ჩოგბურთი. უიმბლდონის 10 დიადი მატჩი
უიმბლდონის ისტორიისადმი მიძღვნილი ციკლის მეხუთე სტატია ივან ლენდლისა და ბორის ბეკერის დაპირისპირების შესახებ მოგითხრობთ. სწორედ აქ გაიგებთ, როგორ დაიმსხვრა ჩეხი მოთამაშის ოცნება, კარიერაში ერთხელ მაინც გაემარჯვა სანატრელ უიმბლდონზე.

იმ დიად ჩოგბურთელებს შორის, რომლებმაც ვერ მოიპოვეს კარიერული "დიდი სლემი", ივან ლენდლი განცალკევებით დგას. როგორც წესი, კოლექციონერთა მთავარი პრობლემა როლან გაროსის მოგება იყო - ამ ტურნირის სპეციფიკური საფარის გამო. თუ ჩოგბურთელი წარმატებით თამაშობს გრუნტზე, "კარიერული სლემისკენ" გზა უფრო მარტივია, ვიდრე დანარჩენებისთვის. მაშინვე გვახსენდება რაფაელ ნადალი და ბიორნ ბორგი. თუმცა ამ უკანასკნელს სრული კოლექციის შესაგროვებლად ავსტრალიის ღია პირველობის ტიტული დააკლდა. მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ შვედი დიდად არ ინდომებდა მელბურნში ჩასვლას და იქ ერთადერთხელ კარიერის დასაწყისში ითამაშა. ივან ლენდლს კი, რომელიც უკანა ხაზზე თამაშის დიდოსტატი გახლდათ და სამჯერ მოიგო როლან გაროსი, სწორედ უიმბლდონზე არ უმართლებდა ფატალურად.

სწორედ რომ არ უმართლებდა. სხვა ჩოგბურთელებისგან განსხვავებით, რომლებიც ახლოსაც არ ყოფილან ლონდონში ტრიუმფამდე, ლენდლმა უიმბლდონის ფინალში ორჯერ ითამაშა და კიდევ ხუთჯერ ნახევარფინალურ ეტაპამდე მიაღწია. დღეს სწორედ ერთ-ერთ ასეთ უიღბლობაზე მოგიყვებით.

1989 წელს ჩეხმა, როგორც იქნა, დაიპყრო ავსტრალიის ღია პირველობა. მან ფინალში დამაჯერებლად დაამარცხა თანამემამულე მიროსლავ მეჩირჟი და თან დაიბრუნა რეიტინგის პირველი ადგილი, რომელიც ცოტა ხნით მატს ვილანდერს გადააბარა. ამის შემდეგ მან დაიწყო "მოუთვინიერებელი" უიმბლდონის დასაპყრობად გეგმაზომიერი მზადება. ჩეხი ხვდებოდა, რომ გრუნტის კორტისთვის საჭირო თვისებები საკმარისი არ იქნებოდა ბრიტანულ ბალახზე წარმატების მისაღწევად, ამიტომაც ჯიუტად ამუშავებდა ბადესთან გასვლას. შესაძლოა, ამან იმოქმედა როლან გაროსზე მის გამოსვლაზე, სადაც ლენდლმა ორი მოგებული სეტის შემდეგ სრულიად მოულოდნელად დათმო მატჩი რეაქტიულ ამერიკელ თინეიჯერთან მაიკლ ჩანგთან. მაგრამ უიმბლდონზე ტრიუმფი ყველანაირ წარუმატებლობას გადაფარავდა.

ლენდლმა მძიმედ დაიწყო ტურნირი. სასტარტო შეხვედრაში მან მხოლოდ მეხუთე სეტში მოუძებნა გასაღები ვენესუელელი ნიკოლას პერეირას თამაშს. შემდეგ ოთხი სეტი იწვალა ძირითად ბადეში კვალიფიკაციიდან მოხვედრილ შვედ რონი ბატმანთან, მაგრამ უკვე მესამე წრიდან ივანმა "დაიჭირა" თავისი თამაში და მომდევნო სამ შეხვედრაში მეტოქეებს მხოლოდ ერთი სეტი დაუთმო. ნახევარფინალში ლენდლს ძველი მეტოქე - ბორის ბეკერი ელოდა.

გერმანელს უიმბლდონთან დაკავშირებით პრობლემა არ ჰქონია. ზედიზედ ორი მოგების შემდეგ (მეორე ტიტული 1986 წელს სწორედ ლენდლის ფინალში დამარცხებით აიღო), იმ სეზონში ბეკერმა ქარიშხალივით გადაუარა სატურნირო ბადეს და ხუთ მატჩში არც ერთი პარტია არ წაუგია. საერთოდ, 1989 წელი ბეკერის კარიერის მწვერვალად მიიჩნევა. მისთვის მოუხერხებულ გრუნტზეც კი წარმატებას მიაღწია - საფრანგეთის ღია პირველობაზე ნახევარიფინალში ითამშა. ბუნებრივია, მისთვის ბალახის კორტებზე თამაში გაცილებით იოლი იყო. მეოთხედფინალში ბორისმა გაანადგურა ამერიკელი ჩემბერლენი - 6:1, 6:2, 6:0 და ფავორიტის რანგში შეხვდა ლენდლთან მორიგ შეხვედას.

პირველივე გეიმში გამოჩნდა ლენდლის თამაშში მომხდარი ცვლილებები. ჩეხი პირველი შესაძლებლობისთანავე წინ მიდიოდა და საკმაოდ დამაჯერებლად გრძნობდა თავს ბადესთან. მას შემდეგ, რაც სასტარტო გეიმი თითქის ათი წუთი გაგრძელდა, ცხადი გახდა, რომ მატჩის სცენარი დრამატული იქნებოდა.

ასეთი თამაშის ფონზე ბუნებრივი იყო, რომ მეტოქეები ერთი მეორის მოყოლებით იღებდნენ საკუთარ მოწოდებებს. სეტის ბედი მე-11 გეიმში გადაწყდა. ლენდლის მოწოდებაზე 40:15-ის დროს ბეკერმა ორჯერ იდეალურად მიიღო ბურთი, რის შემდეგაც განაწყენებულმა ივანმა შეცდომა დაუშვა ბადესთან თამაშისას. ბრეიკ-პოინტზე ლენდლმა აქტიურად შეუტია, ბეკერმა კი მაქსიმალურად უკან დაიწია. დაცვა შეტევაზე უკეთესი აღმოჩნდა. ბორისმა ბრეიკი გააკეთა და მომდევნო გეიმში პარტია მოიგო.

მეორე სეტი კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა. თითოეულ გეიმში ყოველი გათამაშება ნამდვილ თრილერს ემსგავსებოდა. მერვე გეიმში ჩეხი ძალიან ახლოს იყო ბრეიკთან, მაგრამ "ნაკლებზე" ბეკერმა თავისი საფირმო ნახტომით გადაარჩინა გეიმი და სეტი. ეს მომენტი - მოედნის მიღმა გასული ლენდლი იდეალურად ჭრის ბურთს ბადესთან, მაგრამ გერმანელი ნახტომში ჰაერიდან აბრუნებს ბურთს ცარიელ კორტზე - დღემდე ბევრ საჩოგბურთო კლიპშია შესული. წარმატებით გამხნევებულმა ბეკერმა მოიგო გეიმი. 5:5-ზე ლენდლის გმირობების ჯერი დადგა. ივანმა ორი ბრეიკ-პოინტი მოიგერია, ვერ აიღო მე-12 გეიმში მეტოქის მოწოდება, მაგრამ ტაი-ბრეიკზე შეუჩერებელი იყო. 7:2 - და მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა გაათანაბრა სეტებში ანგარიში.

ჩეხმა ამ ემოციურ ფონზე მოიგო მესამე სეტი, როცა ორჯერ აიღო მეტოქის მოწოდება. მეოთხე სეტის მეხუთე გეიმში ლენდლმა ბეკერის მოწოდება აიღო. მორიგ ფინალამდე მას სამი საკუთარი გეიმის აღება სჭირდებოდა. შემდეგ გეიმში ანგარიში იყო "მეტი" მის მოწოდებაზე. თითქოს არაფერს არ უნდა შეეშალა ხელი მისთვის, არაფერს და არავის ბეკერის გარდა. გერმანელმა სამი მომდევნო ქულა აიღო და სეტში თანაფარდობა აღადგინა. გადამწყვეტი აღმოჩნდა მეცხრე გეიმი ლენდლის მოწოდებაზე. ბეკერმა იდეალური ბეკჰენდით მოიპოვა სეტბოლი. ჩეხმა საფრთხე მოიგერია - მეტოქე კორტის კუთხეებში არბენინა. შემდეგი ორი ქულა ბორისმა იდეალური მიღებით მოიგო - თავიდან ზუსტად დაარტყმა ივანის მეორე მოწოდებისას, შემდეგ კი ფეხებში დაურტყა მეტოქეს - ლენდლის ჰაერიდან დარტყმა ბადეს მოხვდა. ბეკერმა გადაარჩინა სეტი და როგორც მოგვიანებით გაირკვა, მატჩი.

საქმე ისაა, რომ ლენდლი მეოთხე სეტის წაგების შემდეგ ანერვიულდა. გეიმებს შორის 1:2-ზე ივანმა მეორე მოწოდების შემდეგ ხაზის გაყოლებაზე დაარტყა. მსაჯმა "აუტი" დააფიქსირა და ჩეხს ნერვებმა უმტყუნეს. მსაჯთან კამათმა შედეგი არ მოიტანა, ანგარიში გახდა 0:30, ხოლო განაწყენებულმა ლენდლმა თავიდან ცუდად ითამაშა ბადესთან, შემდეგ კი ორმაგი შეცდომა დაუშვა. უხერხულია იმის თქმა, რომ ბეკერმა ბრეიკი აიღო. უფრო სწორია, რომ ლენდლმა აჩუქა მას გეიმი.

საბოლოოდ გამოჩნდა, რომ ჩეხი გატყდა. ბეკერი კორტზე გაბატონდა, მისი გასვლები ბადესთან უფრო დამაჯერებელი და მეტოქისთვის მომაკვდინებელი გახდა. ივანი იბრძოდა, მაგრამ განწირული ჩანდა. ყოველი წაგებული ქულის შემდეგ კამერა ლენდლის განრისხებულ სახეს იჭერდა - ჩეხი საკუთარ თავს უწყრებოდა. თუმცა ასეთ მდგომარეობაში მყოფი ლენდლიც სახიფათო იყო მეტოქისთვის. ბოლო გეიმებში მაყურებელმა ბრწყინვალე ჩოგბურთი იხილა - ლენდლის შემხედვარე რთული დასაჯერებელი იყო, რომ ამ ადამიანმა სამჯერ მოიგო როლან გაროსი. ჩეხი ისე თამაშობდა, თითქოს სტილი serve-and-volley მას ბავშვობიდან ეხერხებოდა. ბორის ბეკერი კი ისედაც თავის საყვარელზე საფარზე თამაშობდა.

ჩეხი იმ წუთებში მთელს სამყაროს ებრძოდა - ბეკერს, მსაჯებს, საკუთარ თავს. მან მოიგო მერვე გეიმი, მაგრამ ეს უკვე აღარაფერს წყვეტდა - საკუთარ მოწოდებაზე გერმანელმა ორი ეისი გააკეთა, შემდეგ ორჯერ კარგად გავიდა ბადესთან. მან პირველივე მატჩბოლი გამოიყენა, როცა ჰაერიდან უძლიერესი დარტყმა შეასრულა. უიმბლდონის მოგების მორიგი მცდელობა ივანისთვის კრახით დასრულდა.

ფინალში სტეფან ედბერგმა მხოლოდ ერთ პარტიაში გაუწია წინააღმდეგობა ბრწყინვალე გერმანელს. ბეკერმა მესამედ მოიგო უიმბლდონი, ორი თვის შემდეგ კი ლენდლი ამერიკის ღია პირველობის ფინალშიც დაამარცხა. მოგვიანებით კი ATP-ის წაეჩხუბა რეიტინგის არასრულფასოვანი სისტემის გამო, რომელმაც წლის ბოლოს ივანის გასწრების საშუალება არ მისცა.

ლენდლი კი აგრძელებდა თავის მცდელობებს. 1990 წელს როლან გაროსიც კი გამოტოვა ტურნირისთვის უკეთ მოსამზადებლად. მაგრამ უიმბლდონი მაინც ვერ დაიპყრო - ნახევარფინალში ედბერგმა ძალიან იოლად მოუგო. მომდევნო წლებში კი ჩეხის ლაშქრობა ადრეულ ეტაპებზე სრულდებოდა.

ეს მატჩი მხოლოდ მისი უმაღლესი ხარისხის გამო არ აგვირჩევია. 1989 წლის უიმბლდონის ნახევარფინალმა აჩვენა, რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს ადამიანის მისწრაფება კონკრეტული მიზნისკენ... და კიდევ, რამდენად მაღალია ერთი შეცდომის ფასი. შეცდომა, რომელიც ივან ლენდლს ოცნების დამსხვრევად დაუჯდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს