უიმბლდონის ტურნირს მერვედფინალური ეტაპიდან კაროლინ ვოზნიაცკი და სერენა უილიამსი ერთდროულად გამოეთიშნენ
გუშინ უიმბლდონზე ქალებს შორის უცნაური დღე იყო - მერვედფინალური ეტაპიდან ტურნირს ერთდროულად გამოეთიშნენ მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიოს პირველი ჩოგანი!

პირველად 2006 წლის შემდეგ უიმბლდონის მეოთხედფინალში არ ითამაშებს არც ერთი უილიამსი. წინა წრეში ვენუსისა და სერენას მიერ ორ-ორ სეტში მოგებულმა შეხვედრებმა დების გულშემატკივრები იმედიანად განაწყო, მაგრამ გუშინ გამოჩნდა, რომ ხანგრძლივმა უთამაშებლობამ ორივეს სპორტულ ფორმას სერიოზული დაღი დაასვა - მერვედფინალი დებმა ასევე ორ-ორ სეტში დათმეს.

დღის საუკეთესო მატჩი ჩაატარეს სერენა უილიამსმა და ფრანგმა მარიონ ბარტოლიმ. გასაკუთრებით სანახაობრივი და დრამატული მეორე სეტი იყო. პირველი პარტია ბარტოლიმ შედარებით იოლად მოიგო - 6:3, მეორეში კი ნამდვილი თრილერი გათამაშდა. მეტოქეები რიგ-რიგობით იღებდნენ საკუთარ მოწოდებებს და თითქოს ყველაფერი ტაი-ბრეიკისკენ მიდიოდა. "შემოკლებული" გეიმი მართლაც გათამაშდა, თუმცა მანამდე მოვლენები დრამატული სცენარით განვითარდა. 5:5-ზე ბარტოლიმ ბრეიკი გააკეთა და მატზე ჩასაწოდებლად გაემზადა. კარგი მოწოდების ხარჯზე ფრანგმა 40:15 წაიყვანა ანგარიში და ორმაგი მატჩბოლი მიიღო. სერენა ასე იოლად დანებებას არ აპირებდა და მიღებაზე ორი უძლიერესი დარტყმით საფრთხე მოიგერია. შემდეგ იყო კიდევ ერთი მატჩბოლი და მოქმედი ჩემპიონის კიდევ ერთი გადარჩენა. უილიამსმა საბოლოოდ გაათანაბრა სეტში ანგარიში და ტაი-ბრეიკიც დაინიშნა.

თითქოს ფსიქოლოგიური უპირატესობა ამერიკელის მხარეს უნდა ყოფილიყო, მაგრამ სერენაზე არანაკლები მებრძოლი ხასიათი აქვს ბარტოლის, რომელმაც წინა ორ წრეში პრაქტიკულად წაგებული მატჩები გადაარჩინა ლურდეს დომინგეს ლინოსთან და ფლავია პენეტასთან. ტაი-ბრეიკი სერენას მინი-ბრეიკით დაიწყო, მაგრამ შემდეგ მარიონმა დაკარგული დაიბრუნა და გეიმის ბოლომდე მუდმივად წინ იყო. 6:5-ზე მან რიგით მეოთხე მატჩბოლი ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ, 7:6-ზე იყოჩაღა და მეოთხე ცდაზე შეძლო გამარჯვების მოპოვება.

რაც შეეხება ვენუს უილიამსს, მას თითქოს უფრო იოლი მეტოქე ჰყავდა ბულგარელი ცვეტანა პირონკოვას სახით, მაგრამ ასე ხელაღებით ამერიკელის ფავორიტად გამოცხადება მართებული არ იქნებოდა. საქმე ისაა, რომ 23 წლის პირონკოვამ შარშან მეოთხედფინალში გადაუღობა გზა ვენუსს. მანვე 2006 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზეც მოუგო უფროსს უილიამსს. გარდა ამისა, ბულგარელმა კარგი მზადყოფნა წინა წრეში დაამტკიცა, როცა შარშანდელი ფინალისტი ვერა ზონარევა გამოთიშა ბრძოლას.

გუშინდელი მატჩის დაწვრილებით აღწერა არ ღირს. პირონკოვამ საათსა და 15 წუთში იოლად მოუგო უიმბლდონის ხუთგზის ჩემპიონს - 6:2, 6:3. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ცვეტანამ ასეთივე ანგარიშით დაამარცხა შარშან ვენუსი და წინა რაუნდში ზვონარევა.

როგორც გითხარით, გუშინ ბრძოლას მსოფლიოს პირველი ჩოგანი კაროლინ ვოზნიაცკიც გამოეთიშა, თუმცა არც ეს იყო დიდად გასაკვირი, რადგან დანიელს "დიდი სლემის" ტურნირებზე თამაში არ ეხერხება, უიმბლდონზე კი საერთოდ, მეოთხედფინალამდე არასოდეს მიუღწევია. სკანდინავიელმა ნავსი ვერც ამჯერად გატეხა - ვერ გადალახა სლოვაკი დომინიკა ციბულკოვას ბარიერი.

არადა, დანიელისთვის ყველაფერი კარგად იწყებოდა - პირველი პარტია მან დიდი უპირატესობით მოიგო - 6:1. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო ციბულკოვამ თამაშის დალაგება და მეორე პარტიაში საქმე ტაი-ბრეიკამდე ისე მიიყვანა, რომ ვოზნიაცკის მატჩბოლი არ ჰქონია, "შემოკლებულ" გეიმში კი დომინიკამ მცირედი უპირატესობით გაიმარჯვა - 7:5. ბოლო სეტში კი გადამწყვეტი აღმოჩნდა მე-11 გეიმი, რომელშიც სლოვაკმა ბრეიკი გააკეთა და შემდეგ მატჩზე დამაჯერებლად ჩააწოდა - 7:5.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულს მეტოქეზე ორჯერ მეტი ორმაგი და უნებლიე შეცდომა ჰქონდა. ვოზნიაცკი კი ზედიზედ მესამედ უიმბლდონს მეოთხე წრეში დაემშვიდობა.

ფავორიტის სტატუსი მარია შარაპოვამ დაამტკიცა, რომელსაც მხოლოდ პირველ სეტში გაუჭირდა ჩინელი შუაი პენგის წინააღმდეგ. მეცხრე გეიმამდე აბსოლუტურად თანაბარი ბრძოლა მიდიოდა. ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ორი ბრეიკ-პოინტი დაფიქსირდა და ორივე ჩინელის სასარგებლოდ, თუმცა რუსმა ორივე საფრთხე მოიგერია. მეცხრე გეიმში კი მარიამ სამმაგი ბრეიკ-პოინტი მიიღო და მესამე ცდაზე აიღო მეტოქის მოწოდება, რის შემდეგაც სეტის თავის სასარგებლოდ დასრულება პრობლემა აღარ ყოფილა.

მეორე სეტში შარაპოვა ორი ბრეიკით 4:0 დაწინაურდა (ამ მომენტისთვის რუსს ზედიზედ შვიდი გეიმი ჰქონდა მოგებული) და ერთადერთი, რაც პენგმა შეძლო ორი პრესტიჟის გეიმის აღება იყო - 6:2.

მარია ძალიან კარგად თამაშობდა პირველ მოწოდებაზე - ქულების 86 პროცენტი აიღო, რასაც 27 "ვინერსი" და 2 ეისი დაუმატა. თამაში საათსა და 21 წუთში დასრულდა.

დანარჩენ ოთხ მერვედფინალზე მოკლედ შეგვიძლია ვთქვათ. ყველაზე ნაკლებ დროში მეოთხედფინალის საგზური ავსტრალიის ღიას ფინალისტმა პეტრა კვიტოვამ მოიპოვა. მას მხოლოდ 45 (!) წუთი დასჭირდა ბელგიელი იანინა ვიკმაიერის დასამარცხებლად - 6:0, 6:2. 21 წლის ჩეხი ბრწყინვალე იყო თავის მოწოდებაზე - იანინამ მიღებაზე მხოლოდ რვა ქულა მოიგო. პირველ რიგში, სწორედ ამან განსაზღვრა მატჩის ბედი.

ასევე დომინირებდა კორტზე ვიქტორია აზარენკა. ბელარუსმა საათსა და ერთ წუთში 54 "ვინერსი" აიღო და გაანადგურა რუსი ნადია პეტროვა - 6:2, 6:2. აზარენკამ გაიმეორა უიმბლდონზე თავისი საუკეთესო შედეგი - ის 2009 წელსაც თამაშობდა მეოთხედფინალში, სადაც სერენა უილიამსთან დამარცხდა.

ორსეტიანი მატჩი მოიგო გერმანელმა საბინ ლისიცკიმაც, თუმცა პირველ სეტში მას ტაი-ბრეიკის თამაშის მოუწია ჩეხ პეტრა ჩეტკოვსკასთან - 7:6, 6:1. ლისიცკიმ სამი ბრეიკი გააკეთა, თავად კი ერთხელ დათმო საკუთარი მოწოდება.

დაბოლოს, მეოთხედფინალის ყველაზე უცნაურ წყვილში ავსტრიელმა ტამირა პაჩეკმა სამ სეტში დაძლია 20 წლის რუსის ქსენია პერვაკის წინააღმდეგობა - 6:2, 2:6, 6:3. თამაში ორი საათი და 18 წუთი გაგრძელდა და აქედან საათი და 2 წუთი მესამე სეტმა წაიღო.

ქალები

1/8 ფინალი

დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 24)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1) 1:6, 7:6, 7:5; მარია შარაპოვა (რუს, 5)-შუაი პენგი (ჩინ, 20) 6:4, 6:2; საბინ ლისიცკი (გერ)-პეტრა ჩეტკოვსკა (ჩეხ) 7:6, 6:1; მარიონ ბარტოლი (საფ, 9)-სერენა უილიამსი (აშშ, 7) 6:3, 7:6; ტამირა პაჩეკი (ავსტრია)-ქსენია პერვაკი (რუს) 6:2, 2:6, 6:3; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 4)-ნადია პეტროვა (რუს) 6:2, 6:2; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 8)-იანინა ვიკმაიერი (ბელ, 19) 6:0, 6:2; ცვეტანა პირონკოვა (ბულ, 32)-ვენუს უილიამსი (აშშ, 23) 6:2, 6:3.

1/4 ფინალი

ციბულკოვა (24)-შარაპოვა (5); ლისიცკი-ბარტოლი (9); პაჩეკი-აზარენკა (4); კვიტოვა (8)-პირონკოვა (32).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს