ძიუდოს ფედერაციაში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც ბუქარესტში ტრიუმფით ჩატარებულ მსოფლიოს თასს მიეძღვნა
გუშინ საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც ბუქარესტში ტრიუმფით ჩატარებულ მსოფლიოს თასს მიეძღვნა.

შეგახსენებთ, რომ რუმინეთში ჩვენმა ფალავნებმა 3 ოქრო და 1 ვერცხლი მოიპოვეს, რაც ამ სეზონში საუკეთესო მაჩვენებელია. ამაზე ძიუდოს ევროპული ფედერაციის საიტმა იხუმრა კიდეც, ქართველები ასე კარგად მშობლიურ ტურნირზე არ გამოსულანო და სამართლიანადაც - მართალია, მაშინაც ოთხი მედალი გვქონდა, მაგრამ ოქრო მხოლოდ 2 იყო.

ბუქარესტში ჩემპიონები ბეთქილ შუკვანი (60), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) დ ზვიად გოგოჭური (90) გახდნენ, მეორეზე კი მძიმეწონოსანი ზვიად ხანჯალიაშვილი გავიდა. პრესკონფერენციას სამივე ჩემპიონი ესწრებოდა მწვრთნელ ივერი ჯიქურაულთან ერთად, რომელიც შეჯიბრებაზეც ახლდა გუნდს. ცხადია, შეხვედრა ძირითადად ამ ტურნირს ეძღვნებოდა, თუმცა იქაურ პერიპეტიებზე უფრო საინტერესო ამბები ეროვნული ნაკრების ფაქტობრივმა თავკაცმა პეტერ ზაიზენბახერმა გაგვიმხილა - დაასახელა იაპონურ შეკრებაზე წამსვლელი 16-კაცა გუნდი; გვამცნო დავით ასუმბანის ახალ წონაში - 66-ში გადანაცვლება; კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ირაკლი ცირეკიძეს (100) მსოფლიოს პირველობისთვის ინდივიდუალურად მოუწევს მომზადება და ბოლო შეკრებამდე გუნდში მის დაბრუნებას არ აპირებს...

რუმინულ ტურნირთან დაკავშირებით თავდაპირველად კომენტარი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ალექსიძემ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს ჩვენი გუნდისთვის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების გეგმით გათვალისწინებული ბოლო შეჯიბრება იყო, რომელიც ცალკეული წამყვანი ნაკრებების უარის მიუხედავად, მაინც საკმაოდ ძლიერი გამოდგა - 46 ნაკრები გამოდიოდა, მონაწილეთა შორის კი ბლომად იყვნენ საერთაშორისო რეიტინგის ათეულში შემავალი ძიუდოისტები. თურმე უცხოელებისთვის დიდი სიურპიზი აღმოჩნდა ჩვენების გამოსვლა, რადგან ყველა ახალგაზრდებისა, განსაკუთრებით კი გოგოჭურით გაოცებულან, რომელიც ძიუდოს სამყაროსთვის აქამდე სრულიად უცნობი იყო.

"ეს ტურნირი ბიჭებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით იყო - წარმატება საკუთარი თავის რწმენას შეჰმატებდათ. საბედნიეროდ, ბიჭებმა კარგად იჭიდავეს და მაღალ დონეზე იასპარეზეს" - განაცხადა ჯიქურაულმა.

ამის შემდეგ შეხვედრის ყველაზე საინტერესო ნაწილი დაიწყო, როცა ზაიზენბახერმა მსოფლიოს პირველობისთვის ნაკრების მზადების გეგმა გაგვაცნო. მოგეხსენებათ, მან შეცვალა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი კურსი - ტალინში, რიო დე ჟანეიროსა და სან პაულუში დაგეგმილი სალიცენზიო შეჯიბრებებში გამოსვლას იაპონიაში ერთი თვით სასწავლო-საწვრთნელ შეკრებაზე წასვლა არჩია. ჩვენები იქ 19 ივნისს გაემგზავრებიან და 23 ივლისამდე დარჩებიან, პარალელურად კი ტოკაისა და კოქშიგანის უნივერსიტეტებში ივარჯიშებენ.

ზაიზენბახერს შეკრებაზე 16 სპორტსმენი მიჰყავს: ამირან პაპინაშვილი, ბეთქილ შუკვანი (ორივე - 60), დავით ასუმბანი, შალვა ქარდავა (ორივე - 66), ამბაკო ავალიანი, თენგიზ პაპოშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (სამივე - 73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური, გიორგი ბაინდურაშვილი (სამივე - 81), ვალერი ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური (90), ლომერ ჟორჟოლიანი, ალექსანდრე მსხალაძე (100), ზვიად ხანჯალიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი (+100). მწვრთნელის განცხადებით, აგვისტოში პარიზში გასამართ მსოფლიოს პირველობაზე წამსვლელი შემადგენლობა 90 პროცენტით ამათგან ამოირჩევა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსოფლიოსთვის სხვები არ მოემზადებიან - ყველა ფორმაში უნდა იყოს, ვინიცობაა, მწვრთნელს რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო ვინმეს შემცვლელი დასჭირდეს. ავსტრიელმა ისიც დასძინა, რომ მისთვის დოგმა არაა, ყველა წონაში 2 კაცი წაიყვანოს - ვისაც მედლის მოპოვების რეალური შანსი არ ექნება, გუნდში არ დავაყენებთო.

იაპონიიდან ნაკრები 23 ივლისს დაბრუნდება და ერთ შეკრებას უცხოეთში გაივლის, ოღონდ ჯერ საბოლოოდ გარკვეული არაა, იტალიაში თუ ბელარუსში. სამაგიეროდ, გადაწყვეტილია, რომ დასკვნითი შეკრება დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე მოეწყობა.

ასუმბანთან დაკავშირებით ზაიზენბახერმა შემდეგი განაცხადა: "მან დაამტკიცა, რომ 60-ში ერთ-ერთი უძლიერესი იყო, ახლა კი 66-ში გადაწყვიტა გადასვლა. ის საკმაოდ მაღალი კლასის მოჭიდავეა, ბოლო კვირეები ფიზიკურადაც კარგად ემზადება და ყველანაირად დავეხმარებით ახალ წონაში წარმატებების მოპოვებაში". საინტერესოა მწვრთნელის პრინციპული პოზიციაც ცირეკიძის შესახებ: "ის ძალიან გამოცდილი სპორტსმენია, მაგრამ ბოლო დროს გვქონდა დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემები. ამიტომ გადავწყვიტეთ, ის ინდივიდუალურად მოემზადოს მსოფლიოს ჩემპიონატისთვის. იქამდე მას შეუძლია თავის წარმოჩენა, თუ როგორ ფორმაში იქნება პლანეტის პირველობისთვის. რაც შეეხება მის განცხადებას ნაკრებში დაბრუნებასთან დაკავშირებით, დაბრუნება ბევრს სურს, მაგრამ ეს მხოლოდ რამდენიმეს შეუძლია. ცირეკიძეს ამის შანსი რამდენჯერმე მივეცით, ამ ეტაპზე კი გუნდთან ვერ ივარჯიშებს, თუმცა ბოლო შეკრებაზე წავიყვანთ".

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ზაიზენბახერმა ყურადღება გაამახვილა, ნაკრების თვისობრივად ახალ სავარჯიშო სტილზე გადასვლაა - სხვა საჭიდაო სახეობებისთვის დამახასიათებელი მანერიდან კლასიკურ ძიუდოზე გადადიან. მან აღნიშნა, რომ ეს ცვლილება რამდენიმე თვეში მოხდება, თუმცა ის დიდი გამოწვევაა ბიჭებისთვის და დაძაბულ შრომას მოითხოვს. ბევრს უჭირს კიდეც გადაწყობა, მაგრამ ბევრი უკვე კარგად შეეგუა მას, თუმცა მწვრთნელის აზრით, მთავარი ისაა, რომ ყველა მიხვდა ამ რეფორმის აუცილებლობას და აქეთკენ მიდიან. ავსტრიელმა კმაყოფილება გამოთქვა ფიზიკურ მომზადებასთან დაკავშირებითაც, რაც სათანადო დარბაზის კეთილმოწყობით ახსნა.

მწვრთნელს იმაზეც დავეკითხეთ, რატომ იუარა სალიცენზიო შეჯიბრებებში გამოსვლა - იაპონური შეკრება კარგია და ფრიად საჭირო, მაგრამ სალიცენზიო ქულებიც ხომ საჭიროა? ამაზე ასეთი პასუხი მივიღეთ: "განვლილ ტურნირებში მონაწილეობამ დაგვარწმუნა, რომ ამდენ შეჯიბრებებზე სიარული დიდ ენერგიას ართმევდა ბიჭებს. ამიტომ ამ ეტაპზე მათი გაწვრთნა, მომზადება და ახალ სტილთან შეგუება უფრო აქტუალურად მივიჩნიე. ის ხუთი დღე, ვიდრე სპორტსმენი ტურნირზეა, ეთიშება ყოველდღიურ სავარჯიშო რეჟიმს, მერე აქ ჩამოდიან და ერთი დღე მაინც სჭირდებათ დასვენება ანუ ისე გამოდის, რომ მთელი კვირა უცდებათ. თანაც, რამდენიმე წონაში საგზური ლამის განაღდებული გვაქვს, ხოლო მსოფლიოს პირველობაზე თუ წარმატებით გამოხვალ, ქულებს ისედაც შეიმატებ.

ამასთან, მსოფლიოს პირველობის შემდეგაც ბევრი სალიცენზიო შეჯიბრებაა და იქაც შეიძლება მარაგის შევსება, ამ ეტაპზე კი ჩვენი ფალავნებისთვის უფრო აქტუალური საჭიდაო სტილის შეცვალა, ფიზიკური მომზადებაა და არა ქულები. ამიტომ ისეთ ერთკვირიან ამოვარდნებს მირჩევნია, სერიოზული საფუძვლები შევქმნათ, ლიცენზიებზე ზრუნვა კი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ გაგრძელდეს".

დემეტრაშვილმა აბუ დაბის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEO] დომინანტურად - ლაშა ბექაური აბუ დაბის გრანდ სლემის ჩემპიონია!
ბექაური ოქროსთვის, დემეტრაშვილი კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს - აბუ დაბის გრანდ სლემის მესამე დღე
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს