ფელისიანო ლოპესთან მატჩში ენდი როდიკმა ზედიზედ ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
მორიგი დღის მიმოხილვა ლონდონის ტურნირიდან უნდა დავიწყოთ, სადაც გრძელდებოდა პირველი წრე. პირველად ბოლო ოთხი წლის განმავლობაში აქ გამოჩნდა არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო. აშშ-ის ღია პირველობის ყოფილი ფინალისტი დენის ისტომინის წინააღმდეგ თამაშობდა და 82 წუთში მოიპოვა გამარჯვება - დელ პოტროს ანგარიშზე იყო ცხრა ბრეიკ-პოინტიდან გამოყენებული ოთხი შანსი.

იანკო ტიპსარევიჩმა მხოლოდ ორი ეისი გააკეთა - ოთხჯერ ნაკლები, ვიდრე მისმა მეტოქემ ბლაჟ კავჩიჩმა, მაგრამ, ამასთან, სერბს 14 ბრეიკი-პოინტი ჰქონდა. მართალია, აქედან 11 შანსი გაანიავა, თუმცა დიდად არ უნაღვლია, რადგან შეხვედრა იოლად მოიგო.

უნდა აღვნიშნოთ ანდრე მანარინოს გამარჯვება ერნესტ გულბისზე, აგრეთვე რადეკ შტეპანეკის წარმატება გო სოედასთან მატჩში. დახუნძლული იყო ეისებით კევინ ანდერსონისა და ივო კარლოვიჩის შეხვედრა, რომელშიც ხორვატმა 18-ჯერ ჩააწოდა ისე, რომ მეტოქე ბურთს არ შეხებია. ანდერსონის ანგარიშზე 11 ეისი იყო, მაგრამ ამ დუელში გამარჯვებული სწორედ სამხრეთაფრიკელი გამოვიდა.

სხვათა შორის, ივო კარლოვიჩისთვის ეს იყო ზედიზედ მეხუთე წაგება მიმდინარე სეზონში.

პარალელურად გაიმართა მეორე წრის რამდენიმე შეხვედრა და აქ ერთი დიდი მოულოდნელობა მოხდა - ბრიტანელმა ჯეიმს უორდმა შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკა დაამარცხა, რომელიც მეოთხე ნომრად იყო განთესილი. მასპინძელმა სამივე ბრეიკ-პოინტი მოიგერია, თავად კი ექვსი შანსიდან ერთი გამოიყენა, ამასთან, მოიგო პირველი პარტიაში ტაი-ბრეიკი.

ფრანგულ დერბიში მიკაელ ლოდრამ ჟულიან ბენეტოს მოუგო, დღის ყველაზე დამაჯერებელი გამარჯვება კი ჟო-ვილფრიდ ცონგამ მოიპოვა, რომელიც 47 წუთში გაუსწორდა მიხაელ ბერერს. ფრანგს ბრეიკ-პოინტების გამოყენების ძალიან მაღალი პროცენტი ჰქონდა - შვიდიდან ხუთი.

მეორე წრიდან ჩაება ტურნირში ენდი როდიკი, რომელსაც ლონდონში ოთხჯერ აქვს მოგებული მთავარი პრიზი. ფელისიანო ლოპესთან მატჩში მან 15 ეისი ჩააწოდა, რაც მოკრძალებული მონაგარი იყო ესპანელის 35 ეისთან შედარებით! მაგრამ ლოპესს კარგმა მოწოდებამ ვერ უშველა და როდიკმა შეწყვიტა ზედიზედ ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია.

ამ სამსეტიანი მატჩში ორი ტაი-ბრეიკი ჩატარდა. ორი საათისა და 30 წუთის განმავლობაში სამი ბრეიკი დაფიქსირდა, აქედან ორი როდიკის ანგარიშზე იყო.

ასევე უნდა აღვნიშნოთ ფერნანდო ვერდასკოს მოგება ნიკოლა მაუზე, აგრეთვე სემ კუერის გამარჯვება რაინერ შუტლერის წინააღმდეგ.

ჰალეში ნაკლები მატჩი ჩატარადა და აქ ჯერ მეორე წრის მონაწილეები გაირკვნენ. დღემ განსაკუთრებული მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა და ყველა განთესილმა შეაბიჯა მეორე რაუნდში.

სერიოზული ბრძოლის გადატანა მოუწია უიმბლდონის ჩემპიონს ტომაშ ბერდიხს რუბენ ბემელმანსთან მატჩში. სამი პარტიის განმავლობაში ჩეხმა ცხრა ბრეიკ-პოინტიდან მხოლოდ ერთი გამოიყენა და ეს იკმარა მატჩის მოსაგებად.

ტურნირის მესამე ნომერი გაელ მონფილსი ბერდიხზე გაცილებით წარმატებული იყო - მან 14 ეისი ჩააწოდა ფლორან სერასთან მატჩში, ამასთან, პირველი მოწოდებიდან ქულების 90 პროცენტი აიღო. სერას ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია და შესაბამისად, ამ მატჩში უშანსოდ იყო.

ამ სეზონში ბალახზე წარმატებული დებიუტი გამოუვიდა მილოშ რაონიჩს. მის მეტოქესაც - პაბლო ანდუხარსაც არ ჰქონია ბრეიკ-პოინტი, კანადელმა კი 12 ეისით გამოიჩინა თავი. თავის მხრივ, ვიქტორ ტროიცკიმ სამი ბრეიკის შანსი მისცა მიშა ზვერევს, თავადაც სამი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და მეტოქისგან განსხვავებით ეს შანსი ასი პროცენტით გამოიყენა, გერმანელს კი ერთი ბრეიკიც არ გაუკეთებია.

ბევრი საინტერესო მოხდა ქალთა შორის ბირმინგემის ტურნირზე. მიმოხილვა უნდა დავიწყოთ კაროლინ გარსიას გამოსვლით, რომელმაც როლან გაროსზე კარგი თამაშით დაგვამახსოვრა თავი.

ფრანგი ნაომი ბროუდის წინააღმდეგ თამაშობდა. ამ უკანასკნელმა 12 ეისი მიითვალა და საათსა და 57 წუთში მოიგო. 17 წლის გარსია ძალიან არადამაჯერებელი იყო თავის მოწოდებაზე, თუმცა მაინც გაუწია წინააღმდეგობა 21 წლის ბრიტანელს.

ათიდან ხუთი ბრეიკ-პოინტის გამოყენებით იაროსლავა შვედოვამ პირველ წრეში მოუგო ჟიე ჟენგს. ასევე აღვნიშნავთ როლან გაროსის წყვილთა თანრიგის ჩემპიონის ანდრეა ჰლავაჩკოვას დამაჯერებელ გამარჯვებას ჯილ კრეიბასის წინააღმდეგ. ჩეხს ერთი საათიც არ დასჭირვებია მომდევნო წრეში გასასვლელად.

მეორე წრეში კი ერთი მოულოდნელი შედეგი ვიხილეთ - განთესვის ლიდერმა კაია კანეპიმ არინა როდიონოვასთან 64 წუთში წააგო ისე, რომ წარმატების მინიმალური შანსიც არ ჰქონია. ასევე დამარცხდა ტურნირის მეხუთე ნომერი რობერტა ვინჩი, ოღონდ კანეპისგან განსხვავებით მან ბრძოლა გაუმართა მირიანა ლუჩიჩს - ჩოგბურთელებმა სამი სეტის თამაშს ორი საათი და 22 წუთი მოანდომეს.

ამ დღეს ყველაზე დამაჯერებელი გამარჯვება მაგდალენა რიბარიკოვამ მოიპოვა, რომელსაც ერთი ეისიც ეყო კოკო ვანდევეგეს 65 წუთში განადგურებისთვის - ამერიკელმა მხოლოდ სამი გეიმის აღება მოახერხა. არავან რეზაიმ კი შემდეგ წრეში ერთი სეტის მოგებით გააღწია - პირველი პარტიის წაგების შემდეგ ოლგა გოვორცოვამ ვერ შეძლო შეხვედრის გაგრძელება. სხვათა შორის ფრანგმა მოგებულ სეტში მოასწრო ექვსი ეისის ჩაწოდება.

დაბოლოს, კოპენჰაგენში მთავარი მოვლენა იყო კაროლინ ვოზნიაცკის პირველი მატჩი. მსოფლიოს პირველი ჩოგანი ირინა ფალკონის ხვდებოდა და როგორც მოსალოდნელი იყო იოლად მოიგო საწყისი შეხვედრა. კარგად ითამაშეს ამ დღეს ბეტანი მატეკმა და მიხაელა კრაიჩეკმა. ამ უკანასკნელს 11 ეისი ჰქონდა. ყველაზე საინტერესო ბრძოლა გაიმართა სიმონა ჰალეპისა და ანასტასია სევასტოვას შორის. გოგონებმა პირველ ორ სეტში ტაი-ბრეიკები გაცვალეს, მესამეში კი რუმინელმა "მშრალი" ანგარიშით გაიმარჯვა.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა