ქართველმა ახალგაზრდებმა ევროპის ჩემპიონატში 2 ოქროს, 1 ვერცხისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
საქართველოს ახალგაზრდა "თავისუფალთა" ნაკრები ბრწყინვალედ გამოვიდა სერბულ ზრენჯანინში დამთავრებულ ევროპის ჩემპიონატში. ნუგზარ სხირელის შეგირდებმა პირველი დღის სამ მედალს (1 ვერცხლი, 2 - ბრინჯაო) გუშინ, 23 ივნისს კიდევ 3 დაუმატეს, ოღონდ ამათგან 2 ოქროა, 1 - ბრინჯაო.

კონტინენტის ჩემპიონები, მოლოდინისამებრ, გუნდის გამოკვეთილი ფავორიტები - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55) და დავით მარსაგიშვილი (84) გახდნენ, ბრინჯაოს პრიზიორად კი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი მოგვევლინა.

აქვე გუშინწინდელი მონაგარიც გავიხსენოთ - ბექა პეტრიაშვილი (74) მეორეზე გავიდა, ბრინჯაო კი თენგიზ ჩოჩიშვილმა (60) და თედო ებანოიძემ (96) მოიპოვეს. ამდენად, ნაკრების საერთო მონაგარი ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაოა. დაგვეთანხმებით, რვაკაციან გუნდში ექვსი მედალი ძალიან კარგი შედეგია. გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა ნაკრებმა 63 ქულა დააგროვა, როგორც - რუსეთმა, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით პირველობა რუსებს ერგოთ, ჩვენები კი მეორეზე დარჩნენ. ისიც საინტერესოა, რომ ორივე დღეს ლეიბზე 4-4 ქართველი გადიოდა, რომლებმაც 3-3 მედალი მოიპოვეს. პირველ დღეს უმედლოდ ლაშა ტალახაძე (50) დარჩა, თუმცა ბრინჯაოსთვის იმანაც იჭიდავა, გუშინ - დავით ტლაშაძე (66), რომელიც მომავალ ჩემპიონთან, რუს ბაიმირზა კადისოვთან დამარცხდა, მაგრამ მერე ვერც სანუგეშოში ივარგა.

ჩემპიონთა დუეტმა შესაშური შემართებით იჭიდავა, თუმცა მარსაგიშვილი მაინც უნდა გამოვარჩიოთ - ხინჩეგაშვილს ორიოდე შეხვედრაში დამატებითი დრო დასჭირდა, ამან კი ოთხივე ორთაბრძოლა ძირითად დროში მოიგო, აქედან სამში კი წმინდად იმარჯვა. ოღონდ ამათგან ფინალში სომეხი ვაჩე ტამრაზიანი პირდაპირ ბეჭებზე დააგდო 5-ქულიანზე, მეოთხედფინალში უკრაინელ დავიდ კალაშიანსა და ნახევარფინალში რუს ალბერტ ციპინოვს ილეთების კასკადი დაატეხა თავს და ერთნაირი ანგარიშით - 13:0 მოუგო, ამ ორ შეხვედრაში ოთხივე პერიოდი ქულებით წმინდად მოიგო. მას მხოლოდ თურქი მურატ ოზკონი გაუძალიანდა პირველ შეხვედრაში - 4 ქულის მეტი არ დაუთმო.

ხინჩეგაშვილი ევროპის ფინალში შარშანაც გავიდა, თუმცა მაშინდელისგან განსხვავებით, ამჯერად წარმატებით დაასრულა. სერბეთში მას დამატებითი დრო სომეხ მატეოს საროიანთან, ნახევარფინალში თურქ მეჰმეთ სოილერთან და ფინალში რუს არსენ კურამაგომედოვთან დასჭირდა (თუმცა რუსთან პირველი პერიოდი 1:1-ზე, ბოლო ქულის გამო დათმო. სამაგიეროდ, მერე 4 უპასუხო ქულა აართვა), რუმინელი დავიდ დობრე ამანაც ბეჭებზე დასცა, უკრაინელ ვიტალი გურსკის კი ასევე ორივე პერიოდი მოუგო სუფთად.

პეტრიაშვილმა რუმინელი შანდორ მოლნოსი და მოლდოველი ეგორ ოლარი, უბრალოდ, გადათელა ძირითად დროშივე - როცა 7-8 ქულით მოუგებ პერიოდს, სხვა შეფასებას ვერ გავაკეთებთ. ვერ გეტყვით, ნახევარფინალში რა დააკლდა მოლდოველ იჰარ ძიაჩკოსთან შეხვედრაში - გამოცდილება, არ ეყო, ძალა თუ გამძლეობა, მაგრამ ორივე პერიოდი წააგო ერთნაირი ანგარიშით - 0:2. ძიაჩკო შარშანაც გამოდიოდა ამ ნაკრებში, ასაკითაც უფროსია, გამოცდილებაც მეტი აქვს და რაც მთავარია, კარგად მომზადებული ჩავიდა სერბეთში - ჩემპიონი გახდა. შესაძლოა, პეტრიაშვილს ფიზიკურად გაუჭირდა, რასაც ის გვაფიქრებინებს, რომ ბრინჯაოსთვის შეხვედრაში დამატებითი დრო დასჭირდა გერმანელ ტონი ბერჰარდტთან. სამაგიეროდ, იმ მოგებულ პერიოდებში 11 ქულა მოიპოვა.

საერთოდ, მისი სტატისტიკა ასეთია - მეტოქეებს 35 ქულა აართვა, თავად კი 14 დაკარგა. იქნებ ეს მეორე მაჩვენებელიც მაღალია, მაგრამ მძიმეწონოსნის კვალობაზე მოპოვებული 35 ქულა საოცარი შედეგია. თან კიდევ ერთხელ გავითვალისწინოთ, რომ 16 წლის ბავშვზეა ლაპარაკი, რომელიც 197 სანტიმეტრია და 102 კილოგრამს იწონის. ეჭვი არაა, ის კიდევ მოიმატებს წონაში ანუ მისი სახით მძიმე წონას ახალი გოლიათი ეზრდება.

სამწუხაროდ, თვითონ ჩემპიონატი ორგანიზაციულად აშკარად დაბალი დონისაა და არც მონაწილეთა სიმრავლით გამოირჩევა. ტურნირიდან ცნობები, პრაქტიკულად, არ მოდის, მხოლოდ შუაღამისას ანახლებენ შეხვედრათა ოქმებს. ამასთან, წონებში 15-20 მონაწილე გამოდის. შედეგად, წონების ნახევარში შეხვედრები მერვედფინალიდან იწყება, ხოლო დანარჩენ ნახევარში მეთექვსმეტედფინალში მხოლოდ წინასწარი ეტაპის რამდენიმე ორთაბრძოლა გაიმართა. ჭიდაობაში მონაწილეთა რაოდენობის შემცირება ბოლო წლებში შეუქცევადი პროცესი გახდა, რაც პირდაპირ კავშირშია სპორტის ამ სახეობაში გავრცელებულ მექრთამეობასთან, კორუფციასა და აღებ-მიცემობასთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zuxusha
ძალიან კარგია, თუ როგორც ქართველებს გვჩვევია, ასაკი არ აქვთ შეცვლილი.
[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა