ფასობენ".

მაიკონი რომ ბარტერზე თანახმაა, კალიენდოს სიტყვებითაც დასტურდება, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კაკას პოზიციაა ყველაზე უფრო საინტერესო. რიკარდო წლების განმავლობაში იყო "მილანის" ლიდერი და მისთვის რთული იქნება "ინტერში" გადასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება. მართალია, მილანურ გრანდებს ისეთი მტრობა არ აქვთ, როგორც ვთქვათ "რეალს" და "ბარსელონას", ფეხბურთელებიც ბევრი გვინახავს "როსონერიდან" "ნერაძურიში" გადასული და პირიქით, მაგრამ კაკა მაინც სხვა შემთხვევაა. ეს ფეხბურთელი სიმბოლო გახლდათ "შავ-წითლების" და შესაბამისად, მისი "შავ-ლურჯთა" ბანაკში გადანაცვლება მთლად უმტკივნეულად ნამდვილად ვერ ჩაივლის. მეორე მხრივ, კაკას და "ინტერის" ამჟამინდელ მწვრთნელს აქვთ განსაკუთრებულად თბილი ურთიერთობა - სწორედ ლეონარდომ შენიშნა რიკარდო ბრაზილიის ჩემპიონატის ერთ-ერთი პაექრობისას, მასზე დაკვირვება გააგრძელა და "მილანის" მთავარ მწვრთნელთან რეკომენდაცია გაუწია. მაშინ, ლეო "როსონერის" სელექციონერი გახლდათ სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე და კაკას ევროპაში გადმობარგება სწორედ მისი დამსახურებაა. კაკას პოზიცია ალბათ სულ მალე გახდება ცნობილი, იქამდე კი "ინტერის" სპორტულ დირექტორს, მარკო ბრანკას მოვუსმინოთ:

"მართალია, კაკა "რეალში" საუკეთესო კუთხით ვერ წარმოჩინდა, მაგრამ ის მაინც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია მსოფლიოში. შესაბამისად, სურვილი ნამდვილად დიდი გვაქვს იმის, რომ რიკარდო "ინტერის" ამუნიციით ვიხილოთ. მესმის, რომ მას "მილანში" აქვს კარიერის დიდი ნაწილი გატარებული, მაგრამ ამაში ვერ ვხედავ განსაკუთრებულ პრობლემას. ზლატან იბრაჰიმოვიჩს თუ შეუძლია "როსონერიში" ასპარეზობა, რატომ არის წარმოუდგენელი კაკას "ინტერისტობა"? - ასე რომ, თუ საშუალება მოგვეცა ბრაზილიელ შემტევს დიდი სიამოვნებით გადავიბირებთ. რაც შეეხება გავრცელებულ ხმებს სუპერბარტერის შესახებ, მოლაპარაკების პროცესი ჯერ არ დაწყებულა, თუმცა მოვლენათა ასეთ განვითარებას ნამდვილად ვერ გამოვრიცხავ".

"ინტერთან" დაკავშირებით კიდევ ერთი ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც მომდევნო სეზონიდან გუნდის შემადგენლობას მარკო მატერაცი გამოაკლდება. მსოფლიოს ჩემპიონი აგვისტოში 38 წლის გახდება და როგორც თავად აცხადებს, შესაძლოა კარიერა დაასრულოს. მოვუსმინოთ მატერაცის და ყველაფერს უკეთესად გავიგებთ: "ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ "ინტერი" ჩემთვის მეორე ოჯახია, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული და როგორც ჩანს, "შავ-ლურჯ" მაისურს ვეღარასოდეს მოვორგებ. ეს ბუნებრივიც არის, რადგან ევროპული ფეხბურთის გრანდები 38 წლის მოთამაშეზე ვერ გააკეთებენ აქცენტს.

დასრულდა თუ არა სეზონი, შევხვდი მასიმო მორატის და მასთან ძალიან გულთბილად ვისაუბრე. მითხრა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ, დიდი სიამოვნებით მიმიწვევს კლუბში სამუშაოდ და სავარაუდოდ, დირექტორთა საბჭოში შემიყვანს. ეს ყველაზე სასურველი სამსახური იქნება მას შენდეგ, რაც ბუცებს ლურსმანზე ჩამოვკიდებ, მაგრამ ჯერ არ ვიცი, მსურს თუ არა კარიერის დასრულება. გარკვეული პერიოდი ახალ შეთავაზებებს დაველოდები და თუ რომელიმემ დამაინტერესა, კიდევ ერთი სეზონით გავაგორებ ბურთს, აი შემდეგ კი უკვე სიამოვნებით დავთანხმდები მორატის წინადადებას".

P.S. საგულისხმოა, რომ გუშინ გვიან ღამით ამ ბარტერის შესაძლებლობა არ დაადასტურა "ინტერის" ხელმძღვანელობამ, "რეალის" ხელმძღვანელებს კი ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...