სესკ ფაბრეგასი „არსენალთან“ დაქორწინებულს ჰგავს, მაგრამ მისი დიდი სიყვარული, რომ „ბარსელონაა“, ამას „მეთოფეთა“ 24 წლის კაპიტანი არ მალავს
სესკ ფაბრეგასი „არსენალთან“ დაქორწინებულს ჰგავს, მაგრამ მისი დიდი სიყვარული, რომ „ბარსელონაა“, ამას „მეთოფეთა“ 24 წლის კაპიტანი არ მალავს. ფეხბურთი ისეთი რამ გახლავთ, არავინ იცის რომელ წუთში რა მოხდება, მაგრამ ლონდონის გუნდის ესპანელმა გამთამაშებელმა ჟურნალისტებს უთხრა „არსენალთან“ ვალში ვარო და ეს, როგორც ჩანს, იმას ნიშნავს, რომ ის ისევ „ემირეიტ სთედიუმზე“ დარჩება.

აგერ უკვე ორი წელიწადია ფაბრეგასს გული „ბარსასკენ“ მიუწევს. ამის მიზეზი, მშობლიური ქალაქისა და გუნდის სიყვარულის გარდა ის გახლავთ, რომ „არსენალმა“ 2005 წლის შემდეგ, წამლად ერთი პრიზიც კი ვეღარ მოიგო. ეს, ახალგაზრდა ვარსკვლავს გულში დანასავით ესობა, რაც ყველაზე კარგად მისი ნათქვამიდან გამოჩნდა - ამ იმპოტენციის ატანა აღარ შემიძლიაო. დიახ, ზუსტად ეს სიტყვა წამოცდა. „ბარსელონამ“ კი ბოლო ორი წლის განმავლობაში ორჯერ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაში - 2009 და 21011 წელს.

პეპ გვარდიოლას სუპერგუნდი ფაბრეგასის უახლოესი მეგობრებისგან შედგება. მისი ძმაკაცები ჟერარდ პიკე, კარლეს პუიოლი და ლეო მესი მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალზე, დიდების სხივებში ბანაობენ და ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ ორჯერ სწორედ „არსენალი“ დაამარცხეს თავისი ფაბრეგასიანად.

„არსენალის“ წევრებისთვის განსაკუთრებით მწარე ახალდამთავრებული სეზონის ბოლო ორი მატჩი იყო, როდესაც ტრიბუნებიდან ხალხი არსენ ვენგერის საწინააღმდეგო რაღაცებს იძახდა. ჩრდილოლონდონელებმა, რომელთაც თებერვალში ერთბაშად ოთხი ჯილდოს მოგების პრეტენზია ჰქონდათ, საბოლოოდ კვლავ ვერაფერი მოიგეს და პრემიერლიგაშიც მეოთხე ადგილს დასჯერდნენ - კიდევ კარგი ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ ადგილზე მაინც მოექცნენ.

„დღეს „ბარსელონა“ მსოფლიოს საუკეთესო გუნდია და მის შემადგენლობაში ყოფნა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ტიტულების მოგების გარანტიაა - თქვა ფაბრეგასმა - მე კი იმედგაცრუებული ვარ, რადგან არაფერი მომიგია. არადა, ყოველთვის ტიტულების მოპოვებაზე ვოცნებობდი. გული გიცრუვდება ადამიანს, როდესაც ასეთი თავდადებით იბრძვი, თამაშობ და ვერაფერს აღწევ. საშინელებაა იმის შეგრძნება, რომ ჭიშკრამდე მიხვედი და ზღურბლთან წაიქეცი. თან, რამდენჯერ უნდა განმეორდეს ერთი და იგივე?! ყველა. ვინც ამბობს, რომ მისთვის ტიტულის მოგებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მატყუარაა. მე, პირადად, ამბიციური კაცი ვარ და სწორედაც ტიტულებისთვის ვიბრძვი“.

თითქოს და, ფაბრეგასის ნათქვამს ერთი წინადადებაღა აკლია - თუ „არსენალი“ „ბარსელონაში“ არ გამყიდის, ავჯანყდებიო. ასაკით მისმა ტოლმა, არგენტინელმა სერჯიო აგერომ თქვა, რომ მადრიდის „ატლეტიკოში“ დარჩენა აღარ უნდა და მყისვე ატყდა დავიდარაბა. მის საყიდლად ხმა აიმაღლეს „რეალმა“, „ჩელსიმ“, „მანჩესტერ სიტიმ“ და „იუვენტუსმა“, თუმცა ფაბრეგასის თავს ასეთი რამ არ ხდება. შარშან, როდესაც სესკმა „ბარსელონაში“ გადასვლა ისურვა, მაგრამ ტრანსფერი ვერ განხორციელდა, მან თქვა:

„მე იმას ვერ ვიზამ, რაც კუნმა გააკეთა. მას თავისი გზა აქვს, მე ჩემი. არ გახლავართ ის ადამიანი, რომელიც ისე ილაპარაკებს და მოიქცევა, რომ ყველაფერი მის სასიკეთოდ მოექცევა. შარშან რომ შევცდი ისიც მეყოფა. ახლა, ერთი წლის წინანდელი შეცდომა უნდა გავითვალისწინო. ჩემი სურვილის და გეგმების შესახებ საჯაროდ არ უნდა მელაპარაკა.

ყველა ადამიანს თავისი ფასეულობები აქვს. ვისთვის რა არის ძვირფასი. „არსენალში“ რვა წელიწადი გავატარე და ეს გუნდი ჩემთვის ძალიან ძვირფასია. მე არ შემიძლია გავჯიქდე და აქაურობა იოლად მივატოვო. ამდენ ემოციას და სიყვარულს წყალში ვერ გადავყრი. ურთიერთობებში ყოველთვის ფრთხილი ვიყავი და ასეთად ვრჩები“.

ფაბრეგასმა კარგად იცის, რომ თუ „ბარსელონა“ დიდძალ ფულს არ გაიმეტებს, ის „კამპ ნოუზე“ ვერ გადავა. „მეთოფეებმა“ რასაკვირველია, გადააჭარბეს მის გამოსასყიდ თანხად 54 მილიონი ფუნტი რომ დაასახელეს, მაგრამ მიზანი აქვთ ასეთი - ვენგერი იმედოვნებს, რომ ამ თანხის გამგონე ყველა შეშინდება და ფაბრეგასზე ფიქრს თავს დაანებებს. თუნდაც, ვენგერმა დაუკლოს, ბევრს ხომ მაინც ვერ დაუკლებს და ამით არაფერი შეიცვლება: „ბარსელონას“ ამ ზაფხულზე დასახარჯად მხოლოდ 40 მილიონი ფუნტი აქვს.

ასეთმა ვითარებამ მადრიდის „რეალს“ გაუჩინა „არსენალის“ კაპიტნის გადაბირების იმედი. სხვათაშორის, ორი წლის წინ თავად სესკი ამბობდა, ჩემს ქვეყანაში უნდა დავბრუნდეო - მაინც და მაინც „ბარსელონა“ მინდაო არ დაუჩემებია. ჟურნალისტებმა ეს „ეშმაკობა“ გაშიფრეს და ფაბრეგასს პირდაპირ ჰკითხეს ჟოზე მოურინიოსთან შესაძლო გადასვლის შესახებ.

„კონკრეტულად არავის დავასახელებ, მაგრამ როდესაც მომავალზე ვლაპარაკობთ, არასოდეს უნდა თქვა არასოდეს. რა იცი, რა ხდება - უპასუხა „მეთოფეთა“ კაპიტანმა - რასაკვირველია, ამა თუ იმ მოვლენას თითოეული ადამიანი თავისებურად აღიქვამს და აფასებს, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ხშირად, რაღაც-რაღაცები ფეხბურთელზე არც არის დამოკიდებული. მეტს ვერაფერს ვიტყვი, იმიტომ, რომ ათასი ჭორის საბაბს გავაჩენ“.

და ბოლოს: „არსენ ვენგერთან რამდენიმე კვირაა არ მილაპარაკია, არადა ბოსი ის არის და გადაწყვეტილებებსაც ის იღებს. ამქვეყნად, თუ ვინმემ იცის რა უნდა „არსენალს“, ჩემი გაყიდვა თუ დატოვება, ის გახლავთ და ჯობს ჩემი მომავლის შესახებ მას ელაპარაკოთ ხოლმე“.

ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
"უკვე ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთ" - არბელოა "ალბასეტესთან" მატჩის შემდეგ
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე
ბაირამიანი: სომხეთის ნაკრებიც გაისვრის საქართველოს და უზბეკეთის მსგავსად
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა