კანალესის სადებიუტო გასროლა

მადრიდის "რეალმა" ამერიკული ტურნე მოგებით დაიწყო, თვალსასეირო თამაშში, რომელიც სან ფრანსისკოში გაიმართა, "სამეფო კლუბმა" 3:2 დაამარცხა მექსიკური "ამერიკა". ესპანური ფეხბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა სერხიო კანალესმა "რეალის" მაისურით სადებიუტო მატჩშივე გაიტანა გოლი, გამარჯვება კი ევროპელებს კრიშტიანო რონალდომ მოუტანათ...

ეს მატჩი "რეალის" პორტუგალიელი თავკაცისათვისაც იყო სადებიუტო, ალბათ ამიტომაც ჟოზე მოურინიომ საკმაოდ ძლიერი სასტარტო შემადგენლობა დააყენა პირველივე წინასასეზონო მატჩში, პირველივე წუთებიდან ითამაშეს: კრიშტიანო რონალდომ, მარსელომ, პეპემ, ქარიმ ბენზემამ, ფერნანდო გაგომ, პედრო ლეონმა (კიდევ ერთი დებიუტანტი) და სერხიო კანალესმა. მოუმ 4-4-2 ტაქტიკური სქემით ითამაშა. შეტევაში პორტუგალიელმა კანალესი და ბენზემა გაამწესა, ფლანგებზე კი რონალდო და პედრო ლეონი, თუმცა პირველ ტაიმში კანალესი და რონალდო ხშირად ცვლიდნენ პოზიციებს.

თამაში დუნედ დაიწყო და მე-8 წუთამდე საინტერესო არაფერი შექმნილა, შემდეგ კი კრიშტიანო რონალდომ გაისროლა - მექსიკელთა კიპერმა გილერმო ოჩოამ სიტუაციიიდან გამოსავალი მოძებნა, ბურთი მკერდით მოიგერია. ოჩოა ეტყობა კარგად თამაშობს მკერდით, მე-15 წუთზე ხუანფრანის პასით საჯარიმოში შეჭრილ ფრანგ ბენზემასაც მკერდით აუღო. ბენზემას ამის შემდეგ რამდენიმე წუთში კიდევ ორჯერ შეეძლო თავის გამოჩენა, ერთხელ მან თავით გაარტყა ბურთი ხარიხას, მეორედ კი ახლო მანძილიდან ააცილა, ორივე შემთხვევაში მისი ასისტენტობა ახალგაზრდა ხუანფრანმა ითავა.

34-ე წუთზე ანგარიში მას მერე გაიხსნა, რაც "კედელი" კრიშტიანო რონალდომ და ბენზემამ გაითამაშეს, ბენზემამ მცველი და მეკარე ერთდროულად მოატყუა და თინეიჯერ კანალესს კარიერაში პირველი მადრიდული გოლი გაატანინა. ტაიმი შეიძლებოდა ევროპელებს უფრო დიდი ანგარიშით მოეგოთ, რონალდო ვიზავიზე მაღლა ახტა, კარგადაც დაარტყა თავით, მაგრამ ოჩოა ბურთს დაუხვდა - 1:0.

პირველ ტაიმში "ამერიკას" ერთხელაც არ დაურტყამს პოლონელი დუდეკის კარში, მეორეში კი მექსიკური გუნდი გარდაისახა. 51-ე წუთზე ესპანელმა მცველებმა დაშვებულზე მეტი სივრცე დაუთმეს მექსიკელებს და ენრიკე ესკედამ იოლად გაათანაბრა. 61-ე წუთზე ვისენტე სანჩესმა სულაც წინ გაიყვანა "ამერიკა" - 2:1.

მექსიკური გუნდი ორ წუთზე მეტ ხანს არ ყოფილა წინ, უმეთვალყურეოდ დარჩენილმა გონსალო იგუაინმა გაათანაბრა - 2:2. თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე შეცვლაზე შესულმა ანხელ დი მარიამ ბურთი რონალდოს ჩააწოდა და პორტუგალიელმაც გაიტანა, მაგრამ თანამსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. ორ წუთში რონალდომ თავისი მაინც გაიტანა, საჯარიმო დარტყმა ბრწყინვალედ შეასრულა და ჟოზე მოურინიოს მადრიდული კარიერა მოგებით დააწყებინა.

"რეალმა" ასეთი შემადგენლობით ითამაშა: დუდეკი (46. ადანი), ხუანფრანი (46. ნაჩო (84. მორატა)), პეპე, გარაი, მარსელო (46. დრენტე), გაგო (46. მ. დიარა), ლ. დიარა (69. ტებარი), კანალესი (46. გრანერო), პედრო ლეონი (46. დი მარია), რონალდო (84. ფერნანდესი), ბენზემა (46. იგუაინი).

სხვათა შორის, რაულის 7-იანი უკვე რონალდოს ეცვა, ხოლო ქარიმ ბენზემას - კრიშტიანოს 9-იანი.

სერხიო კანალესი (რეალი): "ოცნება ავისრულე, "რეალში" ვითამაშე და გოლი გავიტანე. კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი და მოსამატებელი. პირველივე თამაშში ყველაფერი საუცხოოდ წარიმართა და გოლიც გავიტანე. არასოდეს დავივიწყებ ჩემს დებიუტს".

ჟოზე მოურინიო (რეალის მწვრთნელი): "მოვიგეთ, მაგრამ უკეთესი იქნება ნამდვილ მატჩებს თუ მოვიგებთ. ძალიან კარგი, სწრაფი და მოწადინებული მეტოქე გვყავდა. 6 ფეხბურთელი გვაკლდა, მათ შორის იკერ კასილიასი, რომელთაც თამაში ჯერ არ შეუძლიათ. სულ სამი ტაქტიკური სისტემით ვაპირებთ თამაშს, მე ეს სისტემები კარგად ავუხსენი ჩემს ფეხბურთელებს. ერთ-ერთი სისტემა იყო დღევანდელი. ეს სისტემა საუკეთესო იყო დღევანდელი შემადგენლობისათვის. კარგი გავაკეთე, რომ კანალესს არ მივეცი უფლება ისევ "რასინგში" ეთამაშა. ვფიქრობ, დღეს მან დაამტკიცა, რომ მართალი ვიყავი და ის "რეალში" სათამაშოდ მზადაა. პედრო ლეონი ფიზიკურად გამოფიტულია და მასთან ბევრი შენიშვნა მაქვს, მაგრამ მახარებს მისი დამოკიდებულება საქმისადმი. ძალიან ვაფასებ რაულსა და გუტის, მათ ბევრი რამ გააკეთეს "რეალისთვის", მე კიდევ არაფერი, თუმცა ვგრძნობ, რომ მე ზუსტად ის დნმ კოდი მაქვს, რაც "რეალს". ეს ის გუნდია, რომელსაც სურს გამარჯვება და იმარჯვებს კიდეც. "რეალის" მომავალი შეტევაში ბენზემას, რონალდოს და იგუაინის სახელებს უკავშირდება".

ლელო

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა