„ბაიერნის“ 27 წლის კაპიტანმა „ბილდთან“ინტერვიუში გასული სეზონი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
„ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში „ბაიერნის“ 27 წლის კაპიტანი ფილიპ ლამი გასულ სეზონს აჯამებს, სამომავლო გეგმებზე საუბრობს და ფრანც ბეკენბაუერისა და ოლივერ კანის კრიტიკას ეხმაურება.

- ჰერ ლამ, რამდენიმე დღის წინ ფრანც ბეკენბაუერმა „ბაიერნის“ სპორტული დირექტორი კრისტიან ნერლინგერი გააკრიტიკა. „კაიზერის“ აზრით, ნერლინგერი ძალიან იშვიათად ჩანს, ყურადღების ცენტრს უმეტესად გაურბის, რაც „ბაიერნის“ მენეჯერისთვის არასახარბიელო ქცევაა. ფრანცი ამბობს, თუ ნერლინგერს უნდა, რომ ყველამ მიიღოს და დააფასოს, უფრო ხშირად უნდა ჩანდეს, უფრო მეტი უნდა ილაპარაკოსო.

- ბეკენბაუერს არ ვეთანხმები. ჩვენ, ფეხბურთელებმა ვიცით, რას აკეთებს და როგორ მუშაობს ნერლინგერი, რადგან მასთან ურთიერთობა ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს. კრისტიანი ნამდვილი პროფესიონალია, რაც იმ ტრანსფერებიდანაც ჩანს, რომლებიც მან ამ პოსტზე დანიშვნის შემდეგ განახორციელა.

- თქვენ გინდათ თქვათ, რომ ბეკენბაუერი ცდება?

- ფრანცის მოსაზრება მოვლენებს მიღმა მყოფი ადამიანის მოსაზრებაა და არ მიკვირს, შეფასებისას შეცდომას რომ უშვებს. სწორ შეფასებას მხოლოდ ისეთი ადამიანისგან უნდა ელოდო, რომელიც გუნდში მიმდინარე პროცესებს ყოველდღე აკვირდება. ყველა, ვინც „ბაიერნში“ ნერლინგერს ყოველდღე ხედავს, დამეთანხმება, რომ კრისტიანი ძალიან მაღალი დონის სპეციალისტია.

- კრიტიკული მოსაზრებები ოლივერ კანმაც გამოთქვა. მისი აზრით, „ბაიერნის“ სატრანსფერო პოლიტიკა დაუგეგმავი და უკონცეფციოა. ოლი მიიჩნევს, რომ მიუნხენური კლუბი ამ მხრივ ნელ-ნელა მადრიდის „რეალს“ ემსგავსება...

- გადახედეთ ჩვენს აქტუალურ ტრანსფერებს და მიხვდებით, რომ კანიც ცდება. ყველა შემდგარი თუ დაგეგმილი ტრანსფერი კარგადაა მოფიქრებული და გათვლილია სუსტი რგოლების გაძლიერებაზე. ჩემი აზრით, „ბაიერნი“ სწორედ იმ ფეხბურთელებს ყიდულობს, რომლებიც ყველაზე მეტად სჭირდება. „რეალთან“ პარალელების გავლება კი, ვფიქრობ, არასწორია. მადრიდელები ყოველ ზაფხულს ხუთ ახალ სუპერვარსკვლავს ყიდულობენ ხოლმე...

- დასასვენებლად საბერძნეთში მიდიხართ. შვებულებას კარგ ხასიათზე ხვდებით?

- რა თქმა უნდა! ეს სეზონი აშკარად ჩავაგდეთ, მაგრამ მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ. დავიწყოთ იმით, რომ გუნდში იუპ ჰაინკესის სახით ძალიან გამოცდილი, უმაღლესი დონის მწვრთნელი მოდის, რომელსაც „ბაიერნის“ თითოეული ფეხბურთელი თვალდახუჭული ენდობა. ამავდროულად, „ბაიერნმა“ უკვე ძალიან საინტერესო ტრანსფერები სრულყო - მარტო მანუელ ნოიერის ხსენება რად ღირს. მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს ნოიერის გარშემო ატეხილი დავი-დარაბა დამთავრდა და ის უკვე სრულფასოვანი ბავარიელია. ერთი სიტყვით, დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ სეზონში „ბაიერნი“ ისევ მოწოდების სიმაღლეზე იქნება.

- ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ნოიერზე თქვა, მას „ბაიერნის“ გენები აქვსო. მანუელს ეს თქვენც შეამჩნიეთ?

- ნოიერი გამარჯვებული მენტალიტეტის მქონე ფეხბურთელია და რუმენიგემაც, პირველ რიგში, ალბათ სწორედ ეს იგულისხმა, როცა თქვა, „ბაიერნის“ გენები აქვსო. ნოიერს ეტყობა, რომ გუნდი 5:0-საც რომ იგებდეს, ერთი გოლის გაშვების გამო ძალიან გაბრაზდება - ასეთი იყო ოლივერ კანიც.

- ახალწვეულმა რაფინიამ თქვა, ნერვებს მარტო მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეებს კი არ ვუშლი, ხანდახან საკუთარ თანაგუნდელებსაც ვაბრაზებ ხოლმეო. ექსპერტები ფიქრობენ, რომ რეკორდმაისტერს ახლა ყველაზე მეტად სწორედ ასეთი ტიპი სჭირდებოდა...

- მთავარია, კარგად ვითამაშოთ და ასეთ შემთხვევაში ნერვებს მხოლოდ მეტოქეებს მოვუშლით. „ბაიერნს“ ხარისხიანი ფეხბურთელები სჭირდება და მიხარია, რომ რაფინიას სახით სწორედ ხარისხიანი ახალწვეული გვყავს.

- პრეზიდენტ ული ჰიონესის აზრით, მარკ ვან ბომელის წასვლის შემდეგ „ბაიერნს“ აკლია მოთამაშე, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ხმას აიმაღლებს და თანაგუნდელებს შორის მთავარი მოტივატორის როლს შეასრულებს...

- თუ პრეზიდენტი ამას ამბობს, ე.ი. ასეცაა. ული დიდი ხანია, ამ საქმეს აკეთებს და იცის, როდის რა არის საჭირო.

- თქვენ სიმაღლეში 1.70 მეტრი ხართ, რაფინია კი თქვენზე მხოლოდ ორი სანტიმეტრით მაღალია. გამოდის, რომ „ბაიერნს“ ბუნდესლიგაში ფლანგის ყველაზე დაბალი მცველები ეყოლება...

- არა მგონია, რომ ეს პრობლემა იყოს. ჩემი აზრით, ფლანგის ფეხბურთელს სიმაღლე არაფერში სჭირდება. აი, თუნდაც „ბარსელონას“ დავაკვირდეთ - კატალონიელებს დაბალი ფეხბურთელები მხოლოდ დაცვაში არ ჰყავთ და მაქსიმუმ ერთი საყრდენია მაღალი. მთავარია, როგორ თამაშობს ესა თუ ის ფეხბურთელი.

- ჰაინკესმა თქვა, ახალ სეზონში „ბაიერნი“ პირველი ტურიდანვე უნდა გალიდერდეს და ბოლომდე პირველი უნდა იყოსო. ეს რეალურია?

- ყოველ შემთხვევაში, ასეთია ჩვენი მიზანი. გვინდა, რომ პირველიდან ბოლო ტურამდე ვდომინირებდეთ - როგორც „ბაიერნს“ სჩვევია. თუმცა ისიც ვიცით, რომ ეს ადვილი არ იქნება.

- შვებულებაში კარგად დაისვენებთ. ხომ არ შიშობთ, რომ წონაში მოიმატებთ?

- ცოტათი ყოველ ზაფხულს ვიმატებ ხოლმე, მაგრამ ეს ტრაგედია არ არის. სამაგიეროდ, როგორც კი ვარჯიშს დავიწყებ, მომატებულ წონას მაშინვე დავიგდებ. ამასთან, შვებულებისას ჩოგბურთს ვთამაშობ ხოლმე, რაც ფორმას მინარჩუნებს.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა