ნახევარ წელიწადში გავლილი დიდი გზის ამბავი
ირაკლი მაისურაძემ საქართველოს ჩემპიონატში მხოლოდ მეორე ეტაპი ჩაატარა, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ”ლელოს" სეზონის აღმოჩენად დაესახელებინა. სწრაფი და ტექნიკური ნახევარმცველი უმალ იქცა რუსთავის ”ოლიმპის" ერთ-ერთ ლიდერად და საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც მიიწვიეს.

ვფიქრობთ, 22 წლის ფეხბურთელისთვის ეს არცთუ პატარა წარმატებაა.

ამ წლის დადგომამდე მაისურაძის შესახებ (რომელიც 35-ე საფეხბურთო სკოლის გაზრდილია და წელიწადნახევარი ”ზესტაფონის" დუბლებში აქვს გატარებული) ინფორმაციებს ინტერნეტით თუ ვეცნობოდით, ბელარუსში იგი საკმაო წარმატებით თამაშობდა და პოტენციალი სამშობლოშიც გამოავლინა. გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ საინტერესო და მზარდი ფეხბურთელი აღმოვაჩინეთ.

- ”ოლიმპის" შემადგენლობაში ურიგოდ არ მითამაშია, მაგრამ ნამდვილად არ ველოდი, სეზონის აღმოჩენად თუ დამასახელებდით. ძალიან გახარებული ვარ და შევეცდები, გუნდისთვის მომავალ სეზონში უფრო სასარგებლო ვიყო.

- ”ოლიმპში" გატარებული პერიოდით ბოლომდე კმაყოფილი ხარ?

- საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროს უნდა იყო, მაგრამ ვფიქრობ, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონი მქონდა, საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა შევძელი. თუმცა მეტი შემეძლო მეც და გუნდსაც - ჩვენი მიზანი ხომ საქართველოს ჩემპიონობა იყო, რასაც, სამწუხაროდ, ვერ მივაღწიეთ. შეიძლება, მესამე ადგილი არ იყოს ცუდი შედეგი, მაგრამ დიდ წარმატებასაც ვერ დავარქმევ.

- რატომ ჩამოსცილდა ”ოლიმპი" სეზონის დასკვნით ნაწილში ჩემპიონობისთვის ბრძოლას?

- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება. ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, თუმცა ფაქტი ერთია - ”ზესტაფონი" დამაჯერებლად გაჩემპიონდა.

- საქართველოსა და ბელარუსის ჩემპიონატებს შორის რა მსგავსება და განსხვავებაა?

- მსგავსება ბევრი არ არის, მთავარი განსხვავება კი პირობებშია. საქართველოში ბელარუსულთან მიახლოებული პირობებიც კი არ გვაქვს, მათთვის მოედნისა თუ ხელფასების პრობლემა უცხოა, ჩვენთან კი ფეხბურთელებს ყოფითი პრობლემების გამო ფეხბურთზე კონცენტრირება უჭირთ. ვფიქრობ, ბელარუსში ჩვენზე ოდნავ მაღალი დონის ჩემპიონატია - სწორედ პირობების ხარჯზე, თორემ ნიჭით ჩვენთან ახლოსაც ვერ მოვლენ.

- რამ გადაგაწყვეტინა საქართველოში დაბრუნება, დღევანდელი გადასახედიდან თუ მიგაჩნია, რომ სწორი ნაბიჯი გადადგი?

- დავიწყებ იმით, რომ ბელარუსში ძალიან სასარგებლო პერიოდი გავატარე. შევიძინე თეორიული და პრაქტიკული საფეხბურთო ცოდნა და პროფესიონალად ჩამოვყალიბდი, რაც საქართველოში შეიძლება უფრო გამჭირვებოდა. ერთი სიტყვით, ბელარუსში წასვლას ოდნავადაც არ ვნანობ, ისევე როგორც საქართველოში დაბრუნებას. ყველაფერს თავისი დრო აქვს და ”ოლიმპში" გატარებულმა ნახევარმა სეზონმა დამარწმუნა, რომ დაბრუნება სწორი ნაბიჯი იყო. ბელარუსთან კი, გარკვეული გულისტკენების მიუხედავად, უმეტესად კარგი მოგონებები მაკავშირებს.

- ნახევარდაცვაში რამდენიმე პოზიციაზე შეგიძლია თამაში. ყველაზე მეტად რომელი ამპლუა მოგწონს?

- საყრდენის გარდა, ნახევარდაცვაში ნებისმიერ ადგილზე ვთამაშობ და მზად ვარ, გუნდს სადაც დასჭირდება, იქ გამოვადგე, მაგრამ მიმაჩნია, რომ ცენტრში უფრო სასარგებლო ვარ, ვიდრე ფლანგებზე.

- ახლოვდება ევროტურნირები, როგორ ფიქრობ, რამდენი ეტაპის გადალახვის ძალა შესწევს ”ოლიმპს"?

- პირველი ეტაპი აუცილებლად უნდა გადავლახოთ, დანარჩენს კი სიტუაცია გვიჩვენებს. ნაყოფიერ შეკრებას გავივლით, სპარინგ-მატჩებს ძლიერ მეტოქეებთან ჩავატარებთ, შემადგენლობასაც გავაძლიერებთ და ევროთასებს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით. თუ წილისყრაშიც გაგვიმართლა, დარწმუნებული ვარ, ერთი რაუნდის გავლით არ შემოვიფარგლებით.

- როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში კლუბის შეცვლაზე არ იფიქრებ.

- დიახ, ასეა. ”ოლიმპში" თავს ჩინებულად ვგრძნობ, მწვრთნელები მენდობიან და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაში ხელს მიწყობენ. გუნდიც მზარდი და ამბიციურია. ყოველივე აქედან გამომდინარე, არსად წასვლის სურვილი არ მაქვს. ”ოლიმპთან" კიდევ ერთი საკონტრაქტო წელი მაკავშირებს და მინდა, მის სამომავლო გამარჯვებებში ჩემი წვლილი შევიტანო. მომავალ სეზონში საქართველოს ჩემპიონობისა და თასისთვის ვიბრძოლებთ.

- ბოლოს სანაკრებო თემასაც შევეხოთ. რამდენად მოსალოდნელი იყო შენთვის ჯერ ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში, შემდეგ კი ხორვატიაში წამსვლელთა შორის მოხვედრა?

- ამას ნამდვილად არ ველოდი. ფეხბურთელს, რომელსაც ექვსი თვის წინ საქართველოში თითქმის არავინ იცნობდა, უცებ სანაკრებო შეკრებაზე იწვევენ - დამეთანხმებით, ასეთი რამ ხშირად არ ხდება. მართალია, ხორვატიაში 18-კაციან განაცხადში ვერ მოვხვდი, მაგრამ ჩემთვის ისიც დიდი ბედნიერებაა, თემურ ქეცბაიას ასეთი ყურადღება რომ დავიმსახურე. საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემი უმთავრესი ოცნებაა და მისი ახდენისთვის ძალიან ბევრს ვიშრომებ.

დოსიე

ირაკლი მაისურაძე

დაიბადა: 22.08.1988

სიმაღლე: 177 სმ, წონა: 74 კგ

კარიერა: 2008-09 - მტზ რიპო (ბელარუსი), 2009-2010 ვიტებსკი (ბელარუსი), 2011 წლიდან თამაშობს რუსთავის ”ოლიმპში"

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა