პარასკევს თბილისის სპორტის სასახლეში სტარტს აიღებს გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" გათამაშება
პარასკევს თბილისის სპორტის სასახლეში სტარტს აიღებს გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" გათამაშება, რომელიც ივლისში ბაქოში გასამართი ამავე რანგის ფინალური შეჯიბრებისთვისაც იძლევა ქულებს.

საბედნიეროდ, ბოლო დღეებში მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა და სადღეისო მონაცემებით, 13-14 ქვეყანა იასპარეზებს. უახლოესი მეზობლები - სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და ირანი რომ ჩამოდიოდნენ, ეს თავიდანვე ცნობილი იყო. მერე მათ ისრაელი, მონაკო და კანადა დაემატნენ, ბოლო დღეებში კი სიაში ეგვიპტე და ინდოეთიც გამოჩნდა. კანადა, ისრაელი და ეგვიპტე გუშინ ჩამოვიდა თბილისში, ინდოელები კი წუხელ გვიან ღამით უნდა ჩამოფრენილიყვნენ. ჯერჯერობით კიდევ რამდენიმე გუნდზეა ლაპარაკი. მაგალითად, რუსეთიდან აპირებს ორი მოჭიდავე ჩამოსვლას, სავარაუდოდ, ვლადიკავკაზელები, მაგრამ ჯერ ასეთი კერძო ინიციატივები დასაზუსტებელია. სამწუხაროდ, საბოლოოდ გამოირიცხა უკრაინელთა სტუმრობა. თავდაპირველი უარის შემდეგ ისევ გაჩნდა იმედი იქაური ნაკრების წვევისა, მაგრამ ბოლო მომენტში ფედერაციამ კვლავაც იუარა გუნდის დაფინანსება.

მონაწილეთა რაოდენობის ზრდა კი კარგია, მაგრამ საწყენია, რომ ზოგიერთმა გუნდმა ჩამოსვლა იუარა. მაგალითად, აზერბაიჯანიდან მხოლოდ "თავისუფალთა" ნაკრები გვესტუმრება, ირანიდან - მხოლოდ ბერძენ-რომაელთა... არადა, თავდაპირველი შეთანხმებით, ორივე გუნდი უნდა ჩამოსულიყო. თან, აზერბაიჯანელები არ ვიცით, მაგრამ ირანელებს ძირითადი გუნდი მოჰყავდათ. სალაპარაკოც არაა - ორივე ნაკრები ფრიად დაამშვენებდა ჩვენს ტურნირს, თუმცა მათ ასე გადაწყვიტეს.

საბედნიეროდ, მატებაა ტიტულოვან სტუმართა გალერეაშიც. ეგვიპტელებმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონი მოჰამედ აბდელ ფატაჰი ჩამოიყვანეს, რომელმაც ოქრო 2006 წელს და მანამდე მსოფლიოს ბრინჯაოც 2002-ში 84 კილოგრამში მოიპოვა, მაგრამ უკვე 96-ში გამოდის. ეგვიპტელთაგან ადრე სავარჯიშოდ კიდევ ერთი ფალავანი იყო ჩამოსული, რომელიც თემურ ყაზარაშვილთან ვარჯიშობდა. ის რამდენიმე დღეა სამშობლოში გაბრუნდა იმ პირობით, რომ ტურნირზე კვლავ დაბრუნდებოდა, მაგრამ თავის გუნდს არ ჩამოჰყოლია. ისრაელიდანაც ბერძენ-როამელები ჩამოვიდნენ, თუმცა ორი კაცით, რომელთაგანაც ერთი ქართული წარმოშობისაა - მერაბ ელიგულაშვილი, მეორე კი ჩვენი მძიმეწონოსნებისთვის კარგად ნაცნობი ვლადიმირ გურალსკი. კანადელებიც "თავისუფალთა" გუნდით ჩამოვიდნენ და პირველი ნომრებით, მაგრამ ამ ეტაპზე მათ იმდენად ძლიერი ფალავნები არ ჰყავთ - მსოფლიოს ჩემპიონი გია სისაური (60) და ოლიმპიური ჩემპიონი დანიელ იგალი (74) სპორტიდან წავიდნენ, სხვებს კი ასეთი ტიტულები ჯერ არ მოუპოვებიათ. თუმცა კარგად გვახსოვს შარშანდელ ანალოგიურ შეჯიბრებაზე ორი კანადელის შესანიშნავი გამოსვლა - მეტიუ გენტრისა (74) და განსაკუთრებით, ფერადკანიან ჰაისლან გარსიას (66) ჩინებული ჭიდაობა. მართალია, ჩემპიონი ვერც ერთი ვერ გახდა - ფინალური შეხვედრები წააგეს, მაგრამ მაყურებელს კარგი ჭიდაობით დაამახსოვრეს თავი. ჯერჯერობით არც ინდოელთა შემადგენლობა ვიცით და ვერ გეტყვით, ჩამოვლენ თუ არა თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი სუშილ კუმარი (66), მაგრამ ინდოელებმა, უმთავრესად კი იქაურ "თავისუფალთა" ქართველმა მწვრთნელმა ვლადიმერ მესტვირიშვილმა შარშან უიმისოდაც ძალიან კარგი ბიჭები ჩამპოიყვანეს (აქვე შეგახსენებთ, რომ იქაურ ბერძენ-რომაელებს ემზარ მახარაძე ავარჯიშებს, ქალთა ნაკრებს კი როინ დობორჯგინიძე წვრთნის).

სხვა გუნდებიდან შემადგენლობა ოფიციალურად დაასახელა აზერბაიჯანელ "თავისუფალთა" დაღესტნელმა თავკაცმა საიპუდინ აბსაიდოვმა, რომელმაც შემადგენლობაში ევროპის თანამემამულე ევროპის ჩემპიონი, კონტინენტის წლევანდელი ბრინჯაოს მედალოსანი მაჰმუდ მაგომედოვი (ეს ამჯერად 60-ში იჭიდავებს) და ჩეჩენი ევროპის ორგზის ჩემპიონი ზელიმხან ჰუსეინოვი (66) დააყენა, ამათ გარდა კი თბილისში აზერ ფაშაევი, ფარუხ ალეკპეროვი (ორივე - 55), უმიდ მამედოვი (60), ხაგან სულეიმანოვი (74) და ევროპის ორგზის პრიზიორი ნოვრუზ ტემრეზოვი (84) ჩამოვლენ. ცნობილია, რომ მონაკოელებს თავიანთი ერთადერთი ვარსკვლავი, მოლდოვადან გადაბირებული ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ვერცხლის მედალოსანი და ამ ტურნირის შარშანდელი ჩემპიონი გენადი ტულბეა (55) ეყოლებათ. სამწუხაროდ, იარეელსბ სახელობითი სია არ გამოუგზავნიათ და არ ვიცით, იმათგან ვინ ჩამოვა, მაგრამ წინასწარი მონაცემებით, ლიდერები მოჰყავთ.

რაც შეეხებათ მასპინძლებს, ისინი დუშეთში გადიან შეკრებას. სამწუხაროდ, დანაკლისი მათაც აქვთ. ამ ეტაპზე გადაწყვეტილია, რომ "თავისუფალთა" შორის არ იჭიდავებენ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური ბრინჯაოს მედალოსანი გიორგი გოგშელიძე (96), მსოფლიოსა და ოლიმპიადის პრიზიორი ოთარ თუშიშვილი (66), ბერძენ-რომაელთაგან - ევროპის წლევანდელი ჩემპიონი რევაზ ლაშხი (60) და ვლადიმერ გეგეშიძე (84). ლაშხის გარდა, ყველას მიზეზი ტრავმაა - თუშიშვილს ხელის მოტეხილი თითები ჯერაც არ მოურჩენია, გოგშელიძე ხელის ოპერაციის შემდგომ სარეაბილიტაციო პერიოდს გადის, გეგეშიძეს კი ფეხის ძველი ტრავმა აწუხებს. რაც შეეხება ლაშხს, მას მწვრთნელები ასვენებენ. "თავისუფალთა" ნაკრებს ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონები - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55) და დავით მარსაგიშვილიც (84) დააკლდებიან, მაგრამ სულ სხვა მიზეზით - ისინი ჯერ კიდევ ახალგაზრდული ნაკრების წევრებად რჩებიან და თანატოლთა ევროპის პირველობისთვის ემზადებიან. ესაა ამ წუთისთვის არსებული მონაცემები ანუ ის სია, ვინც მწვრთნელთა დასტურით გათავისუფლებულია შეჯიბრებიდან, თუმცა თავს ვერ დავდებთ, რომ ქართველ მოჭიდავეებს ზედ ტურნირის წინა დღეს ძველი სენი არ დაერევათ და შეჯიბრებისგან თავის არიდების მიზნით "ავად" არ გახდებიან.

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა